დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეიმურაზ შაშიაშვილი: „პრაქტიკულად, გაწირულია ბიძინა ივანიშვილიც...“
2015/04/30 18:12:40

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი საქართველოში შექმნილ მდგომარეობას აფასებს და სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ: 

 

ვერც მთავრობის გადადგომა და ვერც ახალი მთავრობა ქვეყანაში სიტუაციას ვერ შეცვლის. ქვეყანას სისტემური ცვლილებები სჭირდება.

 

სამწუხაროა, რომ ქვეყანა იმართება ქურდული პრინციპით – მაღალ ეშელონებში დადგენილი თამაშის წესებით და არა ცივილურ და დემოკრატიულ სახელმწიფოთა მსგავსად – კანონებით. ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა სააკაშვილის და მისი გუნდის გაგრძელებაა.

 

ბატონი ივანიშვილისათვის  მთავრობის შეცვლა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, არც ქართული ვალუტის მდგომარეობაა საგანგაშო, უფრო მეტიც, მისი აზრით, ეკონომიკისა და სხვა მიმართულებებითაც რეგიონშიც და შეიძლება, ევროპაშიც, პირველ ადგილზე ვართ.  აქაც, ის წარმატებულად აგრძელებს სააკაშვილს.

 

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კი სრულიად განსხვავებულია – მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უმძიმესი ეკონომიკური გაჭირვების გამო დეპრესიაშია, ხელისუფალთა თავგასული თვითკმაყოფილების ფონზე გამოსავალს ქუჩასა და ქუჩის აქციებში ხედავს. ეს კი კატასტროფა იქნება. ჩვენმა უცხოელმა „მეგობრებმა“ ეს სისტემა ნამდვილად შექმნეს: ხალხი გაჭირვების გამო ადვილად მართვადი გახადეს და ქუჩის აქციების სპეცებიც მოამზადეს, კარგადაც აფინანსებენ.

 

დიდი ანალიზი არ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქვეყნის პოლიტიკური სივრცე დაპყრობილი აქვთ რადიკალებს და ბრძოლის მთავარ არენად ქუჩა და ქუჩის რევოლუციებია. რადიკალებს ქვეყნის შენება არ შეუძლიათ – მათ სკამი და ფული ამოძრავებთ და სწორედ ამ ორის გამო, მათ შეუძლიათ ერთგულებაც და გაწირვაც.

 

უერთგულეს ზვიად გამსახურდიას, დასჭირდათ – უღვთოდ გაწირეს ეროვნული განწყობის კაცი… უერთგულეს შევარდნაძეს, დასჭირდათ და გაწირეს მსოფლიო ავტორიტეტის პოლიტიკოსი… უერთგულეს მიხეილ სააკაშვილს, დასჭირდათ და გაწირეს ამერიკის ხელისუფალთა ფავორიტი… პრაქტიკულად გაწირულია ბიძინა ივანიშვილიც. ის რეალურად მის ხელისუფლებასთან და ‘ოცნებასთან“ ერთად დასრულებულია – სამთავრობო ცვლილებები მხოლოდ დროის გაყვანაა და აძლიერებს ქუჩის პოლიტიკოსებს.

 

პირდაპირ ვთქვათ, გონიერებით სავსე ხალხის ქვეყანაში, გარედან თავსმოხვეული რადიკალების აღზევება არის მიზეზი იმისა, როგორ ყოფაშიც ვართ, როგორც ვცხოვრობთ. მოსახლეობის მინიმუმ 90 პროცენტს ეს რადიკალიზმი არ მოსწონს, მაგრამ ვერც ეწინააღმდეგება, რადგან რადიკალებს დიდი დაფინანსება და მხარდაჭერა აქვთ გარედან.

 

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. საჭიროა სისტემური ცვლილებები. ხალხმა უნდა დაიბრუნოს რადიკალი ქუჩის პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო.   ამას კი არც ფინანსები სჭირდება და არც დიდი დრო, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომელიც არც შევარდნაძეს აღმოაჩნდა, არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს. ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ გონიერებით სავსე და დარბაისელ სახელმწიფო მოღვაწეებს. ასეთი ხალხის დეფიციტი ნამდვილად არ არის საქართველოში.

 

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია