დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხურმის ჩირის საექსპორტო შესაძლებლობები
2015/12/03 19:13:09

 

ქართული ხურმის ჩირი ჰოლანდიაში


გიორგი კოჭლამაზაშვილი 20 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს. შარშან მან კომპანია „GEOFOOD“ ჩამოაყალიბა და საქართველოდან ჰოლანდიაში ხურმის ჩირის პირველი პარტია გაიტანა. პარტია საცდელი იყო და სულ 100 კილოგრამი ჩირისგან შედგებოდა. ეგზოტიკური პროდუქტი ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში ჩააბარა, რომლებიც ბიოპროდუქტებით ვაჭრობენ. საქართველოდან ევროპაში ჩატანილი ხურმა ჰოლანდიელებს მოეწონათ და ის იოლად გაიყიდა, მაგრამ როგორც გიორგი ამბობს, ჩირმა უმნიშვნელო მოგება დატოვა, იმის გამო, რომ საქართველოში პროდუქტი ძვირად შეიძინა.

 

წელს ის ხურმის მეორე პარტიას ჰოლანდიაში 15 დეკემბრისთვის ჩაიტანს. მეწარმეს პროდუქტის დამზადება მარტვილში ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქვს შეკვეთილი და მის კარგად გაშრობას ელოდება.

 

„წელს 200 კილომდე გავზარდე შეკვეთა, – ამბობს გიორგი კოჭლამაზაშვილი, – რადგან ხურმის ჩირი აქ მაინც ახალი პროდუქტია და დიდ რისკზე წასვლა არ მინდა. თანაც, შარშანდელ პარტიაში ბევრი აღმოჩნდა გაფუჭებული, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ამიტომ ცოტა შიშით ველოდები შეკვეთის ჩამოსვლას. თან შარშან საკმაოდ ძვირად მოგვყიდეს. როცა ადგილობრივი მოსახლეობა იგებდა, რომ ჩირი ევროპაში გასატანად გვინდოდა, მაღალ ფასს ადებდა. მოსახლეობასთან გამიძნელდა ფასზე და ხარისხზე მოლაპარაკება. ეს იმის ბრალია, რომ ბევრი დღევანდელი დღით ცხოვრობს და ბიზნესსაც ასე უყურებს. სანდოობის პრობლემა ამჟამად ყველაზე დიდი საფიქრალია ჩემთვის. არადა პოტენციალი არის, რომ ევროპაში ექსპორტი გაიზარდოს. ამისთვის საჭიროა აშენდეს საწარმოები, სადაც პროდუქტი შეიფუთება და ევროპაში გასატანად სასურველ სარეალიზაციო სახეს მიიღებს. ახლა მე მიწევს პროდუქტის დაფასოება, ყუთებში ჩალაგება, შემოწმება, გაფუჭებული რომ არ შეერიოს, ამას კი დიდი დრო სჭირდება“.

 

გიორგი ამბობს, რომ ჩირმა ევროკავშირის საზღვარი მარტივად გადალახა. მას საქართველოში მხოლოდ პროდუქტის ვარგისიანობის სერთიფიკატის აღება დასჭირდა და ჰოლანდიაში შეტანის პროცედურაც საკმაოდ იოლი აღმოჩნდა. გიორგი ფიქრობს, რომ ჩირის რეალიზაცია წელს უკვე მომგებიანი იქნება.

 

„საქართველოში, ადგილზე კილოგრამ ჩირში 5–დან 6 ლარამდე ვიხდი თუ მერე ფასი არ შემიცვალეს. ამიტომ წელს უკვე 3–4 ევრომდე მოგების მიღებას ველოდები“, –ამბობს „GEOFOOD –ის დამფუძნებელი.

 

თუ ბიზნესი გაამართლებს, გიორგი კოჭლამაზაშვილი ჩირს შპს „ზაზას“ შეუკვეთავს, რომელიც ჩხოროწყუში ხურმის საშრობის აშენებას გეგმავს. მისი ბიზნეს–გეგმა ამჟამად „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში განხილვის პროეცესშია და თუ კომპანია დაფინანსებას მიიღებს, მომავალი წლის შემოდგომაზე ხურმის ჩირს საექსპორტოდ დაამზადებს.

 

„ხურმის ჩირის გატანას ჰოლანდიაში, საბერძნეთში, ლიტვაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში ვაპირებ,– ამბობს შპს „ზაზას“ დამფუძნებელი ზაზა დარსალია,–ჰოლანდიაში გიორგი კოჭლამაზაშვილს უკვე შევუთანხმდი. პარტნიორი ლიტვაში და საბერძნეთშიც მყავს, მაგრამ ჯერ ნიმუშების გაგზავნას ითხოვენ, პროდუქტის ხარისხი რომ შეამოწმონ. წინასწარ არ ვიცი რამდენს გავიტან, მაგრამ მოთხოვნა არის და ნედლეულიც საკმაოდაა. ხურმის ნაწილს ჩხოროწყუს და უფრო მეტს მარტვილის მოსახლეობისგან შევისყიდი. სულ პროექტისთვის 800 ათასი დოლარია საჭირო. 8 საშრობი დანადგარი უნდა შევიძინო, რომელთაგან თითოეული 20 ათასი დოლარი ღირს. ასევე უნდა დამონტაჟდეს ხილის საწმენდი აპარატები. ჩინური დანადგარის ყიდვას ვვარაუდობ, რომელიც კარგი ხარისხისაა და მწარმოებელი კომპანია თავად ამონტაჟებს. პროდუქციის ექსპორტზე გასატანად რა დოკუმენტები დამჭირდება დაახლოებით მაქვს ინფორმაცია. ვიცი, რომ პროდუქტის წარმოშობის სერთიფიკატია საჭირო. სხვა ინფორმაციას ალბათ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოვიძიებ“,– ამბობს ზაზა დარსალია.

 

ხურმა წელს ექსპორტზე „ქართული ხილის კომპანიამაც“ გაიტანა, რუსეთსა და უკარაინაში. კომპანიის დირექტორი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ხურმასა და მის ჩირზე მოთხოვნაც მზარდია და შესაბამისად ფასიც.

 

„რუსეთში რამდენიმე კლიენტი გვყავს, რომელსაც ვერ ვაკმაყოფილებთ. იქ ხურმა ეგზოტიკურ ხილად ითვლება და სულ უფრო მეტ რაოდენობას ითხოვენ. მთავრია, იქ კარგი კონტრაქტორის მონახვა და გაყიდვა პრობლემა არ იქნება. წელს 200 ტონამდე ხურმა გავიტანეთ. მაღალი ხარისხის ერთ კილოგრამ ხილში ადგილობრივ გლეხებს 90 თეთრი და 1,20 ლარიც გადავუხადეთ. უმეტესად მოგრძო ფორმის ჯიში– ჰაჩია გაგვაქვს ექსპორტზე, რომელსაც ჩვენთან იაპონურ ხურმას ეძახიან. კიდევ ერთი გავრცელებული ჯიში იაპინაა, რომელიც ჩინური წარმოშობისაა. ასევე ბრტყელი ფორმის ხურმა– ფუიუ, რომელსაც ბრტყელი ფორმა აქვს და შედარებით იშვიათია. ის მარტვილის რაიონში მოდის და საჩირე სახეობად ითვლება. ჩვენთან ამ ჯიშს ჩინებულს და ხაჭაპურასაც ეძახიან. ამ ჯიშების ხილს წელს მაღალი ფასი ჰქონდა. ხურმა, როგორც კი სიმწიფეში შევა, მაშინვე იკრიფება, შემდეგ მაცივარში 4–5 გრადუს ტემპერატურაზე ვაციებთ და საექსპორტოდ ასე ვგზავნით. რუსეთსა და უკრაინაში მოსწონთ მწკლარტე გემო რომ აქვს, ამიტომ ხურმას დარბილებამდე ყიდულობენ. ევროპის ბაზარზე ხურმის გატანაზე ჩვენც ვმუშაობთ, საინტერესოა ეს სეგმენტი და პერსპეტქივა აქვს, მაგრამ რუსეთიდან მოთხოვნა იმდენად დიდია, ვერ ვაკმაყოფილებთ. თან უფრო ახლოსაა. მას შემდეგ, რაც ევროპიდან იმპორტი შეზღუდა, რუსეთში ხილზე ფასებმა მოიმატა. ამიტომ საქართველოდან შეტანილი პროდუქტი ესპანურთან და ფრანგულთან შედარებით იაფი გამოდის. კვირაში 100 ტონის გავყიდდით, აქ ამ ოდენობის მაღალი ხარისხის ხურმის შეგროვება რომ შეგვძლებოდა. ჩვენთან დღეს ხარისხია პრობლემა. საექსპორტო ხურმა სანთელივით უნდა იყოს, ხაზები და ლაქები არ უნდა ჰქონდეს. ხურმის ხესაც ისევე სჭირდება შეწამვლა, როგორც სხვა ხეხილს. ჩვენთან მოსახლეობა კი სათანადოდ არ უვლის“, ამბობს სოსო მანჯავიძე.

 

კომპანია „გეო ფლავერის“ ხელმძღვანელი მინდია ხურციძე, რომელმაც ევროპის ბაზარზე ძალები უკვე მოსინჯა და საქართველოში დამზადებულ ხილის ჩირს გერმანიაში წარმატებით ყიდის, ამბობს, რომ ხურმის ჩირის დამზადება ძვირი ჯდება და მისი ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით ამიტომ არ უცდია. „გეო ფლავერი“ საექსპორტო ჩირს რაჭაში, საკუთარ საწარმოში ამზადებს.

 

„ექსპერიმენტი ჩავატარე. საშრობ ღუმელებში ხურმა შევიტანე, ძალიან დიდი დრო და ბევრი ელექტროენერგია დასჭირდა. დაახლოებით 60 საათი სჭირდება გაშრობას. თანაც ხურმა უნდა დამუშავდეს, საჭმელად რბილი და კარგი რომ იყოს. ამიტომ ხურმის ჩირის დამზადებისგან თავი შევიკავე. თან ამ სეზონზე საშრობსაც არ ეცალა. რაჭაში კიდევ ერთი ახალი საშრობი გავაკეთე და ვაპირებ ხურმის გამოშრობა მომავალ წელს ვცადო“, –ამბობს „გეო ფლავერის“ ხელმძღვანელი.

 

სამეგრელოშიც და დანარჩენ საქართველოშიც ხურმის ჩირს ჯერჯერობით სახლის პირობებში, ტრადიციული მეთოდით ამზადებენ, კანს აცლიან და მზეზე აშრობენ. მზეზე დაჩირებას დაახლოებით ორი კვირა სჭიდება, საშრობში კი პროცესი სამ დღეში შეიძლება დასრულდეს. მზით დაჩირებული ხილი უფრო კალორიული გამოდის, ვიდრე ხელოვნურ საშრობში. როგორც მეწარმეები ამბობენ, საშრობში დამზადებულს უკეთესი, მოწითალო ფერი აქვს და კომერციულად მიმზიდველია, მზეზე გამშრალი შედარებით მუქი გამოდის და მომხმარებელს ნაკლებად მოსწონს.

სრული სტატია იხილეთ ამ ლინკზე :

http://eugeorgia.info/ka/article/320/xurmis-chiris-saeqsporto-shesadzleblobebi/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15344
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია