დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კიდევ 85 ქართველი - „პანამის დოკუმენტებში“
2016/05/11 11:43:35

 

 ე. წ. „პანამის დოკუმენტებში“ მოხსენიებულ 200 000-ზე მეტ ოფშორულ ანგარიშთან კიდევ 85 ქართველის კავშირი იკვეთება - ასეთია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მომზადებული გამოძიების ახალი მონაცემები. გამოძიების შედეგების მეორე ნაწილის პრეზენტაცია თბილისში 9 მაისს „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა.

 

როგორც პროექტიორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევისწარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა ნინო ბაქრაძემ და დეივ ბლოსმა განაცხადეს,85 დასახელებული ქართველიდან ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელია, ნაწილიც -მფლობელთა წარმომადგენელი. გამოძიების ავტორების თქმით, ოფშორულ ზონაში კომპანიების დარეგისტრირების ძირითადი მიზანი, როგორც წესი, გადასახადებისთვის თავის არიდებაა.

 

არჩილ კბილაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი, კობა ნაყოფია,დავით იაკობაშვილი და სხვა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ბიზნესმენები და იურისტები - სულ 85 ქართველი, რომელთა სიაც, „პანამის დოკუმენტებისგამოძიების ფარგლებში, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დეივ ბლოსმა და ნინო ბაქრაძემ 9 მაისს გამოაქვეყნეს.

 სიასთან ერთად მითითებულია მათი პირადი ნომრები და ის კომპანიები, რომლებთანაც დაკავშირებულია მათი საქმიანობა. როგორც ნინო ბაქრაძე გვიხსნის, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა შექმნა ისეთი ბაზა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ქვეყნისა თუ კომპანიის მიხედვით მოძებნოს ესა თუ ის პირი და თვალი მიადევნოს მის საქმიანობას, ხოლო ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული ქართველების რაოდენობა, -სულ 85 ადამიანი, - ნინო ბაქრაძის თქმით, მის ხელთ არსებული დამატებითი დოკუმენტების საფუძველზე დათვალეს. დოკუმენტების ეს ნაწილი გამოძიებაში ჩართულმა ქართულმა მხარემ დაამუშავა.

 

თუ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ვებსაიტზე შეხვალთ დაპანამის დოკუმენტებისგაცნობას გადაწყვეტთ, პირველივე წარწერა გამცნობთ და გაფრთხილებთ: კონსორციუმი არ ამტკიცებს, რომ დოკუმენტებში მოხსენიებული და ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული რომელიმე პიროვნება თუ კომპანია კანონს არღვევს. იქვე მითითებულია, რომ ზოგიერთი სახელი და გვარი დოკუმენტებში რამდენჯერმე მეორდება. ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი მომხმარებელს ურჩევს, გადაამოწმოს ყველა ინდივიდი მისი მისამართისა თუ პირად ნომრის მიხედვით.

 

როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტმა დეივ ბლოსმა აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ეს არის ერთგვარი გზამკვლევი რეპორტიორებისათვის, რომლებსაც კონკრეტულ პირზე ინფორმაციის მოძიება, გამოძიების დაწყება სურთ:

 

ეს არის სია სახელებისა და კომპანიებისა, მონაცემთა ბაზა, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება - ამ სიით უკვე არსებობს ლინკები, რომლითაც სასურველი ინფორმაცია შეიძლება მოძებნოთ. პირდაპირ ზედაპირზე დევს კონკრეტული სახელები და მათი საქმიანობა, თუ სად იყო მათი კომპანია დარეგისტრირებული და რა საქმიანობას ეწეოდა. ეს მონაცემთა ბაზა არის ერთგვარი საწყისი წერტილი რეპორტინგისათვის, რის შემდეგაც შეგიძლიათ უკვე სხვა ადამიანებს შეხვდეთ და დაუსვათ კითხვები“.

 

დეივ ბლოსის თქმით, გამოქვეყნებული მასალა ადასტურებს, რომ ადამიანების უმრავლესობა ოფშორულ კომპანიებში ქონებას ერთი მიზნით არეგისტრირებდა - თავი აერიდებინათ მათ ქვეყანაში არსებული მაღალი გადასახადებისათვის. მისი თქმით, არაერთი ადამიანი, რომელიც დღეს პოლიტიკაში მოღვაწეობს ან მომავალში გადაწყვეტს პოლიტიკოსობასა თუ ბიზნესსაქმიანობას, შესაძლოა ამ სიაში აღმოჩნდეს, რაც ნიშნავს, რომ მედიას აქვს უნიკალური შანსი გადაამოწმოს ამ მხრივ მათი წარსული და თავად გააკეთოს დასკვნა.

 

ნინო ბაქრაძეს ვკითხეთ, ნიშნავს თუ არა ამ სიაში კონკრეტული ადამიანების სახელების მოხვედრა იმას, რომ ისინი ავტომატურად დამნაშავეები არიან, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ეს ასე არ არის, თუმცა კითხვის ნიშნები მაინც ჩნდება:

 

ამ მონაცემთა ბაზაში ვეცადეთ მაქსიმალურად ყველა ქართველის სახელი და გვარი ჩამოგვეწერა, ვინც კიპანამის დოკუმენტებშიფიგურირებს, მაგრამ, ცხადია, ვერ ვიტყვით იმას, რომ ყველა მათგანი დანაშაულს სჩადის, რადგან თავისთავად ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება დანაშაული არ არის. თუმცა ბიზნესმენები ამას თავადაც აღნიშნავენ და ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ნათქვამი, რომ ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება გარკვეული გადასახადებისგან თავის არიდების საშუალებაა“.

 

ნინო ბაქრაძეს მოჰყავს ერთი მაგალითი, როდესაც ერთ-ერთი ქართველი მაღალი თანამდებობის პირი იურიდიულ ფირმამოსაკ ფონსეკასსწერს, რომ მას სურს კომპანიის დარეგისტრირება ოფშორში, რადგან საქართველოში არის საკმაოდ მაღალი გადასახადები. ნინო გვეუბნება, რომ გამოქვეყნებული მასალა არა მხოლოდ მედიისათვის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების ან, თუნდაც, გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლოა, იქცეს საინტერესო საფუძვლად შემდგომი მოკვლევისათვის.

 

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, გარდა მედიის და არასამთავრობო სექტორისა, ვისთვის შეიძლება იყოს ეს მონაცემთა ბაზა საინტერესო და, საერთოდ, რას ამბობს ასეთ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა. როგორც ორგანიზაციასაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსწარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ გვითხრა, თავისთავად ოფშორულ ზონასთან კავშირი დანაშაულად ვერ შეფასდება, საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალავდა რომელიმე ოფშორულ იურისდიქციაში აქტივის ფლობას და ამ მიზეზით ვერც გამოძიება დაიწყება ვინმეს მიმართ:

 

ოფშორული იურისდიქცია შეიძლება გამოყენებული იყოს აბსოლუტურად კანონიერი საქმიანობისთვის, თუმცა იმის გამო, რომ ეს ოფშორული ზონები გამოიყენება ხშირად ინფორმაციის დასამალად ან ანგარიშვალდებულებებისგან თავის ასარიდებლად, ეჭვიც ამიტომ ჩნდება ხოლმე - განსაკუთრებით, თუ საქმე პოლიტიკოსებს ეხება“.

 

 

ერეკლე ურუშაძე განმარტავს, რომ თუ რომელიმე მოქმედ ან ყოფილ პოლიტიკოსს აღმოაჩნდება მსგავსი აქტივი რომელიმე ოფშორულ ზონაში, კითხვაც მაშინ ჩნდება - ხომ არ იყო იქ დარეგისტრირებული კომპანია გამოყენებული ამ პოლიტიკოსის უკანონო შემოსავლის დასამალად. ეს მასალა, შესაძლოა, გახდეს საინტერესო დასაწყისი ჟურნალისტური გამოძიებისათვის, ამბობს ერეკლე ურუშაძე, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული სახელების ამოტივტივება ოფშორულ ზონებში გამოძიების წინაპირობა ვერ იქნება.

 

ეკა ქევანიშვილი

რადიო "თავისუფლება"

http://www.radiotavisupleba.ge/content/panamis-dokumentebi/27726187.html

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია