დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მინდა, წამლების ფული მქონდეს“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/07/10 11:54:10

ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულების საფუძველზე საქართველოში უნდა განხორციელდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალიზაცია, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა რეაბილიტაციას, აბილიტაციას და არაფორმალურ განათლებას.

 

დაახლოებით ორი წელია, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი ორგანიზაცია „ნაბიჯის“ პრეზიდენტი მაგდა ყურაშვილი საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახორციელებს საქველმოქმედო აქციებს, თუმცა მისი ძირითადი მიზანი დღის ცენტრების მოწყობაა. სწორედ დღის ცენტრების საშუალებით შეიძლება 6-18 ასაკის მოზარდებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება.

 

საყურადღებოა, რომ ასეთი სერვისის მიმწოდებელი უნდა იყოს მხოლოდ არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია და არა სახელმწიფო სტრუქტურა (აღნიშნულზე გარკვეული რეკომენდაციები აქვს სახალხო დამცველის აპარატს და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ბავშვთა უფლებებს იცავენ).

 

სამწუხაროა, რომ საქართველოს უმეტეს რეგიონში დღის ცენტრის მომსახურებას ვერ იღებენ  შშმ პირები.

 

საკითხის მოსაგვარებლად „ნაბიჯმა“ მიზნობრივი ჯგუფები შეარჩია იმერეთში და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი აღმოჩნდა ხონში, სადაც ჩამოყალიბდა „ნაბიჯი ხონი“ და ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით მოიძებნა შენობა, რომლის სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 30 ათასი ლარია საჭირო. შენობა ორგანიზაციას გადაეცა იჯარით, რომელიც თვეში მინიმალური თანხით _ 100 ლარით განისაზღვრა.

 

9 ივლისს „ნაბიჯი ხონის“ თაოსნობით 20-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შეკრიბა და მათთვის სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით მოეწყო მუსიკალურ-მხატვრული ღონისძიება, რომლის დასრულებისას მაგდა ყურაშვილმა ყველას გადასცა ფულადი და სხვა სახის საჩუქრები.

 

ბავშვებს ყველაზე მეტად მოეწონათ მიკი და მინი მაუსებთან ცეკვა, რომლებმაც რამდენიმე ნომერი შეასრულეს პატარების თხოვნითაც.

 

დასკვნით ეტაპზე წაიკითხეს ბავშვების სურვილები, გთავაზობთ რამდენიმეს:

 

კახა მაწკეპლაძე: მსურს ვისწავლო და მივიღო განათლება.

 

გიორგი შაინიძე: მინდა ჩემი მობილური ტელეფონი მქონდეს.

 

 ბექა ხურცილავა: მინდა გავიარო...

 

ნიკოლოზ ქურასბედიანი: მინდა წამლების ფული მქონდეს.

 

დავით ჩანქსელიანი: მინდა მობილური ტელეფონი.

 

მზია აბზიანიძე: მინდა ტელეფონი და სარეცხის მანქანა, მამასა და ძმას, გურამს, სარეცხი რომ დავურეცხო ხოლმე (მზია, ფაქტობრივად, ვერ საუბრობს, მაგრამ აქვს სმენა. დედით ობოლია.)

 

როგორც „ნაბიჯი ხონის“ დამფუძნებელმა ნინო საღარეიშვილმა განაცხადა, დიდი იმედი აქვს, რომ მალე დღის ცენტრი მწყობრში ჩადგება და 50-ზე მეტი პოტენციური ბენეფიციარიდან 30-მდე ბავშვს მაინც გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.

 

ღონისძიებას დაესწრნენ სასულიერო პირები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაღალი სოციალური შეგნების ადამიანები. მათგან რამდენიმემ ერთჯერადი დახმარება გაუწიეს შშმ პირებს, ნაწილმა კი სამომავლოდ დაგეგმა მათი სურვილების ასრულება.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია