დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფელი
ფერმერის თავისუფლების დღიურები
2015/07/23 11:14:35

ბექა გონაშვილი - ფერმერი

 

5 ივლისი, კვირა

დილა ჩვეულებრივად შვიდისთვის დაიწყო: მეყველეთა გილდიის თავჯდომარე ანა მიქაძე და ქალბატონი მანანა გადავიყვანე ზურას ფერმაში. ანა საცდელ რეჟიმში ამზადებს ყველებს ზურას და გიორგის ფერმის რძისგან. როგორც თავად ამბობს, ძალიან საინტერესო და მათ პრაქტიკასთან უჩვეულო შემთხვევებთან აქვთ საქმე. „ფრეში“, ანუ ახლად მოწველილი რძე სულ სხვა ხასიათისა, ვიდრე ის, რისგანაცაქამდე აკეთებდნენ ყველს. ტექნოლოგიის შეცვლა უწევთ, წვალობენ. მაგრამ თან ძალიან უხარიათ, რომ ასეთ უნიკალურ რძეს მიაგნეს – დაავადებებისგან თავისუფალს, პირდაპირ წველის დროს რომ დალევ კაცი უშიშრად, არ შეგეშინდება ბრუცელიოზის, მასტიტისა თუ სხვა დაავადებებისა.

მთავარი ისაა, რომ ზურაც და გიორგიც 25-26 წლის ახალგაზრდები არიან და თავიანთი არაადამიანური შრომით აჩვენებენ ანას, რამხელა ტვირთია ფერმაში შრომა. სწორედ მათზე გადის ამ ქვეყნის მომავალი.

საკვების საწარმოში გადავედი, ხვალე თელავში უნდა წავიღო ჩემს ქარხანაში დამზადებული ღორის საკვები. პირველი გასვლაა, ვნახოთ, რა მოხდება. ის კი ვიცი, რომ შედეგით ყველა კმაყოფილი იქნება: ოთხი თვის ღორს რომ 90-100-კილოიანებს დაკლავენ, ნაცვლად 8-10 თვე ლოდინისა, ეს საშუალებას აძლევს ფერმერებს, წელიწადში სამჯერ მოასწრონ ფულის შოვნა. ვნახოთ...

შუადღეზე საკვების „სტიკერების“ დიზაინზე წავიმუშავეთ, უნდა შევცვალო. ასეთი კაი პროდუქტი უკეთეს დიზაინს იმსახურებს ნამდვილად. :-)

6 ივლისი, ორშაბათი

დილას, 6-ის ნახევარზე, ჩემი თეთრი რაშით, „ფორდის“ მარკის მინი-სატვირთოთი, თელავს გავეშურე. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, მერვე კლასი აქ ვისწავლე. ის ერთი წელი სრულიად საკმარისი გამოდგა, რომ უზომოდ შემყვარებოდა თელავი – ხალხი, კლასელები, ნათელა მასწავლებელი, რომელსაც არასდროს გამორჩება ჩემი დაბადების დღე. მე თუ დამავიყწდა, იმედიანად ვარ: ვიცი, რომ მას არ დაავიწყდება მოლოცვა. :-)

პროდუქტი მოეწონათ, გაუხარდათ. კარგ ფასში შევთავაზე და თანამშრომლობაზეც შევთანმხით. ის კი არა, ხელოვნური განაყოფიერების სწავლა გვინდა ძროხაშიც და ღორშიცო, სპეციალისტები არ ჰყოლიათ. მაგაშიც უნდა დავეხმარო. ეგ საქმე ჯერჯერობით (და, ალბათ, კიდევ რამდენიმე წელი) ბიზნესად ვერ გამოდგება, მაგრამ ვიღაცამ უნდა დაიწყოს ჯიშების გაუმჯობესება აქტიურად. აქამომდინ ძალიან ბევრი გრანტი დაიხარჯა ამ მიმართულებით, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან, სამწუხაროდ, ხალხია არასწორად მომართული, სიახლეების დანერგვა არავის უნდა. უფრო სწორად, როგორ არ უნდა! უბრალოდ, აქ ორი კატეგორიაა ფერმერების: ვისაც სურს, მაგრამ რისკის და ამ რისკთან დაკავშირებული ხარჯების ეშინია (ისინიდაიღალნენ მრავალი ასეთი სიახლის შეთავაზებით, რომელმაც ჩვენს პირობებში არ გაამართლა, და ამიტომ ალმაცერად გიყურებენ); და ვისაც უნდა, რომ ვიღაცამ (მაგალითად, მთავრობამ, ან დეპუტატმა, ან გამგებელმა) დაუხნას, დაუთესოს, ძროხაც მოუწველოს, ძროხის კვებაზეც იზრუნოს და, ბოლოს, მზამზარეულ მაწონში ისევ მზამზარეული პური ჩაუმტვრიოს. აი, ეს ღუპავს დღეს ჩვენს სოფლის მეურნოებასაც, თავად სოფელსაც და ქვეყანასაც. მართლა მომენატრა ახალი მშრომელი და შემართებული ახალგაზრდების გაცნობა...

დედოფლიწსყაროში დაბრუნებული, კალოზე გადავედი, მამაჩემი დღეს მორჩა მოსავლის აღებას, წრეულს ბარაქიანი წელი იყო, მარცვალი კარგად მოვიდა, ცოტა ხორბალმა ვერ მისცა ხალხს ის შედეგი, რასაც ელოდნენ, მაგრამ ქერებმა ივაჟკაცეს, აავსეს ქიზიყის ბეღელ-კალოები.

ჩემი პატარა ცოლი, ნინიკო, დღეს საღამოს, როგორც იქნა, გავასეირნე. არადა, ახლა მას სეირნობა ძალიან სჭირდება, მალე პატარა მეცხვარეს გამიჩენს, ნანატრს! აგერ უკვე მეშვიდე წელია, ეს ერთი და სხვა მრავალი! მრავალი, მაშ, ჩვენ ხო წინდაწინ ათ შვილზე შევთანხმდით... :-)

 

7 ივლისი, სამშაბათი

გუშინწინ დღიურში არაფერი ჩამიწერია ერთ საკმაოდ უცნაურ შემთხვევაზე, რაც ისევ და ისევ მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით მოხდა, შეიძლება – პირველადაც კი ქართულ აგრარულ სივრცეში.

საქმე ისაა, რომ გიორგიმ ფერმიდან მწყემსი გაუშვა 1 ივლისიდან, ანუ დამხმარე აღარავინ ჰყავდა და 35-მდე ძროხას თავად უვლიდა. ძალიან იღლებოდა. კვირას მე და ქაჩალიჩმაც მოვინახულეთ და საღამოს ნახირშიც მივეხმარეთ, მაგრამ მთელი დღით ვერ დავეხმარებოდით, რა თქმა უნდა. ხოდა, ამ წვალებას ანა მიქაძემ რო უყურა, ქალაქში გაბრუნებულმა, ეგრევე ფეისბუკს მიმართა და დაწერა, მოხალისე ხო არავინ ხართ, რომ ფერმაში სამუშაოდ წამოხვიდეთ რამდენიმე დღითო. ხოდა, აგერ ათი კაცი გამოეხმაურა, ამ ათიდან სამმა დაურეკა, წამოვალთო, ხოლო მეორე დღეს, თბილისიდან 7-ზე გამოსულს, გზაში ეკა დაეწია, რომელიც თავისი მანქანით და ეკიპირებით წამოვიდა. ეკას არ ვიცნობდი, მაგრამ ფეისბუკის და, ზოგადად, ინტერნეტის დახმარებით ბევრი მეგობარი მყავს და აღმოჩნდა, რომ ეკა ლუარსაბ ტოგონიძის, ჩემი ინტერნეტით გაცნობილი და აწ უკვე რეალური ცხოვრების ძმაკაცის ცოლისდაა, რამაც გამახარა, გამაოცა და გამაამაყა კიდეც ერთდროულად!

წავიყვანე სტუმარი, ნახა ფერმაც, იშრომა კიდეც. ანასთან ერთად გვიანობამდე იყვნენ ფერმაში. გიოს ეხმარებოდნენ წველაში, საკვების დაყრაში, დახვეტაშიც კი, და გასავათებულები ამოვიდნენ ღამის 12 საათზე. მაგრამ მოტივირებულები არიან: ხვალეც წავალთო, იძახიან!

აქ დამებადა იდეა, რომ გავაკეთო ინტერნეტრესურსი, აგროლანსერის სამსახურით. ვისაც სოფლის მეურნეობა აინტერესებს, ან სურს მომავალში ამ საქმეს მოკიდოს ხელი, კარგი საშუალება ექნება, რომ პრაქტიკა მიიღონ, ხოლო თავად იმ ფერმერს, ვინც მათ მიიღებს, თუნდაც ერთდღიანი უფასო (კვების და ცხოვრების ხარჯების ანაზღურებით) მუშახელი ეყოლება, რომელიც მიეხმარება. კარგია, უნდა მოვქოქო ეს იდეა, ისევე, როგორც ფერმერთა სოციალური ქსელის იდეა, მააშ: შრომამ შექმნა ადამიანი, ინტერნეტმა დახვეწაო! :-)

დღეს ერთმა კარგმა ამბავმა გამახარა: თელავში საკვები კარგად გაყიდულა. 14 ტომარა გაიყიდა გუშინ ჩატანილი, მაშ ხვალე უნდა მივაშველო უკვე სხვა პროდუქტებიც. დავღერღეთ, გავამზადეთ, შურიკა ძია მიმყოფოს ღმერთმა კარგად, ქარხანას ისე კოხტად და საათივით ამუშავებს, ერთი გრამი მტვერი არსად არის. აკი იძახის ხოლმე: აქ რომ კაცი მოვა, შარვალ-კოსტუმითაც რომ მუშაობდეს და მერე ქორწილში წავიდეს, არ უნდა შერცხვესო. :-)

რახან მოსავლის აღებას მორჩა, ხვალე მამაჩემი მთაში მიდის, ცხვართან. მეც ძალიან მომინდა! ამას წინათაც ვაპირებდი, ჭიის წამალი რო წაიღო. ვიფიქრე, წავსულიყავი ორი-სამი დღით და მე დამელევინებინა: თან საქმეს გავაკეთებდი, და თან დავისვენებდი ამოდონა ორომტრიალისგან. მაგრამ ნინიკოს ახლა ვერ დავტოვებ, წელს მომიწევს ცხვარში, მაქსიმუმ, ერთდღიანი ვიზიტით შემოვიფარგლო და მაქსიმალურად მობილიზებული ველოდო პატარა მწყემსს... :-)

 

8 ივლისი, ოთხშაბათი

დილიდან თელავს გევეშურე, დავცალე პროდუქცია, მაგრამ ჰაა, პოლიტიკაზე კამათს მაინც ვერ ავცდი გაგანია წინანდლის ბოლოებზე. ამერიკა რო ფინთია და რუსეთი რო მაინც ერთმორწმუნეა, ეგ გავარჩიეთ მე და გიამ, მეგუთნიშვილმა. :-)

ეს ამერიკა რო უვარგისია და სატანის მონაშენი, გავიგე, მაგრამ ეს რუსეთი რანაირადღაა ამ ტანჯული ქვეყნის მოამაგე, ერთი ეგ ვერ ამოვიკითხე ამ 200 წლის მანძილზე ნაწერ ვერც ერთ ისტორიის წიგნში. ჩემი აზრით, არც ერთი უქნია ღმერთს საჩვენოდ, არც მეორე, და არც კიდე სხვა ქვეყანა, ყველას თავისი ინტერესი აქვს და იმ ინტერესს ატარებს, ეგ ჩვენა ვართ უბედურები, რომ საკუთარი არც ინტერესი, არც მაგ ინტერესზე დაფუძნებული სტრატეგია, და არც ამ სტრატეგიის განხორციელების სურვილი არ გაგვაჩნია. ყველა თავისასა წადინობს და თანაც, ისე წადინობს, რომ სხვისა თუ გადაეღობა წინ შემთხვევით, მაშინათვე ძირიანად სპობს და ანადგურებს. არც კი გაიხედავს წინ, იქნება და აწყობს კიდეც, ვიღაცასთან გაამხანაგებით იაროს მიზნისკენ... ეეჰ, ილიამ ვერ გაასწორა ეს ქვეყანა, და მე რას ვიქამ, აბა?!

ძალიან ბოდიშების ხდით, როგორც იქნა, დღეს დავჯექ და „მერსი კორპსისთვის“ საჭირო დოკუმენტაცია დავასრულე. ეს ორგანიზაცია მეცხვარეთა ასოციაციას გვეხმარება სასწაულად! ჰელენი, მათი ხელმძღვანელი, შეიძლება ითქვას, ძალით მაკეთებინებს იმ საქმეს, რაზეც ძალიან ხშირად მითქვამს, უნდა შევეშვა, დრო აღარ დავკარგო და მხოლოდ საკუთარ საქმეზე ვიფიქრო-მეთქი, გავეშვა ამ საქვეყნო სატკივარზე სირბილს წინ და უკან, ყვირილს პრესით და გამოსვლებით ტელევიზიებში, რადიოებში. ვაცნობ ხალხს ამ ცხვარ-მეცხვარის პრობლემას, გამგონეც ბევრია, ესმით, განა არ ესმით, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გვიანდება, ხანდახან რაც იდგმება, ისიც არასწორია. მერე იმაზე მეშლება ხოლმე ნერვები, მაშ, ასე არასწორად გადმოვცემ-მეთქი იმას, რაც გასაკეთებელია?!

ამ ბოლოს რამდენიმე ფაქტის გამო პირდაპირ ვთქვი კიდეც, რომ მე ამ ასოციაციას უნდა გავანებო თავი-მეთქი, მაგრამ მერე ხან ცხონებული პაპაჩემი, ხან სპირიდონა პაპა, ხან სეიფუნა ღულელაური, ხან ფიდო გაფრინდაული, საშიშა და მამამისი ჯუმბერა ძია, ხან შემზარავი გოგია და მათი დაკოჟრილი ხელები, ნაადრევად დაბერებული, მაგრამ გულად მოახალგაზრდავე სახეები ამომიტივტივდება გონებაში და გული ისევ მომიბრუნდება ხოლმე. იმ დღეს მამაჩემმაც მითხრა (არ ვიცი, იგრძნო თუ რაა), ამ ასოციაციას თავი არ გაანებო, ხალხი გენდობა, წლები დაგჭირდა, მაგრამ ყველა კატეგორიის ხალხში, როგორც მეცხვარეში, ისე სხვა პროფესიის ხალხში ნდობა გაქვს და მაგ ბრძოლას ბოლომდე მიყვანა უნდაო. ძნელია, მაგრამ ამჯერადაც დამძალა, მიმიბრუნა გული, შემოდგომიდან ბევრი რამის კეთებას დავიწყებ... უფრო მეტად თავდაუზოგავად.

 

9 ივლისი, ხუთშაბათი

წუხელ ცოტა ნინიკომ შემაშნა, მუცელი ტკიოდა. ამიტომ ხვალე ქალაქში უნდა წავიყვანო.

ძალიან ბედნიერი ვარ მისით, არც ისე ბევრია თბილისში დაბადებული და გაზრდილი გოგო, მიჩვეული შარდენსა და მეგობრების გარემოში ყოფნას, ერთ დღეს ქმარს სოფლად საცხოვრებლად გაჰყოლოდეს. თანაც როგორ?! ჩემი ძმაკაცების შვილების ნათლია ის არის. J იმდენად ყველას შეაყვარა თავი და იმდენად თბილია, რომ, ასე მგონია, აქაური იყო და არის კიდეც. ქუჩაში ჩემზე მეტად მას ესალმებიან, მოიკითხავენ ხოლმე, ბაზარში გამყიდველი ქალები სულ ტუსტუსით დაჰყვებიან და ეფერებიან. :-) წლების წინ ბუღალტერიც ეგ იყო ჩემი, საქმის მწარმოებელიც, ფინანსური და საგადასახადო რომ დამესხა თავს ორივე კომპანიაზე, მაშინ სწორედ ნინოს და მამაჩემის სწორად აღრიცხვიანობის გამო გადავრჩი დიდ ჯარიმებს, უკვირდათ აუდიტორებს ასე სწორად დალაგებული დოკუმენტაცია ჯერ არ გვინახავსო!

ჩემს ამჟამინდელ ბუღალტერს ვესაუბრე დღეს ტელეფონით. თბილისშია, თავად ტრენინგებზეა, ხოლო უფროსი ვაჟი, ილიკო, რომელიც წელს აბარებს, კარგად მიიწევს წინ ეროვნულებშიო. მასეც ვიცოდი! მაგარი ბიჭია! და, რაც ყველაზე მეტად მახარებს, როცა ნატომ დაიწყო ჩემთან მუშაობა, ნელა-ნელა ნახა, რასაც ვაკეთებდი და რა პრობლემებიც მქონდა, მაგალითად, კადრების სიმცირე, ის რომ ვეტექიმების კატასტროფული დეფიციტი გვაქვს, ძალიან ცოტა რო არიან და ისიც მოხუცები, ილიკომ გადაწყვიტა, რომ ვეტერინარულზე ჩააბაროს! ბრავო! აი, ამისთვის ღირდა ჩემი 4-5-წლიანი წვალება დედოფლისწყაროში. მე მას ყველანაირად ხელს შევუწყობ, ყველგან გავუშვებ, სადაც მივწვდები (გრანტები და ასე შემდეგ), და ექვსი-შვიდი წლის მერე რაიონს ერთი კარგი ახალგაზრდა სპეციალისტი ეყოლება, და მის მაგალითს ვინმე მისი მეზობელიც მიბაძავს, ნახავს, რომ ის დასაქმდა, კარგად ცხოვრობს, ანაზღაურებაც აქვს და თან მოთხოვნადია. მერე ის მეზობელიც, იმედია, აღარ ჩააბარებს არარსებულ პროფესიაზე, როგორიცაა „საბანკო საქმე“, „საბაჟო საქმე“, სადაც, რას ასწავლიან ოთხი-ხუთი წელი, ჩემამდე არ დადის, და მერე ისევ სიგარეტის ან მაკარონის დისტრიბუციაში იწყენებ მუშაობას. მაგრამ რა გინდა, ძმაო, დიპლომი უდევთ შინ ისეთი, ქვას გახეთქავს!

მოკლედ, ფრიად კარგი დღე იყო სიამოვნებისგან ხელების ფშვნეტისა.

 

10 ივლისი, პარასკევი

დილით საქმეებს მივხედე, ფერმაშიც ვიყავ, ანაც ვინახულე. ანას შვილის, ბექას დამზადებული სულგუნი გავსინჯე... კატასტროფულად მაგარი რამ, სასწაული! ბავშვობიდან ძროხას, რძეს და ყველს ვუყურებ, ვჭამ, მაგრამ ასეთი რამე არ გამისინჯავს! ბრავო! ესეც კიდევ ერთი ჯეელი ახალგაზრდა, თავისი საქმის უზადო მცდონე, მოყვარული და ამ დალოცვილი ქვეყნის პატრიოტი, ოღონდ არა სიტყვით, ყანწების გამოცლით ან პატრიოტულ მოტივებზე მხატვრულად ლექსწამკითხველი, არამედ რუდუნებით, თავჩახრილად მომუშავე.

საქმეები მივალაგ-მოვალაგე, ორი-სამი დღით რომ ქალაქად ვიყო. უკვე ბევრი ვინმე მელოდება ქალაქში, ხვალინდელ დღესა ვგეგმავ. დედოფლისწყაროში ეს ასე არ იყო, საათებში გაწერა არ მიწევდა ჩემი გრაფიკისა, აი, ამიტომ არ მიყვარს თბილისი. რამე შეხვედრას ან საქმეს ვერ გათვლი სწორად და წასულია შენი საქმე, წინდის თვალივით აირევა გეგმა და მერე იწყება გადარბენა, ვიღაცის ლოდინი, ბოდიშების ხდა და ასე შემდეგ.

ისე, ორი-სამი კვირაა, არ ვყოფილვარ აქეთ და გზებზეც რამდენიმე რამე იყო შეცვლილი, გაგეცინება კაცს. სართიჭალაში სანიაღვრეს აშენებდნენ, კარგია! ბურებს გოჭების საჭმელი წამოვუღე და ეგ დავუტოვე, მთხოვეს, იქნება ხვალე გარდაბანში ჩვენი ფერმა მოინახულოო, რაღაცებს ვგეგმავთ, თან სხვა ბურებსაც უნდათ შენი გაცნობაო და რჩევები გვჭირდებაო. შევთანხმდით: ხვალე, 8-ზე, ორთაჭალაში შევხვდებით და წავალთ. პივოტები უნდა დაეყენებინათ და საინტერესოა.

სახლში რო მოვედი, დედაჩემმა მახარა, რო მამაჩემს მოუტანია წიგნი, სადაც ყველა წყაროა ამოკრეფილი, სადაც გონაშვილები არიან მოხსენიებულნი. საინტერესო რამე ჩანს, უნდა ჩავუჯდე, თანაც პატარა მეცხვარე ჯერ კიდე უსახელოა, ვერ მოვიფიქრეთ მე და ნინიკომ, რა დავარქვათ. ხოდა, შეიძლება სწორედ მანდ ამოვიკითხო მისი სახელი, ვინ იცის... :-)

საღამო მშვიდად ჩავატარე, კარგი გემრიელი კაცი, ზურა ფიროსმანაშვილი მესტუმრა. მომავალ კვირაში ძროხების ჰოლანდიელი კვების სპეციალისტი ჩამოდის მათთან და უნდა შევხვდეთ, კახეთშიც უნდა წავიყვანოთ და ფერმები ვანახოთ: რა მდგომარეობაა, რას აჭმევენ ახლა, ყველაზე ოპტიმალური რაციონის შედგენა რომ შევძლოთ. კარგია! ანუ სწორი კვება, საკვების დამზადება, მცენარეთა დაცვა, ვეტერინარული მომსახურება, ჯანმრთელი პირუტყვი, ჯიშობრივი გაუმჯობესება – ეს ისაა, რაც ხვალინდელ ქართველ ფერმერს ქმნის და ჩვენც ამას ვქმნით უკვე ხუთი წელია. კადრებში გვიჭირს, მაგრამ მაგასაც ვუმკურნალებთ ღვთის მადლით.

 

11 ივლისი, შაბათი

დილას წავედი გარდაბანში, ლემშვენიერას ტერიტორიაზე, ნაციონალების დროს ბურებს რო მიწები მისცეს, იქ. მომეწონა, სულ პივოტები უყენიათ სარწყავად. ჩარლზს ცხვარიც ჰყავს 500 სულამდე და წუხელ მგელი დასცემიათ და ცხრა სული დაუხოცა, 14 კიდე გაუფუჭა, ვუმკურნალეთ, როგორც შეგვეძლო. მანახა წყლის რეზერვუარიც, საიდანაც პივოტებს წყალი უნდა მიეწოდოს. გამაცნო სხვა ბურებიც, ბევრი კითხვა ჰქონდათ. გავუზიარეთ გამოცდილება ერთმანეთს. ძალიან მშრომელი ხალხია! ვენაცვალე მაგათ. საერთოდ, ყველა მშრომელ ადამიანს გაუმარჯოს ღმერთმა: ქართველია, ირანელი, ინდოელი თუ ბური. ძალიანაც კი მინდა, რომ ეგ მშვენიერ მიწები არა ბურების, არამედ ქართველების იყოს, მაგრამ ასე დებას რა აზრი აქვს, ქართველებისა არ იყო, რო ზედ არავინ არაფერი გააკეთა?! და დღემდე რამდენი მიწა გვიყრია მასე უქმად, მაგრამ დაიცაა... მოვა მთავრობა და მოგვიხნამს, მოგვითესავს და ლუკმას პირში ჩაგვიდებს მერცხლის ბახალასავით...

ჩამოვედი ქალაქში და ეგრევე ნოტარიუსთან მოვხვდი, ირან-საქართველოს სავაჭრო პალატის საბჭოს წევვრად ამირჩიეს და ეგ უნდა გაფორმებულიყო. რამდენი ასეთი ორგანიზაციის წევრი, დამფუძნებელი და საბჭოს წევრი ვარ, ვინ მოთვლის! ხეირი არაფერია, მაგრამ ნაცნობობა კარგია, ბევრ რამეში გამომდგომია ასეთი ნაცნობობა, და მეც ბევრს გამოვდგომივარ. მაგრამ ძალიან ბევრ დროს მართმევს ასეთი ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურობა. ამიტომ საჭიროა, ორი ან სამი მაინც ვიყო, ან ამ დალოცვილ ღმერთს ვთხოვო, ეს 24 საათი ცოტა გაზარდოს.

ფიდომ დარეკა, მთიდან ჩამოველ, კლიენტი ხო არავინააო. მე ვუთხარ, აგე რამადანი რო დამთავრდება, ველოდები-მეთქი არაბებსა. ხოდა დაილალე და ამოდი თუშეთშიო, წელს შენი იმედი გვაქვსო თუშებსაო, შარშანდელივით საცოდავ ბედში არ ჩავცვივდეთ, ვაჭრებს რო „პოსლეზე“ გავატანეთ მთელი წლის ნაჯაფიო... ეგე, ამის გამო მიბრუნდება ხოლმე ისევა გული მეცხვარეთა ასოციაციისკენ, მათ დახმარება ჭირდებათ...

სტუდიაში წასვლამდინ „ლივინგსტონში“ შევუარე ირაკლის. სრულდება ჩვენი პროგრამაც. ბიჭები მიკეთებენ ხელოვნური განაყოფიერების „სოფტვერს“, გადამყვნენ ზედ, მაგარი გამოდის, საამაყო ნამდვილად! ბევრი სასარგებლო აპლიკაციის გაკეთება შეიძლება ერთობლივად, ძალიან ნასიამოვნები ვარ! მოკლედ, ახალ ტექნოლოგიებს ფეხს და ხელს ვუწყობთ ქართველი ფერმერები!

მაშ, გასრულდა ესე ამბავი ამ კვირაში ნაგროვები, თუ ამ დღიურის წაკითხვის ან მოსმენის მერე ერთით მეტი ფერმერი გვეყოლება საქართველოში, ერთით მეტი ადამიანი დააფასებს ფერმერის შრომას, მაშ ტყუილად არ მიწერნია ამდენი, იმიტომ რომ „ფერმერი არის გმირი“!!!

 

წყარო http://www.radiotavisupleba.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია