დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ათონის წმიდა ბერების აღმოჩენას დროის აჩქარების თაობაზე მეცნიერები ადასტურებენ
2015/05/14 19:28:08

წმიდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველება: „წელწადი ვითარცა თვე, თვე ვითარცა დღე და დღე ვითარცა საათი“, ჩვენს თვალწინ აღესრულება.

 

ამასწინათ ჩემმა უმცროსმა კოლეგამ და მეგობარმა, „ქვაკუთხედის“ რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე „აღიარა“, რომ მიმდინარე ზამთარი ელვის სისწრაფით გაილია.

 

რა ხდება სინამდვილეში? მართლა აჩქარებულია, თუ არა დრო? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხი რომ მიმეღო, დავუკავშირდი ქუთაისში მოღვაწე ცნობილ მეცნიერს, ბატონ თემურ ადეიშვილს. იგი გახლავთ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, 150 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის ავტორი. მისი საკმაოდ ტევადი მორიგი სამედიცინო საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოს „მედიცინის კოსმოგეოგრაფიული საფუძვლების“ პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება. ბატონი თემური პარალელურად კითხულობს კრეაიონიზმის საგანს (ღმერთის არსებობის დასაბუთება თანამედროვე მოღვაწეთა საფუძველზე) გელათის სასულიერო აკადემიაში.

 

 

– ბატონო თემურ! ძალიან შესამჩნევია, რომ დრო ელვის სისწრაფით მიდის, მიჰქრის, განსაკუთრებით წლევანდელი ზამთარი გავიდა ძალიან სწრაფად. როგორ ახსნით თქვენ, როგორც მეცნიერი ჩვენს ამ „აღმოჩენას“?

 

– თავდაპირველად, განვსაზღვროთ რა არის დრო? ეს არის ფიზიკური ცნება, რომელიც მოვლენათა თანმიმდევრობას აღრიცხავს. მოვლენები, როგორც წესი, გვაქვს სივრცეში. ესა თუ ის მოვლენა სწორედ სივრცეში მიმდინარეობს, დროსთან ერთად. დრო და სივრცე განუყრელი მცნებებია. მათ კიდევ ემატება მატერია. მატერია, დრო და სივრცე ეს არის ერთობილობა, რომელშიც სამყარო არსებობს და ვარსებობთ ჩვენ. ეს ფიზიკური განმარტებაა.

 

        შეიძლება, თუ არა დროის აჩქარება? გააჩნია, რა სისტემაში ხდება ათვლა, თუ ჩვენ ერთი სისტემიდან მეორეში გადავდივართ, შესაძლოა, დროის დინება შეიცვალოს. თუ ვართ მიზიდულობის ველის გარემოში, მაშინ დრო შენელდება. ძლიერ გრავიტაციულ ველში დრო ნელდება. არის ობიექტები, სადაც დრო საერთოდ გაჩერებულია. მაგალითად ასტრონომიაში არის ასეთი შავი ორმოები. საკმარისია დედამიწამ ააჩქაროს თავისი მოძრაობა, რომ დღე–ღამის ხანგრძლივობა შემცირდება.

 

 

ე. ი. დრო ამჟამად აჩქარებულია?

– დიახ! ჩვენ ხომ დროს დედამიწის მოძრაობის მიხედვით ვსაზღვრავთ? თუ აქედან გამოვალთ, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ დრო აჩქარდა. ის იცვლება დღე-ღამის განმავლობაშიც.

– გასაგებია! ზამთარში, ალბათ, უფრო ნელა მოძრაობს. მაგრამ ამჟამად ასე არ მოხდა. ზამთარი წელს ძალიან ჩქარა გავიდა.

– ზამთარი, ზაფხული, გაზაფხული, შემოდგომა – წლის ეს დროები ადამიანების მიერაა პირობითად დაყოფილი. ზამთარი გრძელი იქნება, თუ მოკლე, ეს სეზონზე და კლიმატის ცვლილებაზეა დამოკიდებული. როგორც გითხარით, დროის დინება იცვლება და ის დამოკიდებულია ათვლის სისტემაზე. არის ობიექტები, სადაც დრო საერთოდ გაჩერებულია. თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ, ჟურნალ „განთიადში“ სერიულად იბეჭდება ჩემი ნაშრომები სამყაროს შესახებ და შეგიძლია გაეცნოთ.

 

– თქვენ, ყოველ შემთხვევაში, მეთანხმებით, რომ დედამიწის მოძრაობა აჩქარებულია და შესაბამისად, დროც აჩქარებული?

 

– დედამიწის სიჩქარე თავისი ღერძის გარშემო დროის განმავლობაში ყოველთვის იცვლება. ხან აჩქარებულია, ხან შენელებული. ახლა აჩქარებულია, მაგრამ შეიძლება შენელდეს.


– შეიძლება შენელდეს? ალბათ, ეს იმ შემთხვევაში, როცა მსოფლიოს წმიდანები ღვთის წინაშე ილოცებენ. ღმერთი შეისმენს მათ ლოცვას და გადაწევს მოახლოებულ ბოლო ჟამს.


– მეცნიერებსაც შეგვიძლია, ვიწინასწარმეტყველოთ, მომავალში თუ როგორი სიჩქარით იმოძრავებს დედამიწა. თუ როგორი პროცესები განვითარდება დედამიწაზე, როგორი იქნება დედამიწის შიგნით მიმდინარე პროცესები. მაგ: ვულკანები, მიწისძვრები, დედამიწის ბირთვში მიმდინარე პროცესები, რომლებიც დედამიწის მოძრაობას, მის დინამიკას განაპირობებენ.

 

– მე ვეცნობი სხვადასხვა ლიტერატურას, სადაც მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ, ვთქვათ, ამერიკაში მოსლოდნელია ვულკანის მასშტაბური ამოფრქვევა, მოსალოდნელია მიწისძვრები. ასევეა ევროპაშიც.

 

– კატაკლიზმები ყოველთვისაა მოსალოდნელი. როგორც ასეთი, მიწისძვრის პროგნოზირება ძნელია, თუმცა არსებობს უამრავი მეთოდი. ჩვენც ვმუშაობთ ამ კუთხით.

 

– ბატონო თემურ! ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავთ ცაზე?!

– როგორ ვეღარ ვხედავთ. ვარსკვლავები არსად წასულან. ისინი წარმოიშვებიან, ვითარდებიან, მერე კი ქრებიან.

 

– აი, რომ ქრებიან და აღარ არიან, მაგაშია საქმე.

 

– მე უფრო ვიტყოდი, რომ შეიცვალა ქმედითხედვის უნარიანობა. შეიცვალა ატმოსფეროს გამჭვირვალობა. თუ ადრე ცა გამჭირვალე იყო, ატმოსფერო კი არ იყო დაბინძურებული, შესაბამისად, მაღალი იყო გამჭვირვალობა და შეუიარაღებელი თვალით ვამჩნევდით ვარსკვლავებს. ხლა ვეღარ ვამჩნევთ, რადგან ატმოსფერო დაჭუჭყიანებულია და მის უამრავი მიზეზი არსებობს. კიდევ აფეთქებებია მზეზე, შესაბამისად, დღეები მაგნიტურია. ამის შესახებ არსად არ ცხადდება. „ასავალ–დასავალში“ კი იბეჭდება კვირის მონაცემები, მაგრამ საიდან იღებენ მათ, ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, დღეს სამსახურები არ არსებობს. მაგალითად, მე მქონდა ერთი ასეთი სამსახური, ეკოლოგიურად ძალიან სუფთა ადგილას – ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვანის ობსურვატორია. ვმუშაობდით კიდეც, მაგრამ დამიხურეს.

 

საქმე იმაშია, რომ, როდესაც მზეზე აფეთქებები მიმდინარეობს, მზიდან მოდის ძალიან მაღალი კონცენტრაციისა და სიჩქარის დამუხტული ნაწილაკები. ე. წ. მზის ქარი, რომელიც შემოიჭრება ხოლმე დედამიწის ატმოსფეროში და იწვევს მაგნიტური ველის ცვლილებას. ზოგჯერ ძალიან პიკურ მაჩვენებელს აღწევს და უშუალოდ მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე, მათ შორის ადამიანებზე. ამ დროს, ანუ მაგნიტურ დღეებში უნდა ვეცადოთ, ვიყოთ სარდაფებში.

 

 – სარდაფებში ვიყოთ კი არა, ქუჩებში დავდივართ, მართლა რკინის გამძლეობა გვაქვს თანამედროვე ადამიანებს. ბატონო თემურ! ბოლო პერიოდში ადამიანები უჩივიან თავის ტკივილს, აწუხებთ წნევა, თავბრუსხვევა, ძლიანობა და ა. შ.

– რაც ჩამოთვალეთ ყოველივე უშუალო კავშირშია მაგნიტურ ქარიშხლებთან. არა მარტო მიწიძვრებისას და ვუკანური ამოფრქვევების დროს, არამედ ამინდის ცვლილებების დროსაც ყოველთვის იცვლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად: როცა ამოვარდება ხოლმე ქარი, ამ დროს ადგილი აქვს მოწინააღმდეგო პროცესების ინტენსიურ წარმოშობას. მაგალითად: ულტრა ბგერის ურთიერთქმედებისას ადამიანმა შეიძლება წონასწორობა დაკარგოს, ადამიანი შეიძლება ფსიქიურად აიშალოს, ზოგჯერ იმატებს შიდა ქალის წნევა. საჭიროა, ადამიანებმა ამის შესახებ იცოდნენ. საჭიროა, ჩვენი ის სამსახურები, რომლებიც დაიხურა, აღდგეს.

 

– ღმერთმა ქნას! მადლობას მოგახსენებთ, ბატონო თემურ, საინტერესო და აქტუალური საუბრისათვის და იმედია, მომავალშიც დაგვთანხმდებით ინტერვიუზე.

 

– აუცილებლად.

 

***

ბატონ თემურთან ინტერვიუს შემდეგ სახლში დაბრუნებისთანავე გაისმა ტელეფონის ზარის ხმა. ყველაფერი ღვთის ნებაა. ზესტაფონიდან დამიკავშირდა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი, მგალობელი თამარი და მეუბნება, რომ წირვის შემდეგ ქადაგებისას, მამა კირიონ მუშკუდიანმა დროის აჩქარებაზე ისაუბრა.

 

თამარს გამოვართვი მამა კირიონის ტელეფონის ნომერი. მაშინვე დავუკავშირდი და ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა.

 

– გამარჯობა, მამა კირიონ!

 

– ღმერთმა დაგლოცოთ!

– მამა კირიონ! მითხრეს, რომ თქვენ ქადაგების დროს გისაუბრიათ, ათონის მთაზე თუ როგორ დაფიქსირდა დროის აჩქარების დამადასტურებელი ფაქტი. თავად ბრძანდებოდით საბერძნეთში?

 

– ახლა არა. ათონის მთაზე მე 2008 წელს ვიყავი. მაშინ მოხდა ტურისტი ქალების მალულად შემოსვლა წმიდა მთის ტერიტორიაზე, რაც, მოგეხსენებათ, ათონის კანონმდებლობით აკრძალულია. წმიდა მამების წინასწარმეტყველების მიხედვით კი, უფლის მეორედ მოსვლის მოახლოების ერთ–ერთი წინა პირობაა.

 

რაც შეეხება იმას, რაც ქადაგებისას ვთქვი, ამის შესახებ მიამბო იმ ადამიანმა, ვინც ამ ბოლო დროს იყო ათონის მთაზე, სადაც ბერებს შეუნიშნავთ, რომ კანდელში ზეთის ჩამატების 24 საათიანი დროს გახანგრძლივდა.

 

***

ვრცლად ამ საკითხის ირგვლივ სასაუბროდ, შევთანხმდით, მეორე დღისთვის, მაგრამ ვეღარ დავუკავშირდი. მამა კირიონის ტელეფონი გათიშული იყო. თუმცა ძვირფასო მკითხველო მე, როგორც ჟურნალისტმა, მაინც მოვახერხე მამა კირიონისაგან გამეგო ის, რაც მაინტერესებდა და რაც მინდოდა, რომ თქვენამდე მომეტანა.

 

 

 

 დალი  ბარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია