დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედიარჩევები
კეთილი, თბილი, ჩასახუტებელი და ჩასაკოცნი - დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მედიაში
2015/12/09 17:31:55

როცა მედიაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს ან სტატიებს ეცნობი, იშვიათად გიჩნდება ამ ადამიანების მიმართ თანასწორობის განცდა... ეს იმიტომ, რომ მედია, როგორც წესი, ორ სტერეოტიპს იყენებს - ეს ადამიანები ან საცოდავ, მოწყვლად პირებად არიან წარმოჩენილი, ან პირიქით, მათი ჰეროიზაცია ხდება. საკითხი მაშინ მწვავდება, როცა საქმე ბავშვების, განსაკუთრებით კი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების, გაშუქებასთან გვაქვს.


საბედნიეროდ, ბოლო დროს, მედიაში დაუნის სინდრომის მქონე პირების მიმართ ნეგატიურ კონტექსტში მომზადებულ მასალებს ვეღარ ვხვდებით, სიტყვა „დაუნის“ სალანძღავ სიტყვად გამოყენებაც აღარაა ისე ხშირი, როგორც ეს 4-5 წლის წინ იყო... თუმცა მე მეჩვენება, რომ მეორე უკიდურესობაში ვართ- დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი მედიაში ჩანს როგორც საყვარელი, კეთილი, თბილი არსება, რომელიც თითქოს არასოდეს ბრაზობს და რომელსაც თითქოს სულ ადამიანების მოფერება და ჩახუტება უნდა. 


მაგალითად, ერთ-ერთ სიუჟეტი, რომელსაც სრულიად შემთხვევით გადავაწყდი, ტელევიზიის მიერ ასეა დასათაურებული „ცხოვრება განასაკუთრებულ ბავშვთან ერთად“ - ეს „განსაკუთრებული“ ბავშვი კი დაუნის სინდრომის მქონე პატარა გოგონაა, მთელი სიუჟეტი, კონტექსტი პოზიტიურია.სიუჟეტში ვხედავთ კადრებს, ბავშვი, სხვა მისი თანატოლების მსგავსად, როგორ ერთობა, თამაშობს, ეხუტება დედას, ცეკვავს, პასუხს კითხვაზე - რამდენი წლის ხარ, სხარტად იძლევა... და მაინც, გაუგებარია, რატომაა ეს ბავშვი „განსაკუთრებული“? იმიტომ რომ მისი ქრომოსომების რაოდენობა სხვა ბავშვების ქრომოსომების რაოდენობას არ ემთხვევა? სიუჟეტიდანვე ვიგებთ, რომ თურმე სიუჟეტის გმირი „საოცარ გრძნობას გჩუქნის, დიდ სიყვარულს გაძლევს და სამაგიეროდ არაფერს გთხოვს“.


დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ გადამსუყებული პოზიტიური დამოკიდებულება, რასაც ჩვენ „პოზიტიურ დისკრიმინაციასაც“ ვუწოდებთ, კარგად ჩანს ამ თემაზე მომზადებული ონლაინ მასალების ქვემოთ, მკითხველების მიერ გამოხატულ მოსაზრებებში.


„თქვენი შვილები და მისნაირები ყველაზე ახლოა ღმერთთან - ღვთისნიერები არიან, მათ გონებაში არასოდეს დაივანებს ბოროტი ფიქრი, ისინი სამყაროს კეთილ ფერებად აღიქვამენ“.


„იმხელა სიყვარულს და სითბოს გამოხატავენ ეგ ბავშვები, რომ ჩემთვის ძნელია არ ჩავეხუტო და არ მოვეფერო“.


კეთილი, საყვარელი, მოსიყვარულე, თბილი, ჩასახუტებელი და ჩასაკოცნი - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ ამგვარი სტერეოტიპების დამკვიდრებაში დიდი წვლილი სწორედ მედიას მიუძღვის, მედიას, რომელიც სწორედ ასე გვიხატავს ამ ადამიანებს.


არადა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც ხომ ისევე ბრაზდებიან, ტირიან, სწყინთ, როგორც დანარჩენებს... პრობლემა ინდივიდის ინდივიდად აღქმაშიცაა, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ჯგუფი ხომ ერთსახოვანი არ არის და როგორ შეიძლება ამ ჯგუფის ყველა წევრს ერთნაირი მახასიათებლები ჰქონდეს და ერთი თვისების ქვეშ ვაერთიანებდეთ?


ცალკე საუბრის თემაა ის, რომ ქართულ მედიას თუ დავუჯერებთ, დაუნის სინდრომი მხოლოდ ბავშვებს აქვთ - მედიაში ამ სინდრომის მქონე ზრდასრული ადამიანები პრაქტიკულად არ ჩანან. ვფიქრობ, ეს ტენდენციაც ზემოგანხილულ სტერეოტიპს უკავშირდება - თუ დაუნის სინდრომის მქონე საყვარელი, კეთილი და თბილია, მისი წარმოდგენა ბავშვის სახით უფრო მარტივია. მედიის მოტივაციაც გასაგებია, ჟურნალისტები ცდილობენ ნეგატიური სტერეოტიპების ნგრევას და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ პოზიტიური განწყობების შექმნას. 

 

და მაინც, რა არის ცუდი იმაში, რომ მედია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ასე პოზიტიურად გვიხატავს? რატომ არის დისკრიმინაცია პოზიტიური დისკრიმინაცია? ამგვარი გაშუქება მცდარ, ყალბ იმიჯს ქმნის დაუნის სინდრომის მქონე პირების მიმართ. მეორე მხრივ კი მათი ინფანტილიზაცია, თბილ და საყვარელ არსებებად წარმოჩენა ამ ადამიანებსა და საზოგადოებას შორის გამყოფ ხაზს აჩენს, ხაზს, რომლის ერთ მხარეს - დაუნის სინდრომის მქონე საყვარელი და თბილი ადამიანები არიან, მეორე მხარეს კი  „ჩვეულებრივები“.


აქვე გთავაზობთ დაუნის სინდრომის გაშუქების სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რომელთა სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

 

სალომე აჩბა

წყარო: http://mediachecker.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 38261
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია