დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად ჩაირიცხა ყველაზე მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტი 2015
2015/09/16 09:37:15

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს ყველაზე მაღალი ქულები აბიტურიენტმა დავით სოსელიამ აიღო.  2015 წლის მისაღებ გამოცდებზე ზოგად უნარებში მხოლოდ მან შეძლო უმაღლესი, 80 ქულის მოპოვება.

 

 

11796186_953136931413365_7113413504472889872_nდავითი სან დიეგოს უნივერსიტეტის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს ბაზარზე წელს შემოვიდა, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებაზე სწავლობს (სან დიეგოს უნივერსიტეტი სამ უნივერსიტეტთან თსუს-თან, ილიაუნთან და ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს).  ის 57-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა და თავისი დამრიგებლით და პედაგოგებით ძალიან კმაყოფილია. Aris.ge-განათლებასთანამბობს, რომ აბიტურიენტობის წელი მისთვის არცთუ ისე დატვირთული იყო, რადგან სკოლაში კარგად სწავლობდა და ბოლოს ოქროს მედალიც აიღო.  დავითი, როგორც თავად ამბობს, აქტიური მოსწავლე იყო, თუმცა ოლიმპიადებზე ცოდნის შესამოწმებლად გადიოდა, პრიზები ნაკლებად  აინტერესებდა.

-რატომ აირჩიე სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამა?

სან დიეგო ავირჩიე იმიტომ, რომ პირველი წელია, რაც საქართველოში შემოვიდა და დიდი ყურადღება ექცევა. რამდენიმე წელიწადია, ამ პროგრამას არჩევენ. დაფინანსებაც კარგი აქვს. ახალი ლაბორატორიები აქვთ. ფაკულტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ სულ მაინტერესებდა ტექნოლოგიები, კომპიუტერი. ფიზიკა მიყვარდა ყოველთვის, ფიზიკოსობასაც ვფიქრობდი. საბოლოოდ მაინც კომპიუტერული ინჟინერია გადავწყვიტე. ვაპირებ, საქართველოში ვიმუშაო და აქ კომპიუტერულ ინჟინერიას უფრო მეტი გასაქანი აქვს,  ვიდრე ფიზიკოსობას. ეს მიმართულება დასაქმების პერსპექტივით ავირჩიე.

dati-როგორც ვიცი, გამოცდებზე მიღებული ქულები გათანაბრების შემდეგ კიდევ უფრო აგიწიეს. რატომ?

ყველაფერში შემხვდა რთული ვარიანტი. პირველი ვარიანტი ვიყავი. ქართულში 77-დან 78,3- მდე ამიწიეს, 80 იყო მაქსიმალური. ინგლისურში გამიხდა 99, 2, ისე 99 ქულა ავიღე 100-დან. მათემატიკაში გამიხდა 58, 4. აღებული მქონდა 57.  59-იან ქულიანი იყო მათემატიკა. უნარებში 80-დან 80 ქულა ავიღე.

– როგორი იყო აბიტურიენტების პროცესი. ძალიან დატვირთული იყავი?

წელს ძალიან დატვირთული არ ვყოფილვარ. სკოლაში კარგად ვსწავლობდი ყოველთვის და წლევანდელი წელი ჩემთვის გადამეორება იყო და არა ბევრი რაღაცის სწავლა, ამიტომ არ ვიყავი ძალიან დატვირთული.

-რამდენ საგანში ემზადებოდი?

-ინგლისურში კვირაში ერთხელ დავდიოდი. სემესტრის დიდი ნაწილი პასიურად დავდიოდი. ინგლისური კარგად ვიცოდი ისედაც. ადრე ვემზადებოდი. შარშან კონკურსზე მოვიგე დაფინანსება ინგლისში წასვლაზე და ვერ შევძელი წასვლა. მათემატიკაზე, უნარებზე დავდიოდი. იქაც საკმაოდ იშვიათად.

-თავისუფალი დრო გქონდა, თუ მარტო მეცადინეობას უთმობდი?

არა, რა მეცადინეობას!  თავისუფალი გრაფიკი მქონდა. მეგობრებთან ერთად მიყვარს ყოფნა. ახლაც დამხვდნენ უნივერსიტეტიდან გამოსულს. სეირნობა, კინოში სიარული, ფილმების ყურება, წიგნების კითხვა  მიყვარს. კომპიუტერული თამაშებიც მიტაცებს. რაც კი ახალი თამაში გამოსულა, ყველა მაქვს დახურული.

-საკონკურსო ქულების რეიტინგში მერამდენე იყავი?

საკონკურსო ქულების რეიტინგს მე ზოგადად არ ვთვლი გამართლებულად. ბევრად უფრო მაღალი სკალირებული ქულა მექნებოდა, რომ ჩამებარებინა თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკაზე, ვიდრე – აქ. იქ მათემატიკა გამიმრავლდებოდა 6-ზე და უნარები 4-ზე. ეს ჩემთვის უარესი ვარიანტი იყო, რადგან უნარები უფრო ნაკლებ კოეფიციანტზე მიმრავლდებოდა. შეიძლება 30 ქულიანი სხვაობა მოგცეს. ზუსტი ქულა კი საგრანტოა. 8 380 მქონდა საგრანტო ქულა. სკალირებული ქულა ჩემს ფაკულტეტზე, სადაც ჩავაბარე, გამომივიდა 2 274, 8.

-ელოდი ამხელა ქულებს?

-კი, ნამდვილად ველოდი.

-არჩევანში პირველი სანდიეგოს უნივერსიტეტი გეწერა? კიდევ რომელი უნივერსიტეტები გქონდა ჩამონათვალში?

-მარტო ეგ არ მეწერა. რიგითობის მიხედვით ვერ გეტყვით, რომელი მეწერა, რადგან სულ ვცვლიდი. პირველი ეს დავტოვე და დანარჩენი ვცვალე. თსუს და ილიას სანდიეგოები მქონდა. მაინც განსხვავებული ფაკულტეტებია. ეხლა კი ჯერ-ჯერობით ყველა ერთად ვსწავლობთ. თავისუფალსა და თსუს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზეც ვფიქრობდი.

-უშუალოდ გამოცდებზე რას იტყვი? რომელი საგანი გერთულა ყველაზე მეტად?

არც ერთი  არ მერთულა მაინცდამიანც. ქართულში ყველაზე მეტად ნერვების მომშლელი იყო გადაწერა. გადათეთრებამ ბევრი დრო დამაკარგვინა. კალამი ძალიან ცუდად წერს. ნაწერიც საკმაოდ რთულად გასარჩევი მაქვს. მაგაში ცოტა მეტი დრო დამეკარგა. სხვა საგნებში არ ყოფილა პრობლემა. არც ერთ საგანში არ გამომიყენებია ბოლომდე დრო, ყველა გამოცდიდან ადრე გამოვედი.

ddd-სხვა პროფესიის არჩევაზე არ გიფიქრია?

კომპიუტერულ მეცნიერებებზე, ფიზიკაზე ვფიქრობდი სერიოზულად. კომპიუტერული მეცნიერებები და კომპიუტერული ინჟინერია ერთმანეთისგან შორს არ არის. მაგრამ კომპიუტერული მეცნიერებები წელს არ იქნება სან დიეგოში. შემდეგი წლიდან არის ფაკულტეტი, შეიძლება მერე გადავიდე. შევხედავ, რა როგორ განვითარდება.

-რატომ ხარ ასე ამ პროფესიით დაინტერესებული?

კომპიუტერის ადგილი ჩვენს ცხოვრებაში და, საერთოდ, მომავალში სულ იზრდება. ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ და მინდა, ამ განვითარების მონაწილე ვიყო. ხელოვნურ ინტელექტზეც მინდა ვიმუშაო.

-საქართველოში მუშაობის პერსპექტივას თუ ხედავ?

-ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში ფინანსდება ეს პროგრამა და საქართველოს მთავრობამ ითხოვა, რომ შემოსულიყო ეს მეცნიერებები დარგის განვითარებისთვის. ეკონომიკურადაც რომ დაეხმაროს საქართველოს. დარგი განვითარებას საჭიროებს, პოტენციალი კარგია.

-სწავლის დასრულების შემდეგ ხომ არ ფიქრობ საზღვარგარეთ წასვლაზე?

-მაგისტრატურას სად გავივლი, არ მაქვს გადაწყვეტილი. ისე, ამერიკაა ამ ეტაპისთვის კომპიუტერული პროგრამირების თვალსაზრისით წინწასული ქვეყანა. მუშაობით, საქართველოში მინდა ვიმუშაო. ერთწლიანი გაცვლითი პროგრამა აქვს უნივერსიტეტს. ბევრს უშვებენ. რა თქმა უნდა, თუ კარგად ისწავლის. მაგრამ ჩემს ინტერესებში საზღვარგარეთ წასვლა არ შედის.

-მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე უნივერსიტეტმა გაგიკეთა საჩუქარი და დაგიფინანსა სწავლა. ოთხივე წელი გიფინანსდება? სხვა საჩუქრებიც ხომ არ მიგიღია?

-მოლოცვები მივიღე ბევრი.  ფინანსური დახმარების ფორმა რამდენიმე უნივერსიტეტმა შემომთავაზა. მათ შორის, სან დიეგოც იყო. სანამ მას დავტოვებდი პირველ ადგილზე, უკვე ვიცოდი რომ დამაფინანსებდა. მაგხელა თანხის გადამხდელი ნამდვილად არ ვიყავი. ქულები რომ გავიგე, რამდენიმე უნივერსიტეტს მივწერე, რამდენიმემ თავად შემომთავაზა დაფინანსება. სან დიეგოსაც მივწერე და მითხრა, რომ 100%-ით მაფინანსებდა. რამდენიმე ბავშვს უხდიდნენ სწავლის თანხას და საკონკურსო ქულებით პირველ ადგილზე მე ვიყავი. 7500 დოლარია ერთი წლის გადასახადი და მთლიანობაში, დაახლოებით, 30 ათასი დოლარი გამოდის. წელს უნივერსიტეტმა საკმაოდ ბევრი დაფინანსება გასცა, რადგან ფასის გამო ბევრი დაფრთხა.

12027196_10153057334767233_2903009878833356384_o-სწავლის პროცესით თუ ხარ კმაყოფილი? დასაწყისისთვის უკვე გადატვირთული რეჟიმიც კი გაქვს (ინტერვიუს შეთანხმებისას გვითხრა, რომ დილიდან 6-7 საათამდე ლექციები ჰქონდა და მხოლოდ საღამოს საათებში შეძლებდა ჩვენთან შეხვედრას ც.შ).

-3 სექტემბერს დავიწყეთ სწავლა, ჯერ-ჯერობით გაცნობითი, დასაინტერესებელი ლექციები გვიტარდება. გვაცნობენ სპეციალობას, თავიანთ წარმატებებს გვიზიარებენ. რას საქმიანობენ ახლა და ა.შ. პედაგოგები ძალიან მომეწონა. მაგრამ ოფიციალურად სწავლა არ დამიწყია და მისი შეფასება არ შემიძლია. გვყავს ამერიკელი და ქართველი პროფესორები და მხოლოდ ინგლისურ ენაზე გვიტარებენ ლექციებს. ამერიკული კრედიტების სისტემა გვაქვს. საგნები ჯერ არ აგვირჩევია. 28-ისთვის უნდა ავირჩიოთ. ამ მომენტში 85-მდე სტუდენტი ვართ ყველა პროგრამაზე და ლექციები ერთად გვიტარდება. უნდა გვქონდეს ტესტები და დონეების მიხედვით დაგვყოფენ ჯგუფებად.

-და ბოლოს, რა რჩევებს მისცემ მომავალ აბიტურიენტებს და როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შენი მსგავსი შედეგი აჩვენონ ეროვნულ გამოცდებზე?

-დროის სწორად განაწილება და მასალის გააზრებულად სწავლა. გარდა ამისა, იმისთვის რომ დროის კონტროლი ისწავლონ ხშირად უნდა გააკეთონ გასული წლის ტესტები, ეს იქნება ჩემი რჩევა.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია