დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შესაძლო საკადრო ცვლილებები ომბუდსმენის აპარატში
2009/07/31 20:08:34

მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების ამოწურვამდე დაჩქარებულად სახელდება მისი სავარაუდო შემცვლელები. მმართველ გუნდს უკვე ჰყავს საკუთარი კანდიდატი გიორგი ტუღუში, რომელიც ორ დღეში კიდეც წარადგინა პარლამენტში და საკომიტეტო მოსმენებიც მოასწრო.  მისგან მმართველი პარტია პოლიტიკურ ნეიტრალობას ითხოვს.

 

პარლამენტში უმცირესობის ხმების გარდა შესაძლოა „ნაციონალური ხმები“ ტუღუშს პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც წაართვას. თუმცა სახალხო დამცველის პოსტზე მისი აღქმა ოპონენტებს ლორთქიფანიძის პოლიტიკური საქმიანობის გამო უჭირთ.

32 წლის გიორგი ტუღუში ამჟამად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში მუშაობს, რომლის მიზანი სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაზრდაა. ტუღუში ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია, 2004 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ოფიცრად ეუთოს მისიაში საქართველოში, ხოლო 2003 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტად სამართლებრივ საკითხებში. მუშაობდა ასევე ურბანულ ინსტიტუტში ექსპერტად, და 1999-2000 წლებში თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსად. მას ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი აქვს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში და ასევე თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირებაში.

ახალი ომბუდსმენის მოსვლასთან დაკავშირებით შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეკითხვები ჩნდება. გამოირიცხება თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილებები საკადრო საკითხებში, შეეხება თუ არა ეს ცვლილებები სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლობას? ამ შეკითხვებით „P.S.“ სახალხო დამცველის აპარატის საინფორმაციო სამმართველოს უფროსს ნინო ერემაშვილს და ყველაზე რეალურ კანდიდატად აღიარებულ გიორგი ტუღუშს დაუკავშირდა:

ნინო ერემაშვილი: ზუსტად ვერ  გეტყვით იქნება თუ არა, ან რა ტიპის საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა გამორიცხულიც არაფერია, ყველანი ვართ მოლოდინში. ბატონი გიორგი ჩვენს შენობაში მუშაობს. ასე რომ კარგად იცნობს ჩვენი გუნდის მუშაობას, შემადგენლობას. რა მოხდება არ ვიცით, ზოგი თანამშრომელი უვადოდაა, ზოგიც ხელშეკრულებით არის დანიშნული, პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგანაც უმადური საქმეა.“

გიორგი ტუღუში: რეფორმა აუცილებლად იქნება, კარგი კადრები კი შენარჩუნდება, თუმცა სახალხო დამცველის აპარატი ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს და რესურსებითაც. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში საკადრო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. მე ვიცი, რომ თქვენი სახალხო დამცველი მადონა ბასილაძე კარგად მუშაობს, თუმცა მაინც ჯობია 17 სექტემბერს დაველოდოთ, სანამ ახალი სახალხო დამცველი დაინიშნება. ასევე მინდა ის ვთქვა, რომ სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში იქნება მიუკერძოებელი, აქტიური და განახორციელებს ეფექტურ მონიტორინგს.

(სურათზე გიორგი ტუღუში)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3049
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია