დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველი ტექნოპარკი საქართველოში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/11 18:55:04

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთად გახსნეს. მათ დაათვალიერეს ტექნოლოგიური პარკის ტერიტორიაზე განლაგებული მცირე ინკუბატორები, სასწავლო ცენტრები და ლაბორატორიები, აგრეთვე საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია და co-working ცენტრი. 


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში ინოვატორებისთვის განკუთვნილი, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე დაათვალიერა, შეხვდა ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, გაეცნო მათ იდეებს და უახლოეს უქმეებზე ტექნოპარკში შეხვედრა შესთავაზა.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის მომავალში ჩადებულ მნიშვნელოვან ინვესტიციად შეაფასა.


„ეს არის 5-მილიონიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყო და დამთავრდა. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ეს არის სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: აკადემიას, ანუ სამეცნიერო მიმართულებას, ეკონომიკას, ანუ ქვეყნის სამეწარმეო წრეებსა და მთავრობას, ანუ შესაბამის სამთავრობო უწყებებს შორის. ეს არის პირველი მოდელი საქართველოში, სადაც ამ ტიპის თანამშრომლობა ამ სამ მიმართულებას შორის შედგა. მე არ შემიძლია დავმალო ჩემი შთაბეჭდილება, როდესაც ვნახე, თუ რამხელა პოტენციალია ჩვენს ახალგაზრდებში ინოვაციური მიმართულებით.მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციაზე, კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული დარგების განვითარების გარეშე, ამიტომ ეს ცენტრი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მოხდება დაფუძნება და პირველი ეტაპის გავლა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნიათ," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.


მისი თქმით, მთავრობის მთავარი გზავნილი ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებაა და სწორედ ტექნოპარკებია საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ თავიანთი იდეების რეალიზაციის საშუალება.


"ამ სივრცეში წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო წარმომადგენლობების მიერ დამზადებული აუცილებელი დანადგარები და მათი ნუსხა კიდევ უფრო გაფართოვდება. ისინი საშუალებას იძლევა, რომ ახალგაზრდა გამომგონებლებმა მოახდინონ საკუთარი გამოგონებების პროტოტიპიზაცია, ანუ საცდელი ეგზემპლარების ამ სივრცეში გამოშვება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცენტრი სამეცნიერო მიმართულებასთან თანამშრომლობის კუთხით და არ შემიძლია არ გამოვხატო აღტაცება უკვე შექმნილი იმ პროტოტიპებით, რომლებიც დღეს ვიხილე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაულებს აკეთებენ,"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 


„დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა, პირველ რიგში კი ბატონ გიორგი კვირიკაშვილის - სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით და ძალისხმევით დავიწყეთ და განვახორციელეთ ეს პროექტი,“ - განაცხადა გახსნისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი და ამოცანა ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარებაა. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ. 


„ტექნოპარკი უნიკალური შესაძლებლობების სივრცეა, მომავლის პროფესიების ფორმირების ადგილი და ინოვაციური ბაზრის გაფართოების პლატფორმა. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მომუშავე ბიზნესის განვითარების კუთხით - ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს ისეთ რესურსებს შესთავაზებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელადხელმისაწვდომი იყო. და რაც მთავარია, ტექნოლოგიური პარკის არსებობა ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 


როგორც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ტექნოპარკში არსებული ყველა მოწყობილობა-დანადგარი და საკონსულტაციო მომსახურება, შესაძლებლობას მისცემს ქართველ ახალგაზრდებს, თავიანთი იდეების ჰორიზონტი გაზარდონ. “როდესაც თქვენ გაქვთ წვდომა იმ უახლეს ტექნოლოგიებთან, უახლეს აპარატურასთან რაც აქ არის თავმოყრილი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი იდეები გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ და შემდგომში პროტოტიპიდან გადახვიდეთ იმ სამრეწველო წარმოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ბიზნესის დაწყებისთვის, ასევე იმისთვის, რომ მცირე მეწარმეობა განვითარდეს. პოტენციალი, რომელიც დღეს ჩვენს ახალგაზრდებს გააჩნიათ, არის ძალიან დიდი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამ სივრციდან წამოვა არაერთი დიდი იდეა, რომელიც არა მარტო მიკრო და მცირე მეწარმეობის სახით მოგვევლინება, არამედ დიდ ბიზნესებად ჩამოყალიბდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ტექნოპარკის მშენებლობა 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარს შეადგენს. სივრცე აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით. მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს.


ოქროყანაში, 10 063 კვ. მ. ტერიტორიაზე გაშენებული ტექნოპარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის,დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია