დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გ ა ხ ს ე ნ ე ბ ა
ალექსანდრე სანდუხაძე – 95. მასწავლებლის მოგონება
2015/11/10 20:40:10

მე–2 საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე სანდუხაძეს 17 ნოემბერს დაბადებიდან 95 წელი უსრულდება. მან მეტად რთული და საინტერესო  გზა განვლო განათლების იმ მრავალრიცხოვან მოღვაწეთა შორის, რომლებმაც თავიანთი უანგარო საქმიანობით ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეში.  ყველა, ვინც მას იცნობდა, ნათლად წარმოუდგება განათლების თვალსაჩინო ორგანიზატორის, სწავლა-აღზრდის რთული პრაქტიკული გზების გამკვლევის დაუვიწყარი სახე. თავისი განვლილი ცხოვრების მანძილზე მან წარუშლელი კვალი დატოვა სკოლის სრულყოფასა და მომავალი თაობის ზნეობრივი სრულყოფის საქმეში. იგი მოწოდებით იყო მოძღვარი, ახალგაზრდობის გზის გამკვალავი, ცოდნის სიკეთისა და მშვენიერების დამამკვიდრებელი. არაერთი სკოლა ააღორძინა და განაახლა, სახელდობრ, მე–8 საჯარო სკოლა, მე–2 საჯარო სკოლა. მას უყვარდა შრომა და მშრომელი თანამშრომლები.

 

იყო სათნო, ზრდილი, პატიოსანი, სამართლიანი პიროვნება, თავის გარშემო ქმნიდა მშვიდ, საქმიან და მეგობრულ გარემოს. ჩვევად და მოთხოვნილებად ჰქონდა სიკეთის ქმნა და სამსახური.

 

მახსენდება 1979 წლის აგვისტო. მე–8 საჯარო სკოლაში ქალაქის მასწავლებელთა შეკრება. ამ სკოლაში პირველად მოვხვდი და დღესაც ის განცდა მეუფლება, რაც იმ დღეს ვიგრძენი. მთელი სკოლა ლაპლაპებდა. აღტაცებაში მოგვიყვანა ქალაქის მასწავლებლები, მე კი გადავწყვიტე ამ სკოლაში გადმოსვლა იმ ვაკანტურ ადგილზე, რაც სკოლას გააჩნდა. თვალითაც არ მენახა ალიოშა სანდუხაძე, გაუბედავად შევაღე დირექტორის კაბინეტის კარი და შესვლის ნება ვითხოვე. ვუთხარი: ისე მოვიხიბლე ამ სკოლის ხილვით, რომ სურვილი მაქვს, ქალაქის მე–5 სკოლიდან ამ სკოლაში გადმოვიდე-მეთქი. გამესაუბრა, დასასრულს მითხრა, რომ ამ ვაკანტურ ადგილზე რვა მსურველია მოსული. თუ ისეთი კარგი დირექტორიდან წამოსვლას გადაწყვიტავ, დაგელოდებითო. დავემშვიდობე, ჩემი გამოსვლისთავანავე სატელეფონი საუბრით ქ–ნ ნ.ჭკადუას დაუკავშირდა, რომ გაეგო, ვინ ვიყავი და ღირდა თუ არა ჩემი მასწავლებლად მიღება. დაილოცოს ის დღე, რომელ დღესაც გავიცანი ა. სანდუხაძე. მისადმი ერთგულება ჩემი დაუღალავი შრომით დავუფასე, აქ დამიფასდა შრომა და მიხაროდა მის სახელოვან კოლექტივში მუშაობა.

 

დასანანია, რომ ადრიანად გარდაიცვალა, თუმცა საუკეთესოთა შორის საუკეთესონი აგძელებენ სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ. ეს რჩეულთა ხვედრია და სწორედ ამ რჩეულების რიცხვს მიეკუთხვნება ალექსანდრე სანდუხაძე.

 

იგი იყო განსახიერება უაღრესად მაღალი ადამიანური თვისებებისა.  მის სახელს დავიწყება არ უწერია. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მსუბუქი იყო ის ქართული მიწა, სადაც მისი სული განისვენებს.

 

ბატონო ალექსანდრე, კაცი მოკვდავია, ხალხი კი უკვდავია. სიცოცხლე ხანმოკლეა, საქმენი და სახელი მარადიული. თქვენ ხართ კაცი, რომელიც დააკლდით ქალაქს.


 

მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი

ციალა ჯაფარიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია