დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბლოგი
როგორ გადაურჩა იპოლიტე ხვიჩია პარტიიდან გარიცხვას
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2015/05/16 15:03:25

 

საქართველოს სახალხო არტისტის, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობის, ვახტანგ მეგრელიშვილის (ბაყუჩიას) მოთხრობილი ამბებიდან...

- ომის დროა. მაღაზიის გამგეა ერთი, ლეო გიორგაძე, ჩვენი ამხანაგი. ძალიან უყვარდა თეატრი. ჰოდა,მოიყვანა ორშაბათ დღეს ფაიტონი - არაყი და „პეჩენია“ მაქვს მაღაზიაშიო.
„პეჩენიაო“? - მაშინ ომი იყო, ნუ დაგავიწყდებათ! 


თავისუფალი ვიყავით: იპოლიტე, მე, შოთა პირველი და შალიკო ქარცივაძე, ჰოდა, გავედით კიბულაზე, ჯავახაძის წყაროსთან. იქ ლეოს მეზობლებმა იპოლიტე და სხვა მსახიობები რომ დაგვინახეს, ძალიან გაუხარდათ. ზოგმა ყველი გამოიტანა, ზოგმა - მოხარშული ხორცი, ოჯახში მომზადებული კერძი და გაიშალა იმ კაი ამინდში გარეთ სუფრა. იპოლიტე ძაან უყვარდა ხალხს. ქუჩაში პატარა ბიჭები უკან დასდევდნენ და მე ვაჯავრებდი: იპოლიტე, სამტრედიაში დიმიტრიე გადარეული ცხოვრობს ერთი, ბაღნები დაზდევენ და სწორედ ის ხარ შენ-თქვა.


..მსახიობებს ღვინო მაგრად მოეკიდათ. ამ დროს ჩამოიარა ცალცხენიანმა „კაჭკამ“ (ასეთი დროგით გადაჰქონდათ მაშინ ქალაქიდან ნაგავი). ზედ იჯდა სანიტარი, კაი კაცი ძალიან, თეატრზე და მსახიობებზე გიჟდებოდა. კიბულაში, სადღაც, გადაუყრია ნაგავი და მოიჩქაროდა. მე გავაჩერე, სუფრასთან მოვიწვიე და ორი ჩაის ჭიქა არაყი ერთბაშად დავალევინე, ლეომ არღანიც მოიყვანა და უფრო გახურდა ქეიფი.
იპოლიტემ აიჩემა -ახლა ჩვენ ამ დროგზე დავჯდეთ და ქალაქში გავისეირნოთო.


რავარი საქმეა? სანაგვის დროგზე!
მე დროგით ვერ წამოვალ იქ-თქვა.
გამივიდა უარი?


დავჯექით, წინ არღანი დავასკუპეთ და ჩამოვუარეთ ქალაქის ცენტრს.
ხალხმა დაინახა _ მსახიობები არღნით სანაგვე დროგზე ქეიფობენო, ატყდა სიცილი.


სალონი რომ არის, მერიის გვერდით, იქ იდგა მაშინ ორსართულიანი სახლი და იქ იყო ქალაქკომი. ჩავუარეთ შენობას არღნით, უკრავს არღანი, იპოლიტე ღრიალებს, ერთი ამბავია. გამოცვივდნენ ქალაქკომიდან, გვიყურებენ.


ჩაიარა ამ ამბავმა, გათენდა დილა, შემოგვითვალეს: ხვიჩიას და მეგრელიშვილს (მსახიობებიდან ჩვენ ვიყავით პარტიულები) ნარსია იბარებსო.
აუჰ!.. შევედით ქალაქკომში. მიკანკალებს ყველაფერი. თან მრცხვენია უსაშველოდ - რამ დაგვსვა, მაინც, იმ სანაგვე დროგზე!..
იპოლიტე წინ მიდის. ორად-ორი ღერი თმა აქვს, გრძელი, და ისიც აგერ, ა, მხარზე ასე გადმოგდებული, სასაცილო სანახავია! მაგრამ იმდენად გაცეცხლებული ვარ, ერთი სული მაქვს, ვეცე ახლავე და ყოფა ვუტირო ამ დღეში ჩემი ჩაგდებისთვის.


ნარსიას, მდივანს, დიდი, წითელი, ფანქარი უჭირავს ხელში, გამარჯობა არ გვითხრა. არ გრცხვენიათ, ბიჭო? თქვენ, საბჭოთა მსახიობები... თქვენზე იზრდება ხალხი, რა მაგალითს მისცემთ სხვას? რა გინდოდათ სანაგვე დროგზე?


უკვე დავრწმუნდი, რომ პარტიიდან გაგვრიცხავდნენ, არადა, ეს რა იყო, მაშინ, ხომ იცით?
იპოლიტე რას დაემსგავსა! დაპატარავდა, დაპატარავდა, სულ თითის ხელა შეიქნა.
-ბატონო იოსებოვიჩ, შევცდით და გვაპატიეთო,ამოიკნავლა.


შეხედა ნარსიამ მკაცრად და ვახახახახაა! - რომ ატეხა უცებ სიცილი, კინაღამ არ მოკვდა!
დედაია, არ დავწყნარდი? მუხლები გამიმაგრდა.


მაინც ისეთი შესახედავი იყო პატარა და გვერდზე უკანასკნელი თმის ღერო გადმოგდებული იპოლიტე, თან იმნაირი გამოხედვა ჰქონდა, ნარსია სულს ვერ ითქვამდა.
იმდენად კუთილი კაცი იყო, დასასჯელადაც ვერ გაგვიმეტა.


-მოდი შენ, მეგრელიშვილო, რომ აყუდებულხარ მანდ, კედელთანო, - გადამხვია ხელი, - შენც მოდი აქაო (იპოლიტეს უთხრა). არ გრცხვენიათ , ბიჭოო! აგერ მანქანა მიდგას, თუ ქეიფი გინდათ, მეც მითხარით და წავიდეთ ერთად. ნაგვის დროგზე რა გინდოდათო.


გამოვედით და ქალაქკომის თანამშრომლები, მოყურადებულნი რომ იყვნენ, მაშინვე შემოგვეხვივნენ.
იყო სიცილ-ხარხარი.


მე ვუთხარი იპოლიტეს, გამასწარი ახლა, თორემ გაგლახავ-მეთქი.

იპოლიტე დიდი მსახიობი იყო, მაღალი, თავისებური ხმა ჰქონდა, ტენორი. ყველაფერს გაგიჩერებდა, ისეთი. მოკლედ, სცენაზე შესანიშნავი იყო. ისე თამაშობდა, მე რომ მსახიობი ვიყავი, მის გვერდით მდგომი - მეც კი ვტკბებოდი მაყურებელთან ერთად. ვგიჟდებოდი, ისეთი დიდებული იყო.


(ინტერვიუ ჩაიწერა ნანული ცხვედიანმა. 1999 წლის იანვარი. გაზეთი "ახალი ქუთაისი")

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია