დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"როგორ შეიძლება დაიჯერო ტუტრუცანა ბიჭის ნათქვამი" - მაღალი ნიშნის დასაწერად ლექტორი სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენას აიძულებს?
2015/10/15 11:38:01

"ნიშნის წერის დროს გავითვალისწინებ", - ამ ფრაზამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საუბარია ილიას უნივერსიტეტის პროფესორზე, ქეთევან ჯაშზე, რომელიც სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენისკენ მოუწოდებდა და თან აფრთხილებდა, რომ ამას ნიშნის წერის დროს გაითვალისწინებდა. ეს ინფორმაცია კი მისმა სტუდენტმა, გიორგი კობახიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაასაჯაროვა. როგორც გიორგი ამბობს, ეს წერილი ყველა იმ სტუდენტმა მიიღო, რომელმაც მისი საგანი აირჩია. 



"სტუდენტების ძალიან დიდი ნაწილი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. იხდიან სწავლის, მგზავრობის, საჭმლისა და ხშირად ბინის ქირის საფასურს. ამ თანხებისთვის თვიდან თვემდე უწევთ ძალიან მძიმე პირობებში მუშაობა და ამასთან, სწავლის შეთავსება. ასეთ მდგომარეობაში მყოფებს მათ მისდით წერილი ლექტორისგან, რომელიც ასწავლის კურსს საკუთარი სახელმძღვანელოთი და სტუდენტებს მისი შეძენისკენ მოუწოდებს. სახელმძღვანელო საფრანგეთის შესახებ შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია "ლიგამუსში", რასაც ნიშნის წერის დროს გავითვალისწინებ", - დაწერა გიორგი კობახიძემ სოციალურ ქსელში. 



აღნიშნულ ფაქტს მალე გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც, რომელმაც ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელა.



"ინფორმაციის მიხედვით, პროფესორი სტუდენტებს ურჩევდა საკუთარი სახელმძღვანელოს შეძენას, რასაც მათ აკადემიურ შეფასებას უკავშირებდა. ასეთი ქმედება შორსაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამკვიდრებული კეთილსინდისიერი პრაქტიკისაგან და წარმოადგენს უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პერსონალის ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპების უხეშ დარღვევას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულია მოკვლევა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესით", - ნათქვამია ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.



Ambebi.ge კომენტარისთვის თავად ქეთევან ჯაშს დაუკავშირდა. პროფესორმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და გვითხრა, რომ მსგავსი საქციელი მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, შეტყობინება, რომელიც სტუდენტებმა მიიღეს, სხვა კონტექსტში იყო გაცხადებული. 

”ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, იმიტომ რომ, ეს არის აფსურდი. მსგავსი რამ არ ყოფილა. ისღა მაკლია, ჩემს სტუდენტებს წიგნის ყიდვა ვაიძულო, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ეს ბიჭი ორი კვირის განმავლობაში პირველად მოვიდა ჩემს ლექციაზე, რაღაცას ყური მოჰკრა, ვერ გაიგო რაზე იყო საუბარი, ყველაფერი აურია და წავიდა. ჩემს ლექციაზე აღარ გამოჩენილა. რატომ ამოეწერა და გაიქცა ლექციიდან, თუ მაგარი ბიჭი იყო?! ჩემი სიტყვები ამ ბიჭმა გადაბრუნებულად გაიგო, იმიტომ რომ გადაბრუნებული ტვინი აქვს. თქვენც გადაბრუნებულად წერთ, როგორ შეიძლება დაიჯერო ტუტრუცანა ბიჭის ნათქვამი?! უპასუხისმგებლო, ერთი დღით მოვიდა, წყალი აამღვრია და აორთქლდა. რა არის აქ საინტერესო?! თქვენ წიგნი ნანახი გაქვთ?! ძალიან გთხოვთ, ნახეთ და კარგად დააკვირდით, რა ხარისხისაა და როგორი ფოტოებია მასში მოქცეული. ვისაც პროფესიონალურად სურს, რომ შეისწავლოს საფრანგეთის ისტორია, მისთვის საინტერესოა და ვინც აგდებულად უდგება, მისთვის სულერთია. მართლია, ის შეტყობინება ბავშვებს მე გავუგზავნე, მაგრამ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი. მე ვაცნობე სტუდენტებს რომელ მაღაზიაში იყო შესაძლებელი წიგნის ყიდვა და ვითხოვდი წიგნში არსებული მასალის ცოდნას, რასაც გავითვალისწინებდი ნიშნის წერის დროს. თუ ყიდვას ვერ შეძლებდნენ, ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებით შეეძლოთ სარგებლობა”, - განაცხადა ქეთევან ჯაშმა.



ამ ფაქტის გასაჯაროვების შემდეგ პრობლემის მასშტაბურობაზე სტუდენტები უფრო ღიად საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა, ასეთი შემთხვევა არაერთია.

 


22 წლის გიორგი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. გიორგი მსგავს შემთხვევაზე საუბრობს.


- ერთი ლექტორი მყავდა, რომელიც საკუთარი წიგნის შეძენას გვაიძულებდა. გვეუბნებოდა, ჩემს წიგნს თუ არ შეიძენთ, გამოცდაზე ნიშანს ვერ მიიღებთო. მართლა ასე იქცეოდა, ვისაც წიგნი შეძენილი ჰქონდა, უფრო მაღალ ქულას უწერდა.



20 წლის ნათია კერძო უნივერსიტეტის სტუდენტია, თუმცა ამბობს, რომ მსგავს შემთხვევას მის უნივერსიტეტშიც ჰქონდა ადგილი.



- სალექციო კურსის შესწავლა რომ დავიწყეთ, ლექტორი გვეუბნებოდა, ყველა საჭირო ინფორმაცია ჩემს წიგნში წერია და გირჩევთ შეიძინოთო, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდის ჩაბარება გაგიჭირდებათო. გვეკითხებოდა - ჩემი წიგნი უკვე შეიძინეთო? გვერიდებოდა წიგნის გარეშე ლექციაზე მისვლა და იძულებული გავხდით, წიგნი მთელ ჯგუფს შეგვეძინა.

 

o.fhj^ http://www.ambebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია