დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტმა შსს-ს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა
2015/06/13 19:43:27

პარლამენტმა 12 ივნისის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა მსხვილი პაკეტი, რომელიც სამინისტროდან უსაფრთხოების სტრუქტურების გამოყოფას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება და მთავრობასთან ერთად, ასევე ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, 1 აგვისტოდან შეიქმნება, კანონპროექტის თანახმად.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ, რომელიც ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარმდგენია, 12 ივნისს დეპუტატებს განუცხადა, რომ ინიციატივის მიზანი ერთ სამინისტროში მოქცეული ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციაა და ის სრულ შესაბამისობაშია შსს-ს გაყოფის თაობაზე ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებასთან, რომელიც სამინისტროსთვის მხოლოდ საპოლიციო ფუნქციების დატოვებას ითვალისწინებს.

 

რეფორმის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამჟამად შსს-ის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი დანაყოფები გაერთიანდებიან: კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო  ე.წ. სუს-ი, რომლის სახელწოდებაც შესაძლოა შეიცვალოს, ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი- ამ უკანასკნელს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ევალება.

 

უსაფრთხოების ახალი უწყების ხელმძღვანელს, კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს და შესთავაზებს მთავრობას, რომელიც მოწონების შემთხვევაში, პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად კანდიდატურას, რომლის ასაკიც არ უნდა იყოს 35 წელზე ნაკლები, მას არ უნდა ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა და ასევე არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი.

 

საკანონმდებლო ორგანო წარდგენიდან მაქსიმუმ 14 დღეში, როგორც ინიციატორებმა აღნიშნეს, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით დაამტკიცებს  თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომლის უფლებამოსილების ვადა  6 წელს შეადგენს - ეს ვადა საქართველოში დადგენილ არცერთ საარჩევნო ციკლს არ ემთხვევა.  

 

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დამტკიცების კვორუმი, ისევე როგორც პარლამენტის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები პარლამენტის რეგლამენტში გაიწერება. თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ  არ გამორიცხა, რომ ძირითადი წესები ასევე აისახოს საკანონმდებლო პაკეტში მისი მეორე მოსმენით განხილვის დროს.

 

თუ პარლამენტის მიერ ვერ იქნა არჩეული სამსახურის უფროსი, მაშინ მისი არჩევის პროცედურა იწყება თავიდან, კანონპროექტის თანახმად. ერთი და იგივე პირი პარლამენტს ასარჩევად შეიძლება წარედგინოს მხოლოდ ორჯერ.  ასევე, სამსახურის უფროსს ზედიზედ ორჯერ ამ თანამდებობის დაკავება აკრძალული ექნება.

 

კანონპროექტის თანახმად, სამსახურის უფროსის მოადგილეებს მისივე წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. მათ უფლებამოსილება ასევე შეუწყდებათ იმ შემთხვევაშიც, თუ სამსახურს ახალი უფროსი ჩაუდგება სათავეში.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოქმედება 2015 წლის აგვისტოდან არის კანონპროექტით გათვალისწინებული და წლის ბოლომდე ის 36 743 994 ლარით დაფინანსდება შსს-სთვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან, რომელიც  წელს 638.7 მლნ ლარს შეადგენს. წინასწარი გათვლებით, ახალ უწყებაში, დაახლოებით, 4 ათასი თანამშრომელი იმუშავებს.

 

ამასთან ერთად, კანონპროექტი მისი თავდაპირველი ვარიანტისდაზუსტების შედეგად, მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მისი გამოქვეყნებიდან 5 დღეში პრემიერ-მინისტრმა სამსახურის უფროსის კანდიდატურა უნდა შესთავაზოს მთავრობას, ხოლო მთავრობამ მოწონების შემთხვევაში ასევე მაქსიმუმ 5 დღის ვადაში წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. ახალი უფროსი, არჩევის შემთხვევაში, უფლებამოსილების შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგება. მაგრამ თუ ამ დრომდე სამსახურის უფროსი პარლამენტმა ვერ აირჩია, მაშინ პრემიერ-მინისტრი დანიშნავს სამსახურის უფროსის და მისი მოადგილეების დროებითი მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებსაც უფლებამოსილება პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის არჩევისთანავე შეუწყდებათ.

 

უსაფრთხოების სამსახურის პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულება მის მიერ ყოველწლიური მოხსენების წარდგენაში გამოიხატება. თუმცა, სამსახურის უფროსი, როგორც პარლამენტის მიერ არჩეულ პირი, ვალდებული იქნება მიწვევის შემთხვევაში, დაესწროს საკომიტეტო მოსმენებს.

 

მაშინ როცა უმრავლესობის დეპუტატები მიესალმებოდნენ შსს-ს რეფორმას, როგორც „მონსტრი“ უწყების დეცენტრალიზაციისკენ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან გააკრიტიკეს ის, როგორც ხელისუფლების მცდელობა, რომ უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იქნას გამოყენებული. მათ ასევე განაცხადეს, რომ ეს არის არა შინაარსობრივად გააზრებული რეფორმა, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებს, არამედ შსს-ს „მექანიკურ“ გაყოფას წარმოადგენს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო 2004 წელს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გაერთიანდა ერთ უწყებად.

 

ლევან იზორიას განცხადებით, მართალია ეს ასე არ არის, მაგრამ ეს რომ მხოლოდ შსს-ს მექანიკური გაყოფა იყოს, მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს ერთ უწყებაში მოქცეული ჭარბი ძალაუფლების გადანაწილებაზე. მართალია ეს რეფორმის უმთავრესი ნაწილია, მაგრამ, მისი თქმით, ეს არის რეფორმის დასაწყისი და არა დასასრული, რადგან ინსტიტუციური სრულყოფა გაგრძელდება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე მისგან განცალკევებულ უსაფრთხოების სამსახურში.

 

ბევრი ის შენიშვნა, რომელიც პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა, ძირითადად, უწყებების გაყოფის შედეგად მათი უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნის კუთხით, ინიციატორმა გაითვალისწინა და ასევე გამოხატა მზაობა მეორე მოსმენით პაკეტის მუხლობრივად განხილვისას ფორმულირებების დახვეწის თაობაზე.

 

ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც კანონპროექტში უკვე აისახა და ასევე მისი შემდგომი დაზუსტებაც იგეგმება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მომუშავე უსაფრთხოების ოფიცრების, ე.წ. ოდეერების პრაქტიკას უკავშირდება.

 

თუ თავდაპირველ ვარიანტში საუბარი იყო, რომ უსაფრთხოების ოფიცრის დანიშვნა უსაფრთხოების სამსახურს  სახელმწიფოს უშიშროებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში შეეძლო, პირველი მოსმენისთვის გადამუშავებულ ვარიანტში, ე.წ. ოდეერის დანიშვნა სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი.  რაც შეეხება საქართველოს საელჩოებს საზღვარგარეთ, იქ პოლიციის ატაშეებთან ერთად, უსაფრთხოების ატაშეებიც იმსახურებენ.

 

კოალიცია ქართული ოცნების რესპუბლიკელმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი, როგორც საბჭოთა გადმონაშთი და მისი გაუქმებისკენ ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით მისი შეცვლისკენ  მოუწოდეს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ინიციატორები უსაფრთხოების ოფიცრის ინსტიტუტის არსებობას აუცილებლად მიიჩნევენ და მის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან. 


 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრია, განაცხადა, რომ მეორე მოსმენისთვის იგეგმება მკაფიო ფორმულირებებით განსაზღვრა იმ დაწესებულებების, სადაც უსაფრთხოების ოფიცრის დანიშვნა იქნება დაშვებული. 

 

ერთ–ერთი მთავარი წუხილი, რომლის თაობაზეც უფლებადამცველი და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე კოალიცია ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს საკანონმდებლო ცვლილებების შემოთავაზებულ პაკეტთან დაკავშირებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაგეგმილ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს შორის ფუნქციების შესაძლო დუბლირებას უკავშირდება.

 

ეს საკითხი დეტალურად იქნა განხილული, როდესაც პარლამენტის იურიდიულო საქმეთა კომიტეტში პაკეტის მოსმენა გაიმართა. გამოითქვა წუხილები, რომ უსაფრთხოების სამსახურისთვის უფლებამოსილების მკაფიო გამიჯვნის გარეშე სამართალდამცავთა ისეთი უფლებების მინიჭება, როგორიცაა გამოძიება, დაკავება და დაპატიმრება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და ფუნქციათა დუბლირების რისკს შექმნის.

 

ქართული ოცნების დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ, განუცხადა დეპუტატებს 12 ივნისს, რომ პაკეტის მიმართ 20–გვერდიანი შენიშვნების „ლომის წილი“, მათ შორის ისინი, რომლებიც ფუნქციების შესაძლო დუბლირებას ეხება, „გაიზიარა“ შსს–ს წარმომადგენელმა და მეორე მოსმენისთვის ისინი აისახება კანონპროექტში.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იზორიამ განაცხადა, რომ ის პუნქტები, რომლებიც ორაზროვანია ფუნქციების შესაძლო დუბლირების თვალსაზრისით, მეორე მოსმენის დროს დაიხვეწება.



პირველი მოსმენით პარლამენტი ამ პაკეტს მომავალ, 24-26 ივნისის სასესიო კვირაში უყრის კენჭს.

 

წყარო http://www.civil.ge/geo/article.php?id=29451

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია