სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამას გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატება. საკითხზე, დღეს სასტუმრო ”ტიფლის პალასში” იმსჯელეს. შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნეს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სკოლამდელი ბავშვების სასწავლო პროგრამას ნარჩენების მართვის, ენერგოეფექტურობის და წყლის რესურსების მართვის საკითხები დაემატება.
შესაბამისი მასალის გავლის შემდეგ, ბავშვებს ნარჩენების მართვის, სეპარაციის და გადამუშავების პრინციპები ეცოდინებათ, ისინი ასევე ენერგიისა და წყლის დაზოგვის დადებითი შედეგების და აუცილებლობის დასაბუთებას შეძლებენ. საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტების გაძლიერების მიზანია, სკოლამდელ ბავშვებში გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა.
შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.