დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ციფრულ მაუწყებლობამდე 10 დღე დარჩა: რა გაკეთდა და რა რჩება ისევ პრობლემად?
2015/06/08 00:22:01

17 ივნისიდან ქვეყნის ფარგლებში მოქმედი ანალოგური სატელევიზიო სიგნალები აღარ იარსებებს.

საქართველო, როგორც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრი, ამ თარიღისთვის განსაკუთრებული ინტენსიობით ბოლო ერთი წელია, ემზადება.


რთული ტექნოლოგიური და საკანონმდებლო პროცესის შედეგად ერთ კვირაში ციფრული სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გავრცელდეს. ბოლო კონსულტაციები პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს. კომიტეტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით 10 ივნისს დაამტიცებსმხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მათ შორის დიგიტალიზაციის რა გრაფიკი შეიმუშავა ხელისუფლებამ, ანუ როდის და რა რიგითობით მიიღებენ ციფრულ სიგნალს საქართველოს რეგიონები.


ხანგრძლივი საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, რეგიონებში საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რა საჭირო იყო ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა? ესეც რომ არა, უმეტესობისთვის პრობლემას წარმოადგენს ციფრული სიგნალის მისაღებად საჭირო მოწყობილობის set-top box -ის შეძენა, რაც სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში უკვე იყიდება. მისი ფასი 50 ლარიდან იწყება. სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია, სპეციალური დახმარების ფარგლებში სეტ-ტოპ ბოქსებს უფასოდ მიიღებენ. დახმარების მიღმა რჩებიან  პენსიონერები, რომელთაგან განსაკუთრებით დიდი პრობლემის წინაშე დგანან მარტოხელები.


ამ საკითხთან დაკავშირებით  ’’Psnews.ge’’- რედაქციას სპეციალურად დაუკავშირდა ქუთაისის მკვიდრი, 72 წლის ნანი ხომერიკი. მისი თქმით, ძალიან რთულია, როცა სახელმწიფო არ ითვალისწინებს მოსახლეობის შესაძლებლობებს. მას არ შეუძლია გადაიხადოს თანხა სიგნალის მისაღებად. უკმაყოფილოა, რომ ციფრული სიგნალის მისაღებად საჭიროა სპეციალური მოწყობილობის ყიდვა, ამით კი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი, მეორე არხის და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ხილვა შეეძლება. საკაბელო ტელევიზიის ინსტალიაციისთვის ყოველთვიური გადასახადის გადახდა ერთჯერადად და დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.


,,მთელი საქართველო გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, ამის შემდეგ თუ ჩართული არ იქნები ამ მაუწყებლობაში, ტელევიზორი გამეთიშება. იმისთვის, რომ ვუყურო არხებს, მომიწევს, ჩავრთო საკაბელო ტელევიზია. ამაზე დამატებითი გადასახადი მექნება. როგორ გავწვდეთ ამდენ გადასახადს. ჩვენი მიზერული პენსიიდან, რომელიც 150 ლარია, კომუნალური გადასახადები გადავიხადო, ჭამა არ მინდა თუ სმა. თუ რადგან პენსიონერები ვართ, არც ტელევიზია გვინდა, არც ჩაცმა და დახურვა?’’ - აღნიშნა ნანი ხომერიკმა.


საინტერესოა, რა პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა. რამდენი ადამიანია ინფორმირებული აღნიშნული სიახლის შესახებ და მზად ციფრულ საეთერო სიგნალზე გადასასვლელად?


ამასთან დაკავშირებით, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მივმართეთ კითხვით: ჩატარებული ჰქონდათ თუ არა კვლევა და ფლობდნენ  თუ არა ინფორმაციას, საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი შეძლებდა 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, აქვთ საჭირო სახსრები და შესაძლებლობა, თავად მოაგვარონ აღნიშნულ მაუწყელობაზე გადასვლისათან დაკავშირებული პრობლემები?


ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს პრეს სპიკერის, სალომე გელაშვილის თქმით, ციფრული მაუწყებლობის სააგენტო მოქმედებს მისთვის მინიჭებული ბიუჯეტისა და მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც არ ითვალისწინებდა კვლევების ჩატარებას. ამასთან, ამგვარი კვლევის  სანდოობა უფრო მაღალი იქნებოდა, თუ კვლევას ჩაატარებდა არა ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, არამედ - პროცესში ჩართული რომელიმე ნეიტრალური მხარე.


ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს საიტზე მოცემულია კითხვარი, რომელზეც ამ დროისთვის პირველ კითხავზე: ,,იცით თუ არა, რომ 2015 წლიდან საქართველო გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე,“ გადადის’’ უპასუხა 7473 მნახველმა, რომელთა 87% ადასტურებს, რომ იცის ამ ცვლილების შესახებ. ხოლო კითხვაზე: ,,ხართ თუ არა მზად მაუწყებლობაზე გადასასვლელად’’, 7635 მნახველიდან 61%-მა გასცა დადებითი პასუხი.


ხოლო კითხვაზე: გაქვთ თუ არა კონტაქტი იმ მოსახლეებთან, რომლებსაც არ აქვთ სოც. დახმარება, წარმოადგენენ საპენსიო ასაკს და მათი ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსიაა, 150 ლარის ფარგლებში. რამდენად გაქვთ გათვალისწინებული მათთვის ციფრული მაუწყებლობის  მიღებისთვის საჭირო მოწყობილობის  „სეთ-თოფ ბოქსის'' შეძენა, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსგან შემდეგი პასუხი მივიღეთ :  სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომლებსაც აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი და რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია.(2014 წლის ნოემბრის მონაცემებით).  სეთ-თოფ ბოქსის ,,მონტაჟი’’   გულისხმობს კაბელების მიერთებას და არხების მოძებნას.   შეერთების სქემა და ტექნიკური პარამეტრების გადაწყობის თანმიმდევრობა მოსახლეობას შეუძლია, იხილოს საინფორმაციო ფლაერებში, რომელიც მოსახლეობას არაერთხელ ურიგდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.digitaltv.ge, შეუძლიათ მოგვმართონ  სოციალურ ქსელში www.facebook.com/digitaltv.ge  . 24 საათის განმავლობაში მუშაობს ცხელი ხაზიც: 1480


იმისათვის, რომ მოსახლეობამ მოულოდნელი სიურპრიზებისგან თავი დაიზღვიოს, მნიშვნელოვანია  ციფრული სიგნალის მიღების გზა აირჩიოთ. თანამგზავრული, საკაბელო, IPTV თუ მიწისზედა ციფრული ტელევიზია.


თქვენი არჩევანი არსებულ ბიუჯეტზე და არხების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თანამგზავრულ, საკაბელო, IPTV სერვისები ფასიანია. ამავდროულად, ტელეპროვაიდერები მომხმარებელს ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ,   არხების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ.


 

აღნიშნული თემის ირგვლივ რეგიონებში არსებული პრობლემების შესახებ სტატია იხილეთ გაზეთ    ‘’PS’’-ის უახლოეს ნომერში.

 

ლალი შენგელია

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია