დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
9 მაისი _ ფაშიზმზე გამარჯვების დღე
ვიაჩესლას ამბავი
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/05/09 14:35:37

დაგვიანებული წერილი ომის ვეტერანზე, ანუ ვიაჩესლავ ხოჯანაშვილის გახსენება 2015 წლის 9 მაისს

 

ის ადამიანი, ვისზეც უნდა მოგიყვეთ, ჩემი მეგვარე იყო. გასული საუკუნის 20-იან წლებში იყო დაბადებული, ზუსტად არ მახსოვს რიცხვი. დაახლოებით 90 წლისა გარდაიცვალა...


სახელი აშკარად სლავური დაარქვეს, მაგრამ მეზობლებმა „გაუქართულეს“ და სიტყვას თავსა და ბოლოში „ვ“ ჩამოაცილეს და ყველა იაჩესლას ეძახდა.


კუნთმაგარი ბიჭი ყოფილა. ჩვენს სოფელში მისი ბავშვობისას საშუალო სკოლა არ ყოფილა და ჩხირაულის სკოლაში გადასულა, იქ კი რამდენიმე სოფლის ბავშვები იყრიდნენ თავს და ხშირად თავს ცდიდნენ ჭიდაობაში (მაშინ სმარტფონები არ ჰქონდათ და გასართობადაც რიკტაფელა და ჭიდაობა ჰქონდათ არჩეული). იაჩესლას ბეჭები არ უნახავს თურმე მიწას, ორიოდე წამში ყველა მოწინააღმდეგეს ლავაშივით დააკრავდა ზემოიმერეთის ეწერზე. მერე ჯარშიც ასე გაგრძელებულა. ომის დროს ვის სცხელოდა საჭიდაოდ, მაგრამ ზოგჯერ მაშინაც გამოერეოდა ნათელი დღეები, როცა არ ისმოდა ზალპი და არც სნაიპერის ტყვია იყო ახლოს... მოკლედ, უზბეკი, რუსი თუ სომეხი ბევრი წაუქცევია, თავად ისევ ბეჭდაუდებელი სახელი ჰქონდა...


 ომიც დასრულდა და შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოსულ თავმომწონე ბიჭს ცოლის შერთვა გადაუწყვეტია. გათხოვილი დები ძმის კეთლდღეობაზე ფიქრობდნენ და ერთმა, საჩხერის სოფელ ქორეთში გათხოვილმა მეზობლის ცისფერთვალება მარიამზე გაიფიქრა: „ჩემს იაჩესლას გამოადგება“ და დაიწყო სტრატეგიის განხორციელება.

_ გამატანე შენი გოგო საყოლში, ჯერ ადრე გაზაფხულია, საქმე ბევრი არაფერი აქვს და მალე დავბრუნდებით, _ დიპლომატიური სვლა განახორციელა იაჩესლას დამ ბიჭაშვილების ოჯახში.


მატარებელი ჩიქჩიქით ჩამოჰყვა მდინარე ყვირილას სანაპიროს, მორიგი ,,დაპიპინებით“ შეახსენა მგზავრებს, რომ სადგურ რკვიაში იყვნენ და მარიამი „ლატენტურ“ სამულეს მორჩილად ჩამოჰყვა ვაგონიდან.


 _ ისე ლამაზად ყვაოდა შქერი და იელი გეზრულის ფერდობებზე, ვფიქრობდი, რა სილამაზეა, ნეტავ ამ სოფელში გამათხოვა! _ წამოსცდა მარიამს სიბერეში. როგორც ჩანს, ნატვრა გულწრფელი იყო და აუხდა.


 საქმე გაიჩარხა. ბიჭაშვილებს ზედსიძედ უნდოდათ მომხიბლავი ახალგაზრდა, მაგრამ ზემოიმერული კუდაბზიკობა, სიამაყეს რომ ეძახიან ჩვენში, „სით გაუშვებდა“?


სამი შვილი, სახლის შენება, გზა-კვალის გაკაფვა შვილებისთვის, ბევრი შრომა და ზოგჯერ გიტარა ხელში... ჰო, ასეთი იყო ნაომარი კაცის ცხოვრება. რუსული რომანსები ჯარში ესწავლა, ქართულ სიმღერებს კიდევ მაშინ ყველა ღიღინებდა და ვიაჩესლავს ცოტა მეტი შეეძლო, ვიდრე დანარჩენებს. ერთხელ ოპერის მომღერლებთან ერთად ასკაციან საქეიფო სუფრაზე „რასცვეტალი იაბლონი ი გრუში“ იმღერა, მერე არაერთი ქართული პოპური და ამ დროს 80 წლისა მაინც იყო. დარჩნენ მსახიობები გაოცებულნი, ამ მთიან სოფელში ეს რა ვოკალი ყოფილა და ამ ასაკში რა ბგერების „აწევა“ შეძლოო.


იუმორი ჰქონდა უბადლო. სულ უნდოდა მოძრაობა და საქმის კეთება. ასაკის მატებასთან ერთად თვალს დააკლდა, მაგრამ „დვიჟენიებში“ სულ იყო, ერთხელ გადასათოვლ სახლზეც ავიდა და უკვე უსინათლომ ცივ ნიავს ამაყად შეაგება მკერდი. ბგერები უყვარდა და ისმენდა რუდუნებით.


ერთხელ დილაუთენია მარიამი აპროტესტებდა ქმრის გადაჭარბებულ „მელომანიას“: შუაღამეზე გამაღვიძა, მოუსმინე, შაშვის ჭახჭახი თუ გესმისო... მაგან მოუსმინა შაშვს, მერე გემრიელად გააგრძელა ძილი და მე კი ძილგატეხილი ვარო...


 უცნაურობამდე სისუფთავე უყვარდა. არ მახსოვს, რომ თუნდაც ერთი ნამცეცი მტვერი ჰქონოდა ტანსაცმელზე, წვერიც მუდამ გაპარსული ჰქონდა.


 სიცოცხლის ბოლო დღეებში უარს ამბობდა საჭმელზე... რამდენიმე ყლუპი რძე ჩემი ხათრით დალია კოვზით და მიიცვალა ისე, რომ არც არავის გვეგონა, რომ მის „კატიუშას“ ვეღარასდროს მოვისმენდით...


 

9 მაისს მივდიოდი ხოლმე და ომის ამბებს მიყვებოდა. ეს განა სიყმაწვილეში მარტო, დიდობისასაც... ახლა კი მისი გიტარა ოთახში საპატიო ადგილას დევს და დუმს. რატომღაც მისი არცერთი ფოტო არ მაქვს... და ვინ იცის, რამდენია ასეთი კაცი, მსოფლიო ომგამოვლილი დრომ და ჟამმა რომ წააქცია... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია