დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სამეცნიეროდან“ „საჯარომდე“ – ქუთაისის ბიბლიოთეკას სტატუსი ეცვლება
2015/06/01 12:37:54

ააიპ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სახელწოდების მინიჭებისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ რეკომენდაცია დადო, სადაც პირდაპირაა მითითებული საბიბლიოთეკო სისტემისა და ქსელის ორგანიზაციულ–სამართლებრივი უზრუნველყოფის ფორმები, რაც აქამდე არსებული სტატუსის მქონე ბიბლიოთეკის ფუნქციონირების პირობებში სამართლებრივად მიზანშეწონილი არ იყო.

 

კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ააიპ ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სახელწოდება შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდეს: ააიპ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა. ამასთან კომისიამ უფლება დაიტოვა, რათა ბიბლიოთეკას არ დაკარგოდა საბიბლიოთეკო–სამეცნიერო გამოკვლევების ხელშეწყობის სტატუსი და მკაფიოდ ჩამოაყალიბა წინადადება,  ბიბლიოთეკაში განხორციელებული სამართლებრივ–ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებებისა და ბიბლიოთეკის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებში გათვალისწინებული ყოფილიყო თანამედროვე უახლოესი ტექნოლოგიური პროექტების დანერგვა და ხელშეწყობა.

 

„ქუთაისის ისტორიის ბოლო ათწლეულის მანძილზე ასეთი სამართლიანი, ეროვნული, სწორი, ქართული კულტურის გადარჩენისკენ მიმართული ნაბიჯი ალბათ არ გადადგმულა,“ – განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, პროფესიით ბიბლიოთეკათმცოდნემ ნინო ძოწენიძემ.

 

 

ნინო ძოწენიძე: – ფაქტობრივად, 10 წლის მანძილზე ბიბლიოთეკას აბსოლიტურად უკანონოდ ჰქონდა სტატუსი სამეცნიერო მინიჭებული. ბიბლიოთეკას როცა აქვს სამეცნიერო სტატუსი, მაშინ იგი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა იყოს. სამეცნიერო ბიბლიოთეკა მეცნიერ–მუშაკებს უნდა ემსახურებოდეს და ამ პროფილით (ანუ სამეცნიერო პროფილით) უნდა მიმდინარეობდეს გარკვეული სამუშაოები.

 

რაც თქვენთან დღემდე არ ხდებოდა ხომ?

 

 

– დიახ! ასევე სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უნდა იყოს შესაბამისი წიგნადი ფონდი. ჩვენ კი, ფაქტობრივად, ვასრულებდით საჯარო ფუნქციას, ანუ ყველა კატეგორიის მკითხველს ვემსახურებოდით.

 

ბიბლიოთეკაში მომუშავეთა ერთი ჯგუფი მოითხოვდა სამეცნიერო სტატუსს იმ მოტივით, რომ თითქოს და, საჯარო სტატუსი დროში უკან დახევა იყო. რაც ასე სულაც არაა. საჯარო სტატუსი სულაც არ ნიშნავს რეგრესს, დაკნინებას. იგი მხოლოდ და მხოლოდ პროგრესია და თანამედროვეობისკენ სწრაფვა. გავიხსენოთ მსოფლიოს ულამაზესი, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკები, რომელთა დიდი ნაწილიც საჯარო სტატუსს ატარებს და ეს მათ სულაც არ აკნინებს, არ ხდის არაპროგრესირებადს.

 

 

წლების მანძილზე მიმდინარეობდა ამ კუთხით მუშაობა და, აი, კომისიამ, ბატონი კოტე ქავთარაძის თავმჯდომარეობით, მიიღო სარეიოზული გადაწყვეტილება. ეს არის დიდი ეროვნული საქმე, რაც იმაში გამოიხატება, რომ ქუთაისს შეუნარჩუნდა 140-წლოვანი ბიბლიოთეკა თავისი ოქროს ფონდით, რომელიც დღემდე შემორჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკა კვლავ გააგრძელებს ყველა კატეგორიის მკითხველთა მომსახურებას.

 

 

რაც შეეხება 10 წლის მანძილზე სამეცნიერო სტატუსის არსებობას, ამ კუთხით რა ხდებოდა?

 

 

– ამ ხნის მანძილზე არანაირი სამეცნიერო მუშაობა არ ჩატარებულა, გარდა ერთისა: წელიწადში ერთხელ ტარდებოდა სამეცნიერო კონფერენცია.

 

საჯარო ბიბლიოეკას თუ შეუძლია სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება?

 

– რა თქმა უნდა, შეუძლია! ჩვენთან, 153 თანამშრომლიდან, მხოლოდ 7 მეცნიერ მუშაკი მუშაობს და ისინიც ბიბლიოთეკარის პროფილით არიან დასაქმებულნი, ანუ სამეცნიერო ისე იყო, ჰაერში გამოკიდებული.

 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენი თანამშრომელთა ერთი ჯგუფი მოითხოვდა, ბიბლიოთეკისთვის, ილია ჭავჭავაძის სახელის ნაცვლად, ანტონ ლორთქიფანიძის სახელი მინიჭებას.

 

– ამას თანამშრომელთა ერთი ჯგუფი კია არა, მცირე, ხაზს ვუსვამ მცირე ჯგუფი მოითხოვდა, რაც ყოვლად მიუღებელია. კომისიამაც, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისტორიის მარადიული კუთვნილებაა დიდი სახელმწიფო მოღვაწისა და ქვეყნის კულტურულ–საგანმანათლებლო სფეროს რეფორმატორის, ილია ჭავჭავაძის სახელი, ჩათვალა ააიპ ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სახელწოდება ჩამოყალიბებულიყო შემდეგი რედაქციით: „ააიპ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა“.

 

რაც შეეხება იმას, რომ ანტონ ლორთქიფანიძე ბიბლიოთეკის ერთ–ერთი დამაარსებელია, ჩვენთან მისი სახელი უკვდავყოფილია თუნდაც იმით, რომ ბიბლიოთეკის ყველაზე დიდ სამკითხველოს დარბაზს ანტონ ლორთქიფანიძის სახელი ჰქვია და აქ ყოველ წელს ტარდება ანტონ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

 

თუ არ ვცდები, 1955 წელს, გაგანია კომუნისტური  რეჟიმის დროს, მაშინ, როცა ქართველთა გენოციდი მიდიოდა, მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, ილია ჭავჭავაძის სახელი მინიჭებოდა ბიბლიოთეკას და ამ სახელის ჩანაცვლება სხვათი ვის რატომ სჭირდება, ჩემთვის გაუგებარი.

 

 მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ბატონმა გენადი კუჭუხიძემ როგორც განაცხადა, კომისიის რეკომენდაციები  განხილვის პროცესშია და დიდი ალბაობით ხელი მოეწერება მათ.

 

– ღმერთმა გისმინოთ! მაშინ ბიბლიოთეკას შეუნარჩუნება ოქროს ფონდი და პერიოდიკა. მსგავსი პერიოდიკის განყოფილება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კი არა, საქართველოს მასშტაბითაც არ არის. იგი დღემდე მოიტანა და გადაარჩინა ბიბლიოთეკის ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომელმა, პერიოდიკის განყოფილების გამგემ მაია მიქაბერიძემ, რომელიც როგორც იტყვიან, კბილებით იცავს უნიკალურ ჟურნალ–გაზეთებს. მისი და მისი თანამშრომლების დამსახურებაა ბიბლიოთეკას ასეთი ფონდი რომ შეუნარჩუნდა. ამ ოქროს ფონდის წიგნად ფონდთან ერთად გადარჩენამ შეუნარჩუნა სწორედ ბიბლიოთეკას საჯარო სტატუსი, რისი მოხარული ვართ ბიბლიოთეკაში მომსახურე საღად მოაზროვნე ყველა ის თანამშრომელი, რომლებსაც სახელმწიფო და და არა ზოგიერთებივით, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გვენანებოდა 140-წლოვანი ამ კულტურის, სულიერების განადგურება. მისი გადარჩენისათვის მსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ბიბლიოთეკის კოლექტივის სახელით. უპირველესად დიდი მადლობა ქუთაისის მთავრობას, პირადად ქალაქის მერს, ბატონ შოთა მურღულიას, მერის მოადგილეს (კომისიის თავმჯდომარეს) ბატონ კოტე ქავთარაძეს, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს, ბატონ ზვიად ჯავახიას და მის მოადგილეს ბატონ გენადი კუჭურიძეს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ეროვნულ საქმეში. სხვა რომ არაფერი გააკეთონ...

 

ახლა რასაც ვიტყვი, გთხოვთ ,სიტყვა–სიტყით დაწერო, რომ ბიბლიოთეკის თითოეული თანამშრომელი გრძნობს ხელმძღვანელობის თანადგომას, დახმარებას და პატივისცემას, ჩვენდამი, ბიბლიოთეკარებისადმი ასეთი დამოკიდებულება, გადაწყვეტილებების მიღება მანამდე არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ, თუკი ბიბლიოთეკას სამეცნიერო სტატუსი დარჩებოდა, ქუთაისის ხელისუფლებას მოუწევდა დიდი წინააღმდეგობების გადალახვა იმ თანამშრომლებთან მიმართებაში, ვისაც ყოველივე პირადი ინტერესებიდან ჰქონდა გათვლილი და მადლობა ქუთაისის მთავრობას და კომისიას, რომ, მიუხედავად ათასი წინააღმდეგობისა, მოახერხეს ცოდნის ამ ტაძრის გადარჩენა.

 

თუკი ბიბლიოთეკას საჯარო ერქმევა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი ვერ ჩაატარებს სამეცნიერო კონფერენციებს. კიდევ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს მინდა ხაზი გავუსვა. წარმოგიდგენია, რომ ქუთაისის ბიბლიოთეკის მაგალითზე ექსპერიმენტი ტარდებოდა. საქართველოს მასშტაბით 680–მდე ბიბლიოთეკაა და არც ერთს არ ჰქვია სამეცნიერო. ყველა არის მთავარი, ან საჯარო. ათეული წლების წინ მიიღო გულიკო წიკლაურმა გადაწყვეტილება ჩვენი ბიბლიოთეკისთვის სამეცნიერო უნივერსალური დარქმია იმიტომ, რომ მაშინ სამოქალაქო ომი იყო და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბიბლიოთეკები ნადგურდებოდა. ამ სამინისტროს კი პატრონობის თავი არ ჰქონდა. გულიკო წიკლაურის გათვლით ბიბლიოთეკას განათლების სამინისტრო დააფინანსებდა, თუ მას სამეცნიერო უნივერსალური სტატუსი ექნებოდა.

 

 რაც სინამდვილეში ასე არ იყო... მე ისღა დამრჩენია, მოგილოცოთ თქვენ და თქვენს კოლექტივს ამ უკომპრომისო ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება და გისურვოთ ყოველთვის ღირსეულად მოემსახუროთ ქუთათურ მკითხველს.

  

– უღრმესი მადლობა.

 

 

ესაუბრა  დალი  ბარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია