დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ვებრძოლოთ ნესტსა და სოკოს სპორებს სახლში?
2015/09/28 13:25:24

ბევრისგან გაიგებთ, რომ მისი ტანსაცმლის კარადაში ყოველთვის ობის სუნია, სააბაზანოს კედლებზე შავი ნადები ჩნდება, სამზარეულოში მარილი, შაქარი და ასანთი სველდება. მომატებულ ტენიანობაზე კი მრავლდება სოკოს სპორები, რომლებსაც ჰაერთან ერთად შევისუნთქავთ – ეს განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.

სახლში ნესტი ყველაზე ხშირად, რამდენიმე მიზეზის გამო ჩნდება. ესენია: 

არასაკმარისი ვენტილაცია, საძირკვლის ცუდი ჰოდროიზოლაცია, გათბობის არაეფექტური სისტემები და სველ წერტილებში გამწოვი სისტემების არარსებობა.

ნესტისა და ობის სოკოს გაჩენის ადგილები, პირველ რიგში, სააბაზანო ოთახი, სამზარეულო და საპირფარეშო გახლავთ.

ცხელი წყლის ნაკადი და საჭმლის მომზადების დროს გამოყოფილი ორთქლი სითბოტენიანობის მომატებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამას ისიც ემატება, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სახლში ფანჯრებს სულ უფრო იშვიათად ვაღებთ.

როგორ ვებრძოლოთ სახლში დაბუდებულ ნესტსა და სოკოს სპორებს?

ობის სოკოს წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება ფუნგიციდები და ანტისეპტიკური საშუალებები.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეს პრეპარატი ძლიერტოქსიკურია და მათი გამოყენებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ამასთანავე, სოკოს განადგურებით პრობლემა არ მოგვარდება – თუ მისი გამომწვევი მიზეზი არ დადგინდება, რაღაც პერიოდის შემდეგ სოკოს სპორები ისევ გაჩნდება, ამიტომ ნესტთან ბრძოლისას აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და შენობაში სინესტის დონის ნორმალიზება.

იმის გასარკვევად, ნესტი გარედან შემოდის თუ პრობლემა შიგნით უნდა ეძებოთ, პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთ:

დანესტიანებული კედლის ნაწილი ფენით გააშრეთ. შემდეგ იმ ადგილზე წებოვანი ლენტით ალუმინის ფოლგა დაამაგრეთ.

ერთი დღე-ღამის შემდეგ დააკვირდით, თუ ფოლგა შიდა მხრიდან დასველდა, ე.ი. ნესტი გარედან შემოდის.

თუ სისველე ფოლგის გარედან გაჩნდა, ე.ი. ნესტის მიზეზი სახლშია.

გარედან შემომავალი სისველის მანიშნებელია ფანჯრის ან კარის გარშემო გაჩენილი ნესტის ლაქებიც, რაც შეიძლება კედლებზე ჩამომდინარე წვიმის შედეგი იყოს.

კონდენსაციასთან ბრძოლა რამდენიმე მეთოდით არის შესაძლებელი:

1) გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ჰაერის გამომშრობი – ეს მოწყობილობა ადვილად აგვარებს ჭარბი ნესტის პრობლემას და ძალიან მარტივია გამოყენებისთვის. ის კომპაქტურია და ადვილად შეძლებთ, ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანოთ.

2) იზრუნეთ სავენტილაციო სისტემის გამართვაზე – მოსაზრება, რომ ვენტილაცია მხოლოდ არასასიამოვნო სუნის გასანიავებლად არის საჭირო, მცდარია. სავენტილაციო ხვრელების დახურვით, გაუქმებით ან ავეჯით დაფარვით სახლს ჭარბი ტენიანობისთვის ვწირავთ. კარგი იქნება, თუ სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახში სინესტის სენსორებით აღჭურვილ გამწოვ ვენტილაციას დაამონტაჟებთ. ვენტილაცია პერიოდულად უნდა გაწმინდოთ მტვრისა და ჭუჭყისგან. თუ სუსტად მუშაობს, მისი მუშაობის გაძლიერება გამწოვი ვენტილატორის დამონტაჟებით არის შესაძლებელი, თუმცა ხშირად სააბაზანო ოთახსა თუ სამზარეულოში სინესტე გამწოვი ვენტილატორის შემთხვევაშიც კი დიდხანს ნარჩუნდება. ამიტომ ყოველი ბანაობისა და შხაპის ყოველი მიღების შემდეგ ჩართეთ ვენტილაცია და ოთახი კარგად გაანიავეთ. ვენტილაცია მანამ არ გათიშოთ, სანამ სააბაზანოს დაორთქლილი სარკე სრულიად სუფთა და მშრალი არ გახდება. გახსოვდეთ, რომ სადილის მომზადების დროს ქვაბებსა და ტაფებს თავსახური უნდა დააფაროთ, რადგან აორთქლებული სითხე ნესტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

3) მოერიდეთ კარ-ფანჯრის ჰერმეტიზაციას – ჰერმეტულად დახურული კარისა და მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟებამ შესაძლოა, ოთახში ჰაერის შემოდინებისა და გადინების პროცესი დაარღვიოს. ამ დროს სინესტის მაჩვენებელი იზრდება, რაც მშვენიერ გარემოს ქმნის ობისა და სოკოს წარმოქმნისთვის. თუ მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟება გადაწყვიტეთ, უპირატესობა იმ მოდელებს უნდა მიანიჭოთ, რომლებიც მიკროგანიავების ფუნქციით არის აღჭურვილი. ამ ფუნქციის არსი ის არის, რომ ტენიანობის ზრდის შემთხვევაში ავტომატური შემოდინების სარქველები იხსნება და გარედან ჰაერის შემოდინებასა და სინესტის მაჩვენებლის ნორმალიზებას უზრუნველყოფს. სისტემის დამონტაჟება უკვე გაკეთებულ ფანჯრებშიც არის შესაძლებელი. ორპირი ქარები არ იქნება, მაგრამ ნესტისგან განთავისუფლდებით.

4) დაუშვებელია სარეცხის სახლში გაშრობა. გაიტანეთ სარეცხი აივანზე ან სადარბაზოში მოწყობილ სპეციალურ საშრობში.

5) გამოიყენეთ კონდენსაციის საწინააღმდეგო თაბაშირი – თუ კედლებზე თაბაშირის ფენის შეცვლას აპირებთ, აუცილებლად ჩამოფხიკეთ ძველი შპალერი და კარგად რომ გაშრება, კონდენსაციის საწინააღმდეგო თაბაშირით გალესეთ. სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახისთვის შეარჩიეთ კონდენსაციის საწინააღმდეგო საღებავი, რომელიც ნესტიან ამინდებში სინესტეს შთანთქავს და მშრალ ამინდებში გამოყოფს.

6) ნუ დაათბუნებთ კედელს ხალიჩით – ეს კედლის ზედაპირს თბილი ჰაერით „გარეცხვაში“ ხელს უშლის და ნესტის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია.

როცა სახლში სინესტისა და სოკოს გამომწვევი მიზეზებს დაადგენთ, უკვე არსებული კერების განადგურებას შეუდექით:

სპეციალური, ლითონის ჯაგრისით მოაცილეთ სოკოსა და ობის კვალი.

შესაძლოა, სუსტად დამაგრებული ფენების აფხეკა, მყარ კონსტრუქციებამდე მისვლა და ხელახალი შელესვაც გახდეს საჭირო.

გაწმენდილი ზედაპირი ობისა და სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებებით დაამუშავეთ.

გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ფუნგისტატიკური მოქმედების პრეპარატები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურია და სოკოს ჩარჩენილი სპორებიდან ახალი ორგანიზმების განვითარების პრევენციასაც ახდენს.

galanews.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია