დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თავისუფლების დღიურები – "მე ნატო პატარიძე ვარ, კატო მიქელაძის ქალაქიდან"
2015/09/26 22:26:26

 

რადიო "თავისუფლების" დღიურების სტუმარია ქუთაისელი ხელოვნებათმცოდნე ნატალი პატარიძე


კვირა, 13 სექტებერი

კვირა ერთადერთი დღეა, როცა ვისვენებ, ახლა ფიქრი არ შემიძლია, მხოლოდ გახსნის გეგმებს ვაწყობ, არ ვიქნები დასაწყისში სიტყვაუხვი, უფრო ვრცლად დღიურს ორშაბათიდან შევავსებ.

 

ორშაბათი, 14 სექტემბერი

დილით ადრე ავდექი, ვერ მოვისვენე, სწრაფად ჩავიცვი და სამსახურში გავიქეცი...

ბოლო ორი წელია, უკვე სამსახური სახლად მექცა, ეს ნიკას დამსახურებაა, ნიკა შენობის მეპატრონეა, ცნობილი ნიკა ჩიქოვანი.

მივდივარ და ვფიქრობ, რა უცნაურია ცხოვრება, მოულოდნელი, შემთხვევითი. აი, მაგალითად, ნიკა ერთი საერთო მეგობრის მეშვეობით გავიცანი, სრულიად არასერიოზულად მივიღე მაშინ მისი საქმიანი წინადადება, გამეცოცხლებინა როგორმე ყოფილი კინოთეატრი „ სულიკოს“ შენობა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, განმეორებითი საუბრის შემდეგ, როცა კონცეფცია შევთავაზე, გასაღები ორ კვირაში გადმომაბარა. მაშინ მივხვდი, ფული კი არა, ადამიანებს საწყისები აფუჭებთ. გამიკვირდა ნიკას მხრიდან ჩემს მიერ გამოცხადებული ნდობის. მე მჯერა და მჯეროდა ყოველთვის, ნდობა არის ადამიანობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ღერძი, რადგან თუ აღარ ვენდობით, გულიც აღარ გვიჩუყდება და სიკეთეებსაც არ ჩავდივართ. მას შემდეგ ნიკას ნდობას ყოველდღე დავატარებ როგორც ვალდებულებას, პასუხიმგებლობას ადამიანის წინაშე, მე ჩემის მხრივ ვცხოვრობ ისე, ყოველ წუთს, ყოველ წამს, როგორც ალბათ მას მოეწონება. “ალბათ“ იმიტომ რომ სულ სამჯერ მყავს ნანახი... თუმცა მჯერა, ვისაც რთული წინააღმდეგობრივი ცხოვრების შემდეგაც ადამიანების ნდობის შენარჩუნება შეძლო, მას სწორი ფასეულობები აქვს და აუცილებლად სჯერა სიმართლის, ერთგულების და პატივისცემის.

ფიქრებიდან თემურის ზარმა გამომარკვია... ცოტა ხანში სამსახურში მოვიდა, თემური და მე ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიყავით სტუდენტები, მერე საჯარო მოხელეები, ერთად გავაკეთეთ ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც 14 სახელოვნებო დარგს იტევს. ამ ჩემს მეგობარს ყოველთვის აქვს ზუსტი ხედვა, ვინ გატყუებს, ვინ როგორი ადამიანია, ვისთან შეიძლება საქმის დაჭერა და ვისთან არა, აფასებს სიმართლეს, ვერ იტანს ფლიდობას, არ უყვარს ფული და საერთოდ ვერ აუხსნია, რატომ შეიძლება ადამიანების ურთიერთობების საწყისად იქცეს მდგომარეობა, არის ერთგული და პრინციპული. თავიდან ყველას გიჟები ვეგონეთ. თემური არის ადამიანი, რომელსაც ყოელთვის სჯერა ჩემი, ყველაზე გიჟური რამ რომ ვთქვა, მაინც სჯერა, მერე ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, რისიც გვჯერა, რომ გამოგვივიდეს. ასე იყო ცენტრის შექმნის იდეაც. ერთად ავაწყვეთ, ერთად დავიწყეთ და ხვალ უკვე მეორეჯერ მივულოცავთ ბავშვებს ახალ სასწავლო წელს.

გადავრეკეთ ორას ბავშვთან, პრეზენტაციის საათი ვაცნობეთ, პედაგოგების სერთიფიკატები დავბეჭდეთ, დარბაზები მოვაპრიალეთ, აუდიტორიები გავამზადეთ, ბალეტის დარბაზში მაკა მახარაძის ნაჩუქარი სურათები დავკიდეთ, ზოგს ცოცხი გვიჭირავს, ზოგს აქანდაზი. მიყვავრს ეს ხმაურიანი მზადება. ღამის თერთმეტი საათია. სახლში მივდივარ, კმაყოფილი და ხვალინდელი დღის მოლოდინში.

 

სამშაბათი, 15 სექტემბერი

დღეს დილიდან ისევ ამყვა მოუსვენრობა, უკვე მეექვსე წელია, ღონისძიებებს ორგანიზებას ვუწევ და მაინც როგორც პატარა გოგოს, ისე მეშინია სცენის, ხალხთან გამოსვლის და აუდიტორიის წინ მიმართვის.

ცენტრი ნელ-ნელა აივსო ბავშვებით, მშობლებით, კოცნა-ხვევნა, მონატრება მოკითხვა, ღიმილი...

გახსნა დაიწყო...

პედაგოგებს ვაჯილდოვებთ, აი, მაგალითად, სოფო, ჩვენი ბალეტის პედაგოგი, ერთ თვეში რომ შეუძლებელი შეძლო, ის გოგოა, 4 წლის ბავშვებთან ახალი ცეკვა დადგა. მიყვარს თავდადებული ადამიანები ისეთი, როგორიც სოფოა.

მალე მაკას ველოდებით...

მაკა მახარაძემ მითხრა, მახსოვს - იცი, ნატო, ეს არის ქვეყნის პატრიოტიზმი, აკეთო შენი საქმე სიყვარულით და არა ის, დადგე დროშით და იყვირო ურაპატრიოტული შეძახილები. მაკა მახარაძის უბრალოებამ, თავმდამბლობამ, უკიდეგანო სიღრმემ და პროფესიონალიზმმა დაძლია გზა თბილისიდან ქუთაისამდე და ჩვენი 4 წლის ბავშვების მენტორად იქცა.

აგერ ნატალია მოდის, ჩვენი სამხატრო სკოლის პედაგოგი. ნატალია, ნოე და ქეთი და-ძმანი არიან, 70 ბავშვს ხელმძღვანელობენ. აგვისტოში ბულგარეთში ვიყავით, 6 პირველი ადგილი წამოვიღეთ საერთაშორისო პლენერიდან, სადაც გერმანია, საფრანგეთი და საბერძნეთი იღებდნენ მონაწილეობას, ეს შეძლეს ჩვენმა პედაგოგებმა ერთ წელიწადში.

ნათიას ნომინაცია გამოცხადდა, ყველაზე ენერგიულის. სულ ნერვიულობს, განცდებშია, 5 წლის ბავშვს ცოცხლად შესრულების დროს თუ არასწორი ობერტონი გაეპარა, კვდება, ასე ჰგონია, დასამარდა ქართული მუსიკა. მერე თავდაყირა დგება, ტანსაცმლიდან ძვრება, ბავშვად გადაიქცევა და მოჩლექილი ენით მაინც ისე ამღერებს იმ ბავშვს, როგორც მის მოთხოვნებს შეესაბამება.

ჩვენ ყველა ერთი გუნდი ვართ და ეს ერთიანობა გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ ცენტრი, რომელიც ბავშვების განათლებას ემსახურება.

 

ოთხშაბათი. 16 სექტემბერი

კონკურსის იდეა მაქვს: „აღმოაჩინე შენი ქვეყნის საბალეტო ისტორია“. სულ როცა კონკურსებზე დავდივართ, 400 კუნკურსანტიდან მხოლოდ ცოტამ თუ იცის, სად დაიბადა ვახტანგ ჭაბუკიანი. ჩვენ არ ვიცით ამბები, ვიცით მათი მიღწევები, არადა ამბები ქმნის ადამიანებს და ამბებია ჩვენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი მუხტი.

ჰოდა გადავწყვიტეთ, კონკურსი სოციალურ ქსელზე დავიწყოთ. აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ქართული ბალეტის ნაცნობი და უცნობი სახეების ბიოგრაფიული დეტალები, მათი ცხოვრებისეული ამბები, გამორჩეული მასალის მოწოდებისთვის გამარჯვებულს გასტროლებზე წავიყვანთ ბარსელონაში. ასე ხალხიც მეტს გაიგებს ამ სფეროს შესახებ, ჩვენს საბალეტო ისტორიაზე და მათი სახელებიდან შევქმნით სახეებს, რომლებიც არც ისე ბევრმა იცის ჩვენს ქვეყანაში.

სოციალურ ქსელში შევიხედე, მთელი ქვეყანა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურად იქცა: ლარი, დოლარი, ევრო, ფული. ალბათ ემილ ზოლა რომ გვაყვდეს, დაწერდა წიგნს „ ფული 2“. ვზივარ და მახსენდება ჰოფმანის ნათქვამი: „თუკი ხალხს შია, იქ კულტურის ადგილი აღარ არის“. სულ ვეწინააღმდეგები ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანს, ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ჯიბრში ვუდგავარ და ვუმტკიცებ, რომ სულ გვშია, სულ გვცივა, სულ არასტაბილურობა გვაქვს, მაგრამ მაინც შეგვიძლია ფიქრი კულტურაზე, მის შექმნასა და განვითარებაზე. შეიძლება მე იდეალისტი ვარ, კი ასე არის, მაგრამ მთავარია გჯეროდეს, მერე ყველაფერი გამოდის.

 

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი

მაიკოს და ნინის სკოლაში ვაცილებ, მე ჩემს შვილებთან ერთად გავიზარდე, 17 წლის უკვე დედა ვიყავი, ბავშვობისდროინდელი ქმარი ძალადობრივი პრობლემებით წარსულში ჩავტოვე.

ჩემს შვილებს არასოდეს ვზღუდავ, ვცდილობ, ვერევი თავს და შეცდომების დაშვების უფლებასაც ვაძლევ, ჩვენს საზოგადოებაში ბავშვებს არ აღიქვამენ პიროვნებებად. თუ დაკვირვებიხართ, თავაზიანი ფორმით მხოლოდ უფროსები მივმართავთ ერთმანეთს, არასოდეს ვუფრთხილდებით ჩვენს წარმოთქმულ სიტყვებს, ეწყინება თუ არა ბავშვს, დაგვემდურება, გაბრაზდება თუ რას იზამს. ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც ბავშვთან კუნთებს ისინჯავს და რატომღაც ჩვენი სტანდარტული ფორმის აზროვნებით ვცდილობთ მათი ინდივიდუალიზმის უკვალოდ წაშლას. მე არასოდეს ვაძალებ მაიკოს, უყვარდეს მათემატიკა და აუცილებლად ისწვალოს ათ ქულაზე. მან უნდა აირჩიოს რა უნდა, რა მოსწონს, იპოვოს თავისი თავი და არ უნდა იქცეს პროფესიული კლიშეების ქვეშ გასრესილ ტრაგიკულ პიროვნებად. მე მინდა ჩემი შვილები თავისუფალი ნების თავისუფალი ადამიანები იყვნენ და, რაც მთავარია, იყვნენ კარგად, არა ისე, როგორც ჩემს აზროვნებას წარმოუდგენია კარგად ყოფნის მოდელი, არამედ ისე, როგორც მათ უნდათ კარგად ყოფნა. ასეთი აზროვნების გამო დედასთან მუდმივად კონფლიქტი მაქვს. მიაჩნია, რომ არ ვარ „გადამკვდარი“ დედა, არადა რა უნდა ვასწავლო შვილებს იმაზე ფასეული, ვიდრე თავისუფლებაა.

სამსახურში მივდივარ, ხათუნა მხვდება. ჩემი მეგობარია უკვე 9 წელია. ახლა ჩემთან მუშაობს აქ. არასოდეს იმჩნევს ჩემს ახლობლობას, მისთვის აქ დირექტორი ვარ, დადის და ანგარიშებს მაბარებს, არადა ორივემ ვიცით, რომ ანგარიშის ჩაუბარებლადაც ვენდობით, არ დავაღალატებთ ერთმანეთს. ეს მისი სხვა ხარისხის პასუხიმგებლობაა პიროვნული, რომელიც ევროპულია და ქართულს არ ჰგავს. სხვა ხათუნა არის სახლში - პერფექციონისტი დიასახლისი, რომელსაც თუ რამე ახალი გამოცემის წიგნს არ მიუტან და ლიტერატურულ მოვლენებს ჩამოარჩენ, არ გპატიობს. სულ რაღაცას აკეთებს, სულ მოძრაობს... ახლაც, ამ წუთში ზის ჩემს გვერდით და სიებს ჩაჰკირკიტებს, მეკითხება, რას წერო. ვეუბნები, რომ კონკურსის დებულებას ვწერ. სახალისო ყოფილა როცა გვერდით გიზის ადამიანი და მასზე წერ ისე, რომ მან არ იცის ამის შესახებ.

დღეს კინოცენტრთან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. კინომისიონერი ვხდები, ბავშვებს უნდა ჩავუტარო ლექციები და ვაჩვენო ფილმები, ერთი სკოლა ცოტა სპეციფიურია, შეზღუდული უნარების მქონე სმენადაქვეითებულ ბავშვებთან შევდივარ, ძალიან განვიცდი, ვთვლი, რომ შეზღუდული მხოლოდ გარემოა და ის პიროვნებები, რომლებმაც მათთან მოქცევა არ ვიცით. ამიტომ არ მიდნა ვიყო შეზღუდული და ისევე კარგად მივაწოდო მათაც ჩარლი ჩაპლინზე, მელიესზე ინფორმაცია, როგორც ამას სხვა ბავშვებთან გავაკეთებ.

ამ პროექტში თამთამ ჩამრთო... ჩემი ლექტორი იყო, ახლა მეგობრები ვართ. მახსოვს, უნივერსიტეტში დერეფანში რომ ავედევნე, ჩემთვის მაშინ უნივერსიტეტი ხსნა იყო, თავისუფლების შესაძლებლობა. მე ხომ 2 წელი ვიბრძოდი, რომ არ მრქმეოდა ორშვილიანი დიასახლისი, ორი წელი ვიბრძოლე ძალადობისგან თავის დასაღწევად, ორი წლის შემდეგ ხელიდან დავუსხლტი ქართულ ადამიანის და პიროვნების მკვლელ ტრადიციებს და უნივერსიტეტის კარებთან დამხვდა თამთა, რომელმაც მაშინვე დამარწმუნა ბრძოლის სისწორეში. მას შემდეგ ჩემი ცხოვრების ბევრი საინტერესო საათი მას დაუკავშირდა.

საღამოს ვჯდები ხათუნასთან გემრიელ მურაბაზე და ჩაიზე, მარგარეტ ეტვუდზე ვუყვები, ბრმა მკვლელზე, თეოკრატიული სახელმწიფოს საშიშროებაზე, რომელიც სულაც არ არის ფანტასმაგორიული და სინმადვილედ შეიძლება იქცეს.

 

პარასკევი, 18 სექტემბერი

ბანკის მესიჯი მოვიდა, როგორ მიყვარს, ყოველ თვეში ერთსა და იმავე დროს ვახსენდები. ბანკი და პროცენტი, მე მგონი, საქართველოში ყველა ოჯახის რეალობაა, თუკი გაქვს ხელფასი გაქვს ვალიც, არ გაქვს ხელფასი არ გაქვს ვალი. თუ არ გაქვს ხელფასი, ე.ი. გშია და მერე კაცმა არ იცის, მთავრობის მიერ მოწოდებულ სტანდარტებში ჩაჯდება თუ არა შენი შიმშილის ხარისხი. ერთი კვირის წინ ზუსტად ასეთ ოჯახს ტანსაცმელები წავუღეთ. თემური სულ ეძებს ასეთებს, ვაგროვებთ ტანსაცმელს საკვებს და მივდივართ, მერე ასეთ დროს სულ მაქვს გონებაში წინააღმდეგობრივი აზრი. მე ჩემს მშობლებს ვესაუბრები გახარებული როგორ წავალთ შობას ლაპლანდიაში, შობის საერთაშორისო ფესტივალზე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მათი შვილებისთვის, ვხედავ მათ გახარებულ სახეებს, ბავშვების ანთებულ თვალებს სანტას ნახვის მოლოდინში და უცებ მრცხვენია, როცა მახსენდება იგივე ხაირისხის სიხარული თვალებში, როცა მშიერ ოჯახებს პურს აწოდებ. მრცხვენია და მგონია ჩვენ ფარისეველი საზოგადოება ვართ, უფრო მეტს უდნა ვაკეტებდეთ, უფრო მეტად უნდა გვახსოვდეს ბავშვები ვისაც პურის ნახვა იმაზე მეტად უხარია ვიდრე სანტასი.

ფიქრებიდან ვერკვევი, დათო ლიკლიკაძის ხმა მესმის, რიხიანი და ენერგიული, დღეს მედიასკოლაში პირველი ლექცია აქვს, დათომ ორი წლის წინ დაწერა დღიურები ჩაის სახლში, მაშინ გუგა კოტეტიშვილის კაფეს, „ ფოე-ფოეს“ ვხელმძღვანელობდი. მე და დათო უამრავ საინტერსო საღამოს ვატარებდით ერთად, ბევრი რამ ვისწავლე მისგან. თვითონ იცინის და ამბობს: „მე ვიცი ცხოვრება“. დიახ ბატონებო, დათო ლიკლიკაძე არის ადამიანი რომელმაც იცის ცხოვრება, არის პრინციპების ერთგული და ზოგადად ერთგული, ჩვენ ეს ახლობლებმა და მეგობრებმა ყველამ ვიცით, დანარჩენმა კი იმიტომ არ იცის, რომ დათომ ცხოვრება იცის.

საუკეთესო სტუდენტები გვყავს წელს მედიასკოლაში. ვატყობ, მოქალაქოებრივად აქტიური წელი ექნება ქუთაისს.

 

შაბათი, 19 სექტემბერი

დილა მშობელთა კრებით იწყება, ქართული ცეკვა, ბალეტი, სამხატვრო სკოლა და საესტრადო სტუდიის მშობლებს ბარსელონაში წასასვლელ დეტალებს ვაცნობ, შემდეგ ვუბრუნდები ჩემს დღიურს, დღეს წერა უნდა დავასრულო, 4-ზე ჩაწერაა. არადა ამ დრეებში მივეჩვიე შინაგან მონოლოგს, ცნობიერების ნაკადის დაჭერას და ფურცელზე გადატანას, მე ერთი უბრალო ქალაქის უბრალო ქალი ვარ, ჩემს ამბავში საინტერესო მხოლოდ ის არის, რომ ბავშვობის დროინდელი ქმარი წარსულში ჩავტოვე, ჩემი შვილების მარტო გაზრდის არ მეშინია, არც ზოგადად მარტოობის და არც ცხოვრების, ტკივილების და სიხარულის მონაცვლე ჯაჭვი გვქმნის და გვაყალიბებს პიროვნებებად, მთავარი ის კი არ არის, როგორ ეცემი, არამედ როგორ დგები. დონალდ ტრამპმა ალბათ ეს ბიზნესზე თქვა, მაგრამ ეს ცხოვრება მგონია. თუკი ჩემი დღიური შეიძლება იქცეს ტრიბუნად, მაშინ მივმართავ ქალებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ეშინიათ ცხოვრების, ტრადიციების მსხვრევის, საკუთარი თავის. ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობები და იპოვეთ თქვენი თავი თავისუფლებაში, მარტოობა არ არის საშიში, არ კლავს მაგამ ძალადობის დროს არასწორად მოქნეულმა მუშტმა შეიძლება მართლაც გიმსხვერპლოთ. ვისწავლოთ მეტი, მოვთხოვოთ ჩვენს თავს მეტი და ნუ ველოდებით ქმარს, რომელიც დაგვაპურებს და აგვაშენებს. მე ნატო პატარიძე ვარ, კატო მიქელაძის ქალაქიდან, ბევრი ქართველი ძლიერი ქალის ხმა ისმის ამ ქალაქში და ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვისაც ჯერ გეშინიათ, ჩვენ ეს გადავლახეთ, ახლა თქვენი ჯერია!

გავიქეცი, ხომ გითხარით 4-ზე ჩაწერაა, აქ ვწყვეტ წერას მაგრამ ჩემთვის აუცილებალად გავაგრძელებ წერას, კარგი ყოფილა ცნობიერების ნაკადში აზრებზე თევზაობა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია