დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენებურები
საიდ მულიანი: „16 თაობის ვერთქმულის თქმას ვცდილობ“...
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
2015/06/09 12:22:15

მათ ამბავში ძნელი სათქმელია –   სად მთავრდება მითები და სად იწყება რეალობა, რაა ლეგენდა და რა სინამდვილე.

 

ოთხსაუკუნოვანი დარდი და სიხარულია  ფერეიდნელი ქართველების ისტორია.

 

შაჰ-აბას პირველის ბრძანებით, მე-17 საუკუნის  დასაწყისში,  კახეთიდან ათასობით  ქართველი  გაუყენეს ირანისკენ მიმავალ გზას. ისინი ირანის განაპირა რეგიონებში ჩაასახლეს და ასე შეიქმნა ქართული სოფლები: ფერეიდუნშაჰრი (მარტყოფი), აფუსი (რუისპირი), ბუინ ვა მიანდაშთ (თორელი), დაშქასანი (ტაშისკარი), ჩოყიურთი (ჩუყურეთი), სიბაქი (ვაშლოვანი)...

 

ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხვა რაიონებში (ხორასანი, მაზანდარანი, ფარსი) ქართული მეტყველება აღარ ისმის. იქაური ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში.

 

საქართველოდამ  ჩაყვანილებს  მარჯვნივ  და  მარცხნივ  აპნევდნენ  ისე,  რომ  მცირე  ხნის  შემდეგ  ერთმანეთის  ცნობაც  კი  აღარ  იცოდნენ.“- წერდა  ზაქარია ჭიჭინაძე წერილში „სპარსეთის ქართველობა“.

 

მაგრამ, არ გამართლდა შაჰის ჩანაფიქრი. ფერეიდანში 4 საუკუნეა, ქართველს ქართველი არ მოუკლავს, ქართველს ქართველისთვის სასამართლოში არ უჩივლია, ქართული სული ჩანს ყველგან, ყველაფერში.

 

თვითმხილველები ყვებიან, ფერეიდანში ბევრჯერ შეგვხვდა მანქანები წარწერით: „ქართულის დამვიწყებელს დამსაფლავებელი არ ეღირსოსო“.

 

იქ ყველამ იცის – თუ ცისარტყელას ქვეშ გაძვრებიან, აუცილებლად აუხდებათ საქართველოში ჩასვლაზე  ოცნება, ოცნებახდენილებიც მრავლად არიან უკვე.

 

საიდ მულიანი ერთი მათგანია, ცისარტყელას ქვეშ გაძრომა რომ შეძლო და საქართველოში ჩამოვიდა.

 

ისტორიკოსი საიდ მულიანი ყველა ფერეიდნელი ქართველისთვის განსაკუთრებულად პატივსაცემი და ძვირფასი ადამიანია. მას სიყვარულით „ფერეიდნელ ილია ჭავჭავაძეს და იაკობ გოგებაშვილს“  ეძახიან.

 

საიდი უკვე რამდენიმე წელია, ირანში ქართული ენის და დამწერლობის გავრცელებას ცდილობს. მან, დიდი შრომის შედეგად,  ირანში ქართული სკოლების გახსნა მოახერხა. თავად შეადგინა „დედაენა“  ამ სკოლებისთვის და სხვა სახელმძღვანელოებიც.

ქართულად საუბარი  თუ ყველა ფერეიდნელს შეუძლია და მათ ოჯახებში სასაუბრო ენა სწორედაც რომ ქართულია, ქართულად წერა-კითხვა  თითქმის არავინ იცოდა. თავად საიდსაც ძალიან გაუჭირდა მშობლიური ენის შესწავლა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ  დახმარებოდა ფერეიდნელებს ქართული წერა-კითხვის და თანამედროვე ქართული  სასაუბრო ენის შესწავლაში.

 

პირველი ქართული საზაფხულო სკოლა 2000 წელს გახსნა. რომელმაც დაახლოებით  4 წელიწადი იარსება. ხან სკოლებში, ხან უნივერსიტეტში ატარებდა  გაკვეთილებს, ზოგჯერ სხვადასხვა პრობლემების გამო მინდორშიც,  გარკვეული ხანი კი  საკუთარ სახლშიც. 

 

სამწუხაროდ, მაშინ სკოლას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და დაიხურა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კი ისევ გახსნა ქართული სკოლები, სადაც ასეულობით იქაური  ქართველი სწავლობს ანბანს, თანამედროვე ქართულს, ქართულ ლიტერატურას.

 

მაშინ საიდმა სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი დაწერა:

 

გუშინ  ჩემს ისპაჰანის ქართულს სკოლაში, იმ ოთახში, სადაც მე უნდა  ვასწავლო ქართული წერა-კითხვა, ოთახის კარი აღარ იხურებოდა და სწავლის დასრულებამდე ვერც დავხურეთ.


ალბათ, მიხვდით, ეს უბრალო მოვლენა რატომ არის მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო.


ქართველნო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გახარებული. იცით, რატომ არ იხურებოდა კარი?

ჩემს ქართული სკოლაში იმდენი მსურველი მოვიდა, რომ ნამდვილად, ნემსის ადგილიც აღარ იყო. დაუჯერებელი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი, კინაღამ სიხარულისგან ვიტირე. 

 

შაჰ-აბასის  დედაქალაქში, სადაც ის გეგმავდა ქართველთა გადაშენებას,  ქართული ენის სწავლის  მიზნით  ამდენი  ხალხი  მოვიდა 200 კილომეტრი გზის გავლის შემდეგ დაღლილობა  უცებ  გაქრა, 2 საათი  გაგრძელდა  ეს  გაკვეთილი,  ისე  მიხაროდა, რომ  არ გავეჩერებინე, დილამდე  ვასწავლიდი.

ღმერთო, უზომოდ მადლობელი ვარ, რომ ეს დღე მანახე  და  რომ  ბედნიერი  ვარ, უამრავი ხელოვნური  და  ბუნებრივი  პრობლემის მიუხედავად , ვემსახურო  ჩემს  ქართველობას!"

 

საქართველოში პირველად 2006 წელს ჩამოვიდა. მას  შემდეგ, ყოველ 26 მაისს საქრთველოში ხვდება , 27  მაისს კი, დიასპორის დღესაც აქ  აღნიშნავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად.

 

ყოველ ჩამოსვლაზე ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი რამ ნახოს საქართველოში.

 

_ საქართველოში უკვე უამრავი მეგობარი მყავს, ყოველ ჩამოსვლაზე კიდევ უფრო მეტს მეგობარს ვიძენ. აქ ყველგან დიდი სიხარულით და სითბოთი მხვდებიან, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც ქუთაისში - როგორც სიმღერაშია, ისეა ზუსტად- „გულის კარებს გაგიღებსო“...

 

4 ივნისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიდ მულიანმა საჯარო ლექცია წაიკითხა ფერეიდნელ ქართველებზე და ირანში ქართული ენის სწავლების თემაზე.  დასაწყისში , უნივერსიტეტის პრორექტორმა, შალვა კირთაძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმოგზაურა ფერეიდანში, თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა აუდიტორიას. პროფესორ ავთანდილ ნიკოლეიშვილზეც წარუშლელი  მოგონებები  დაუტოვებია რამდენიმე წლის წინ ფერეიდანში პირველ ვიზიტს. პროფესორ ირაკლი ჯულაყიძეს კი,  ირანის ყველაზე მაღალი მწვერვალის დალაშქვრაში სწორედ ფერეიდნელები დახმარებიან.

 

საიდის მიერ გამოცემული „დედაენა“  ფერეიდანში უკვე დეფიციტია, მისი იქ ხელახლა გამოცემა  კი დიდ ხარჯებთან და გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული,  ამიტომაც, გადაწყდა, რომ  სექტემბერში საიდ მულიანი  ქუთათური მეგობრებისგან 1000 ცალ „დედაენას“ მიიღებს.

 

აქვე  პროფესორმა სოსო იარღანაშვილმა ქუთაისის საკრებულოს წევრს, ირმა პეტრიაშვილს ( რომელიც ფერეიდანით  და ფერეიდნელებით აღფრთოვანებულთა რიგებშია) საინტერესო იდეა შესთავაზა საკრებულოში საკითხის ინიცირებისთვის – მიენიჭოს ქუთაისის რომელიმე ქუჩას ფერეიდანის სახელი.

 

საიდ მულიანმა ირანის ქართულ სკოლებში გადაღებული რამდენიმეწუთიანი დოკუმენტური ფილმიც აჩვენა, სადაც იქაური ქართველები – საიდის სხვადსხვა ასაკის მოსწავლეები მშვენიერი ქართულით საუბრობდნენ,  გამართულად კითხულობდნენ, ყვებოდნენ ქართულ ლექსებს, არაკებს.

 

საიდ მულიანის ოჯახი, მეუღლე მარიამ იოსელიანი,  შვილები, ძმა კახა ერთნაირი შემართებით  და სიყვარულით ემსახურებიან დიდ ქართულ საქმეს ირანში.

 

სტუმარს და მასპინძლებს ერთმანეთთან დაშორება ძალიან გაუჭირდათ. ფერეიდნელთა ამბების მოსმენა დაუსრულებლად სურდა თვალცრემლიანი სტუდენტებით, პროფესორ-მასწავლებლებით სავსე  დარბაზს.

 

– 16 თაობის ვერთქმულის თქმას ვცდილობ ახლა მე და ერთი საღამო ვიცი, რომ არაა საკმარისი ამისთვისო, – ამ სიტყვებით და უახლოეს მომავალში კვლავ შეხვედრის იმედით დაემშვიდობა საიდ მულიანი ქუთაისს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია