დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
პედაგოგები და განათლების ექსპერტები ზამთრის არდადეგების არაეფექტურ განაწილებაზე საუბრობენ – Aris.ge-განათლების გამოკითხვა
2015/12/02 12:46:48

წელს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს (ოთხშაბათ დღეს) დაიწყება და 15 იანვარს (პარასკევს) განახლდება. ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმაAris.ge-განათლებასთან განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენი მკითხველის დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც სოციალურ ქსელში, ისე პირად საუბრებში.

ზამთრის არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღი უკვე მეორე წელია, მინისტრის 2014 წლის 15 ივლისის #88/N ბრძანებით განისაზღვრება და ის 2-კვირიანია.

fb1საახალწლო დღეებში სწავლის საათების დანიშვნას არაეფექტურად მიიჩნევენ პედაგოგები. ისინი წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ სადღესასწაულო განწყობის გამო, ბავშვები სკოლაში არ დადიან. როგორც პედაგოგი ნინო ქობალავა ვარაუდობს, 15 იანვარს, პარასკევს, სწავლის პროცესი არ შედგება იმის მიუხედავად, რომ პედაგოგები მაინც იქნებიან სკოლაში.

„ვიქნებით პედაგოგები და მაქსიმუმ, ორი, სამი ბავშვი თითო კლასში. როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის. ჩვენც ადამიანები ვართ და ალბათ, ერთი, ორი დღე გვეკუთვნის ახალ წლამდე, რომ ელემენტარული გავაკეთოთ. მასწავლებლები 31 დეკემბერსაც უნდა მივიდეთ სკოლაში. საინტერესო იქნებოდა, აეხსნა სამინისტროს, რამ განაპირობა, ან ვისზე მორგებულად გადაწყვიტეს  31 რიცხვამდე რომ ვიაროთ? თუ ამის აუცილებლობა და სერიოზული მიზეზი არსებობს, უნდა გვითხრან!“

ნინო ქობალავას აზრით, დასვენების დღეების ყველაზე ოპტიმალური გადანაწილეობა იქნებოდა, ზამთრის არდადეგები 25 დეკემბერს (პარასკევ დღეს) დაიწყოს და 18 იანვარს (ორშაბათს) დასრულდეს.

 

 

 

 

fb2თამუნა ესიტაშვილი კერძო სკოლის ქართული ენის მასწავლებელია. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლებს, საჯაროებისგან განსხვავებით, უფლება აქვთ, თავად აირჩიონ სწავლის დაწყების და დასრულების თარიღი, ამ შემთხვევაში თამუნა ესიტაშვილის სკოლაში განათლების სამინისტროს რეკომენდაცია გაითვალისწინეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე თუ ისე არ ვიზღუდებით სწავლის დაწყებისა თუ დამთავრების თარიღებში (ანუ მთავარია 36 კვირა ვისწავლოთ), მაინც გადავწყვიტეთ, გვესწავლა ზუსტად იმ თარიღებით, რასაც მოგვაწვდიდა განათლების სამინისტრო. რამდენად სწორია მათი გადაწყვეტილება, ამას ყველა ვნახავთ დეკემბერ-იანვარში. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც 29 და 30 დეკემბერს და არც 15 და არც 18 იანვარს არ მოვლენ ბავშვები სკოლაში, უბრალოდ ჩვენ ვიქნებით იძულებულნი, მაინც მივიდეთ სამსახურში და რა დავაშავეთ, მით უმეტეს, კერძო სკოლის მასწავლებლებმა, რომ იმ დღეების ხელფასაც კი ვერ ავიღებთ? ჩვენ მხოლოდ ჩატარებული გაკვეთილები გვინაზღაურდება,“ – აღნიშნა მან.

Aris.ge – განათლებამ სკოლის მოსწავლეებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა, იმაში დასარწმუნებლად, ნამდვილად აცდენენ თუ არა საახალწლო დღეებში სკოლას.

 


fb3მათმა დიდმა ნაწილმა გვიპასუხა, რომ ეს ნამდვილად ასეა და წინასაახალწლო დღეებში სკოლაში სიარულს წელსაც არ აპირებენ.

„ძალიან არ მომწონს, არდადეგები რომ შეგვიმცირეს. ერთი თვიდან 2 კვირაზე გადასვლა ცოტა არ იყოს, რთულია. თან 30 დეკემბრამდე ნამდვილად არ ვაპირებ სკოლაში სიარულს. მართალია, წელს მე-12-ე კლასში ვარ და ისედაც იშვიათად დავდივარ, მაგრამ მაინც. ჩემი აზრით, ძალიან უაზრო პერიოდია შერჩეული და როგორც ვიცი, არც 15-ში არ აპირებს ბევრი მისვლას. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ შუა კვირაა, მით უმეტეს, არ წავლენ,“ – გვეუბნება 52-ესაჯარო სკოლის მოსწავლე.

„სკოლის მოსწავლეებიდან, მათ შორის მეც, სწორად არ მიგვაჩნია დასვენების დღეების ასე განაწილება და ჩემი კლასიდან უმრავლესობა აპირებს, რომ 20 იანვარს მივიდეს სკოლაში. მეც 20-ში მივდივარ“, – გვითხრა 124-ე სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ.

განსხვავებული აზრი დააფიქსირა საჩხერის ილიაჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მე-12-ე კლასის მოსწავლემ.

fb4„ზამთრის არდადეები როგორც ვიცი, თითქმის 1 თვიანი იყო, მაგრამ უკვე მეორე წელია, მხოლოდ 2-კვირიანია. ევროპულ სკოლებში ასეა და ამიტომ გადაწყდა ალბათ, ჩვენს განათლების სისტემაში აღნიშნული ცვილებების შეტანა. პირადად, ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ორი კვირით დიდი იქნება ზამთრის არდადეგები თუ – პატარა. ერთის მხრივ, არ არის მიზანშეწოლილი ერთთვიანი ინტერვალი შუა სწავლის პერიოდში, რადგან ვფიქრობ, რომ მოსწავლე ვარდება რეჟიმიდან და ძალიან უჭირს ისევ სწავლაზე კონცენტრირება.

მეორეს მხრივ, ზოგიერთი მოსწავლე დასასვენებლად მიდის ამ პერიოდში და არ ყოფნის მხოლოდ 2 კვირა. თუმცა, მე მაინც ვფირობ, რომ 2 კვირა საახალწლო არდადეგებისათვის სრულიად საკმარისია. წავალ თუ არა 15-ში სკოლაში, ჯერ არ ვიცი, აბიტურიენტი ვარ და წინასწარ ვერ განვსაზღვრავ, მეცლება თუ არა. თუმცა სკოლაში, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც დავდივარ და დეკემბრის ბოლოც არ იქნება გამონაკლისი“.

მარნეულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა ამბობს, რომ სკოლები განათლების მინისტრის ბრძანებას დაემორჩილებიან და თუ 30 დეკემბერს დასრულდება სწავლა, თვითონაც 30-ში დაითხოვენ ბავშვებს, როგორც ყველა საჯარო სკოლაში.

 


fb5„როცა მე რიგითი მასწავლებელი ვიყავი, არდადეგების დროსაც მიწევდა სკოლაში მისვლა, თუკი ბავშვი ვერ აბარებდა გამოცდებს, მათთვის კონსულტაციები რომ გამეწია და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავდი. ბავშვების სკოლაში არ მისვლა დამოკიდებულია სკოლის დისციპლინაზე. ჩვენი სკოლა ცნობილია თავისი დისციპლინით და არ მგონია დაგვიანების, ან გაცდენის შემთხვევები იყოს. 10 წელი ვიყავი სადახლოს აზერბაიჯანული სკოლის ქართულის მასწავლებელი და დილის 8 საათზე ვიყავი ხოლმე საზღვარზე.ზაფხულის არდადეგებზეც მიწევდა ყოფნა, თუ საგანს ვერ ძლევდა ბავშვი. არანაირ პრობლემას არ მიქმნიდა ეს. არანაირ პრობლემას არ ვხედავ სამი-ოთხი დღით ადრე, ან გვიან სკოლის დასრულებაზე. ხანდახან კვირასაც გვიწევს მოსვლა. ტრენინგები მიმდინარეობს სკოლაში. გაკვეთილების დროს ხომ ვერ აირჩევენ პედაგოგები ტრენინგებს და შაბათ-კვირასაც ვართ სკოლაში. როცა საჭიროა და როცა წინსვლაზე ფიქრობ, ამას ყოველთვის გააკეთებ“, – აცხადებს Aris.ge განათლებასთან შორენა ხუხუა.

ჩვენ აზრი განათლების ექსპერტებსაც ვკითხეთ. როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტმა თამარ მოსიაშვილმა გვითხრა, რამდენად იმოქმედებს ზამთრის არდადეგების ამგვარი გადანაწილება სწავლაზე, მისთვის უცნობია, თუმცა მოსიაშვილის აზრით,  „ბავშვებმა უნდა დაისვენონ“ .

განათლების ექსპერტის ზურაბ ვახანიას აზრით, ის რაზეც განათლების სამინისტრო აპელირებს, 36 კვირა რომ უნდა ისწავლონ სკოლებმა წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში რელევანტური არაა, რადგან რამდენიმე დღე სასწავლო კვირას ვერ შეცვლის, მით უმეტეს, სადღესასწაულო დღეებში გაკვეთილები ყოველთვის არასრულფასოვნად, ან ხშირად არ ტარდება.

„15 იანვარს, პარასკევს  სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, უაზროა. ყოველთვის მასეა და ვეღარ გაიგეს, რომ სწავლა უნდა დაიწყოს ორშაბათს და დამთავრდეს პარასკევს! მომდევნო სემესტრი ორშაბათს უნდა დაიწყოს, პარასკევს ნამდვილად უაზროა! ბავშვების ნახევარიც კი არ მოდის ასეთ დღეებში და ფორმალურია სასწავლო დღეების დანიშვნა. არ ვიცი, რა მიზანს ისახავს განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება. რამდენიმე დღე კვირის რაოდენობას არ ცვლის და როგორღა იქნება სასწავლო კვირა?“, – კითხულობს ზურაბ ვახანია.

 

fb6განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  მეორე წელია, მინისტრის ბრძანების თანახმად, ზამთრის არდადეგები 2 კვირით განისაზღვრება.  

„15 იანვარს, პარასკევს განახლდება სწავლა. წელს პარასკევი დაემთხა, მომავალ წელს სხვა დღე დაემთხვევა. ამას არეგულირებს მინისტრის 2014 წლის 15 ივლისის #88/N ბრძანება და დასვენების დღეები არ შეიცვლება“, – აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ სხვა სასწავლო დაწესებულებებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, არდადეგები 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღში 11 იანვარს განახლდება.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ზამთრის არდადეგების გამოცხადებას, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს თავად უნივერსიტეტების ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია