როგორია საჯარო სკოლის ტიპური ქართველი დირექტორი; როდის ეუფლებიან დირექტორები სკოლისა და სასწავლო პროცესების მართვის კომპონენტს; როგორ აფასებენ თანამდებობაზე დანიშვნის წესს; რა დროს ხარჯავენ პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობებზე?! ამ და სხვა, დირექტორებთან დაკავშირებულ საინტერესო კითხვებზე პასუხები TALIS – ის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევაშია თავმოყრილი.
საერთაშორისო კვლევას, რომელიც 2008 წლიდან ტარდება და რომელშიც 35 ქვეყანა მონაწილეობს საქართველო 2013 წელს შეუერთდა. კვლევის პედაგოგებთან დაკავშირებულ ნაწილზე Aris.ge-განათლებამ სტატია უკვე მოამზადა, დღეს კი კვლევის იმ ნაწილზე ვისაუბრებთ, რომელიც დირექტორებს ეხება.
კვლევის ადმინისტრირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო, გამოკითხულ დირექტორთა რაოდენობა კი 440 იყო.
დირექტორებისთვის შედგენილ კითხვარში შედის კითხვები, რომლებიც დირექტორისა და სკოლის შესახებ ზოგად ინფორმაციას, სკოლის ლიდერობას, მასწავლებელთა ფორმალურ შეფასებას, სასკოლო კლიმატს და აგრეთვე, სამსახურით კმაყოფილების მაჩვენებელს ეხება.
შედეგებით ირკვევა, რომ ჩვენი საბაზო და საშუალო საფეხურის დირექტორების ყველაზე დიდი ნაწილისკოლების მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად კვალიფიციური/კარგი მასწავლებლების ნაკლებობასასახელებს.
კვლევაში მონაწილე დირექტორების აზრით, მასწავლებლების უდიდესი ნაწილი (99% ან მეტი) ასწავლიან იმგვარ სკოლებში, რომლებშიც მასწავლებლები არასდროს ან იშვიათად აგვიანებენ, აცდენენ გაკვეთილებს, ან ახდენენ მოსწავლეების დისკრიმინაციას რაიმე ნიშნით. დირექტორების შეფასებით, ქართული სკოლების მასწავლებლების უდიდესი ნაწილი ისეთ სკოლებში მუშაობს, რომლებშიც ძალიან კეთილსაიმედო პროფესიული კლიმატია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქართული სკოლების მდგომარეობა კვლევაში მონაწილეყველა სხვა ქვეყანაზე უკეთესია.
კვლევის მიხედვით, ტიპური დირექტორი საქართველოში 50 წლის ქალია. გამოკითხული სკოლის ხელმძღვანელების 88%-ს აქვს მაგისტრის ხარისხი, 5%-ს ბაკალავრის, 4%-ს დოქტორის და 4 %-ს უმაღლესი პროფესიული განათლება. TALIS ქვეყნების დირექტორების 92%-ს კი უმაღლესი აკადემიური განათლება აქვს.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ქართველი დირექტორების 68%–მა სკოლის ადმინისტრირების კომპონენტი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეისწავლა. TALIS ქვეყნებში კი უდიდეს ნაწილს – 80%–ზე მეტს ეს კომპონენტი დირექტორობამდე აქვს ნასწავლი. ასეთივე სურათია სასწავლო პროცესიის მართვის კომპონენტთან დაკავშირებითაც – ქართველი დირექტორების მხოლოდ 19%-ს აქვს ნასწავლი სასწავლო პროცესის მართვა თანამდებობის დაკავებამდე, მაშინ როდესაც TALIS ქვეყნებში ეს კომპონენტი თითქმის სრულ უმრავლესობას დანიშვნამდე აქვს შესწავლილი.
დირექტორების პროფესიული განვითარების ყველაზე გავრცელებულ ფორმაში (კურსი, ტრენინგი, გაცნობითი ვიზიტები) მონაწილეობა ბოლო1 წლის მანძილზე ქართველი დირექტორების 52%-მა მიიღო; ეს მაშინ როდესაც TALIS ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 83%–ია.
კვლევით ასევე ირკვევა რომ ქართველი დირექტორები თავიანთი დროის 34%-ს უთმობენ ადმინისტრირებას და მართვას, დროის მეოთხედს სასწავლო გეგმასა და სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების წარმართვას; დროის მეხუთედს მოსწავლეებთან ურთიერთობას, დროის დაახლოებით 12%-ს მშობლებთან ურთიერთობას.
საქართველოში ძალიან მაღალია ისეთი დირექტორების წილი, 85%, რომლებიც პასუხისმგებლობას სკოლის ბიუჯეტის გადანაწილების შესახებ, სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს – მასწავლებლებს, სამერვეო საბჭოს ან სკოლის მართვის ჯგუფის სხვა წევრებს უზიარებენ. მონაწილე ქვეყნებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველოში ყველაზე მაღალია სასწავლო მასალების შერჩევაზე პასუხიმგებლობის დელეგირების ხარისხიც.
ქვეყნების მიხედვით, TALIS კვლევის ადგილობრივ ჯგუფებს უფლება აქვთ დაამატონ რამდენიმე კითხვა – ე.წ. ეროვნული კითხვები. კვლევის იმ ნაწილში, რომელიც დირექტორებს ეხებათ, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაამატა კითხვა, რომელიც საქართველოში დღეს არსებული დირექტორების შერჩევის წესისადმი დამოკიდებულებას ეხებოდა.
კვლევაში საუბარია იმაზეც თუ რომელ ინდიკატორს ანიჭებენ უპირატესობას დირექტორები თავიანთი მუშაობის შესაფასებლად, შედეგები ასე გამოიყურება:
და ბოლოს, საქართველოში, როგორც TALIS-ის მონაწილე ქვეყნების უმეტეს ნაწილში, დირექტორების უდიდესი ნაწილი კმაყოფილია როგორც პროფესიით, ასევე სამუშაო ადგილით. საქართველოში დირექტორების 84% ამბობს, რომ დირექტორობის უპირატესობები გადაწონის მის ნაკლოვანებებს.
წყარო: http://edu.aris.ge/