დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა & Co
2009/07/06 06:03:12

სალომე ტყეშელაშვილი

ამ კვირაში გასაოცარ სიტყვებს მეუბნებიან ადამიანები და ისეთი დოზით ვგრძნობ თავისუფლების მოზღვავებას, მეშინია, რაიმე შეცდომა არ დავუშვა.

შეიძლება, ოპერაში წახვიდე, ისე, რომ კაბის შიგნით ტრუსი არ ჩაიცვა, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლის, დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდე. დაახლოებით ასეთ რამეს მეუბნებიან და იმ წუთას, ლამისაა, წავიქცე. თავისუფლება მართლაც შეუზღუდავია და სხვა რაღაცეები კი - ძალიან არსებითი...

რამდენიმე კვირის წინ მეორედ ვნახე ფილმი „ეშმაკს აცვია პრადა.“ მერილ სტრიპი და ენ ჰეთუვეი თამაშობენ. საერთოდ, ჩემი გატაცებაა რომანტიული ჰოლივუდური ფილმები, სადაც უკანასკნელი სცენა კანფეტივით გადნება ენაზე. ასეთი ფილმების ყურებაში შემიძლია, მთელი დღეც გავატარო. თუ გაიხსენებთ, ამ ფილმში მერილ სტრიპი ჟურნალ „პოდიუმის“ რედაქტორის როლს თამაშობს, ენ ჰეთუვეი კი ახალგაზრდა ჟურნალისტ გოგოს განასახიერებს, რომელსაც ისე გაუმართლა, თვითონაც ვერ მიხვდა და „პოდიუმის“ რედაქტორის თანაშემწე გახდა. თუ ოდესმე ჟურნალისტობაზე გიოცნებიათ, შეიძლება, ამ ფილმის შემდეგ ეს ოცნება სხვა ოცნებით ჩაანაცვლოთ. ან პირიქით, იოცნებოთ ასეთ ტკბილ „საგიჟეთში“ მოხვედრაზე.

და თუ ასეთი ჟურნალისტური სამსახური თქვენს ფსიქოტიპს საერთოდ არ შეესაბამება, მაშინ ყოფილმა რედაქტორმა თქვენზე შეიძლება ასეთი რეკომენდაცია გასცეს: „იმედები გამიცრუა, მაგრამ იდიოტი იქნებით, თქვენ თუ მას სამსახურში არ აიყვანთ.“ ოპერაში და, საერთოდ, კლასიკურ კონცერტებზე საცვლის გარეშე წასვლას მოვაყოლე ამხელა ჰოლივუდური ფილმი, უბრალოდ - ზოგი რედაქტორი სხვანაირია და იცის, თავისუფლების რამხელა შესაძლებლობები უნდა მოგცეთ.

ერთადერთი, სიცხეზე შემიძლია ვიწუწუნო. სიცხეში მაღალქუსლიანებს ვერ ვიცვამ, მაგრამ გული მიგრძნობს, ჩემში არის ის     „ეშმაკი“, რომელიც ერთ დღეს „პრადას“ ჩაიცვამს.

griliotaxi@yahoo.com

 

 

როცა გავიგე, ზაზა ზღაპარს წერსო, გავიფიქრე, ეტყობა, გამოსწორების გზაზე დამდგარა-მეთქი. ზღაპრებს, ხომ, ძირითადად, ბავშვებისთვის წერენ. მაგრამ შევცდი, ზაზას ზღაპარი დიდებისთვისაცაა და პატარებისთვისაც. ზღაპარს „სპაიკის ალოგიკური ისტორიები“ ჰქვია. იგი ორი ნაწილისგან შედგება. ზაზაც ზღაპრის ორივე ნაწილს ორ ბლოკნოტში წერს, ორივე ბლოკნოტი ყავისფერია, თუმცა ზომით სხვადასხვა. ერთ ბლოკნოტში „სპაიკის ალოგიკური ისტორიების“ ნაწილი დიდებისთვის იწერება, მეორეში - პატარებისთვის. თუ ცოტახანში გექნებათ იმის საშუალება, რომ სპაიკის ორივე ნაწილი ერთად წაიკითხოთ, მიხვდებით, რომ ზაზა, მეორე, შედარებით მომცრო ბლოკნოტშიც, „ვერგაზრდილი“ დიდებისთვის წერს... მეორედ იქ შევცდი, როცა სპაიკი ძაღლი მეგონა და უცებ აღმოჩნდა კაცი.

ჯერჯერობით ხელნაწერ ბლოკნოტებში და საშემოდგომო ოპტიმისტური პერსპექტივით, წიგნად გამოსული, „სპაიკის ალოგიკური ისტორიები“,        „ეძღვნება მოშე კაცავის ნათელ ხსოვნას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვლება.“

 

ისტორია ?4

 

ანგელოზებმა თეთრი ჯუბები დაიმოკლეს და ზეციურ ქორწილზე ჩოგბურთს თამაშობდნენ. ლაროშ ფუკო ქირქილებდა, თუ ღმერთი კოსმოსშია, ალბათ, დაფრინავსო, ყოველ შემთხვევაში, ვერ ივლისო. ამ დროს როსკიპს ჰოროსკოპი აუხდა და სპაიკის წინ ჩაიარა. მყისიერი კომპლიმენტი კაცისგან - რა მშვენიერი კბილის ემალი გაქვთ. კახპამ, დაფეხმძიმების პერსპექტივის ილუზია რომ გაეფანტა, თვალები მაგრად მოიფშვნიტა და კონტაქტური  ლინზის  შუშები  ჩაუტყდა.  სპაიკმა  სანუგეშოდ ორჯერ აკოცა, როსკიპმა - რვაჯერ. ლაროშ ფუკო, გამაღიზიანებელი სპეკულაციების მაესტრო იყო და ანგელოზებს ტრაქტატი გამოუცხო. ორი შეყვარებულიდან ერთს უყვარს, მეორე ნებას რთავს, რომ უყვარდეს. ამით მან ქალების ნერვებს ერთი წლის სარჩო მისცა ეჭვიანობისთვის. ზემოდან წამოსული ბრძანებით სამოთხის ოლიმპიურ ღრუბელზე ვარჯიშს შეუდგა ბადროს მტყორცნელი, რომლის გამოსროლილი ბირთვი, საეჭვო დამთხვევით რა თქმა უნდა, გამოუძიებელი დარჩა, ფრანგ მოაზროვნეს მოხვდა.“

 

*** 

„უკუღმართი ხარ, ბიძია, შენ, „კამედიები“ უნდა დადგაო.“ - ეუბნებოდა ზაზას გიზო ჟორდანია თბილისური სლენგით და ჟარგონით. სწორედ გიზო ჟორდანიას სახელოსნო ჯგუფი დაამთავრა ზაზამ.

„ახლა უკვე 29 წლის რომ ვარ, ამ გადმოსახედიდან პანაცეა არ არის, რომ პრესტიჟულია და თეატრალური დავამთავრე, უბრალოდ, მთავარი არის, ის, მოხვდე ისეთ ოსტატთან, ვინც ხელობასაც გასწავლის და მერე ეს საქმეც შეგიყვარდება. მე ამაში გამიმართლა, გიზო ჟორდანიას ჯგუფი რომ დავამთავრე.“ - ამბობს ზაზა. პროფესიით თეატრისა და ტელედადგმების რეჟისორი, 8 წელი მუშაობდა თბილისში, მოზარდმაყურებელთა თეატრში. ორი წელია, რაც არ მუშაობს, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ახლობლებისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, თან დროც გაეყვანა და დაწერა წიგნი - თეატრალური კინონოველები, ირონიული მინიატურები. წიგნს „მე, ვუდი ალენი და კომპანია“ ჰქვია.

„ფრანგულ კინოში ფრანსუა ტრიუფოს კინემატოგრაფიის რაინდს ეძახიან, მის ფილმებში ყოველთვის არის ეპიზოდი, ქვეტექსტი, მცირე მინიშნება, რომლითაც ის მისი თაობის კინემატოგრაფიიდან წასულ რეჟისორს პატივს მიაგებდა. ვუდი ალენი მიყვარს. მისი ექსცენტრულობით, შავი იუმორით მიყვარს ის ქალები, ვისაც ის იღებს ფილმებში და რაღაცა ვისესხე თითქოს მისგან და ერთგვარი პატივის მიგებასავათ გამომივიდა, ციტატებიც მაქვს წიგნში ვუდი ალენის, გამოყენებული.“

„ეს ტექსტები, ქვეტექსტები და ტესტები არის სტატისტიკა ჩემი თეატრალური სინემა ემოციებისა. წიგნის ძირითადი თემაა „2X2=5“. მონათესავე სულებმა, ვისაც მე ამ წიგნს ვაჩუქებ,  ჰიპოთეზური ალბათობით - წაკითხვის შემდეგ უნდა იფიქრონ, განსაჯონ, იცინონ, თეატრში იარონ, იტირონ, კინო შეიყვარონ... ფაქტიურად, ჩემი ზეამოცანა ამ ქცევათა პროვოცირებაა.“ - წერს წიგნის ბოლო ყდაზე ზაზა.

 

*** 

ზაზა სპაიკზე წერს. კაცზე, რომელსაც სიზმარში მერლინ მონროსთან აქვს ურთიერთობა, გაღვიძებულს კი გვერდით ახალდაქორწინებული მეუღლე სკარლეტი უწევს, რომელიც იღიმება და სიყვარულს ასხივებს. სპაიკი იღბლიანია, ცხადშიც ქალღმერთთან აქვს საქმე. ზაზას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ფილმებთან, ამბობს, რომ ამ ბოლო დროს წიგნებს უფრო ნაკლებად კითხულობს, სამაგიეროდ, ცდილობს, ინტელექტუალური საზრდო ფილმებიდან შეავსოს. „მე არ ვიჩემებ ექსპერტობას, მაგრამ საკმაოდ ბევრი ფილმი მაქვს ნანახი. რადგან ჩემი პროფესიაც ეს არის. დაკვირვება, აღმოჩენა, ქვეტექსტის გაშიფვრა, კადრების კომპოზიციის სხვადასხვა სპექტრით აღქმა, რაღაცეები გამეგება. ვერასოდეს ვერ ვამბობ, ვინ არის ჩემი საყვარელი რეჟისორი. ათს გეტყვით, ერთი როგორ უნდა გითხრათ?!“...

 

*** 

პრემენსტრუალური სიმპტომებით აღნიშნული ავდექი და წამოვედი. კარგი იყო ზაზასთან, თუ გინდა, რომ მოგისმინონ, უმიზეზოდ უნდა ადგე და მიხვიდე. სპაიკი, ვუდი ალენი, საუკეთესო და საყვარელი რეჟისორი - მაინც მოგონილი მიზეზებია იმისთვის, რომ საკუთარ თავზე დაიწყო მოყოლა და ვინმემ მოგისმინოს. მონაცვლეობით ვუსმენდით ერთმანეთს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია