საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არა – ტრეფიკინგს!
ბიძაშვილისგან „გადაგდებული“ ნინოს თურქული ცხოვრება
2015/11/09 11:26:42

შესაძლოა, ეს ამბავი ბევრისთვის ცნობილიც იყოს, რადგან ამგვარი ისტორიები ბოლო ათწლეულებში ბევრი მოხდა.

 

 დაახლოებით ოთხი წლის წინ ქორეოგრაფიული ფესტივალის მონაწილის სტატუსით ვიყავი სტამბულში. ეს მეგაპოლისი ჩემთვის უცნობი არ არის, ამიტომ თავისუფალ დროს მაქსიმალურად ვიყენებდი. სტამბულის ბევრი ქუჩა იმდენ საინტერესო არქიტექტურულ ელემენტს გიჩვენებს, ძნლია, ცდუნებას გაუძლო და არ დაათვალიერო რამდენჯერმე, ასევე არ ისარგებლო აზიური ტიპის ბაზრობებითა და საფირმო მაღაზიებით.

 

 იმ ავტოსადგურში, სადაც, წესით, პოსტსაბჭოური და აღმოსავლეთ ევროპის მარშრუტის მგზავრები იყრიან თავს, ერთ-ერთი კომპანიის ავტობუსიდან თბილისიდან მომავალი მგზავრები ჩამოლაგდნენ. ავტოსადგურში ჩვეულებრივ ისმის ქართული საუბარი, მალულად გადმოტანილ სიგარეტს, ნიგოზს, არაყს, თაფლს და სხვა პროდუქტებს გადამყიდველები საგრძნობლად იაფად ყიდულობენ, რათა შემდეგ სარფიანად გადაყიდონ.

 

 მალევე თავ-თავისი გზა იპოვეს მგზავრებმა, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ქალი ნერვულად აწვალებდა მოზრდილა სამგზავრო ჩანთას, გამცილებელს რამდენჯერმე სთხოვა დარეკვა, თუმცა, სატელეფონო კავშირი ვერ მოახერხა. რადგან დრო მქონდა (მეგობარს ველოდებოდი, რათა ერთად გავსულიყავით ტაქსიმზე მაღაზიების დასათვალიერებლად), დავეკითხე, თუ რით შეიძლებოდა დავხმარებოდი.

 

 როგორც თავად მითხრა, ნინო ერქვა და საბერძნეთში აპირებდა თურქეთიდან მალულად გადასვლას, რაშიც ბიძაშვილი უნდა დახმარებოდა. ბიძაშვილი კი არ ჩანდა და არც ტელეფონზე პასუხობდა. რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა, ვუთხარი, რომ უკან დასაბრუნებელ თანხას მივცემდი, თუკი არ ჰქონდა და სამშობლოში დაბრუნებულიყო, სადაც ოჯახი, ალბათ, ჰყავდა.

 

 რატომღაც უარი განაცხადა. მეგონა, რომ უცნობისგან ეუხერხულებოდა თანხის აღება. მან კი სხვა რამ დაასახელა უარის მიზეზად: მას სურდა დასავლეთში შრომითი მიგრანტის სტატუსი. ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურსო, _ მითხრა ყალბი სიმტკიცით. ამასობაში ჩემი მეგობარიც მოვიდა და ჩემი წასვლის დროც დადგა. გამომშვოდობებამდე დავეკითხე, რომ არაფერი შემეძლო და წარმატებები ვუსურვე. ჩემმა მეგობარმა იკითხა, თუ რა პრობლემა იყო. ნინომ (შესაძლოა, ნინო სულაც არ ერქვა) მოკლედ მასაც უთხრა, რომ ბიძაშვილმა „გადააგდო“.

 

 მეგობარმა, რომელიც ლეგალურად ცხოვრობს თურქეთში, თავის ნაცნობ თურქს დაურეკა და სთხოვა, რომ დაესაქმებინა ახალგაზრდა ქართველი ქალი. მან უთხრა, რომ თავის ტექსტილის წარმოებაში დაასაქმებდა, თუ შრომისმოყვარეობას გამოიჩენდა, ხელფასიც კარგი ექნებოდა და ბინის პრობლემასაც მოუგვარებდა. ნინოს, როგორც ჩანდა, ალტერნატიული გზის უქონლობის გამო, დათანხმებამ მოუწია.

 

 საქართველოში დაბრუნებულს აღარც მახსოვდა ემიგრანტი ქალი, თუმცა, ჩემმა მეგობარმა მომწერა, რომ ერთ ღამის კლუბში სტრიპტიზის მოცეკვავეში ამოუცნია ნინო (ერთობ ვულგარული გარეგნობის მიუხედავად). ნაცნობი მეწარმისათვის უკითხავს მის შესახებ, მას კი უთქვამს, რომ უმიზეზოდ მიატოვა სამსახური და არაფერი ვიცი მის შესახებო.

 

 ჩემს მეგობარს ინტერესი გამოუჩენია და ღამის კლუბის მეპატრონესთან შეხვედრა მოუთხოვია. მეპატრონეს გაუკვირდა, როცა ნათესავის სტატუსით ახალგაზრდა კაცმა მიაკითხა მის „მსახიობს“. ქართველ ქალბატონს, სახელად მედულის, მიუყვანია ნინო კლუბის მეპატრონესთან, თან წარუდგენია ნინოს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნინოს თითქოს მედულისგან 18 ათასი დოლარი ემართა და ამ ვალის დასაფარავად მზად იყო ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად. მე მას გადავუხადე 18 ათასი დოლარი და ახლა მოგებით მე უნდა ვამუშაოო.

 

 ამის მერე ჩემს მეგობარს ნინოსთან შეხვედრა მოუთხოვია კლუბის მეპატრონისთვის, თუმცა, უარი მიიღო. რამდენიმე დღის მერე ისევ მისულა ღამის კლუბში ნინოს ამბის გასაგებად, მაგრამ ის იქ აღარ მუშაობდა: სავარაუდოდ, ის ისევ „გადაყიდეს“ სექსუალური ექსპლოატიისათვის!

 

 

გოჩა ქიმაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია