დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ფიქრობენ ქუთაისელი ჩინოვნიკები ერთმანეთზე?
2009/09/18 13:27:12

ახლანდელი საკრებულოს წევრები მალე ისტორიას ჩაბარდებიან, ან თავიდან გადაწყვეტენ ხელისუფლებაში მობრუნებას. როგორც ამბობენ, მათ საქმეებს დრო შეაფასებს, თუმცა, დასკვნის გაკეთება ახლაც ძალიან ადვილია. სამაგიეროდ, ერთმანეთი უკვე შეაფასეს ანკეტური გამოკითხვებით. ამის საშუალება მათ იმერეთის რეგიონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „საჩინომ“ მისცა.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ხურციძემ გვითხრა, ზოგი ამას ძალიან არასერიოზულად მოეკიდა და ყველას ყველა გრაფაში „ხუთიანები“ დაუწერა, ეგონა, ამით თვითონ მოიპოვებდა პირველობას. ნურას უკაცრავად, სხვა მის მიმართ ასეთი გულუხვი არ აღმოჩნდა!

ასოციაცია „საჩინომ“ ერთმანეთის შეფასების საშუალება საკრებულოსთან ერთად მერიასაც მისცა. ცოტა ხუმრობით, ბევრიც სერიოზული მიდგომით, საბოლოო შედეგები დაიდო.

საკრებულოს წევრებმა ერთმანეთის პროფესიული გამოცდილება, კომპეტენტურობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სამსახურში გამოვლენილი კომუნიკაბელურობა, თვითმმართველობის საქმიანობაზე გავლენა შეაფასეს.

ყველაზე გამოცდილის ტიტული საკრებულოში კოლეგებმა მარინე ცირეკიძესა და თამაზ მარგველაშვილს მიანიჭეს. ეს ორი პიროვნება რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ამაში ყველა დაგვეთანხმება. ეტყობა, საკრებულოს ერთადერთი ქალბატონი წევრისთვის „ხუთიანები“ მამაკაცებმა არ დაიშურეს, საბოლოო შედეგებით პირველი არა, მაგრამ მე-4 ადგილი კი ერგო. პროფესიული გამოცდილება კოლეგებმა მერაბ მეშველიანსაც დაუფასეს, ამ სფეროში მესამე ადგილი კი ვლადიმერ ნაკაშიძესა და ტარიელ მესხს არგუნეს. სხვათაშორის, ძალიან აქტიური ოპოზიციონერი და ნაციონალების შეურიგებელი ოპონენტი ვლადიმერ ნაკაშიძე საბოლოო შედეგებით მესამე ადგილზე გავიდა. თუმცა, ზოგიერთ სფეროში პირველობაც კი მოიპოვა. მაგალითად, აღიარეს, რომ რესპუბლიკელი ყველაზე კომპეტენტურია (არადა, საკრებულოს სხდომებზე ამას ერთი სიტყვითაც კი არ გამოხატავენ). მან სამსახურში გამოვლენილი კომუნიკაბელობითაც ყველა უკან ჩამოიტოვა, ერთადერთი, რაშიც დაიჩაგრა, თვითმმართველობის საქმიანობაზე გავლენა აღმოჩნდა.

ბევრს ლაპარაკობს, ბევრს იბრძვის, მაგრამ, რომ არ უსმენენ, ეს საკრებულოს წევრებმა ძალიან კარგად იციან.

პირველი ადგილი კოლეგების შეფასებით თამაზ მარგველაშვილს ერგო. ის თითქმის ყველა კრიტერიუმით პირველია. თვლიან, რომ ყველაზე დიდი გავლენა აქვს და საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც უნაკლოა.

რეიტინგში მეორე - მერაბ მეშველიანია, რომელიც სტაბილური, როგორც იტყვიან, „ვერცხლის მედალოსანია“.

საყურადღებოა ერთი რამ: საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეიტინგში, თავისი კოლეგების წყალობით, 15 კაცში მხოლოდ მე-10 ადგილზე გავიდა. ჩანს, თვლიან, რომ მათი არჩეული თავმჯდომარე ვერც პროფესიული გამოცდილებით დაიკვეხნის, ვერც კომპეტენტურობით, ვერც საზოგადოებასთან ურთიერთობით და, როგორც ჩანს, არც თავის კოლეგებთან არის კომუნიკაბელური. გავლენაც არცთუ დიდი ჰქონია, ამ კუთხით მას უსწრებენ: თამაზ მარგველაშვილი, კახა ნემსიწვერიძე, ანდრო ლოსაბერიძე, მერაბ მეშველიანი და თვით ტარიელ მესხიც  კი.

შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ბოლო ადგილზე რაულ ქორჩილავა გავიდა. მართალია, ამ ადამიანს, წლებია, საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეობა ევალება, მაგრამ კოლეგები თვლიან, რომ მას არც პროფესიული გამოცდილება აქვს, არც კომპეტენტურია, საზოგადებასთანაც ვერ ურთიერთობს და თვითმმართველობის საქმიანობაზე გავლენა ხომ საერთოდ არა აქვს. ამ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ რაულმა ეს შედეგები თვითონ მოიპოვა ოთხი წლის განმავლობაში: საკრებულოს სხდომებზე იჯდა და მხოლოდ თვალებს აფახულებდა.

ასეთივე სარეიტინგო შეფასება ასოციაცია „საჩინომ“ მერიაშიც ჩაატარა. საკრებულოსგან განსხვავებით, აქ პარიტეტი დაცულია, პირველი და პირველთ პირველი ქალაქის მერი ნუგზარ შამუგიაა. მართალია, მას ქვეშევრდომები ცოტა პროფესიულ გამოცდილებას უწუნებენ და საზოგადოებასთან და სამსახურებთან ურთიერთობაშიც მოიკოჭლებს, მაგრამ შეფასების კრიტერიუმში „თვითმმართველობის საქმიანობაზე გავლენა“ ისეთი მაღალი ქულები აქვს მიღებული, რომ ყველანი უკან ჩამოიტოვა. რეიტინგში მეორეა საბინაო სამსახურის უფროსი კახა ქორიძე, მესამე - ვიცემერი ზაზა ნუცუბიძე, მეოთხეზე - აპარატის უფროსი თენგიზ თოფურიძე და ასე შემდეგ.

სულ ბოლო ადგილზე დასუფთავების სამსახურის უფროსი თამაზ ჩაკვეტაძეა. კარგი შედეგები არც ფინანსური სამსახურის უფროსს გიორგი შარაბიძესა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის უფროსს ზაზა სულაძეს აქვთ.

არაა გამორიცხული, რომ ქულები ძმაკაცობით, ან მეგობრობითაც დაწერილიყო... საჯარო მოხელეებმა ერთმანეთი ანონიმურად შეაფასეს და შედეგები ჯერ მათთვის ცნობილი არ არის. სანამ ამ წერილს წაიკითხავდნენ, ალბათ, ყველა ერთს ფიქრობდა, - ვინ იქნება პირველი?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია