დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
SOS!
ქუჩაში გამოკრული განცხადებები – გზა ტრეფიკინგისკენ
2015/11/09 11:16:16

იმერეთის თითქმის ყველა ქალაქში, ხალხმრავალ ადგილას, ნახავთ ამობეჭდილ განცხადებებს, რომლის შინაარსი დაახლოებით ასეთია: „დავასაქმებთ 50 წლამდე ქალბატონებს თურქეთში სხვადასხვა სამუშაოზე“.

 

განცხადების ბოლოს მითითებულია ტელეფონის ნომერი და „იკითხეთ მაგული“ (მაგული პირობითად აღებული სიტყვაა).

 

ჩვენ დავინტერესდით ზესტაფონის აგრარული ბაზრის მიდამოებში გამოკრული განცხადებით და მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ დაახლოებით ასეთი დიალოგი გაიმართა:

 

– გამარჯობა, თქვენი სახელით გამოქვეყნებული განცხადება ვნახე ზესტაფონში...

– გისმენთ, გენაცვალე!

– მუშაობა მინდა სეზონურად თურქეთში, რომელი სამსახურის შემოთავაზება შეგიძლიათ?

– სამსახური ბევრნაირია, ასაკით რამხელა ხარ?

– 18 წლის.

– მშობლები დაგთანხმდებიან, რომ გაგიშვან თურქეთში?

– მშობლებთან ერთად მინდა წასვლა...

(ზარი გაწყდა და ამის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოვიდა „დამსაქმებელი“).

 

სხვა „დამსაქმებელთან“ დარეკვის შემდეგ დაახლოებით ამავე ტიპის საუბარი გვქონდა, ოღონდ უკვე ასაკი „მოვიმატე“ და 24 წლის, გასათხოვარი, ქერა, მაღალი, ინგლისური და რუსული ენების მცოდნე, სასტუმროში მუშაობის გამოცდილების მქონე „გავხდი“.

 

შეხვედრა კვირის ბოლოსათვის დამითქვა, მაგრამ მანამდე შემდეგი „პრეამბულები“ წამოაყენა იქს-ქალბატონმა:

 

1.     სავიზო საკითხებს მომიგვარებდა (ალბათ, არ იცოდა, უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმაციას რომ ვფლობდი, როცა ეს ვუთხარი, ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი სამი თვის მერე საზღვრის გადმოლახვა არ მოგიწევსო, ოღონდ ამისთვის პასპორტი ცოტა ხნით უნდა „მეთხოვებინა“).

.

2.     დამასაქმებდა პრესტიჟულ ჰოტელში, რომელიც, ძირითადად, ემსახურებოდა მეზღვაურებს.

 

3.     მომინახავდა ისეთ მასპინძელს, სადაც „შეთავსებით“ ვიცხოვრებდი და გადასახდელიც ცოტა მექნებოდა ქირა.

 

 

4.     პირველი თვის ხელფასი ავანსად უნდა ამეღო და მიმეცა,  ან უკეთეს შემთხვევაში, მისი ოდენობა  საქართველოშივე მიმეცა, „მისი ვალი რომ არ გადამყოლოდა ბარემ თურქეთში“.

 

5.     თურქული ენის შესწავლისთანავე უკეთეს სამსახურს მომიძებნიდა და არ დამჭირდებოდა „ბებრების უკანალის წმენდა“ და „მურთხი ბაღნების“ კუდში დევნა (თან, ამით „ბაღნის მამიკოს“ ხელების მოსალოდნელი ფათურისგანაც თავდაზღვეული ვიქნებოდი).

 

 

6.     თუ ოფიციალურად მივიღებდი ისლამს, გათხოვების დიდი შანსი მქონდა ნაცოლარ, მდიდარ მუსტაფასა თუ იბრაგიმზე.

 

7.     სად მერჩია მუშაობა, შავიზღვისპირა რეგიონში თუ ხმელთაშუა ზღვის სიახლოვეს (თურქეთში 18 საპორტო ქალაქი ყოფილა).

 

 

8.     თუ ფადიშაჰის ცოლობას გამოვკრავდი ხელს, ხომ არ დავივიწყებდი მის კეთილისმსურველ „დამსაქმებელს“.

 

ჩემს კითხვაზე, ჰყავდა თუ არა ვინმე წარმატებულად დასაქმებული აქამდე და მოეცა მათი კოორდინატები, ელექტრონული მისამართები ან ტელეფონის ნომრები, სატელეფონო კავშირის შეწყვეტა მოჰყვა...

 

გამახსენდა ბიძაჩემის ნაამბობი, როგორ წავიდა ერთი ახალგაზრდა ქალი ქუთაისიდან, ნიკეას ქუჩის მცხოვრები, თურქეთში სამუშაოდ: ეს ქალი ახალგაზრდა დაქვრივდა, რადგან მისი ქმარი „კაი ბიჭი იყო და წამალს გადაჰყვა“. „ულამაზესი ქალი იყო, 30 წლამდე ასაკის, კეთილი, სათნო სახე ჰქონდა, პირველივე ჩამოსვლისას ქალი მომეჩვენა გაბრტყელებული! დიახ, გაბრტყელებული! სამი წელი დადიოდა თურქეთსა და საქართველოს შორის, ბოლოს რაღაც ქალური დაავადების (ან ვენერიულის) გამო გარდაიცვალა. მშობლებმა ვერ შეძლეს გადმოსვენება, არავინ იცის, დამარხეს სადმე თუ რა მოხდა!“

 

არალეგალური შრომითი ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა სოციალიზებულია, მაინც დიდ საფრთხეებს შეიცავს, ამიტომ ნუ ენდობით ქუჩაში გამოკრულ პრინტერით ამობეჭდილ განცხადებებს, მათი უმეტესობა ტრეფიკინგამდე მიგიყვანთ!

 

ელისო ხოჯანაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია