დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლაშა აბზიანიძე:"მამის სიკვდილს არავის შევარჩენ"
2015/07/04 18:47:07

ორი კვირის წინ, ქუთაისში, 56 წლის ლევან აბზიანიძე ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილამდე მან ოჯახის წევრებთან საუბარი მოასწრო, მერე კი ერთადერთ ვაჟსა და მის მეგობარს ჩააკვდა ხელში. ლაშა აბზიანიძე საქმის გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელის დასჯას ითხოვს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ახლა ოჯახის წევრები ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

 

ლაშა აბზიანიძე:


„იმ ტრაგიკულ დღეს ერთად ვიყავით. შუადღეს სახლში დამტოვა, თვითონ სამუშაოდ წავიდა - სახლთან ახლოს „ტაქსაობდა“. ცოტა ხანში დავურეკე, მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული იყო. გამიკვირდა. პერიოდულად მეც ვურეკავდი და დედაც. სამ საათზე მეტხანს ვცდილობდით, მაგრამ ვერ დავუკავშირდით. მერე როგორც იქნა ჩართო ტელეფონი და მაშინევ დამირეკა, - ლაშა, სახლში მივდივარ და დროზე მოდი, საქმე მაქვს შენთან, პოლიციელებმა ნარკოლოგიურში წამიყვანესო. დაახლოებით რვის ნახევარი იყო, სახლში რომ მივედი. მამა უკვე ეზოში, სკამზე იჯდა. გვერდით მივუჯექი და ვკითხე, - რა ხდება-მეთქი? მიამბო: ტაქსიში ორი უცნობი მამაკაცი ჩამიჯდა და წყალტუბოში წაყვანა მთხოვა. მოვილაპარაკეთ, რომ 10 ლარად წავიყვანდი, დავძარი მანქანა და წყალტუბოსკენ წავედი. ქუთაისის სამხედრო პოლიციას რომ მივუახლოვდი, მითხრეს, მანქანა გააჩერეო. მივხვდი რაშიც იყო საქმე, მაგრამ წინააღმდეგობას როგორ გავუწევდი და სამმართველოს შენობაში შევედიო.

 


-ადრეც ხომ არ ჰყავდათ გადაყვანილი ნარკოლოგიურში? ნარკოტიკის მომხმარებელი იყო?

 


- მანამდეც ბევრჯერ ჰყავდათ გადაყვანილი. მამას პირობითი სასჯელი ჰქონდა, რადგან ადრე მარიხუანის მოხმარებისთვის დააკავეს. 2000 ლარიანი ჯარიმა გადაახდევინეს და 1 წელი პირობითი მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით, პრობაციის სამსახურს გადაცემული არ ჰქონდა, ამიტომ პრობაციაში არ დადიოდა. როცა შეატყობინებდნენ, მაშინ დაიწყებდა ხელის მოსაწერად სიარულს. მამა სულ ამბობდა: არ მეშვებიან, პოლიციელები მეუბნებიან, ითანამშრომლე ჩვენთან და დაგიცავთო. ამას არ დათანხმდა. არ იყო ისეთი ადამიანი, რომ პოლიციის აგენტი გამხდარიყო, სხვანაირად ცხოვრობდა. რომ ვერ დაითანხმეს, მერე გადაეკიდნენ, სისტემატიურად აჩერებდნენ და გადაჰყავდათ ნარკოლოგიურში შესამოწმებლად. მითხრა, იქ რომ მიმიყვანეს, კიდევ ერთი ადამიანი ჰყავდათ დაკავებული, რომელსაც მარიხუანა ჰქონდა. მასაც და მეც, ორივეს შარდმდენი დაგვალევინესო. ვეუბნებოდი, რომ სუფთა ვიყავი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, უეჭველად გექნება მოხმარებული. თუ არ აღმოგაჩნდა, მაშინ თავს მოვიკლავო. მამას უთქვამს: მოამზადე თოკი თავის ჩამოსახრჩობად, რადგან მართლა სუფთა ვარო.

 

 

ოქმში წერია: თითქოს მამა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე წაიყვანეს, სამწუხაროდ, პოლიციელებს არავის მოსთხოვს განმარტონ, კონკრეტულად რა ინფორმაცია ჰქონდათ. ცხადია, ეს მათი დაკავების მეთოდია, ასე „მუშაობენ“. თურმე, მამა ვერ შარდავდა და ანალიზი რომ აეღოთ, 3 აბი შარდმდენი დაალევინეს, თურმე, სამსაათ-ნახევარი ჰყავდათ დაკავებული. შარდმდენის მიცემის შემდეგ ბიოლოგიური ანალიზი აიღეს, მერე ისევ დააბრუნეს სამმართველოში. სუფთა აღმოჩნდა და გაათავისუფლეს. არანაირი მოხმარება არ დადასტურდა ექსპერტიზით. მერე მოვიდა სახლში. ჯერ დედასთან უსაბრია და უთხოვია, - მგონი წნევა დამივარდა და ყავა დამალევინეო. ყავა დაულევია და ამის მერე გარეთ, ეზოში იჯდა. ჩემი მეგობარი ბიჭიც იქ იყო და ისიც ისმენდა მამის მონაყოლს. სხვებისთვისაც ჰქონდა მოყოლილი და ალბათ, ისინიც დაადასტურებენ. ვისაუბრეთ, „სკამეიკაზე“ დავტოვე და სახლში შევედი, - მალე გამოვალ-მეთქი. გვერდით ჩემი მეგობარი ეჯდა. მისთვის უთქვამს, რაღაც კარგად ვერ ვარო. ოთახში ფეხი შევდგი თუ არა, მეგობრის ყვირილი გავიგონე, - ჩქარა, წყალი, წყალი მოიტანეთო. რომ გავედი, მამას უკვე სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ყველაფერი წამებში მოხდა. გამწარებული მის გადარჩენას ვცდილობდი და თან, დახმარებას ვითხოვდი...არ დავბნეულვარ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, ყველა გზა ვცადე მის გადასარჩენად, მაგრამ ვერ ვუშველე... მივხვდი, უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი, იქნებ გადავარჩინო-მეთქი. „სასწრაფო დახმარებაც“ 5 წუთში მოვიდა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა არაფერს...

 


- მამათქვენს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა?


არა, ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ბუნებრივია, პოლიციელები წინ და უკან რომ დაატარებდნენ, ამას ნერვიულობდა და განიცდიდა. სამმართველოში რა სახის დიალოგი ჰქონდა პოლიციელებთან, არ ვიცი, დეტალები ჩემთვის უცნობია... მამა ძალიან თბილი, კომუნიკაბელური ადამიანი იყო. ყველას უყვარდა, ყველა ენდობოდა, ისიც ყველას ენდობოდა. ორჯერ იყო ნასამართლევი, ამიტომ არ ეშვებოდნენ პოლიციელები და სისტემატიურად დევნიდნენ. ჩვენთვის უცნობია იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც მამა მოტყუებით წაიყვანა. მითხრან, რატომ დაალევინეს სამი აბი შარდმდენი? კანონმდებლობით შეუძლიათ, 12 საათი ჰყავდეთ პირი დაკავებული და ამ პერიოდში აიღონ ბიოლოგიური ანალიზი. თურმე, ერთი აბიც ცუდად ხდის ადამიანს, მამას კი სამი აბი დაალევინეს. დარწმუნებული ვარ ამან გამოიწვია სიკვდილი. ალბათ წნევა დაუვარდა, სითხისგან დაიცალა მისი ორგანიზმი ან ამ ტაბლეტებმა თირკმელი გაუჩერა.

 

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩავბუტარეთ და ახლა პასუხებს ველოდები. დარწმუნებული ვარ. პოლციელების ბრალეულობა დადასტურდება და მერე ამ ადამიანების უმკაცრესად დასჯას მოვითხოვ. არ გავჩუმდები, საქმის გამოძიებას ბოლომდე მივყვები. იცით, იმაზე საშინელი არაფერია, როცა ხედავ, ჯანმრთელი მამა გიკვდება და ვერაფრით შველი. დიდი ტრაგედია დამატყდა თავს, ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ მამის სიკვდილს არავის შევარჩენ...

 


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს. სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ პოლიციელებმა დაკავებულ ლევან აბზიანიძეს 3 აბი შარდმდენი დაალევინეს. ამ საქმის გამოძიებაში აქტიურად ჩაერთო ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

ცნობილია, რომ ექსპერტიზის შედეგები ოჯახს ერთ თვეში ექნება.

 

წყარო": "გზა"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 22605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია