დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიტყვას ითხოვს მკითხველი
მედეა მელქაძე:"სამი შვილის ტრაგედიას ამოფარებული მაკა ჯიშკარიანი ჩემს გაზრდილ შვილს მართმევს"
2015/08/16 16:37:41

ამ წერილის ავტორმა, ქალბატონმა მედეა მელქაძემ, ჩვენს რედაქციას მას შემდეგ მოაკითხა, რაც "კვირის პალიტრამ" უარი განუცხადა მის დაბეჭდვაზე. არადა, ამ წერილით ქალბატონი მედეა სწორედ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ეთერ ერაძის სტატიას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ავტორმა პროფესიული ეთიკის ის პრინციპი დაარღვია, რომელიც ცალმხრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას ზღუდავს.

ჩვენც ვფიქრობთ, რომ მედეა მელქაძეს კანონით აქვს უფლება, თავისი აზრი დააფიქსიროს და ამიტომ მის წერილს გაზეთ "კვირის პალიტრის " მისამართით, უცვლელად გთავაზობთ.


გაზეთ ,,კვირის პალიტრის“ რედაქციას  -   ,,გოგა . . .თენგო . . .ახლა უკვე გიორგიც. . . “- ასე ეწოდება ჟურნალისტ ეთერ ერაძის სტატიას, რომელიც  ,,კვირის პალიტრის“  20-26 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა და რომელიც ჯიშკარიანების ოჯახის ტრაგედიაზე  მოუთხრობს მკითხველს. წერილის ტექნიკური გაფორმებაც (შვილებმკვდარი ახალგაზრდა ქალისა და გარდაცვლილი ბავშვების ფოტოები, ქვესათაური, ტექსტიდან ამოტანილი ფრაზები), ემოციური შინაარსიც ისეთი დამთრგუნველია, ენა როგორ უნდა მოუტრიალდეს ადამიანს, არ შეეცოდოს ტრაგედიაგადატანილი დედა, რომელმაც ამოუცნობი დაავადებით უკვე მესამე შვილი დაკარგა!

 

მაგრამ! . . დიახ, ეს ,,მაგრამ“ გახლავთ სწორედ ის თემა, რომელიც ახლა ამ წერილს გვაწერინებს და რომელზეც წერილის ავტორმა, რედაქციამ უნდა გვიპასუხოს.

როდესაც პატივცემული ჟურნალისტი რესპონდენტის  (შვილებმკვდარი დედის - მაკა კოხრეიძის) ამ სიტყვებს აქვეყნებდა: ,, . . . ახლა  ჩემი 18 წლის გოგოს ამბავიც უნდა ვთქვა: მე და მამამისს რომ გვეგონა, ჩვენი გოგონა მკვდარი იყო, 6 თვის წინ დაგვიბრუნდა და გიორგი ცოცხალი ნახა . . . როცა დაიბადა, მითხრეს, მოკვდაო, თურმე ცოცხალი ყოფილა და გაუშვილებიათ. გახვეული ჩვილი გვანახეს . . . 7 წლის წინ, როცა თენგო გარდამეცვალა, ვიღაცამ ეზოში წერილი შემომიგდო - შენი გოგონა ცოცხალიაო და იწერებოდა, სად იყო - ალბათ ჩემი უბედურების გამო სინდისმა შეაწუხა. დიდხანს ვიძიებდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ არა. როცა დავადგინე, მის ოჯახს ვუთხარი . . . ამიტომ მოესწრო ჩემი გიორგი დის ნახვას . . . “ - დიახ როცა ამ ფრაზებს ბეჭდავდით, რატომ არ იფიქრეთ გოგონას გამზრდელ ოჯახზე და, საერთოდ, იმაზე, მეორე მხარის გამოკითხვის გარეშე რამდენად დაბალანსებული იყო ფაქტი თქვენს  საგაზეთო პუბლიკაციაში? რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ის, რასაც მაკა კოხრეიძე აცხადებდა?


იცით კი, სინამდვილეში, ქალბატონი კოხრეიძის ,,იდეა-ფიქსის“ მიღმა რამოდენა ტრაგედია და უსამართლობა დევს?! იცით ამ ქალის ჭეშმარიტი სახე?

ჩვენ, სწორედ ის ,,მეორე მხარე“, ანუ გოგონას გამზრდელი მშობლები, მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას, რათა გაირკვეს: რატომ იჩემებს ქალბატონი კოხრეიძე ჩვენი გაზრდილი გოგონას დედობას - იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგად იცის, მარიამი მისი ბიოლოგიური შვილი არ არის. მაქვს ინფორმაცია, რომ გასული წლის აგვისტო-სექტემბერში  მან დნმ-ს ანალიზი გაიკეთა სამხარაულის კლინიკაში, სადაც დადასტურდა, რომ მაკა კოხრეიძე და პაატა ჯიშკარიანი არ არიან მარიამის ბიოლოგიური მშობლები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ჩაიტაროს და გამოაქვეყნოს დნმ-ის ანალიზის პასუხი და დაადასტუროს, რომ ნამდვილად მარიამის დედაა.


მეორე ფაქტიც:

18 წლის ,,ძებნილი“და 6 თვის წინ ნაპოვნი მისი ,,შვილი“ არც 18 წლის გახლავთ და არც 19 წლისა! მარიამი 7 ოქტომბერს 21 წლის ხდება და დაბადებულია არა 1996 წლის 25 ივნისს, არამედ - 1994 წლის 7 ოქტომბერს!


მაკა კოხრეიძე რომ აცხადებს, გოგონა სამშობიაროდან მომპარესო, სინამდვილეში, მას 1996 წლის 25 ივნისს შეეძინა ვაჟი, რომელიც, როგორც ირკვევა, მალევე გარდაიცვალა. ცხედარი წამოიღეს და დაკრძალეს - მისივე ნათქვამით. თუ შვილი მართლა დაკარგა, რატომ არ უჩივლა სამშობიაროს?


მიზანმიმართული შტურმი ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ მაკა კოხრეიძემ წამოიწყო 2013 წლის 20 ოქტომბრიდან, იმ დღიდან, როცა ვითომდა ,,შემთხვევით“  შეხვდა მარიამს და მის მეუღლეს - გიორგი ტეხაშვილს და ჰკითხა, ამა და ამ ქალს იცნობთო? მარიამმა კი უპასუხა, ეს ჩემი დედააო. ამის შემდეგ მაკამ გაიგო მარიამის დედის (ანუ ჩემი) ტელეფონის ნომერი, დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. იმავე საღამოს შევხვდით ერთმანეთს ქუთაისში, ჩანჩიბაძის ქუჩის #24 სახლთან. მანქანაში ისხდნენ მაკა, მისი უფროსი შვილი გიგა და უცნობი მანდილოსნები. მაკამ პირდაპირ მომახალა, რომ მარიამი მისი შვილია, რომ ბავშვი შენმა მეუღლემ  მოიპარა სამშობიაროდანო.  რა თქმა უნდა,  ვიუარე, რომ მარიამი მისი დაკარგული შვილი იყო. ასე დავცილდით.


შემდეგ მაკა ისევ და ისევ გვიკავშირდებოდა, მაიძულებდა მასთან შეხვედრას. ჩემს მაგივრად შეხვედრა მარიამმა და მისმა მეუღლემ ითავეს. მაკამ კი მარიამს იქვე უთხრა, რომ ის მისი შვილი იყო, რომ სამშობიაროდან მოჰპარეს და მას 16 წლის მანძილზე ეძებდა. მარიამს, რა თქმა უნდა, გაუკვირდა მისი ასეთი მოულოდნელი განცხადების მოსმენა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და უთხრა, მე ჩემი მშობლების შვილი ვარ და თუნდაც მათი არ ვიყო, შენი შვილი რომ არ ვიქნები, გარეგნულადაც გვემჩნევა,  არასოდეს აღარ გაბედო ჩემთან შეხვედრაო.


ასეთი მტკიცე უარის მიუხედავად, მაკა და მისი ოჯახი განაგრძობდნენ მარიამის შევიწროებას, ამიტომ გოგონა იძულებული გახდა, მიემართა ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებისათვის. (იმდროინდელი უფროსი - ნიკოლაძე, უბნის რწმუნებული - შალვა გოგიაშვილი).


არ ვიცით, რა ზომები გაატარა პოლიციამ. ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ მარიამს აღარ შეაწუხებდნენ, მაგრამ ისევ გრძელდებოდა მარიამსა და მის ოჯახზე ზეწოლა.


 შემდეგ მაკამ ასეთი შეტყობინება გამომიგზავნა: პოლიციის შენ გეშინია მე კი იქიდან დამშვიდებული გამოვდივარო. ამის შემდეგ ჩვენი შვილი იძულებული გახდა, განცხადება შეეტანა პროკურატურაში, რომელმაც ისევ პოლიციას დაუბრუნა მისი განცხადება.


მაკა და მისი ოჯახი ისევ განაგრძობდნენ მარიამსა და მის ქმარზე ზემოქმედებას. ხვდებოდნენ ქუჩაში, მოყვებოდნენ სახლამდე, რამდენჯერმე უბნის მცხოვრებლებიც კი დაუდგნენ  ჩვენს შვილებს ქომაგად, შეიკრიბა მთელი ქუჩა და კატეგორიულად მოსთხოვეს, თავი დაენებებინათ ბავშვების დაშანტაჟებისათვის.


მაკა არწმუნებდა მარიამს, შენც ისეთივე დაავადებული ვაჟი გეყოლება, როგორიც ჩემი შვილებია; ამიტომ დამიჯერე, გერმანიაში წაგიყვან და იქ გიმკურნალებო.


მოაღწია მშობიარობამაც. არაჩვეულებრივი, ჯანმრთელი ბიჭუნა გაჩნდა. კლინიკა ,,ბომონდის“ ყველა თანამშრომელი გაფრთხილებული იყო, რომ მარიამთან ან ბავშვთან უცხო არავინ შესულიყო. მარიამის მამა და მეუღლე სამშობიაროში ატარებდნენ მთელ დროს, ვიდრე ბავშვი შინ არ წამოვიყვანეთ. იმ ზაფხულს ალბათ, მარიამი ვეღარ ხვდებოდა მაკას, მაგრამ 2014 წლის სექტემბრიდან კვლავ დაიწყო კოხრეიძემ მარიამზე ზემოქმედება და არ ვიცით რა გზით - ფულით, ოქროთი თუ ე.წ. შავი მაგიის საშუალებით - მოახერხა კიდეც, მარიამი   და მისი მეუღლე თავისკენ შემოებრუნებინა.


უკვე ისე დაახლოვდნენ, რომ თურმე ბავშვები რომ იტყოდნენ, კასპში (სიძის ოჯახში) მივდივართო, მასთან იყვნენ. ასე გაგრძელდა რამდენიმე ხანი, ბოლოს მოხდა რაღაც ინციდენტი და ეს გახდა საბაბი, სახლიდან წასულიყვნენ , საბოლოოდ მაკასთან გადასულიყვნენ საცხოვრებლად.


და მოხდა ის, რისიც ძალიან გვეშინოდა დედ-მამას: მაკამ მარიამს ათქმევინა, რომ მეუღლე სცემდა, მან სიძე სახლიდან გააგდო, მარიამს შეატანინა სარჩელი მასთან განქორწინებაზე,  მთლიანად საკუთარ ნებას დაუმორჩილა მარიამის პირადი ცხოვრება.


ეს არის მოკლედ, ყველაფერი, დანარჩენი . . . თუ კი გაზეთის რედაქცია დაინტერესდება და ჩაატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას, ნახავს, რომ ქალბატონი მაკა, რომელმაც 3 კი არა, 4 ვაჟი დაკარგა, ავადმყოფი შვილების შემოწირულობების ხარჯზე გამდიდრდა, აქვს შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება - სულ სხვის სახელზე. იმ დროს, როცა გიორგისთვის მოწყალებას თხოულობდა,  მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა.  ქალბატონმა მაკამ მარიამს, ე.წ. ,,ქალიშვილს“,  დაბადების დღე  დიდი წვეულებით აღუნიშნა . . . მან სულში ჩაგვაფურთხა მარიამის გამზრდელ მშობლებს, რომელთაც გოგონას არაფერი დააკლეს, გარდა იმისა, რომ მისთვის თაღლითობა არ უსწავლებიათ. მაკა და მისი ე.წ. მეგობრები, აშინებდნენ მარიამს, რომ მოპარავდნენ ბავშვს და გაამწარებდნენ. ალბათ, ახლაც ისევ ასე ეუბნებიან და ამის გამო მარიამი თავის ბავშვთან ერთად დღემდე რჩება მაკას ტყვეობაში.


გთხოვთ გაარკვიოთ, რა ამოძრავებს ამ ე.წ. დედას, რატომ გაუმწარა სიცოცხლე ახლგაზრდა გოგოს, რატომ უნგრევს ოჯახს და რატომ უნდა, უმამოდ დატოვოს პატარა ბიჭი, ვინ იცავს ერთი წლის ლევანიკოს უფლებებს?


ჩვენ სიტყვა ,,ტყვეობა“ ვასხენეთ და აქ არაფერი გვითქვამს გადაჭარბებით: მარიამს ჩამორთმეული აქვს ტელეფონის ის ნომრები და სოციალური ქსელის საკონტაქტო მისამართები, რომლითაც მას აღმზრდელი ოჯახი და სანათესაო უკავშირდებოდნენ; უფლება არა აქვს, დაეკონტაქტოს ვინმეს მაკას ნებართვის გარეშე და ა.შ.


იმ შემთხვევაში,  თუ ჟურნალისტური გამოძიება წარიმართება, დადასტურდება, რომ მაკა კოხრეიძისა და მასთან მყოფ ტყვე დედა-შვილს შორის არავითარი ნათესაური კავშირი არ არის, მაკამ ახალგაზრდა  გოგო მხოლოდ თავის ბნელი ზრახვებისათვის გააბა მახეში, რათა დიდი ფული იშოვოს . . .


სამწუხაროდ, დიდი ოჯახური ტრაგედიის სახელს ამოფარებულ შაოსან ქალბატონს სამართალდამცავები ვერაფერს უბედავენ და მასაც, როგორც ჩანს, გასდის.


. . . თუ ,,კვირის პალიტრას“ ობიექტური, მიუკერძოებელი გაზეთის სახელის შენარჩუნება სურს მკითხველის თვალში, აი, ბატონო, აგერ - ჩვენს მიერ შემოთავაზებული თემა. ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება და დაადგინეთ ჭეშამრიტება! 

 

ისე, რომ იცოდეთ, ამ სტატიის ფოტოზე მგლოვიარე დედა მაკა კოხრეიძეა გამოსახული, მესამე შვილის გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე...

 

 

 პატივისცემით          

მარიამის გამზრდელი დედა - მედეა მელქაძე

 

2015 წლის 10 აგვისტო                                            

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 38749
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია