დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წერილი აფხაზ თანატოლს
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/02 18:37:20

„გამარჯობა, ლექსო! ეს მე ვარ, ენგურს აქეთ დარჩენილი შენი მეგობარი.

 

ჩვენ არც ერთმა არ ვიცით, რა ხდება ენგურს იქეთ და აქეთ ის პატარა ჯებირია, თითქოს ჩვენი გაქვავებული წარსულისა, ძმების სისხლით გაჟღენთილი და ჩვენ , მომავალ თაობას გველოდება, რომ ჩვენი სიყვარულით გავალღვოთ“.

 

„მე ნინი ვარ, ნაჭყებია, აფხაზეთიდან... ჩემსავე სამშობლოში დევნილად ქცეული“...

 

ეს და სხვა მრავალი ემოციური ფრაზა ისმოდა 2 ოქტომბერს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე ქართულ-ამერიკულ ბიბლიოთეკაში, რომელიც  სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალი თაობა“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „წერილი ჩემს აფხაზ თანატოლს“ შემაჯამებელი ეტაპი იყო.

 

„ეს პროექტი ხორციელდება PH international   USAID -ის  ფინანსური მხარდაჭერით. პროექტში ჩართულნი არიან იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მე- 9, მე-10 კლასის მოსწავლეები. იმერეთში 81 სკოლას ვუწევთ დახმარებას სამოქალაქო განათლების განვითარების მიზნით.

 

რადგანაც ეს თემა უკავშირდება სამოქალაქო განათლების, ცნობიერების ამაღლებას, ყველაზე დიდ სატკივარს და პრობლემას ჩვენი ქვეყნისას, ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ ეს თემატიკა ახალგაზრდებს. გამოხმაურება ძალიან აქტიური იყო,  28 სკოლის დაახლოებით 40-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 18 ფინალისტი შეირჩა და ბოლოს სამი საუკეთესო გამოვლინდა. ასევე, დაგეგმილია საუკეთესო წერილები, ხმოვანი ფორმით, ელექტრონულ დისკზე ჩავწეროთ და მივაწოდოთ ადრესატებს, აფხაზეთში, “ -  აღნიშნა პროგრამის დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა.

 

კონკურსის გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ზაზა ჩაჩავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთში, ციალა კოპალიანი - აფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტი და ცირა ყურაშვილი - მწერალი.

 

როგორც მწერალმა ცირა ყურაშვილმა აღნიშნა, წერილები გულთბილი, ყალბი პათოსისგან თავისუფალია და ყველაზე ჩამოყალიბებულმა, აზრობრივად გამართულმა, ორიგინალურმა მიიღო უმაღლესი შეფასება.

 

ზაზა ჩაჩავამ კი თქვა, რომ  მისთვის  მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა.

 

ზაზა ჩაჩავა: „მე ყოველდღიურად მიწევს მსგავს პროცესებში ჩართვა, მაგრამ ნაკლებად – ბავშვებთან.  ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოვისმინე, მეტიც – ვიფიქრე, რომ ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ ამ თემაზე, რათა ახლაგაზრდებმა დამოუკიდებლად შეძლონ  თავიანთი პოზიციების ჩამოყალიბება კონფლიქტთან დაკავშირებით.  ვფიქობ, რომ დღევანდელი ღონისძიება საფუძველია იმისა, რომ მომავალში გავაფართოვოთ, სხვა ფორმატით და მასშტაბებით ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ,  ამ თაობიდან ბევრ საინტერესო მიდგომას წავაწყდებით, რომელიც შემდეგ მაღალი პოლიტიკის რანგში იქნეს აყვანილი“.

 

კონკურსის გამარჯვებული ზვიად ქურდაძე (საჩხერის, სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლე) გახდა.

 

ზვიად ქურდაძე: „რაც გულში მქონდა, რამოდენიმე სიტყვით ამ თემაში გადმოვეცი, დავანახე საზოგადოებას, თუ რა არის ჩვენთვის აფხაზეთი. ზოგადი მისამართით დავწერე. მიუხედავად იმისა, რომ მე აფხაზეთის ამბებს არ მოვსწრებივარ, ეს ემოციები, რაც მე გამაჩნია, არის ინფორმაციებისა და მშობლებისგან. ჩემში არის რაღაც ზებუნებრივი, რაც მანიჭებს უნარს, რომ უფრო ემოციურად ვთქვა ის, რაც აფხაზეთს ეხება და იმედით ვუყურო მომავალს“.

 

 

ერთ-ერთი მონაწილის, ლუკას ნარკვევიდან – „დამელოდე, მეგობარო! ჩვენ დავბრუნდებით! მანამდე კი ყოველდღე მოგიყვები, თუ როგორ ცვლიან დღეები ერთმანეთს ენგურს აქეთ, შენ კი ისევ  „მამოგზაურე“ აფხაზეთის მიწებზე“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6523
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია