დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ კუხიანიძე – 85
ზურაბ კუხიანიძე: „მთავარი არის, სიკვდილის შემდეგ, სიკვდილის შემდეგ ვიცოცხლებ რამდენს“
2015/10/09 11:32:55

ამ სტატიის ავტორია ზურაბ კუხიანიძის ბავშვობის მეგობარი და მისი შემოქმედების გულწრფელი დამფასებელი, ცხოვრების გრძელ გზაზე პოეტის ლექსების ერთ-ერთი პირველი წამკითხველი და მეჭაშნიკე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ქართულ სიტყვაზე მარად შეყვარებული კაცი, ბატონი ზურაბ კირტავა.


გამომცემლობა „ინტელექტი“ 2005 წლიდან გამოსცემს სერიას „ქართული პოეზია, 100 ლექსი“ (საგამომცემლო პროექტის ავტორი - გამომცემლობის ხელმძღვანელი კახმეგ კუდავა). გამოცემის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ წიგნის ბაზარი მუდმივად ივსება მკითხველის მოთხოვნილების შესაბამისად და თბილისში დღესაც შესაძლებელია ამ წიგნების შეძენა.


პოეტ ზურაბ კუხიანიძის წიგნი „100 ლექსი“ 2013 წელს გამოიცა. ეს მისი ლექსების ბოლო გამოცემაა და ძალიან დასანანია, თუ იგი მისი დაბადებიდან 85 წლის აღნიშვნის დღეს და მომავალშიც ქუთაისის წიგნის მაღაზიებში არ გაიყიდება. წიგნის რეალიზატორებმა გამომცემლობიდან უნდა შეიძინონ წიგნები.


ზურაბ კუხიანიძე ოთხი წლის ასაკში დაობლდა, გარდაეცვალა დედა მარიამი. მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ზურაბი თავის ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში იგონებს: „სამი წელი მამიდაჩემთან ვიყავი შეკედლებული მწვანეყვავილაზე. რვა წელი რომ მისრულდებოდა და სასკოლო ასაკისა გავხდი (მაშინ, დიდი ომის წინა წლებში, რვა წლისას იღებდნენ სკოლაში), ბებიაჩემმა შინ წამიყვანა.“


    

 

სიყრმის მეგობრები - ზურაბ კუხიანიძე და ზურაბ კირტავა, 18 წლის ასაკში.

1948 წ.

 

 

 ზურაბი იყო ტანმორჩილი, ბავშვის ასაკისთვის შეუფერებლად მკაცრი გამომეტყველების ბიჭი. იშვიათად იღიმებოდა, ხშირად ჩაფიქრებულიც იყო. ყოველივე ამას ჰქონდა თავისი მიზეზი: დედით ობლობა და მამის ფრონტზე ყოფნა. ოჯახი: დედინაცვალი, რომელიც ამ სიტყვას სრულებითაც არ იმსახურებდა და პატარა ძმა გიორგი (ბუჭუ); ყველა ესენი ბებია ნატალიას კმაყოფაზე იყვნენ. მხიარული რომ ყოფილიყო, ის უფრო არაბუნებრივი იქნებოდა. იმ წლებში ყველას ძალიან გვიჭირდა.

ზურაბი ლექსის თხზვის განსაკუთრებული ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი იყო. შეეძლო ჯგუფში მომხდარი იუმორის მომგვრელი ამბების ლექსად ჩამოყალიბება, რასაც გაკვეთილებს შორის, შესვენებაზე, თვითონვე გვაუწყებდა. ჩვენ, ჯგუფელები, უმალ მერხს ავაყირავებდით, ზედ შევსვამდით და სმენად გადავიქცეოდით, ლექსს აღტაცებაში მოვყავდით და სიცილით ვიგუდებოდით.

მალე ზურაბმა თავისი ჯგუფელების და სკოლის მასწავლებლების სიყვარული მოიპოვა.

როგორც მეგობარი, ზურაბი შეუდარებელი იყო. 1949 წელს ქუთაისის მე-2 საშუალო სკოლადამთავრებულები მას ვუმადლით, რომ გვასწავლა ერთმანეთის სიყვარული. იგი იყო ყველა ჩვენი დიდი და პატარა შეხვედრის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი. მისი ლექსი ჩემთვის დღესაც არის სიხარულის მომგვრელი, დარდისა და სევდის გამქარვებელი.

ზურაბი როცა თბილისში ჩამოდიოდა, ჩემთან ჩერდებოდა.


მწერალი მამია ასათიანი იყო ზურაბის მამის ბავშვობის მეგობარი, მან ზურაბის პირველი ლექსები დედაქალაქში ჩამოიტანა და ლიტერატურულ პრესაში გამოაქვყენა.


1958 წელს მესტუმრა ღვინით და სანოვაგით დატვირთული, ხელში თავისი პირველი წიგნი - „გაფრენილი წეროები“ მომაჩეჩა. სულმოუთქმელად შემეკითხა: შენი სახლის პატრონს რომ ვთხოვოთ, 5-6 კაცისთვის სუფრას ხომ ვერ გაგვიშლის, ამ წიგნის გამოშვება რომ აღვნიშნოთო. დიასახლისმა იცოდა, რომ ზურაბი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და თანხმობა განაცხადა, ყველაფერი ჩაიბარა და საქმიანობას შეუდგა.


საღამოს მამია ასათიანი, გიორგი ლეონიძე და კიდევ ორი ახალგაზრდა მწერალი გვესტუმრნენ. სანამ სუფრა გაიშლებოდა, მამიამ გოგლას ზურაბის წიგნი თავიდან ბოლომდე წაუკითხა.

პოეტი უსმენდა და რამდენჯერმე გაიმეორა: „ეს შენი ფალავანი ჩამოყალიბებული მელექსე ყოფილაო.“ სუფრას მიუსხდნენ. თამადობა მამიამ ლეონიძეს ჩააბარა, მასაც უარი არ უთქვამს და ექვსკაციან სუფრას ისეთი ეშხით უხელმძღვანელა, გეგონებოდათ, ქორწილიაო. დიდხანს დარჩნენ და კარგადაც მოილხინეს.

27 წლის ასაკში ზურაბმა დედას ლექსი უძღვნა, რომელიც ქართულ პოეზიაში დედისადმი მიძღვნილ ლექსებს შორის ერთ-ერთ შედევრად ითვლება. იგი იბეჭდება დედისადმი მიძღვნილ ლექსთა კრებულის ყველა გამოცემაში. საერთოდ, ზურაბის პოეზიაში დედის სახე უპირველესია. დედა და საქართველო-სამშობლო, აი, ეს არის ზურაბის შემოქმედების კრედო.


ზურაბის შემოქმედება ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, ამიტომ მკითხველი, წაიკითხავს რა მის ლექსებს, ადვილად შეიგრძნობს მის სულიერ სამყაროს, სიხარულს, აღტაცებას, ტკივილს და სევდას.

ზურაბი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა გამომცემლობა „საქართველოს“ ქუთაისის ფილიალს. მას გამოცემული აქვს თავისი 40-მდე წიგნი, ხოლო სხვების წიგნებს, რომელთაც მან გზა დაულოცა, თვლა არა აქვს. მან გზა გაუკვალა მრავალ დამწყებ ახალგაზრდა პოეტს თუ პროზაიკოსს. იგი დაუღალავად მუშაობდა. გამომცემლობაში, მის სამუშაო ოთახში მუდამ ნახავდით უამრავ შემოქმედს, ხოლო ღამით იგი რჩებოდა თავის მუზასთან და წამოაფრენდა ახალ ლექსს, რომელთაგან ბევრზე იწერებოდა მელოდია და მღერიან ყველგან, თუმცა ზოგჯერ ტექსტს ხალხურად აცხადებენ.


მე ვესწრებოდი ზურაბის თითქმის ყველა შემოქმედებით საღამოს, რომელიც გამოირჩეოდა ხალხის განსაკუთრებული ინტერესით და სიმრავლით. სანამ მოსაწვევებით მოწვეული საზოგადოება მოვიდოდა, მესხიშვილის სახელობის თეატრი, თუ მწერალთა კავშირის დარბაზი გაუთვალისწინებელი სტუმრებით ივსებოდა.

ზურაბს კარგად ეხერხებოდა თავისი ლექსების კითხვა. როდესაც ის ლექსის სათაურს გამოაცხადებდა, დამსწრე საზოგადოება ტაშით ეგებებოდა, ხოლო ლექსის დასრულების შემდეგ მქუხარე ოვაციებს უმართავდნენ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დაბადებიდან 50, 60 და 70 წლისთავის იუბილეები.

1983 წელს თბილისში, პროფკავშირების კულტურის სახლში, გაიმართა ზურაბ  კუხიანიძის პოეზიის საღამო. საღამოს დაწყებამდე სასახლის ფოიეში ქუთაისის წარმომადგენლებს გვესაუბრა ირაკლი აბაშიძე. მან თქვა: „აქ წამოსვლამდე მე ერთხელ კიდევ გადავავლე თვალი ჩვენი ზურიკოს ლექსებს და ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ იგი შესანიშნავი პოეტია და თქვენ, ქუთაისელებო, ნუ გეწყინებათ, თუ მას მთელი საქართველო შეგეცილებათო.“


ჩვენთვის, ქუთაისელებისათვის, ზურაბი რომ საყვარელი პოეტი იყო, სრულებითაც არ არის გასაკვირი, მას მთელი ქალაქი იცნობდა, მაგრამ თბილისის საზოგადოების ისეთ ინტერესს, როგორიც იმ საღამოს გამოვლინდა, ნამდვილად არ მოველოდი.

მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და, რაც მთავარია, უამრავი ხალხი... დარბაზში ფეხზე დასადგომი ადგილი არ იყო.

გამომსვლელები, ქება, ზურაბის ლექსების კითხვა - პოეზიის თაყვანისმცემლებისაგან და თვით პოეტის მიერ და გაუთავებელი ტაში...

დამთავრდა შეხვედრა, გამოვედით დარბაზიდან. ზურაბს შემოეხვია უამრავი ნაცნობი. ვინც კი ქუთაისიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსულიყო, ყველანი აქ იყვნენ.


ვისაც მწერლების მიერ ზურაბ კუხიანიძის შემოქმედების შეფასება აინტერესებს, მისი წიგნი „100 ლექსი“ უნდა წაიკითხოს, რომელიც დღეს ადვილი შესაძენია. მე კი პოეტ მიხეილ ქვლივიძის და ახლახან გარდაცვლილი მწერლის რეზო ჭეიშვილის გამონათქვამებს შემოგთავაზებთ.

 

მიხეილ ქვლივიძე: „იშვითად ხდება, რომ ადამიანის პიროვნება და მისი მშობლიური ქალაქი ისე ჰგავდნენ და შეეფერებოდნენ ერთმანეთს, როგორც ზურაბ კუხიანიძე ჰგავს და შეეფერება ჩვენს შეუდარებელ სათაყვანო ქართულ ქალაქს - ქუთაისს!

„ქუთაისელობა“ კი ყოველთვის საუკეთესო ატესტაცია იყო ქართველი პოეტებისთვის... მე მიყვარს ზურაბ კუხიანიძის ლექსები, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ მათში მის პიროვნებას - მთელი ქვეყნის, მთელი კაცობრიობის ბედ-იღბალზე ჩაფიქრებულ ქართველ კაცს ვხედავ!“

 

რეზო ჭეიშვილი: „მუდამ აფორიაქებული სულის პატრონს, ოჯახზე მზრუნველს, საზოგადო საქმეებიდან უკან არ დამხევს, ჭირისა და ლხინის სუფრის გამზიარებელსა და მონაწილეს ყველაფერი დალაგებული უყვარდა. სიკვდილ-გასვენების მისტერიაც ჰქონდა გათვლილი და განსაზღვრული. იწურებოდა მისი აზარფეშა, გარდაცვალების შემდგომი არსებობის აუცილებლობის შეგნებით, ფიქრით და განსჯით:

„ჯოჯოხეთს ჩავალ თუ ჩავალ ედემს,

მშობლიურ მიწის ალმური მწვავდეს...

მთავარი არის, სიკვდილის შემდეგ,

სიკვდილის შემდეგ,

ვიცოცხლებ რამდენს.“

„სიკვდილის შემდეგ შეერთვები მარადისობას, იცოცხლებ მანამ, სანამ ქართული ლექსი, ქართული სიტყვა, საქართველო იარსებებს.

ეს მარადისობაა, მწვანეყვავილობაა...“

მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ. მაგალითად, კრიტიკოსი ბესო ჟღენტი ზურაბ კუხიანიძეს უწუნებს ლექსს „მეზობლის გოგო“: რა გინდა, ამ მეზობლის გოგოს უბეში რომ იჭრიტები, კომუნიზმის დიად მშენებლობებზე წერეო. არადა, ამ  ლექსს დღეს მთელი საქართველო მღერის.

პოეტს აკრიტიკებდნენ კომუნისტი ვაიკრიტიკოსები ლექსებისათვის: „კვირტები“, „ღმერთო, ნუ მომკლავ ლოგინში“, „ჩიტებს არასდროს არ სტკივათ ფრთები“, „ბალადა დამწვარ რუკებზე“, „ჰიპები“. უსამართლო კრიტიკა ზურაბს გულს სტკენდა იწვევდა მის ადეკვატურ რეაქციას, რაც ნათლად აისახება მის ლექსებში.

 

„ყველაზე თბილი სიტყვა, ალერსი

რატომ ჩურჩულით, რატომ მალულად?!

როცა ნიაღვარს ტალღებალესილს

გაუმართია ქვებზე მარულა.

გულებს ავგლიჯოთ მძიმე კლიტენი,

ძარღვებს მზის სხივთა თრთოლა დაუვლის;

რად გვერიდება, თბილი სიტყვები

უცებ არ დასცდეს ბაგეს ხმაურით.

სადღაც კანკალებს ობლად სანთელი,

ჩუმი ღიღინი ისმის ტივიდან...

ვაიმე, გულში ჩუმად სათქმელი

ხმამაღლა ხომ არ გამომივიდა.“

 

....

„დრო მოვა, გამძლე ქედზე შემისვამს

რქამოტეხილი ჩემი წიქარა.“

 

....

„ჩემი ხმის დვრიტა მომავალში დევს,

კვლავ ისევ ველი, რასაც ველოდი

და აწივლებულ ფიქრებს ვამშვიდებ

მომავალ დღეთა სადღეგრძელოთი.“

....

„დრო გავა და ალბათ მაინც მიპოვნიან,

ჩემს საფლავზე ხანჯლის წვერით წასაწერი

მხოლოდ ოთხი, მხოლოდ ოთხი სტრიქონია:

„სიყვარულის ნიჭი ჰქონდა უმაღლესი

და ეს ნიჭი ცხოვრების გზას უნათებდა...

ერთი დიდი ნატვრა ჰქონდა - სურდა, ლექსით

მიექცია საქართველოს ყურადღება.“


ზურაბმა დაიმსახურა ხალხის უსაზღვრო სიყვარული იმით, რომ იგი წერდა უბრალო ადამიანებზეც: მეარღნე ხაკოიაზე, პარიკმახერებზე, ილო ფოტოგრაფზე, ქალაქის კოლორიტებზე: ოთარ სულაბერიძეზე, რაინდ გორგოძეზე, „მარკოზიჩზე“, მეწვრილმანე ვაჭარ დანიელაზე... იგი იყო ჭეშმარიტი სახალხო მწერალი. მას მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძის და ლადო ასათიანის პრემიები, ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება, დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

ზურაბი  გარდაიცვალა 2003 წლის 28 ივლისს.

იგი ერთგან წერს:

„ვინ იცის, შეიძლება დადგეს დრო - თანაქალაქელებმა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემი ბრინჯაოს ბიუსტის დადგმა მოისურვონ. კეთილი და პატიოსანი! წინასწარ მადლობას ვუხდი მათ ამ საქმისათვის.“

არ არის დიდი დრო გასული. ქალაქის პატარა სკვერში, რუსთაველის ხიდთან, დაიდგა მის ბიუსტი, მაგრამ მას ინიციალები აწერია: „ზ.კ.“ ვის უმალავთ მის სახელს? ვისი გადაწყვეტილია ეს? ამას ვინმემ უნდა მიხედოს.


2010 წელს, პოეტის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, ქ. ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და განათლების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, შემდგენელის - თემურ ამყოლაძის, რედაქტორის - ელგუჯა თავბერიძის და იდეის ავტორის - გიზო თავაძის მიერ გამოიცა ზურაბ კუხიანიძის რჩეული ლექსების, ბალადების და პოემების 365-გვერდიანი წიგნიც, რაც მისასალმებელია.

ახლახან გავიგე, ავტოქარხნის დასახლებაში ერთი ქუჩისათვის დაურქმევიათ ზურაბის სახელი... რა უნდა იქ ზურაბის ქუჩას? რა, ავტოქარხანაში მუშაობდა?

მწამს, გავა დრო და ქუთაისში ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთს დაერქმევა ზურაბ კუხიანიძის სახელი. ამ ქუჩის 182-ე სახლში, მაშინდელ მესხეთის ქუჩაზე, 1930 წლის 30 სექტემბერს ხომ ჩვენი საყვარელი პოეტი დაიბადა. ან, შეიძლება, ერისთავის ქუჩის მე-2 შესახვევს დაერქვას პოეტის სახელი, სადაც მან 50 წელზე მეტხანს იცხოვრა და მისი ოჯახი დღესაც იქ ცხოვრობს.


ზურაბ კუხიანიძის ცხოვრების და შემოქმედების გზა კარგად არის ასახული წიგნში „ზურაბ კუხიანიძე 70. პოეტი მზის ქალაქიდან“, რომელიც გამომცემლობა „მოწამეთამ“ ელგუჯა ბუაძის ავტორობით და თეიმურაზ ამყოლაძის რედაქტორობით გამოსცა მცირე ტირაჟით 2000 წელს.

ვიმედოვნებ, ამ წიგნს კიდევ გამოსცემენ.

 

ზურაბ კირტავა

 

ფოტოზე: ოთარ ქანდარია, ირაკლი დოჩანაშვილი, ზურაბ კუხიანიძე, გურამ დოჩანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია