დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რესპუბლიკური პარტია არჩევნებისთვის მზადებას "დამოუკიდებლად, ინდივიდუალურ რეჟიმში" იწყებს
2016/04/01 01:42:26

რესპუბლიკური პარტია 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას „დამოუკიდებლად ინდივიდუალურ რეჟიმში“ იწყებს, თუმცა „ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს რესპუბლიკელების დაუყოვნებლივ გასვლას“ კოალიცია ქართული ოცნებიდან.


რესპუბლიკურმა პარტიამ 28 მარტს განაცხადა, რომ მისმა ეროვნულმა კომიტეტმა არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე გადაწყვეტილება 26–27 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიიღო, რომელსაც რამდენიმე დღეში გამოაცხადებდა.

 

31 მარტს პარტიის გადაწყვეტილების გამოცხადებისას მისმა თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განმარტა, რომ „განცხადების გამოქვეყნება დაყოვნდა პრემიერ-მინისტრის თხოვნით იმისათვის, რომ კოალიცია მომზადებულიყო ახალი პოლიტიკური რეალობისთვის“.

 

„რესპუბლიკური პარტია დღეიდან გადადის საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში. ამით ჩვენ ვწყვეტთ დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას კოალიციურ ფორმატში საარჩევნო სტრუქტურების შექმნაზე და მივმართავთ მას პარტიის საარჩევნო პრიორიტეტებისკენ“, - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

 

„ჩვენი გადაწყვეტილება პარტია „ქართულ ოცნებასაც“ აძლევს საშუალებას, ზედმეტი უხერხულობების გარეშე, დაადგეს იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც დასახული აქვს - არჩევნებზე დამოუკიდებლად, კოალიციური საარჩევნო ბლოკის გარეშე გასვლა. ამით ყველა ერთად დავასრულებთ უკიდურესად დამაზარალებელ და მოსაბეზრებელ საჯარო სპეკულაციებს შიდაკოალიციურ საკითხებზე“,- აცხადებენ რესპუბლიკელები.

 

„მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას“, - აცხადებს პარტია.

 

აღნიშნული საკითხები, რესპუბლიკელების განცხადებით, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ეტაპობრივად გადაწყდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

„სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში - ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე“. 



როგორც ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ქართულ ოცნებასთან სამომავლო თანამშრომლობა მის განახლებაზე იქნება დამოკიდებული.

სწორედ განახლებაზე გააკეთა აქცენტი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის არჩევასაც კოალიციის წამყვანი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ლიდერად აპრილში დაგეგმილ ყრილობაზე გეგმავს, როცა კოალიციაში არსებული შიდა დაპირისპირების ფონზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ პარტია ქართული ოცნება რესპუბლიკურ პარტიასთან პარტნიორული შეთანხმების შესაძლებლობებს განიხილავს, რომელსაც შესაძლოა კოალიციის სხვა წევრებიც შეუერთდნენ იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია მრავალპარტიულ გაერთიანებად დარჩება 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. პრემიერის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა როგორც მისი პარტიის, ისე კოალიციაში შემავალი სხვა სუბიექტების მხრიდანაც. ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ კოალიციაში შემავალი სუბიექტები დამოუკიდებლად მოსინჯავენ ძალებს საპარლამენტო არჩევნებში.

 

„ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზეც“, - ნათქვამია რესპუბლიკელების განცხადებაში, „ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ, თუ  პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება“.

 

„შევეცდებით, ჩვენი ნაბიჯების გამო არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის სტაბილურობისა და ხელისუფლების კურსის თაობაზე, რაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხების ან ნატო-ს სამიტზე მინიმალისტური შედეგის მიღების მიზეზი შეიძლება გახდეს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

ამასთან, პარტია აცხადებს, რომ რესპუბლიკელი მინისტრები - თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და  სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი - მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას.

 

თუმცა, პარტიის განცხადებით, პარლამენტში ვითარება იქნება პირიქით.

„ფრაქცია „რესპუბლიკელები“ იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა გარკვეული საკითხებისა, რომელიც შესაძლოა წინასწარ შეთანხმდეს უმრავლესობის რეჟიმში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 



ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გარკვეული გავლენა იქონიოს. ქართული ოცნების უმრავლესობაში ამაჟამად 88 დეპუტატი შედის და მათ შორის 10 რესპუბლიკელია. საკადრო გადაწყვეტილებების დიდი ნაწილისა და ასევე ორგანული კანონების მიღებას 76 ხმა სჭირდება.

 

რესპუბლიკური პარტია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გარშემო 2012 წლის თებერვალში გაერთიანებული კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტიაა ეროვნულ ფორუმთან და ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად, რომლებიც ჯერ-ჯერობით ერთადერთნი არიან, რომელთაც კოალიცია 2014 წლის ნოემბერში დატოვეს და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავენ. ეროვნული ფორუმი პარტიულ ყრილობას 3 აპრილს გეგმავს, სადაც არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.

 

კოალიციაში ასევე შედიან კონსერვატორები და მრეწველები, რომლებიც კოალიცია ქართულ ოცნებას დაფუძნების შემდეგ, 2012 წლის გაზაფხულზე შეუერთდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5322
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია