დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მართლმადიდებლები და კათოლიკები ერთად იკრიბებიან?
2015/07/13 22:04:26

დროის ნიშანი – მომავალი წლის ივლისში (სულთმოფენობის დღესასწაულზე) გაიმართება მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება.

 

 

რომის პაპმა დაიწყო მოლაპარაკებები მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან აღდგომის ერთდროულად აღნიშვნის შესახებ. ამ თემაზე გვესაუბრება დასავლეთ საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ვიკარი, პადრე გაბრიელე ბრაგანტინი.

 

- პადრე გაბრიელ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო  პატრიარქი ბართლომეოსი და რომის პაპი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს უახლოეს მომავალში და მათი შეხვედრის თემა არის  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ერთდროულად აღნიშნა.

 

- წინა, ერთი ასეთი შეხვედრის დროს რომში წმიდა იოანე ლატერანის ბაზილიკაში, რომელსაც  ესწრებოდა მთელი მსოფლიოდან ბევრი მართლმადიდებელი და კათოლიკე მღვდლი, დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტი იყო უფლის აღდგომის დღესასწაულის ერთდროული აღნიშვნა. მაშინ რომის პაპმა თქვა - კარგი იქნება, თუ მოხდება შეთანხმება პროტესტანტულ, კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის აღდგომის თარიღთან მიმართებაშიო. იქვე თავადვე დასძინა, რომ ჩვენი კათოლიკური ეკლესია თანახმაა, რომ ჩვენვე გადავიდეთ, ანუ მივიღოთ მართლმადიდებლური ტრადიცია.

 

- ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს, ისევე აღნიშნავთ თქვენც ამ დღეს? მას წინ უსწრებს მარხვა, მძიმე მარხვა...

 

- დიახ. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ დღესასწაულს. ფაქტობრივად, ეს ეხება ყველა სხვა დღესასწაულს, ვინაიდან, მაგალითად, აღდგომასთან დაკავშირებულია ამაღლების, ასევე სულთმოფენობის დღესასწაულები. ამაზე დიდი ხანია, არის ლაპარაკი. კათოლიკურ ეკლესიაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში რომის პაპის პავლე VI-ის დროს, მე–2 კრებაზე იყო საუბრი.

 

- მაგრამ კანონიკა როგორია?

 

- რადგანაც კალენდრიდან ამოღებული იყო 13 დღე გრიგორიუსის რეფორმის დროს, ამან განაშორა ჩვენი აღდგომის დღესასწაულები.

 

- ამდენად, სანამ ჩვენ აღვნიშნავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მანამდე აღნიშნავთ თქვენ მას.

 

- კი, მანამდეა. თუმცა ნიკეას საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა, რომ გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ  კვირას ყოფილიყო უფლის ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანებისთვის, ჩვენ ერთად აღვნიშნავდით მას კალენდრის რეფორმამდე, რაც მე–16 საუკუნეში მოხდა რომის პაპის გრიგორიუსის დროს. მაშინ კალენდრიდან ამოღებულ იქნა 13 დღე იმიტომ, რომ კალენდარი არ ემთხვეოდა მზისა და მთვარის ბრუნვას. სწორედ მაშინ გაჩნდა განსხვავება ამ დიდ დღესასწაულთან დაკავშირებით. სანამ არ იქნება შეთანხმება კალენდარზე, მანამ რთულია დღესასწაულის ერთი და იგივე დღეს აღნიშვნა.

 

- ანუ თვლით, რომ კალენდარიც უნდა იყოს ერთი?

 

- დიახ. რომის პაპმა თქვა, რომ საჭიროა ერთიდაიგივე დღეს უფლის ბრწყინვალე აღდგომის აღნიშვნა. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ დღევანდელი კალენდრის მიხედვით ეს რთულია.

 

- ე. ი. საუბარია არამარტო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნის ერთ დღეზე, არამედ  ერთ კალენდარზეც?

 

- რომის პაპმა თქვა - ჩვენ მზად ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ უფლის ბრწყინვალე აღდგომის ერთი და იგივე დღეს აღსანიშნავად, მაგრამ ამას სხვა სირთულეებიც ახლავს, მაგალითად, დღეს გლობალიზაციის და მიგრაციის პერიოდში, როდესაც ხალხი სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობს. ადრე კათოლიკები ძირითადად იტალიაში იყვნენ, ქართველები კი – საქართველოში. თუმცა რიგ ქვეყნებში მაინც მოხდა შეთანხმება, მაგალითად, ეგვიპტეში არიან კათოლიკები, პროტესტანტები და მართლმადიდებლები. მათ უკვე მიიღეს ეს ახალი გადაწყვეტილება.

 

- იყო საუბარი, რომ 25 დეკემბერს უფლის შობის დღესასწაული მართლმადიდებლებმა და კათოლიკებმა ერთდროულად აღნიშნონ. ამაზე რას გვეტყვით, პადრე გაბრიელ?

 

- ჯერ ოფიციალური განცხადება ამის შესახებაც არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. მხოლოდ ვარაუდის დონეზე ეჭვი გვაქვს, რომ, რადგან რომის პაპი და მსოფლიო მართლმადიდებელი პატრიარქი ხშირად იკრიბებიან, მათ უთუოდ ამ თემაზეც აქვთ საუბარი, ვინაიდან რომის პაპის წინა შეხვედრისას კოპტების, ანუ ალექსანდრიის პატრიარქის თაუდროს II-თანაც იყო ამაზე საუბარი. ზოგჯერ, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები ხვდებიან ხოლმე რომის პაპს, ვფიქრობ, რომ ოფიციალურად არა, მაგრამ ასეთი საუბრები მაინც მიდის.

 

- ამ დღეებში გამოვა რომის პაპის ახალი ენციკლიკა, როგორც ჩვენთან გამოდის ეპისტოლე ხომ?

 

- დიახ. მის პრეზენტაციას მსოფლიო  პატრიარქი ბართლომეოსი გააკეთებს.

 

- პადრე გაბრიელ, ეს უპეცედენტო შემთხვევა ჩვენი ეკლესიის ისტორიაში.

 

- დიახ. ეს ამ დღეებში მოხდება და ძალიან კარგი ჟესტია. კარგია ასევე, რომ რომის პაპსა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს შორის კარგი ურთიერთობა არის. სულ ახლახანს, 16 ივნისს რომის პაპი შეხვდა მოსკოვის პატრიარქის წარმომადგენელს, მიტროპოლიტ ილარიონს და აღდგომის დღის ერთობლივი აღნიშვნის შესახებ იყო საუბარი, თუმცა, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს საიტზეა განთავსებული, ჯერ არ არის თანახმობა მიღწეული.

 

- პადრე გაბრიელ, დავაკონკრეტოთ, თუ შეიძლება, ანუ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთ დღეს, ერთდროულად აღინიშნება თქვენსა და მართლმადიდებლურ ტაძრებში?

 

- ზოგჯერ ასე უკვე არის მომხდარი წარსულში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ დაემთხვა და ერთი და იგივე დღეს იყო ბრწყინვალე აღდგომის აღნიშვნა ორივეგან. მომავალშიც, 2017 წელში იქნება კიდევ ასე.

 

- კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს - ID ბარათებთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

 

-  ეს პრობლემა არ არის. ეს ის არაა, რაც აპოკალიფსში წერია. პრობლემა შემდეგშია: რაც უფრო წინ მიიწევს კაცობრიობა, მით უფრო თანდათან წინ მიიწევს პროგრესი. შესაბამისად, ადამიანი კარგავს თავისუფლებას. ე. ი. ადამიანი ექცევა კონტროლის ქვეშ. ამ კუთხით კი არის სერიოზული საფიქრალი. ID ბარათი კარგიც არის ადამიანისთვის და იმავე ადამიანისთვის ასევე არის ცუდი. კარგია, რომ მიწიერ ცხოვრებაში ბევრი რაღაც გაიოლებულია, მაგრამ ასევე ცუდია, რომ ადამიანი ხდება ერთი პატარა ნაწილი მთელ ამ სისტემაში, სადაც შეიძლება დაიკარგოს მისი თავისუფლება და ღირსება.

 

- პადრე გაბრიელ, ამერიკაში მასიურად ხდება ადამიანთა ჩიპიზაცია მარჯვენა ხელზე და შუბლზე. თქვენი პოზიცია როგორია?

 

- რომის ეკლესიას, როგორც ეკლესიას, ამაზე პოზიცია არ აქვს.

 

- როგორ თუ არ აქვს?!

 

- ჩვენი პოზიცია ასეთია: ადრე, ვთქვათ, ხომ იყო შეუძლებელი გულის ოპერაცია, ტვინის ოპერაცია. ახალ გულს რომ ჩაუდგამდნენ ადამიანს, ხომ ამბობდნენ, რომ ეს არ შეიძლებაო? არ შეიძლებაო, რადგან ადამიანის სხეული არის წმინდა და არ შეიძლება მისი რომელიმე ორგანოს სხვისით შეცვლა. მაგრამ დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასევეა ახალი თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში. ანტიქრისტე არის ის, რომელიც უარყოფს, რომ ქრისტე არის უფალი.

 

- სწორედაც ჩიპის მიღებით, აპოკალიფსის თანახმად, ადამიანი ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებს და უარყოფს ქრისტეს... 17 მაისის შესახებ რა აზრის ბრძანდებით? უფალმა ქალი - ქალად, კაცი კი -შექმნა კაცად. აქ ყოველგვარი ჩარევა სოდომ–გომორის უმძიმესი ცოდვაა და მისი დემონსტრირება რა აუცილებლობას წარმოადგენს?

 

- ამაში ორი აზრი არ არსებობს. დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ გეიაღლუმი და მსგავსი რამ ჩვენთვის მიუღებელია. რაც გეიაღლუმისას ხდება, ეს არის სუფთა დამახინჯება იმისა, როგორი არიან ეს ადამიანები სინამდვილეში, ისევე, როგორც პორნოგრაფიულ ფილმებში ნაჩვენები ურთიერთობები ცა და დედამიწასავით შორსაა ნამდვილი სიყვარულიდან.

 

- და ბოლოს, პადრე, მოახლოებული მე–8 მსოფლიო კრების მუშაობაში კათოლიკური ეკლესია მონაწილეობას მიიღებს?

 

- კრებისთვის ნამდვილად მიმდინარეობს მზადება. რაც შეეხება კათოლიკური ეკლესიის მაღალ იერარქებს, მათ ჯერ მოწვევა არ მიუღიათ. თუმცა უკვე ცნობილია, რომ კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი დაესწრება კრებას სტუმრის სტატუსით. კრება ჩატარდება მომავალი წლის ივლისში, სულთმოფენობის დღესასწაულზე, სტამბულში, წმიდა ირენეეს ბაზილიკურ ეკლესიაში.

 

- გმადლობთ, პადრე გაბრიელ, რომ გამონახეთ დრო და ასე ვრცლად გვესაუბრეთ ჩვენთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ.

 

* * *

 

ბუნებრივია, საინტერესოა მართლმადიდებელი მოძღვრის პოზიცია იმაზე, თუ რამდენად მართებულია, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთად, ერთ დღეს იზეიმონ მართლმადიდებლებმა და კათოლიკებმა. დავუკავშირდი თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის, გოგნის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა იოანე რევიშვილს და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება ვთხოვე.

 

 

- აგვლოცეთ, მამა იონე. რა აზრისაა ნამდვილი მართლმადიდებლობა აღნიშნულ საკითხზე?

 

- ღმერთმა დაგლოცოთ. რაც შეეხება იმას, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთად, ერთ დღეს აღვნიშნოთ კათოლიკებმა და მართლმადიდებლებმა, ვიტყოდი, რომ არის საშიშროება იმისა, რომ ღვთაებრივი ცეცხლის სასწაულებრივად გარდამოსვლის ფაქტი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვის შემდეგ ფიქსირდება, შესაძლოა, მიითვისონ სხვებმა და თქვენ, რომ სწორედ მათი აღდგომის დღეს აღესრულება ეს სასწაული.

 

- ეს ნამდვილად განსჯის საგანია, მამა იოანე.

 

- ცოტა კიდევ დაველოდოთ მოვლენებს და ღმერთი თავად დაალაგებს ყოველივეს. რაც შეეხება იმას, რაზეც აქ ვსაუბრობთ, ეს დროის ნიშანია და კარს მომდგარი უფლის მეორედ მოსვლის წინაპირობაა.

 

 

დალი ბარაბაძე

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3801
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია