დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უსაფრთხო საქართველო
სად გაიტანენ ნარჩენებს ჭიათურიდან?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/06/30 14:31:41

მსოფლიოში ბევრ დასახლებულ პუნქტს აქვს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემები, რომლებსაც ძირითადად ქმნის მყარი ნარჩენების მართვის სუსტად განვითარებული სისტემა.

 

ჭიათურაში ფიზიკური და ქიმიური ნარჩენები მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის არამარტო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით (მდინარე ყვირილას ხეობა, რომელიც მანგანუმის რეცხვის შედეგად ბინძურდება, რიონის წყალშემკრები აუზის მნიშვნელოვანი ნაწილია).  ყვირილა აღიარებულია, როგორც მეხუთე კატეგორიის დაბინძურების მქონე მდინარე და ეს პრობლემა არ დაწყებულა რამდენიმე წლის წინ (ას წელზე მეტია, რაც მანგანუმის გამდიდრება მიმდინარეობს მდინარის წყლით და მანგანუმი, როგორც მძიმე მეტალი, შავ ზღვამდე აღწევს).

 

 სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ხერხდება ისეთი მეთოდებით მადნის მოპოვება, გამდიდრება და  გადატანა, რომელიც ზიანს არ მიაყენებდა ბუნებას. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ უკვე აპირებს, რომ მანგანუმის გამდიდრება მოხდეს არა ღია წესით, არამედ დახურული ფორმატით.  უცხოელ ტექნოლოგებთან ერთად შემუშავებულია იმგვარი ქარხნის პროექტი, რომლის ამუშავების შემდეგ მდინარეში არ მოხვდება მანგანუმი და ყვირილას წყალი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც საუკუნეების წინ. ყვირილას წყლის ფილტრაციის პროექტი განხორციელდა კომუნისტურ ეპოქაში, რომელიც გულისხმობდა ნარეცხი წყლის წყალსატევში მოქცევას და მანგანუმის დალექვას, თუმცა პროექტს დიდხანს არ უმუშავია.

 

ჭიათურის გეომორფოლოგიური მდებარეობის გამო მანგანუმის წარმოების გარეშეც ხდება დასახლებულ პუნქტში მანგანუმიანი ნაშალის ჩამოტანა. ჭიათურის ქვაბულის ციცაბო კალთებიდან ნებისმიერი ინტენსივობის წვიმისას ხდება ნალექით მეტალიანი ნიაღვრის ჩამოდენა, რომელიც ჯერ ინფრასტრუქტურას აყენებს ზიანს, მერე კი, მდინარეში მოხვედრისას, _ გარემოს.

 

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 800 ათასი ლარი  არა მარტო მყარი ნარჩენების შეგროვება-გატანაზე იხარჯება, არამედ ქალაქის კეთილმოწყობაზეც. სამწუხარდ, ამჟამად ვერ ხერხდება მიმდებარე სოფლებიდან ნაგვის გატანა. როგორც ააიპ ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის დირექტორმა ზურაბ ცერცვაძემ განაცხადა, ქალაქში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა შეიმჩნევა უკვე, რაც ძირითადად განაპირობა იმან, რომ ქალაქის თვითმმართველობამ  გასული წლის მიწურულს შეიძინა ნაგავმზიდი, რომელიც ინტენსიური ექსპლოატაციის პირობებში ემსახურება ქალაქის დასუფთავებას.

 

მუნიციპალიტეტში 500 ათასი ლარი იხარჯება, დაახლოებით, 160 შრომითი რესურსის სახელფასო ფონდსა და მყარი ნარჩენების შეგროვება-გატანაზე. ეს თანხა მეზობელი საჩხერის ხარჯვით ნაწილს თითქმის ორჯერ აღემატება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საჩხერეზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს ჭიათურაში და არახელსაყრელი ბუნებრივი მდგომარეობის გამო ფინანსური პირდაპირი დანახარჯებიც დიდია. დაახლოებით ჭიათურიდან ყოველდღე 30 კუბური მეტრი მოცულობის მყარი ნარჩენი გააქვთ საჩხერის ნაგავსაყრელზე. ნაგავსაყრელი ამჟამინდელი მდგომარეობით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია (ხდება ყოველდღიურად ნაგვის დეზინფექცია და დამარხვა), თუმცა გარეული ფრინველები (ძირითადად, მემძორიები) მაინც ახერხებენ ნაგავში საკვების მოპოვებას.

 

 ჭიათურის სანიტარული პირობების გასაუმჯობესებლად საჭიროა სველი წესით ყოველდღიურად ქუჩების მორწყვა, რაც მძიმე მეტალების ოდენობას ჰაერში შეამცირებს (ამჟამად „ჯორჯიან მანგანეზი“ აპირებს ქუჩის მოსარწყავი ავტომობილის შეძენას) და სანაგვე ურნების დამატება უბნებსა და ქუჩებში. როგორც სერვისცენტრში განაცხადეს, დამატებით ურნების შეძენაზე გამოცხადდა ტენდერი, მაგრამ გამარჯვებულმა კომპანიამ სერვისის მიწოდება ვერ შეძლო და ურნების შეძენა-დამატების საკითხი ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

 

როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, რამდენიმე მასობრივმა დასუფთავების აქციამ შედარებით უკეთესი შედეგი გამოიღო. ხდება მოსწავლე-ახალგაზრდობაში გარემოს დაცვის საკითხების პოპულარიზაცია და მყარი ნარჩენები ნაკლებად ხვდება ჭიათურის გარემოში.

 

ადგილობრივი მკვიდრის, ლენა ტოროშელიძის, განცხადებით, ჭიათურის ცენტრალური ნაწილი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. „ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ და ყოველდღიურად ვხედავ, როგორ სუფთავდება ქალაქი. რამდენიმე წლის წინ აქ კატასტროფული მდგომარეობა იყო. ჭიათურაში მეტალის მტვერი სულ იქნება, ვიდრე მანგანუმის მრეწველობა იქნება, მაგრამ შედარებითია ყველაფერი და უკეთეს პირობებში გვიწევს ცხოვრება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, მოსახლეობას მეტი მოეთხოვება. არ შეიძლება დაანაგვიანო ის გარემო, რომელშიც ცხოვრობ!“

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2834
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია