დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
Mein Kampf ანუ სახელმძღვანელო მშობელთათვის და არა მხოლოდ
2015/11/12 12:35:57

რაგმენტები აუტიზმის მქონე ბავშვის დედის ჩანაწერებიდან. ნაწარმოები შეიქმნა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და გაიგოს, რა სირთულეებთან უწევთ შეჭიდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებს. და იმისათვისაც, რომ გაგებით მოეკიდონ და მიიღონ მათგან განსხვავებული ადამიანები.

 

 

ეს ჩემი ბრძოლაა! ჩემი ომი! მოთმინებაა ჩემი აბჯარი, ჯავშანი, გნებავთ – ბრონე ჟილეტი. ვებრძვი სიმბოლოებს, სივრცეში ქაოტურად გაბნეულ ციფრებს და ნიშნებს. თავგამეტებით ვკაფავ ქაოსს, მსურს დავამყარო წესრიგი ყველგან, კანონზომიერებებს დავუმორჩილო ურჩი მოვლენები და უცნაური ფაქტები.

არა, ამიხსენით, რატომ უნდა გაგახსენდეს სამშობიარო მაგიდაზე ქალს გურამიშვილი? თუ ჯანზე ხარ, რასაკვირველია. მე კი გამახსენდა! მთელი მშობიარობის მანძილზე საკუთარ თავს ერთადერთ ფრაზას ვუმეორებდი – “ყრმის სიყვარულით... (მერე კიდევ რაღაც იყო) ილაოს მსგავსსა სენებსა”. ბევრი არც არაფერი მახსოვს სასკოლო პროგრამიდან და წესით, არც ეს უნდა მხსომებოდა, მაგრამ ტკივილმა რომ შემომიტია, ტვინში სწორედ ის უჯრედი გააქტიურდა, ქართული ენისა და ლიტერატურის მე-7 კლასის პროგრამა რომ ახსოვდა.


ღმერთო, ნუ გამაგიჟებ! ხმამაღლაც ვერ ამხელ – დაგცინებს ყველა! ჩუმად იმეორებ გულში და საკუთარ თავს ნიშნს უგებ – აი, ხომ მიხვდი, რა ყოფილა ილაოს მსგავსი სენები. აი, ხომ მიხვდი!


მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ დიდი სხვაობაა მშობიარობას – “ტკვილით” და მშობიარობას – “გაუტკივარებით” შორის. იმდენად დიდი, რომ ეს ახალშობილისადმი დედის გრძნობების სიძლიერესა და ხარისხზეც კი ახდენს გავლენას. ცოტა ხნით, ჰა-ჰა, რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც. და არ დამიწყოთ ეხლა -რა სისულელეაო, ყველა დედას შვილი დაბადებისთანავე უყვარდებაო. ვიცი, რასაც ვამბობ – სამჯერ გამოვცადე. უფრო სწორად - ორჯერ “ტკივილით” და ერთხელ “გაუტკივარებით”. სად ტკივილისგან თავისუფალი გონება რომ მყისიერად იღებს შვილის სიყვარულს, და სად - როგორც ხსნას ტანჯვისაგან და შვებას! ამაშია საქმე!


სინამდვილეში, ჩემი ბრძოლა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე მე აღმოვაჩენდი. აღმოვაჩენდი კი არა, ვიდრე თავგანწირვით არ ჩავერთვებოდი მასში. ცოდვა გამხელილი სჯობს და, დიდი სიმამაცით არც იქამდე გამოვირჩეოდი და არც ახლა მქონდა იმედი, რომ რამე გამომივიდოდა. მით უმეტეს, რომ ბრძოლის ერთადერთი იარაღი - მოთმინება - ჩემნაირი სულსწრაფი და სუსტი ნერვების მქონე ქალისთვის, რთული მოსაპოვებელი და მერე, შესანარჩუნებელი იქნებოდა.


- დღეიდან თქვენი ცხოვრება შეიცვლება, - “გრიფით საიდუმლოსავით” დამასვა ახალგაზრდა ფსიქოლოგმა, რომელიც ამაოდ ცდილობდა, მათესათვის სათამაშო ამწეს სანაცლოდ სიტყვე “მომე” გამოეტყუებინა.
სიმართლე რომ ვთქვა, ხეირიანად ვერც მივხვდი, რას გულისხმობდა, რატომ უნდა შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება, სავარაუდოდ უფრო ცუდისკენ, მაშინ როცა ბედით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვიყავი. სულ პირიქით - ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა - მყავდა სამი შვილი, მზრუნველი ქმარი, მქონდა საყვარელი საქმე და ამ საქმეში ვიყავი წარმატებული. თურმე სად ბანაობ! მორჩა შენი ბედნიერება და ამას, შენს გარდა, ყველა ხედავს. მარტო შენ გიკეთია ვარდისფერი სათვალე და გიხარია გათენება.


ჰო, იმას ვამბობდი – ბრძოლა ამ დღემდე წელიწადნახევრით ადრე დაიწყო, როცა ზუსტად ათწლიანი შუალედის შემდეგ, ნათლიღება ღამეს სამშობიარისკენ გამაქანეს. ყველაფერი მეორდებოდა, რაღაც ხანგრძლივი დეჟა ვუ იყო, როგორც სიზმარში, რომელსაც მეორედ ხედავ და წინასწარ იცი, როგორია დასასრული. ათი წლის წინაც, ნათლიღება ღამეს წავედით. ახლაც, როგორც მაშინ, მორიგე ექიმმა გამსინჯა, თავი გადააქნია და თქვა:
- არ მგონია, ამაღამ რამე იყოს, მაგრამ მაინც უნდა დავტოვოთ.
მათე 21-ში დაიბადა - უფროს დაზე 10 წლითა და ერთი დღით გვიან. ამჯერად ყველაფერი უფრო მეტად გაიწელა დროში. ჩემი, მშობიარობისთვის საკმაოდ ხანდაზმული ასაკისა და კიდევ რაღაც-რაღაც ჩვენებების გამო, აგრეთვე ჩემი ისტერიული შიშების გათვალისწინებით, საკეისრო კვეთა გადაწყდა. უცნაური შეგრძნებაა - სხეულის ნაწილს საერთოდ ვერ გრძნობ, სამაგიეროდ გრძნობ, ატომივით როგორ იყოფი და როგორ ამოდის შენიდან მეორე, პატარა სხეული.
- რა ლამაზი ბიჭია, - სახესთან ახლოს მომიყვანა ექთანმა კომბოსტოსავით გახვეული ჩვილი. არ მახსოვს როგორი იყო. მახსოვს მხოლოდ ის, რომ სახეზე მისი მშვიდი სუნთქვა ვიგრძენი, გული ამიჩუყდა და ავტირდი.
ინტენსიური თერაპიის პალატიდან ჩვეულებრივში მეორე დღეს გადამიყვანეს. ახალშობილს წამით არ ვიშორებდი. ერთთავად ჩაბღუჯული მყავდა, თითქოს ვინმე მართმევდა და თითქოს პირველად მეჭირა ბავშვი.
ჩვენს პალატაში ახალი გოგო შემოიყვანეს, აზერბაიჯანელი. ახალგაზრდა იყო, ალბათ 20-22 წლის. ქართულად არ ლაპარაკობდა. პრინციპში, არც რუსულად და საერთოდაც, არ ლაპარაკობდა. ჩუმად, თაგვივით გალურსული იწვა და დანარჩენებს გვაკვირდებოდა. ბავშვი არ შემოუყვანიათ. როცა პროცედურაზე გაიყვანეს, სანიტარმა მოასწრო და ჩაგვიკაკლა - ბავშვი დაუნის სინდრომით გაუჩნდა. ოჯახი ტოვებს და ახლა საბუთებს აგროვებენო.
- როგორ თუ ტოვებს? - ყველამ ერთხმად შევიცხადეთ.


- აი ასე, დედამთილმა თქვა – “ვაი, ზაჩემ ნამ ბალნოი რებიონოქ”-ო და დატოვეს. ისე კი დიდხანს ათვალიერებდნენ და მხრებს იჩეჩავდნენ – “ვროდე აბიჩნი რებიონოქ”-ო, – ამბობდნენ, მაგრამ როცა აუხსნეს, რაშიც იყო საქმე, მაინც დატოვება გადაწყვიტესო. დედისთვის არც არაფერი უკითხავთ. დედამთილმა, მამამთილმა, ქმარმა, სავარაუდოდ მულებმა, მაზლებმა და სხვა და ნათესავებმა ასე გადაწყვიტეს.
ესეც შენი დასაწყისი! ის დრო იყო, იარაღზე და ტყვია-წამალზე მეზრუნა და ეს დღეც დადგა.

 

* * *
- რა უცნაური ბავშვია! რამდენ ბავშვს არ გაუვლია ჩემს ხელში, ასეთი არ მახსენდება, რამდენიც არ უნდა ეძახო, ერთხელ არ მოგხედავს, - ამბობს კატო ბებო და მათეს ეფერება.
ვბრაზობ, უფრო იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობს. მათე ჩუმად, თავისთვის თამაშობს და ყურადღებას არავის გვაქცევს. არც თვალებში გვიყურებს. მხოლოდ ბლენდერის ხმას აყოლებს ხმას და იმასთან ერთად “მღერის”.
- მგონი მომღერალი გამოვა, - ასკვნის ისევ კატო ბებო.
მათე ოთახში, მაგიდის გარშემო, ძირითადად ერთ ტრაექტორიაზე იწყებს სირბილს. შიშით გული მისკდება, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რისი მეშინია. გონება სრულიად უსაფუძვლო იმედს დაეძებს და ახლოს არ იკარებს აზრს – რაღაც ხდება, რაღაც ისე ვერაა. მერე, ნაცნობების რჩევით - “მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, მშვიდად რომ იყო” - მოტივაციით მივდივართ სპეციალისტთან და ზუსტად ვიცი, რომ ერთადერთი, რასაც ის მეტყვის, იქნება: - “დაანებეთ ამ ბავშვს თავი. არაჩვეულებრივი ბავშვია, ნუ აკვირდებით გამადიდებელი შუშით”.
მათე ექიმის ოთახს ურბენს, პრინტერთან მიდის და გადმოშლილ პლასტმასის ფირფიტას ხელს არტყამს. ფირფიტა ინერციით იწყებს რხევას, მათე აკვირდება ფირფიტას, ექიმი – მათეს. მერე პატარა მანქანას იღებს, ბორბალს ატრიალებს, თვალებთან ახლოს მიაქვს და ისევ აკვირდება. ექიმი შეკითხვებს მისვამს, თანაც ისეთს, წარმოდგენა არ მაქვს, რა კავშირშია ბავშვის ეს ქცევა პრობლემასთან. თუმცა ეს “პრობლემაც” ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის. მაგალითად, მეკითხება, აქვს თუ არა ბავშვს თვალის კონტაქტი, მიმითითებს თუ არა საგნებზე თითით, იყენებს თუ არა ჩემს ხელს რაიმეს მისაღებად, ალაგებს თუ ართ მწკრივში საგნებს.. ყველაფერი სწორედ ასეა, მაგრამ რა იცის, როგორ იქცევა სახლში ბავშვი. ან რატომ უჩნდება საერთოდ ასეთი შეკითხვები.
პასუხი ჩემი მოლოდინს სრულიად აქარწყლებს:
- დიდი ალბათობით, აუტისტური სპექტრის აშლილობაა. კიდევ უნდა დავაკვირდეთ. მაგრამ მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ.
წარმოდგენა არ მაქვს, რა მითხრეს ახლა. თუმცა ძარღვებში სისხლი წამით შემიჩერდა. შინ დაბრუნებულმა დიდხანს ვიწრიალე, დამეგუგლა თუ არა. ალბათ იმედს ვიხანგრძლივებდი, ან მეშინოდა, გული არ გამსკდომოდა.
გუგლმაც საიმედო ბევრი ვერაფერი მამცნო. ერთდაერთი, რაც ცხადზე უცხადესი იყო, დრო იყო, აბჯარი შემომეცვა, ხელში რკინის ჯოხი დამეჭირა და გზას გავდგომოდი – გზას, რომელსაც ბოლო არ უჩანდა და არც ის არავინ იცოდა, რა დამხვდებოდა იმ გზის ბოლოს. ასე ჩავები უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც მეტოქე, ჩემზე დიდი უპირატესობით, გაურკვეველ მომავალს, გაცრუებულ იმედს და დანგრეულ ცხოვრებას მიქადდა.

 

* * *
მას შემდეგ, რაც 5 წლიანი გამოცდილების მქონე, პრობლემაში კარგად ჩახედული, ყველა სამეცნიერო და პოპულარულ სტატიებს თუ კვლევებს გაცნობილი, აუტისტ ბავშვთან მუშაობით თუ გაზრდით გამობრძმედილი დედა გავხდი, თავს მოვალედ მივიჩნევ, ყველას გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. თუ საკუთარ შვილზე არა (ღმერთმა დაგიფაროთ), იმაში მაინც გამოგადგებათ, რომ ავტობუსში ან სადმე, ქალაქის ქუჩებში ისეთი ბავშვის დანახვაზე, რომელიც ვერანაირად იცავს საყოველთაოდ მიღებულ ქცევის ნორმებს, ასაკობრივი განვითარების გათვალისწინებით, არ აღშფოთდეთ, “უზნეო” არ უწოდოთ, მის მშობელს ჭკუის დარიგება არ დაუწყოთ, ან უფრო უარესი – ბავშვის აღზრდა არ დაიწყოთ იქვე, სახელდახელოდ და იმაშიც, რომ თქვენც გასწავლოთ მოთმინება, როგორც ასეთი. რამეთუ მოთმინება - ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რომელიც ასეთ ბავშვებთან ურთიერთობისას გამოგადგებათ.

რჩევა პირველი: დასაწყისი
არც კი ვიცი, რით დავიწყო. დიაგნოზის დასმა - განაჩენივითაა. ყველაფერის შეცვლას და გადაწყობას მოითხოვს. დასაწყისისთვის, სამსახურში განცხადების დაწერა და წამოსვლა მოგიწევთ. შეიძლება ეს ყველამ საპირველაპრილო ხუმრობად მიიღოს – კოლეგებმაც და მოსწავლეებმაც, ან სხვას რას იფიქრებენ. ერთ დღეში ვინ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას! სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მიდიხართ ფეხსაცმლის მაღაზიაში და ყიდულობთ კეტებს ან რაიმე მოხერხებულ ფეხსაცმელს - წინ დიდი მარათონი გელით. იმარაგებთ მანის ბურღულს, პირის გასაპარს ქაფს, წითელ პომადას და რასაც თქვენი ფინანსები გასწვდება – სათამაშოებს.
და იწყება! ყოველდღიურად, შინ მოსული ფსიქოლოგის დახმარებით იწყებთ ახალი პროფესიის დაუფლებას. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ხახვისთვის შემოსული მეზობლის გაოცებულ მზერას, როცა ხალათში გამოწყობილი, თმადაუვარცხნელი, მაგრამ წითელპომადაწასმული დახვდებით. ასე ბავშვის ყურადღება უფრო იოლად გადაგაქვთ ტუჩების მოძრაობაზე. თუ ტუჩებზე სათამაშო კონუსის რგოლსაც მიიდებთ, მთლად უკეთესი. ბავშვი ფიქსირებულად აკვირდება მხოლოდ ტუჩებს და იმეორებს ხმოვნებსა და თანხმოვნებს. რაც შეეხება მანის ბურღულსა და პირის გასაპარს ქაფს, რომელიც ზემოთ ვახსენე, საუკეთესო საშუალებაა სენსორული შიმშილის დასაცხრობად. მგონი ასე ჰქვია. ტერმინებში ჯერ კარგად ვერ ერკვევით, მაგრამ არა უშავს, თანდათან ყველაფერს ისწავლით და მიხვდებით, რომ სიტყვა საკმაოდ კეთილხმოვანი ჟღერადობით “ექოლალია” თქვენი პატარას მიერ ყოველი გაგონილი სიტყვას ექოსავით გამეორებას ნიშნავს. ექოლალია როგორმე უნდა ჩააქროთ, რაზეც, ჯერ კიდევ არ იცით, რომ წლები დაგჭირდებათ. ისიც მნიშვნელოვანია, ბავშვს საკუთარი თავის აღქმაში დაეხმაროთ. კარგი იქნება, თუ სარკესთან დააყენებთ, მისსავე ხელს მის პატარა მკერდზე მიადებინებთ და გაუმეორებთ: - მე, მათე! მე, მათე! მართალია, არაფერი გამოგდით, მაგრამ გავა ორიოდე წელი და შედეგს დაინახავთ.
ეზოში სეირნობისას ათი თვალის და ყურის გამობმა დაგჭირდებათ. ჯერ კარგად უნდა შეისწავლოთ მოძრაობის მარშრუტი. თუ გზად რომელიმე მარკეტი შეგხვდათ, ბავშვის გაჯიუტება და ქცევის დარღვევა გარანტირებული გაქვთ. არადა, ყოველ ნაბიჯზე მარკეტია გახსნილი და თქვენც, ყოველთვის მზად უნდა იყოთ, რომ გაჭირვეულებულ ბავშვს, ვიდრე ეს ისტერიკაში გადაზრდილა, რაიმე სასუსნავი უყიდოთ. ამ სასუსნავს ახლა სხვა სახელი - “განმამტკიცებელი” ჰქვია. განმამტკიცებლად ნებისმიერი რამ შეიძლება გამოდგეს, რაც იმ მომენტში ბავშვს უნდა, რომ მიიღოს. მაგალითად, ტკბილეული, სათამაშო და ხშირად ყოვლად უცნაური ნივთიც. განმამტკიცებელი თქვენი ბრძოლის მთავარი იარაღია. სწორედ მისი მეშვეობით აიძულებთ პატარას თქვას მაგალითად “დედა!” ან შეასრულოს თქვენი, ყოვლად უწყინარი მოთხოვნა. მაგალითად, აიღოს ძირს დავარდნილი კუბიკი.
და სწორედ მაშინ, როცა გგონია, რომ თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, რომ მიუხედავად ყოველდღიური რუტინული შრომისა შედეგი არა და არ დგება, თქვენს ცხოვრებაში ჩნდება იმედის ნაპერწკალი - ტემპლ გრანდინი. ფილმის პერსონაჟი, რომელიც სულაც არაა გამოგონილი და ნამდვილზე ნამდვილია. და თქვენც, ამ პატარა იმედს მოჭიდებული, ლამის ყოველდღე უყურებთ ფილმს, რომელშიც აუტისტი გოგო საოცრებებს ახდენს და მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერი ხდება. ყველაზე მთავარი კი თქვენთვის მთელ ამ ამბავში ერთია - ”ჩასახუტებელი” მანქანა, რომელსაც ტემლი გამოიგონებს და რომლის ანალოგს თქვენი მკლავებით ქმნით - დღეში ათჯერ, ოცჯერ, ასჯერ იხუტებთ თქვენს პირმშოს, რადგან ახლა უკვე იცით, რომ ეს - თერაპიის ნაწილია. თუმცა, ეს ადრეც ხომ ასე იყო...

რჩევა მეორე: საბავშვო ბაღი
როცა დგება დიაგნოზი ან ჩნდება ეჭვი, რომ ბავშვი აუტიზმის მქონეა, უპირველეს ყოვლისა, ცდილობთ ბავშვის ინტეგრირებას სხვა ბავშვებთან, კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, რასაკვირველია. ამისათვის კი ყველაზე კარგი გარემო - საბავშვო ბაღია. იმედია, გაგიმართლებთ და საბავშვო ბაღში მოხვდებით (როგორც წესი, აუტიზმის გაგონებაზე ბაღის მესვეურები, განსაკუთრებით კი კერძო ბაღების, ფრთხებიან და ყველა შესაძლო მიზეზით ცდილობენ თქვენს თავიდან მოშორებას). არ დანებდეთ! გამოიყენეთ ყველა ბერკეტი – მორალურიდან დაწყებული კანონით დამთავრებული.
ერთი სიტყვით, თუ გაგიმართლათ და ბაღში მიგიღეს (მით უმეტეს თუ ბაღი სხვადასხვა ინკლუზიურ პროგრამებშია ჩართული და ყოვლად დატრენინგებული აღმზრდელები ჰყავს), ყურადღება არ მოადუნოთ. ყოველდღე მოგიწევთ სხვა მშობლების პრეტენზიების და აღმზრდელების ბუზღუნის მოსმენა თქვენი შვილის ქცევის გამო. მაგრად დადექით! მშობლებს, რომლებიც გეტყვიან, რომ არ სურთ, თავისი შვილი აუტისტის გვერდით თამაშობდეს და იზრდებოდეს, უპასუხეთ: - “მერედა ვინ გაიძულებთ, მაინცდამაინც ამ ბაღში ატაროთ ბავშვი? შეგიძლიათ სხვაგან წაიყვანოთ”. მეტი დამაჯერებლობისათვის სტატისტიკა მოიშველიეთ და აუხსენით, რომ ყოველი 64-ე ბავშვი აუტისტური სპექტის აშლილობით იბადება და ღმერთს მადლობა შესწიროს, რომ სწორედ ის არ აღმოჩნდა რიგით 64-ე. ასე რომ ეხლა ნება იბოძოს და, აიტანოს განსხვავებული ბავშვის გვერდით თავისი შვილი. თუ პირიქით... როგორც არის...
დამერწმუნეთ, ეს ყველაზე უკეთ ჭრის. არსად ბავშვის წამყვანი არაა. იმიტომ რომ დიდი არჩევანი, როგორც თქვენ, არც იმას აქვს და იძულებულია, მიიღოს ბავშვი, რომელიც, საბოლოო ჯამში არც არაფერს აშავებს, გარდა იმისა, რომ ვერ ლაპარაკობს (რის გამოც ყველაფერი მას ბრალდება, თავს მაინც ვერ იმართლებს და პასუხსაც ნაკლებად მოსთხოვენ), ხანდახან ოთახში სირბილი უნდება და მითითებებს ისე არ ემორჩილება, როგორც სხვები.
მერე რა, თუ ინტეგრირების ნაცვლად თქვენი შვილი ცალკე მაგიდასთან ზის თავისთვის და ხატავს. ან ფიზკულტურის გაკვეთილზე თავისთვის წევს სადღაც, დარბაზის კუთხეში, როცა ყველა დანარჩენი ბავშვი დახტის. ბევრი არც არაფერია საჭირო - წინასწარ უნდა დაადგინოთ გაკვეთილის განრიგი, სამსახურიდან დაეთხოვოთ (თუ ამ დროს უკვე მუშაობთ), მიქანდეთ საბავშვო ბაღში, შეხვიდეთ დარბაზში, ხელი ჩაჰკიდოთ თქვენს შვილს და რიგში ჩააყენოთ - დამერწმუნეთ, მომენტალურად ჩაერთვება საერთო მხიარულებაში. ეს ხომ ძალიან მარტივია.
ერთ მშვენიერ დღეს კი, მზად იყავით, რომ აღმზრდელი “ვინმეს” აყვანას მოგთხოვთ. აყვანას, ანუ დაქირავებას. ვინმე, ახალგაზრდა, სტუდენტი ფსიქოლოგის, რომელიც თქვენს შვილზე ზრუნვას აიღებს საკუთარ თავზე და დააცდის აღმზრდელებს (ერთდროულად სამს) არ დახარჯონ ზედმეტი წუთები და ხელი არ შეეშალოთ “პროექტების განხორციელებაში”. როცა ამას გეტყვით, აღმზრდელი აუცილებლად პირჯვარს გადაისახავს და წარბის მეტყველი აწევით გაგანდობთ თავისი მამაოს სახელს, რომლის მრევლშიც თავად ირიცხება და რომ ის განსაკუთრებით გულისხმიერია “ასეთი” ბავშვების მიმართ, მაგრამ დამატებით ვინმეს დაქირავება მაინც ცუდი არ იქნება.
ამას იმიტომ გეუბნებით, რომ საკუთარ ბიუჯეტს გაახედოთ, დაითვალოთ, თვეში რამდენი გჭირდებათ გადასახადებისათვის, დანარჩენი შვილების გამოსაკვებად და საერთოდ ოჯახის სარჩენად. “ამ” შვილის რეაბილიტაციის თანხაც არ გადავიწყდეთ, რომელიც თქვენს ხელფასს უტოლდება და თუ რაიმე დაგრჩებათ, დაიქირავებთ ვინმეს, აღმზრდელს რომ დაეხმაროს. და ნუ ეცდებით აღშფოთებული გამგესთან გავარდეთ საჩივლელად - აზრი არ აქვს, იმიტომ რომ გამგემ თქვენზე უკეთ იცის, სახელმწიფო აღმზრდელს სათანადოდ ვერ უხდის ხელფასს და ისიც თავს არ შეიწუხებს “ასეთ” ბავშვებთან ურთიერთობით და ვერც დაავალდებულებს. აი, ასეთი ჩაკეტილი წრეა და რა გინდა რომ ქნა! ყველას თავის სიმართლე აქვს.
ამის შემდეგ კი აღარაფერი გრჩებათ იმის გარდა, რომ მოძებნოთ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი და დაიქირაოთ. სხვანაირად თქვენი შვილი ყველაფერს გამოაკლდება, ზეიმებიდან დაწყებული ექსკურსიით დამთავრებული. თქვენ კი ეს ნამდვილად არ გსურთ, იმიტომ რომ მთავარი ბავშვის ჩართულობაა.

 

რჩევა მესამე – ქუჩა და ადამიანები

შეეგუეთ იმ აზრს, რომ მოგიწევთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საერთოდ, ქალაქის ქუჩებში ქცევის წესების ხელახლა შესწავლა. უფრო ზუსტად - საკუთარი ნერვების კონტროლი, ვინაიდან შეიძლება გაჩერებაზე, ავტობუსის მოლოდინში, როცა თქვენს შვილს ფეი-ბოქსთან თამაში ურჩევნია მოთმინებით ერთ ადგილას დგომას, თქვენ კი ამდროს ბოდიგარდივით აკონტროლებით მისი გადაადგილების პერიმეტრს და ყველა შესაძლო და მოსალოდნელ საფრთხეს ითვალისწინებთ, თქვენთან მოვიდეს დარბაისელი ქალბატონი და დიდაქტიკური ტონით გიბრძანოთ, ბავშვს ხელი ჩაჰკიდოთ. როდესაც თქვენგან გულგრილ მზერას მიიღებს პასუხად, კიდევ უფრო ბრაზობს და გეუბნებათ, რომ ის პედაგოგია და ზუსტად იცის, რომ ბავშვისთვის ხელის ჩაკიდება აუცილებელია. როცა, ბოლოსდაბოლოს, მოთმინებას კარგავთ, თქვენ პასუხობთ, რომ ეს მისი საქმე არაა და რომ თქვენი შვილის უსაფრთხოებას თავად უზრუნველყოფთ და სულაც - თავადაც პედაგოგი ხართ და როგორმე თავად მიხედავთ თქვენს შვილს. საუბარი კამათში, კამათი კი ჩხუბში გადადის და საბოლოოდ, იძულებული ხართ, საჯაროდ აღიაროთ, რომ თქვენი შვილი აუტისტია და სწორედ ამ მომენტში ხელის ჩაკიდებამ შეიძლება მისი გაღიზიანება და ტანტრუმი გამოიწვიოს. პედაგოგი ქალბატონი, რა თქმა უნდა, აზრზე არაა, რას ნიშნავს ტანტრუმი და ხმას უწევს: – მით უმეტეს, ხელი უნდა მოკიდოთ!
საქმე იმით მთავრდება, რომ თქვენ ბავშვთან ერთად პირველსავე სამარშრუტო ტაქსიში ადიხართ, თუმცა ის სულაც არ მიდის იქ, სადაც გჭირდებათ, იწყებთ ტირილს და ჩამოსვლისას ჩანთა გრჩებათ, რომელსაც ვერასდროს იბრუნებთ. ასე რომ, ერიდეთ ქუჩაში მოსიარულე მაღალი ზნეობისა და მორალის მქონე ადამიანებს, მათ არასდროს დაეზარებათ თქვენთვის რჩევის მოცემა, თქვენი აღზრდის მეთოდების დაწუნება და გალანძღვაც კი.
მძღოლებსაც ერიდეთ. კაცმა არ იცის, რა გააღიზიანებთ. მაგალითად ბავშვის ფეხების ბაკუნი, სამგზავრო ბარათის სალაროზე ორჯერ ან მეტჯერ დადება ან უბრალოდ, ჭირვეულობა. შეიძლება რომელიმე მათგანმა ავტობუსი გააჩეროს და ბავშვიანად ჩამოგსვათ კიდეც. მეორემ კი - საერთოდაც, აგიკრძალოთ მის სამარშრუტო ტაქსიში მეორედ ჩაჯდომა. ამ დროს თქვენ, ისევ ნერვებმოშლილი, ბრუნდებით შინ და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ფეისბუქზე სტატუსის დაწერაა. სტატუსის შემდეგ, შესაძლოა დაგირეკონ კიდეც, მაგალითად, სატრანსპორტო კომპანიიდან, აღშფოთდნენ და გითხრან, რომ მაგ მძღოლს სამსახურიდან დავითხოვთო. დაგპირდებიან, რომ ხვალ დაგირეკავენ. და შენ უკვე სინდისი გქენჯნის, რომ კაცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ შენს პატარა შვილს უღრიალა ან ტაქსიდან ჩამოსვა, შენს გამო პრობლემა შეექმნება, ვინ იცის, ოჯახი ჰყავს სარჩენი. მაგრამ სინდისის ქენჯნა მალევე გაგივლით, ვინაიდან იმ კაცს არც არავინ დასჯის და საერთოდაც აღარავინ შეგეხმიანებათ. შეიძლება სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდეს ამ ფაქტით, როგორც დისკრიმინაციის გამოვლინებით, თუმცა გაგრძელება არც ამას მოჰყვება.
აქედან მორალი: თუ ამის გადატანა არ გსურთ, იარეთ ფეხით, ან შეიძინეთ საკუთარი ავტომანქანა.

 

რჩევა მეოთხე: სტატუსი
და ადრე თუ გვიან დგება აღიარების მომენტი. აღიარებისა საკუთარი თავის და ყველას წინაშე. რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ არაღიარება უარესია. ჭირი თავს მაინც არ დამალავს და ზურგსუკან ჩურჩულს ისევ პირდაპირ საუბარი აჯობებს, დამიჯერეთ. აღიარების შემდეგ ამ ყველაფრის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება მოჰყვება. სტატუსის მისაღებად კი კომისიას უნდა ეწვიოთ.
აი, აქ დიდი მოთმინებით აღჭურვა მოგიწევთ. დაწესებულებაში, რომელიც შშმ პირის სტატუსს გასცემს, თანაც მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე პირებზე (ამ შემთხვევაში ბავშვებზე), მოკლედ, ამ დაწესებულებაში ყველას ნერვები აქვს მოშლილი. რა ვიცი, ერთი შეხედვით ასე ჩანს. პერსონალი საჭიროზე მაღალ რეგისტრში გესაუბრება და სულ გგონია, გეჩხუბებიან და გსაყვედურობენ, რომ ახლა აქ ხარ და მათი მომსახურეობით სარგებლობა გიწევს. ან თავად რა თავში იხლი ამ მომსახურეობას, სჯობდა რომ სულაც არ ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან ცნობილი მიზეზებისა გამო, მაინც აღმოჩნდი მათ ბენეფიციართა შორის, მცირე ხნით უნდა გაგიძლონ. ეს მცირე ხანი იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე თქვენს პატარას შეუძლია აიტანოს. ცნობილი ამბავია, აუტიზმის მქონე ბავშვებს არ შეუძლიათ ლოდინი. აი, საერთოდ არ შეუძლიათ! ერთ ადგილზე გაჩერებაც არ შეუძლიათ და რას იზამ. ჰოდა, კომისიაზე მისულს, არ გაგიკვირდეთ, თუ მრავალრიცხოვანი რიგის წამებით განლევის შემდეგ ექიმი თუ მთლად თვალებში არ შემოგხედავთ, ან საერთოდაც, ზედაც არ შემოგხედავთ, ეს სულაც არაა მისი ბრალი. იმიტომ რომ საქმე იმდენი ბიუროკრატიული ქაღალდების წარმოებას ავალებს (ალბათ), რომ თავის ასაწევად ნამდვილად ვერ მოიცლის. თავდახრილი დაგისვამს ორიოდე შეკითხვას, მერე მისი თანაშემწეებიც რამეს დაამატებენ და მერე იწყება მთავარი – თქვენთვის ამ ავადსახსენებელი სტატუსის აღმნიშვნელი მწვანე ბარათის გადმოცემის ცერემონიალი, რომლის მიღების სიკვდილივით გეშინიათ, მაგრამ მაინც მოუთმენლად ელით. და ამ მოლოდინში იწურება ერთი საათი. ამ დროისათვის თქვენმა შვილმა მოასწრო და მოწმინდა კლინიკის ყველა დერეფნის ყველა იატაკი და მოირბინა ყველა კუთხე და კუნჭული. თქვენც, ნარბენი და დაქანცული, იმედით და მორიდებით აკაკუნებთ კარზე, საიდანაც ხსნად ელით ამ ფურცელს. კარი ოდნავ ღრიჭოდ იღება, იქიდან ცხვირში გეცემათ ჩაქაფულის ან ოსტრის ან რაღაც ამდაგვარის სურნელი და მას გამოჰყვება ნანატრი ფურცელი. ღრიჭოდან პირდაპირ თქვენს ხელში აღმოჩნდება და თქვენც მოდიხართ ბედნიერი, იმით რომ დასრულდა ლოდინის ჯოჯოხეთი და უბედური – იმით, რაც ხელში გიჭირავთ – სტატუსი.


რჩევა მეხუთე: სკოლა

და დგება მომენტი, როცა თქვენი შვილი სასკოლო ასაკს აღწევს. ეს დღე ისეთი შორეული ჩანდა, ახლა კი, ისე მოულოდნელად მოახლოვდა, რომ თქვენ შემცბარი და დადარდიანებული ხართ. სკოლის მოძებნა - იოლი საქმე არ გეგონოთ. უპირველეს ყოვლისა, არკვევთ, რომელი სკოლაა ჩართული ინკლუზიურ პროგრამებში, რომელ სკოლას გააჩნია ე.წ. რესურს ოთახი თავისი სპეცპედაგოგებით. ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ ღრმად დარწმუნებული, რომ თქვენი შვილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელში აღმოჩნდება, არჩევანს ერთ-ერთ სკოლაზე აჩერებთ. თუმცა, არ გაოცდეთ, რომ სამ დღეში თქვენი შვილის გვერდით სამი სხვადასხვა ბავშვს ზის, მეოთხე დღეს კი ერთ-ერთი მშობლის შეშფოთებულ მზერას შეეფეთები, რომლის შვილიც, სავარაუდოდ, თქვენი შვილის გვერდით დასვეს. არც იმან დაგაფრთხოთ და წარბი არ შეიხაროთ, როცა მასწავლებელი ოცი მშობლის თანდასწრებით, შეშფოთებით დაიწყებს თქვენი შვილის ქცევის განხილვას და ისედაც ამრეზილ მშობლებს კიდევ უფრო დაზაფრავს. ნურც ”კარისკაცის” შეკითხვა გაგაღიზიანებთ - თქვენი შვილი უძლურიაო? - რას იზამთ, მხოლოდ ტერმინებშია აცდენა. დაბოლოს, ყველა სიკეთესთან ერთად, არ აღშფოთდეთ, თუ აღმოჩნდება, რომ თქვენს მიერ დიდი რუდუნებით შერჩეული სკოლის რესურსოთახი სულაც აღარ არის რესურსოთახი და ჩვეულებრივ კლასად გადააკეთეს. ამის გარეშე კი, კარგად გესმით, რომ ბავშვის ახალ გარემოსთან შეგუება ვერ მოხდება. გირჩევთ, წახვიდეთ ახალი სკოლის საძებნელად, იმ იმედით, რომ იპოვით მას.
წარმატებას გისურვებთ!

 

* * *
მიუხედავად ამ ყველაფრისა, გულს ნუ გაიტეხთ! მერე რა, რომ თქვენს შვილს ძილის წინ ზღაპრებს ვერ უკითხავთ, მერე რა, რომ მეგობრებში ვერ იამაყებთ, რამდენი ახალი ლექსი ისწავლა. ნურც ის დაგწყვეტთ გულს, რომ თქვენს ბიჭუნას იშვითად ეპატიჟებიან დაბადების დღეის წვეულებაზე, თუმცა მას ძალიან უყვარს ტორტზე სანთლების ჩაქრობა და ”ჰეფიბირსდეისაც” მღერის. მერე რა, რომ თქვენს სახლში საგრძნობლად იკლო სტუმრების რიცხვმა და თქვენი, სტუმრად მიწვევის შემთხვევებმაც.
მიიღეთ ეს, როგორც თქვენი წილი საზიდი ჯვარი! და ნურავის დაადანაშაულებთ!
ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ისეთი ადამიანებიც შეგხვდებიან, რომლებიც მიიღებენ თქვენ შვილს ისეთს, როგორიც არის და თქვენ - როგორც თქვენი შვილის დედას.
თუმცა, საბოლოო ჯამში ეს მაინც თქვენი ბრძოლაა. მხოლოდ თქვენი!
და თქვენ აუცილებლად მოიგებთ მას!

 

წყარო: http://lit.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 22353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია