დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფონდი „ქართუ“ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის მომხრეებს პასუხობს
2015/04/15 00:16:48

ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის საქართველოში საუკეთესო ადგილად თბილისს მიიჩნევს. ასეთ კომენტარს აკეთებს ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნისსაპასუხოდ. შეგახსენებთ, რომ ასეთი მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი გამოდის, რომელმაც ქალაქში ბროშურების დარიგება დაიწყო სახელწოდებით „ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს“ და იგივე მოთხოვნით მოსახლეობაში ხელმოწერებსაც აგროვებს.  

 

„ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით ჯგუფმა გაავრცელა მიმართვა ბიძინა ივანიშვილის, ფონდ „ქართუს“, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მთლიანად სახელისუფლებო გუნდისადმი, რომელშიც შეახსენებს მათ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას ქუთაისში უნივერსიტეტის გახსნის შესახებ. 

 

მიმართვაში ნათქვამია, რომ არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა ქალაქს დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებს და წინასაარჩევნო დაპირებამ ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების შესახებ მოსახლეობაში გააჩინა იმედი, რომ ამ ნაბიჯების შემდეგ ქალაქის ეკონომიკა ნელნელა აღორძინებას დაიწყებდა.

 

„ვთვლით, რომ თქვენს მიერ დაანონსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება პირველი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისთვის. მით უმეტეს თუ გადავხედავთ უახლესი ისტორიის მანძილზე ქალაქის ფუნქციას, ტექნოლოგიურ ბაზას (უკვე არსებული უნივერსიტეტის სახით), ქუთაისს ნამდვილად აქვს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. სტუდენტების სიმრავლე კი დამატებით ბიძგს მისცემს ქალაქის მცირე მეწარმეობის განვითარებას.

 

ამ ფაქტორების გათვალისწინებით გთხოვთ და მოვითხოვთ 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნებას. ის ქალაქს ძალიან სჭირდება!“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს ბიძინა ივანიშვილმა მისცა. 

 

„ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ქონდა დავით აღმაშენებლის დროს,“ – განაცხადა ივანიშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე. 


შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას ფონდი „ქართუ“ თბილისშიგეგმავს

 

ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, უნივერსიტეტი აშენდება თბილისში, რადგან თბილისი ინფრასტრუქტურულად, ტერიტორიულად ყველაზე მომგებიანია ასეთი ფართო და მსხვილი პროექტებისთვის. 

 

„პროექტი არის რამდენიმე წლიანი, რადგან იქნება გათვლილი დიდი რაოდენობის სტუდენტებისთვის. აშენდება საუნივერსიტეტო კამპუსიც“, - განაცხადა ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა იანვარში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სწორედ „ქართუ“ ააშენებს თბილისში და არა ბათუმში, როგორც ეს წინა ხელისუფლებას ჰქონდა განზრახული. 

 

დღეს ნიკოლოზ ჩხეტიანი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ მისთვის უცნობია საინიციატივო ჯგუფის მიმართვის შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ ფონდი ამ მიმართვისთვის არასწორი ადრესატია, რადგან წარმოადგენს კერძო ორგანიზაციას და მისგან წინასაარჩევნო დაპირების  შესრულების მოთხოვნა არაკორექტულია.


ჩხეტიანის განმარტებით, უნივერსიტეტის წარმატებით ფუნქციონირება დამოკიდებულია სტუდენტთა რაოდენობაზე, ხოლო თუ საუბარია სტუდენტების უცხოეთიდან მოზიდვაზე, ამ კუთხით საუკეთესო ადგილი, როგორც ტერიტორიულად, ისე ინფრასტრუქტურულად და სხვა ასპექტებითაც, თბილისია.


ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სავარაუდოდ, 2017 წლისთვის გაიხსნება, თუმცა, კონკრეტულად სად განთავსდება ის, ცნობილი არ არის.

 

„კომერსანტმა“ საინიციატივო ჯგუფის მიმართვასთან დაკავშირებით განმარტებების მოპოვება  „ქართული ოცნებიდანაც“ სცადა, თუმცა კოალიციის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

 

განმარტებებს ველოდებით განათლების სამინისტროსგან.

 

კომენტარზე უარს აცხადებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, რომლის წარმომადგენელმაც განგვიცხადა, რომ პარლამენტარი ამჟამად პირად საქმეზე იმყოფება და ამასთან, სატელეფონო კომენტარებს საერთოდ არ აკეთებს.  

 

წყარო http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=20904&cat_id=7%2C22

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია