დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისი უიღბლო ქალაქია
2015/05/25 10:48:01

ერთი წლის წინ საინვესტიციო კომპანია Old City Development-მა საზოგადოებას თბილისში ახალი მეგაპროექტის  განხორციელების შესახებახარა. პროექტის გულშემატკივრები ამბობენ, რომ პროექტი „პანორამა-თბილისითბილისის განვითარებისთვის ხორციელდება. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ პროექტის მოწინააღმდეგეები, რომელებიც მიიჩნევენ, რომახალი პროექტი თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაკარგვას მოასწავებს.

 

 „პანორამა- თბილისის“ პროექტზე “ლიბერალი“ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორს, არქიტექტურის ისტორიკოს მაია მანიას ესაუბრა. 


„პანორამას-თბილისის“ პროექტი უკვე არაერთი ხელოვნებათმცოდნის, არქიტექტორის კრიტიკის საგანი გახდა. გაიმართა აქციაც - „არა თბილისი პანორამას“. თქვენ როგორ აფასებთ აღნიშნულ პროექტს?


დიდი ხანია ისტორიული თბილისის განვითარება არასწორი გზით მიდის. კარგა ხანს ძველი თბილისი ინარჩუნებდა მთლიანობას, მაგრამ ბოლო ათი წლის მოვლენებმა ის სერიოზულად დაასახიჩრა. რამდენიმე ისეთი პროექტი განხორციელდა, რომელმაც თბილისის მთლიანობას ლახვარი ჩასცა. ამ გადასახედიდან მე ვფიქრობ, რომ „პანორამა-თბილისის“ განხორციელება არათუ დიდი დარტყმა იქნება თბილისის სივრცითი სტრუქტურისთვის, არამედ საერთოდ მიწასთან გაასწორებს მას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თბილისი უხსოვარი დროიდან განსაკუთრებულ რელიეფს მოერგო და იგი ყოვლად უჩვეულო და ინდივიდუალური ოროგრაფიის მქონე ქალაქია. წარმოიდგინეთ, რომ საუკუნეების განმავლობაში რთულ რელიეფზე იძერწებოდა ქალაქი. თბილისი ნამდვილად უნიკალური სივრცითი სტრუქტურის მქონეა და მისი რელიეფი ძველი ქალაქის განაშენიანებასთან ერთად, ერთიან მხატვრულ მთელს ქმნის. XIX საუკუნეში მას დაემატა ეზოების სისტემა, რამაც ის კიდევ უფრო უნიკალურ მოვლენად აქცია, რომლის მთლიანი ფასეულობის მნიშვნელოვან ნაწილს დანამდვილებით შეადგენს რელიეფი.

„პანორამა-თბილისის“ პროექტი სამი ნაწილისგან შედგება. როგორ აფასებთ თითოეულ მათგანს?

„პანორამა-თბილისი“ სამ ადგილს მოიცავს. ეს გახლავთ ერეკლე მეორის მოედანი ქალაქის უძველეს ნაწილ კალაში, თავისუფლების მოედანზე არსებული ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილი, სადაც უნდა გაჩნდეს მსხვილმასშტაბიანი შენობა. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად საგანგაშო პროექტის ის ნაწილია, რომელიც სოლოლაკის მთის მიმდებარე მთაზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს.

ერეკლე მეორის მოედანი

ეს არის ძველი ქალაქის შუაგული. ეს არის ადგილი, რომელზეც ქართლის მეფე როსტომმა (1632-1658) თავისი ცნობილი სასახლე ააშენა და შუასაუკუნეებრივი კალას ვიწრო ქუჩების, გასასვლელებისა და ჩიხებისაგან შემდგარ ქსელში მეტ-ნაკლებად რეგულარული მოედნების მთელი ჯაჭვი ჩამოაყალიბა. ერთ ღერძზე აკინძული, გეგმით სწორკუთხა მოედნები დრომ ვერ შემოგვინახა. ისინი სპარსელების შემოსევისას განადგურდა. სპარსელებს გადაურჩა და ბოლო დრომდე მოაღწია როსტომ მეფის სასახლის მხოლოდ ერთი ნაწილი, როსტომ მეფის აბანო, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა მეოცე საუკუნის შუა წლებში (არქიტექტორ-რესტავრატორი რუსუდან გვერდწითელი, 1958-1964).

იდეალურად რესტავრირებული ძეგლიც საუბედუროდ ბოლო დროს დასახიჩრდა და დაიღუპა. ის, რაც დღეს ხელში გვაქვს, უგულობის და უცოდინრობის შედეგია. ზემოაღნიშნული მოედნის 1795 წელს დანგრევის შემდეგ, იმდენად დაზიანებული იყო მოედანიც და მისი მიმდებარე ქუჩათა ქსოვილი, რომ XIX საუკუნის დასაწყისში ეს ადგილი ვერ აღდგა. პლატონ იოსელიანი უკვე თავის წიგნში (1866) თბილისის სიძველეების შესახებ ამ ადგილის შესახებ წერს „Место пусто пороженное“-ო.

მოგვიანებით აღნიშნული მოედნების მიმდებარედ წარმოიქმნა ერეკლე მეორის მოედანი. ერეკლე მეორის მოედნის იმ სახის რღვევა, როგორითაც ის მოღწეული იყო ბოლო დრომდე, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დაიწყო. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ადგილი კიდევ უფრო დასახიჩრდა 2011-2012 წლებში, როდესაც ერეკლე მეორის მოედნის # 6 დაანგრიეს და #7 სახლი არ შეინარჩუნეს. არანაირი ნაბიჯი არ იდგმება ჩალაუბნის (დღევანდელი ყავლაშვილის) ქუჩის # 9 სახლის გადასარჩენად, რომელიც მოედნის სივრცის ნაწილია და მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. #6 და #7 სახლები მოედნის ერთი გვერდის მოშენებას ქმნიდა. "პანორამა თბილისის" ის პროექტი, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე უნდა აშენდეს, ესთეტიკური თვალსაზრისით მიუღებელია. გაუგებარია ჩემთვის ეს არქიტექტურა. შესაბამისად ვერ ვხვდები, როგორ უნდა დავარქვა ერეკლე მეორის მოედნის განვითარება იმას, რასაც ეს პროექტი გვთავაზობს. ერეკლე მეორის მოედნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ახალი ფორმის გაჩენა გარდაუვალია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ძველი თბილისის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილს დაამშვენებს და განავითარებს.

თავისუფლების მოედანი, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილი

მეორე პროექტი თავისუფლების მოედანზე, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილასაა გათვალისწინებული. ცეკაშირის შენობა უკვე დანგრეულია. მე ვთვლი, რომ ცეკავშირის შენობაც თავის ეპოქას ასახავდა (არქიტექტორები გივი მელქაძე და ნელი ქვარცხავა, 1971). ეს ადგილი დღეს ცარიელია და, რა თქმა უნდა, აქაც გარდაუვალია ახალი მშენებლობის წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების მოედანი დასახიჩრებულია, მიმართებები შენობებსა და რელიეფს შორის (ვგულისხმობ მთაწმინდას) დარღვეულია, მთაწმინდა მოედნიდან აღარ ჩანს, ქორთიარდ მარიოტის შენობამ ის "გადაჭრა" და დაფარა ბევრი რაკურსიდან, რაც დაუშვებელი იყო; ჯერ ერთი თავად მარიოტი რამდენიმე შენობის ადგილას გაჩნდა; მე-19 საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მოედნის ერთი მხარის მასშტაბი დაირღვა და სხვ.

"პანორამა თბილისის" პროექტით გათვალისწინებული პროექტის განხორციელება ადგილის სრულ განადგურებას მოასწავებს. ის მიმდებარე შენობების მასშტაბისთვის შეუსაბამოდ დიდია. პროექტი მეგალომანიაკურია.

ცეკავშირის შენობის ნგრევის შედეგად წარმოქმნილ ცარიელ ადგილს, პროექტის მიხედვით, პლასტიკური ფორმა ავსებს. განაშენიანებიდან ძლიერად ამოზიდული ახალი შენობა სხვადასხვა ფასადებით ხან კეცხოველის (დღევანდელი გუდიაშვილის) ქუჩიდან, ხან გუდიაშვილის შესახვევიდან, ხან მოედნის სივრციდან იქნება ხილული.

პროექტის მიხედვით ახალი შენობა საგრძნობლად სცდება რუსთაველის ქუჩის # 1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს (არქიტექტორები მიხეილ მელია, არჩილ ქურდიანი და ს. ყუბანეიშვილი, 1939) და თავისი ზომით, წონითა და სახით, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, ამ ადგილისათვის მეტად შეუსაბამოა ვიდრე ადამიანი წარმოიდგენს. მიგვაჩნია, რომ თავისუფლების მოედანი დაღუპულია. რაღას უჭირავს ეს მოედანი? თავისუფლების მოედნის სივრცეში შემოდის ჯერ კიდევ ყოფილი ზუბალაშვილის სახლი - ხელოვნების მუზეუმის 1830-იან წლებში აშენებული, მაღალი არქიტექტურული ღირებულებით გამორჩეული შენობა (არქიტექტორი იოსეფ ბერნარდაცი). იგი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ხელოვნების მუზეუმიის და ყოფილი კორპუსის შტაბის შენობა (1824), რომელიც ოდესღაც სასახლის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის შერწყმაზე მდებარეობდა და დღესაც ამშვენებს თავისუფლების მოედნის სივრცეს, გადარჩენილია. სტილისტური თვალსაზრისით ასეთი "სუფთა" შენობები თბილისში თითზე ჩამოსათვლელია. ანგარიშგაუწევლია თუნდაც აღნიშნული ორი შენობის მიმართ "პანორამა თბილისის" ახალი პროექტი. პუშკინის სკვერის სიმყუდროვეც ნადგურდება პროექტის განხორციელების შემთხვევაში.

ადამიანური მასშტაბი რამდენიმე შენობის ხარჯზე შემორჩა თავისუფლების მოედანს (ზუბალაშვილის შენობა, კორპუსის შტაბის შენობა), მერიის შენობა შეცვლილი ფასადითაა, მაგრამ ჯერ კიდევ შეიცავს ძველ ელემენტებს და დიდად ღირებულია. ყოველივე ჯერ კიდევ უტოვებს შანსს თავისუფლების მოედანს, რომ ძველი და ახალი ქალაქის შესაყარზე, ადამიანური მასშტაბის ახალი ნაგებობა გაჩნდეს, რომელიც მოერგება მასშტაბით, ხასიათით, სახით მოედანს. ადამიანურ მასშტაბს სცდება "პანორამა თბილისის", ე.წ. მეორე პროექტი.

ახალი ფორმების გაჩენა ალბათ გარდაუვალი პროცესია... მისაღები იქნებოდა თუ არა თქვენთვის შემოთავაზებული შენობა, მისი მასშტაბი შესაბამისობაში რომ მოდიოდეს არსებულ განაშენიანებასთან?

იცით რა, ქალაქების ურბანული განვითარება ბუნებრივი პროცესია. რა თქმა უნდა, ძველ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოში, რომელსაც წარმოადგენს დღეს დასახიჩრებული თავისუფლების მოედანი ამ ადგილას ახლის მშენებლობა გარდაუვალია. ცხადია, უნდა გაჩნდეს თანამედროვე შენობა. ჩემთვის მინაც მისაღებია, სხვა თანამედროვე მასალაც. ყველაფერი მისაღებია, რაც ესთეტურად მოერგება მიმდებარე განაშენიანებას და თვალისთვის კარგად აღქმადი იქნება. აქ უნდა გაჩნდეს მაღალი ხარისხის არქიტექტურა, რომელიც არქიტექტურის თანამედროვე ჟურნალებს ათქმევინებს - აი, თბილისის ისტორიულ გარემოში, XIX საუკუნის მუზეუმის შენობის გვერდით, კორპუსის შტაბის შენობის სიახლოვეს, რუსთაველის პროსპექტის გასაყარზე, საბჭოთა არქიტექტურის საინტერესო ნიმუშის მიმდებარედ ისეთი თანამედროვე ნაგებობა გაჩნდა, რომელიც ესადაგება აღნიშნულ არქიტექტურულ გარემოს და თავისი ესთეტიკური ღირებულება გააჩნია. მაგრამ რაც შემოთავაზებულია, მის ადგილს მე აქ ვერ ვხედავ.

მესამე პროექტი ნარიყალასა და სოლოლაკის ქედის მიმდებარედ

მესამე პროექტი ყველაზე საგანგაშოდ მესახება, რადგან ამ ადგილას მშენებლობა საერთოდ მიუღებელია. ეს არის ქალაქის ლანდშაფტური დაცვის ზონა, რომელსაც სულ ახლახან შეეცვალა სტატუსი, რაც იქ საცხოვრებელი ზონის გაჩენის საშუალებას იძლევა. ამ ადგილას მშენებლობა არ შეიძლება. სოლოლაკის ხეივანი ისედაც დასახიჩრებულია, მოჭრილია და მოჩეხილია რელიეფი, თბილისის ყველა წერტილიდან ხილულ მსხვილმასშტაბიან არსებულ შენობას დიდი დისონანსი შეაქვს ძველი ქალაქის აღქმაში.

ნარიყალას მიმდებარე ხაზი, როდესაც ქალაქს მარცხენა ნაპირიდან უყურებ, გალავნის გამაგრებული ადგილით, შახის ტახტით სრულდებოდა. შახის ტახტი ნარიყალას ციხეს იცავდა ამ მხრიდან. დღესაც არსებობს მისი ნანგრევები. შუა საუკუნეებში აქ ობსერვატორია იყო მოწყობილი, 1836 წელს კი მასზე პირველი მაგნიტურ - მეტეოროლოგიური ობსერვატორია აშენდა. ისტორიული მნიშვნელობა ერწყმის აქ არქეოლოგიურ, მხატვრულ-არქიტექტურულ და ურბანულ ღირებულებას. სოლოლაკის კეხი ძალიან დიდი მნიშვნელობის ადგილია კულტურულ-ეროვნული თვალსაზრისით. იგი თბილისის მრავალი წერტილიდან ჩანს და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქალაქის პანორამისაგან განუყოფელია. დღეს, მარცხენა ნაპირიდან რომ შეხედავ სოლოლაკის ქედს ისედაც ძალიან შემაწუხებლად აღიქმება წვრილი მასშტაბის შენობები, რომელიც ყოველგვარი წინასწარი მოფიქრებისა თუ გააზრების გარეშე აშენდა და არღვევს რელიეფის მშვიდ და მონუმენტურ ფორმებს.

თბილისის რელიეფი თავისთავადი ფასეულობაა. არ იყო შემთხვევითი, რომ ეს საკითხი ძალიან მწვავედ დადგა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში. ეს ხორციელდებოდა ძეგლთა დაცვის სპეციალისტების მიერ. თბილისის გარემომცველი ბუნებრივი რელიეფისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის მინიჭებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აკადემიკოსმა ვახტანგ ბერიძემ. ვახტანგ ბერიძე იყო სწორედ ინიციატორი და სულისჩამდგმელი ლანდშაფტური ზონისთვის სტატუსის მინიჭების. ახლა კი ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეეცვალა, რამაც ადამიანებს საშუალება მისცა იქ მშენებლობა აწარმოონ. ეს არის უსინდისობა, უგულობა, უმსგავსობა. ეს არის ქალაქისადმი უდიერი დამოკიდებულება.

ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს მიწა, ის ცნობილი ბორცვი, რომელიც ქალაქის ყველა წერტილიდან მოჩანს ყველას კუთვნილებაა - ჩემი, თქვენი, თბილისის სტუმრის, უცხოელის თუ არაუცხოელის. ის ვინც აღიქვამს მთლიანობას, ის ვინც აღიქვამს ქალაქს მთელი თავისი ღირებულებებით, ესთეტიკით, მისთვის ბუნებაც დასაცავი ფასეულობაა განაშენიანებასთან ერთად. ამ ადგილის განაშენიანება ისეთივე აბსურდია, როგორც მთაწმინდის მთელი ფერდის განაშენიანებით გადაფარვა. მთაწმინდა ისედაც აკლებულია. მისი ლანდშაფტური ზონა გაივსო მსხვილმასშტაბიანი შენობებით. თბილისის რელიეფისადმი უმსგავსო დამოკიდებულების კიდევ ბევრი მაგალითი გვაქვს სამწუხაროდ. მირზა შაფის ქუჩა ჩამოჩეხილი სახით, ურბანული ლანდშაფტისადმი ცუდი და აგრესიული დამოკიდებულების მაგალითია. ფაქტია, რომ ვერ შეირჩა ვერცერთი პროექტი, რომელიც იმ ადგილს მოერგება. სეიდაბადის მთის ნაწილი ისეა ჩამოჩეხილი, რომ ძნელია ახლა იგივე ზომა წონის განაშენიანების გააზრება, რომელიც ამ ადგილას იყო და მოერგება მას. ინვესტორი თავისას ითხოვს, ითხოვს ბევრს და ვერ ხერხდება შეთანხმება.

დასახიჩრებულია უაღრესაც ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი თბილისისთვის, როგორიც არის მეტეხის მიმდებარე კლდე. ვგულისხმობ არა მხოლოდ მეტეხის ეკლესიის მიმდებარე კლდეზე არასწორად წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, არამედ აღნიშნული განაშენიანების მიმდებარე კლდოვან რელიეფს, რომელიც 2007 წელს მრავალსართულიანი სასტუმროს ასაშენებლად მოიჩეხა და დღემდე დასახიჩრებული სახით არის. და ბოლოს, კიდევ ერთი ლახვარი, რომელიც ძველმა თბილისმა განიცადა. ლეღვთახევის თავზე, იქ სადაც ბოტანიკური ბაღის ტერიტორია მირზა შაფის ქუჩის მიმდებარე რელიეფს ერწყმის, მუდამ გაუნაშენიანებელი იყო. აქ თბილისელ მუსლიმთა სასაფლაო მდებარეობდა და მის თავზე არსებული ულამაზესი კლდოვანი ქანი, აბანოების უბნის ფონს წარმოადგენდა. ეს ადგილი უხსოვარი დროიდან იყო გაუნაშენიანებელი. ის გაუნაშიანებელი იყო გორგასლამდე, გორგასლის დროს და მთელი თხუთმეტზე მეტი საუკუნის განმავლობაშიც, რაც თბილისი არსებობს. 2007 წელს იქ გაჩნდა თეთრი ბეტონის ნაგებობა, თუ არ ვცდები, ეს არის საჩუქარი ბოტანიკის ინსტიტუტისთვის. კარგია იდეა, კარგია სურვილი, კარგი ჟესტია, მაგრამ რა უფლების ძალით აშენებ შენობას ამ ადგილას? ძალიან მაინტერესებს მერიის ძველი საბჭოს ის შემადგენლობა, ვინც ხმას აძლევს ამ პროექტს და თუ არ აძლევს ხმას და რჩება უმცირესობაში, არ ტოვებს საბჭოს ამ უმსგავსობის შემდეგ. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ გამოჩნდება ადამიანი, ვინც გადაჭრის საკითხს - ამ შენობას მოხსნის და დაუბრუნებს თბილისს კლდეს. ტრიალ მინდორზე შეიძლება ივარგოს ამ შენობამ. ხარისხიანად არის ის ნაშენი, მაგრამ ძველი თბილისის შუაგულისთვის ის მიუღელ-შეუგუებელია. ასეთივე შეფასებით მოვეკიდები იმ ბორცვს, რომელზეც „პანორამა-თბილისის“ კომპლექსური მშენებლობა უნდა განხორციელდეს. ვერც განყენებულად მოვიწონებ ამ პროექტს, მითუმეტეს კი სოლოლაკის ქედზე, რადგან მისი განხორციელება თბილისის განადგურებას მოასწავებს. ამ ადგილას მშენებლობის წარმოება არ შეიძლება. ეს არის ლანდშაფტი, რომელიც ხელუხლებელი უნდა დარჩეს.

რას ურჩევდით პროექტის განმახორციელებელს?

თავიანთი ძალა ქალაქის ისტორიული ბირთვიდან ქალაქის განაპირას, სხვა უბნებში, შორს მყოფ უბნებში გადაიტანონ. ისტორიულ ბირთვში ვგულისხმობ კალას, ისანს, სეიდაბადს, რომელთაც შუასაკუნეობრივი ქუჩათა ქსელი უდევს საფუძვლად. ეს უბნები განსაკუთრებული ისტორიული ღირებულებისაა იმ ქუჩათა ქსელის გამო, რაც უკვე ვახსენე, და იმ ჩამოყალიბებული მასშტაბის გამო, რომელიც დამახასიათებელია მისთვის. ნარიყალაც ამ მთლიანობის ნაწილია. მათ მიმდებარედ გვხვდება XIX საუკუნეში ჩამოყალიბებული უბნები. აქ მე ვერ ვხედავ ასეთი მსხვილმასშტაბიანი მშენებლობის განხორციელების ადგილს. მერიდება რეცეპტის მოცემა.

ჩვენ ვერ შევძელით სხვა მეგალომანიაკურ პრეოქტებთან გამკლავება, რაც წინა ათეულ წელს უკავშირდება და უკვე თავს დაგვატყდა ასეთი საშიშროება, რასაც ლანდშაფტის დასახიჩრება ჰქვია. საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს. თუ განხორციელდა ზედა პროექტი, ვერც ერთი ადამიანი, ვინც ქალაქს ხედავს, უყვარს და ეძვირფასება იგი, თავს არ აპატიებს ამ პროექტის წინააღმდეგ არმონაწილეობას.

თბილისის რელიეფი თბილისის ფასეულობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მისი დაცვა ჩვენი მოვალეობაა. ჩვენი მოვალეობაა თბილისის რელიეფი იმ სახით, როგორითაც იარსება მან უხსოვარი დროიდან, შევუნახოთ მომავალ თაობებს. თუ ამას არ გავაკეთებთ ეს უარყოფითად აისახება მომავალზე.

სოლოლაკის კეხის და მისი მიმდებარე რელიეფის გაუფრთხილებლობა ისეთივე დანაშაული იქნება, როგორც მთაწმინდის ფერდის განაშენიანებით გადაფარვა. მთაწმინდას პროპორცია აქვს შეცვლილი. ქვევით, ლანდშაფტურ ზონაში კორპუსებია გაჩენილი. მთაწმინდაზე ხედი ქალაქის ყველა წერტილიდან ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. "Мне Тифлис горбатый сниться .... " ამბობს ოსიპ მანდელშტამი. არც თავისუფლების მოედნიდან და არც რუსთაველის პროსპექტის დიდი მონაკვეთიდან XIX საუკუნის თბილისის უდიდესი ფასეულობა აღარ ჩანს (საცხოვრებელი კორპუსი პირველი გიმნაზიის უკან!), რუსთაველის პროსპექტზე ყოფილი სასტუმრო ორიანტის ადგილას მიმდინარე მშენებლობამ, კი ორბელიანის მოედნიდან მთაწმინდა დაფარა. ბარათაშვილის ხიდიდან მთაწმინდა, გუდიაშვილის (ყოფილი კეცხოველის) ქუჩაზე, ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ახალმა შენობამ გააქრო. ხედებს ყველა ისტორიული ქალაქი უფრთხილდება. არავინ არ ფიქრობს ქალაქის ხედზე თბილისში, არც ინვესტორი, აღარც არქიტექტორი, ზოგჯერ არც საბჭოს წევრი....

თბილისი თვითმყოფადი და უნიკალურია, მაგრამ უიღბლო გამოდგა.

 

წყარო: http://www.liberali.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2761
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია