დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული „ონლაინ ლიტ-ოაზისები“
2009/07/06 05:50:38

ელექტრონული ბიბლიოთეკები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. მას მილიონობით მკითხველი ჰყავს. არცთუ დიდი ხნის წინ, ქართულ ვებ-სივრცეშიც გამოჩნდა რამდენიმე საინტერესო ონლაინ-ბიბლიოთეკა, თუმცა, უცხოური პორტალებისგან განსხვავებით, ქართული ელ-ბიბლიოთეკები ვერ იქცა სარფიან ბიზნესად, კომპიუტერის წინ კომფორტულად მოკალათება და საყვარელი ავტორის წიგნების კითხვა ჩვენთან ყოველგვარი ფულადი თანხის გადახდის გარეშეა შესაძლებელი.

წიგნისა და ინტერნეტის ურთიერთდაპირისპირების პრობლემა არახალია. მაშინ, როცა ინტერნეტი ახალი ხილი იყო მთელი მსოფლიოსთვის, ხშირად საუბრობდნენ, რომ ის წიგნს ჩაანაცვლებდა და ეს უკანასკნელი თავის ფუნქციას დაკარგავდა. დღეს უკვე ამის აღარავის ეშინია. წიგნს სხვა ხიბლი და ინტიმი აქვს, ის თავის ადგილს, ალბათ, არასოდეს დაკარგავს. „ფობია“ კი, რომელიც ინტერნეტის გაჩენისას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავ ადამიანს ჰქონდა, ძალიან ბუნებრივია, რადგანაც ხალხი, როგორც წესი, შიშით ხვდება სიახლეს (ზუსტად ასევე შიშობდნენ კინოს გამოგონების შემდეგაც - ფიქრობდნენ, რომ იგი თეატრს ჩაანაცვლებდა და სპექტაკლებზე აღარავინ ივლიდა.) დღეს უკვე, შეიძლება ითქვას, ინტერნეტი და წიგნი განუყოფელ ნაწილად იქცა. მათი სინთეზია ელექტრონული ბიბლიოთეკები, რომელთაც მილიონობით მკითხველი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წიგნის ელექტრონული სახით კითხვა, ძალიან მოსახერხებელია, მით უფრო - ჩვენნაირი ქვეყნების მოსახლეობისთვის, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. იმის ფონზე, რომ ნაბეჭდი წიგნი საკმაოდ ძვირი ღირს, ლიტერატურული საიტები წიგნთან ურთიერთობის, ფაქტობრივად, ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა. გარდა იმისა, რომ ამგვარი ბიბლიოთეკები მოსახერხებელია მკითხველისთვის, ის დიდ სამსახურს უწევს თავად ავტორებსაც. ჩვენს ქვეყანაში არც ისე ადვილია დამწყები ავტორისთვის თვითრეალიზება და საკუთარი ნაწარმოებების ფართო წრისთვის წარდგენა, ლიტერატურული პორტალების მეშვეობით კი მათ ამის გაკეთება უპრობლემოდ შეუძლიათ.

ქართულ ვებ-სივრცეში, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ელექტრონული ბიბლიოთეკაა. ალბათ, საიტების სიმცირე იმის ბრალია, რომ პოტენციურ დამაარსებლებს არ სურთ ენთუზიაზმზე მუშაობა, ვინაიდან ამგვარი საიტები არ ფინანსდება და შემოსავალს, როგოც წესი, რეკლამიდანაც კი არ იღებს, ან შესაძლოა, მკითხველის „დაკვეთა“ ახალი ლიტ. საიტების შექმნაზე, უბრალოდ, არ არსებობს, რადგანაც ამ თითზეჩამოსათვლელ ონლაინ-ბიბლიოთეკებსაც კი, არცთუ ისე ბევრი მკითხველი ჰყავს. მოკლედ, დიდი არაა, მაგრამ რამდენიმე ელექტრონულ ბიბლიოთეკას მაინც გამოვყოფთ.

 lib.ge  თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე პოპულარულ ქართულ ლიტერატურულ საიტად, ამას ადასტურებს ეწზყპუ-ს სარეიტინგო დათვლაც. ხელოვნების სფეროს შესახებ არსებულ საიტებს შორის, რეიტინგის მხრივ, დშიყპუ ლიდერობს, მას დღეში საშუალოდ 1700-მდე დამთვალიერებელი ჰყავს. საიტის მთავარი რედაქტორი პოეტი გიორგი კეკელიძეა. ვებ-გვერდი, თავისი სპეციფიკით, განსხვავდება ყველა სხვა ქართული ლიტერატურული საიტისგან. გარდა ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურისა, მკითხველს აქ საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა სახის ესეის, ინტერვიუებს, სამეცნიერო ნაშრომებს. Lდშიყპუ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მალე მას კიდევ ერთი ახალი  განყოფილება - აუდიო მასალა დაემატება. მოკლედ, ეს ონლაინ ბიბლიოთეკა კიდევ ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება თავის მომხმარებელს. საიტზე განსათავსებელ ნაწარმოებს რედკოლეგია არჩევს. დადგენილია მინიმალური ზღვარი, რომელზე დაბალი დონის ნაწარმოებიც ვებ-გვერდზე ვერ მოხვდება. „ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ საიტი არ ფინანსდება და მთლიანად ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. Lდშიყპუ-ზე მხოლოდ იმ ნაწარმოებებს ვდებთ, რომლებსაც ავტორები თავიანთი სურვილით გვიგზავნიან, ბევრი გამომცემლობა კი, ნაწარმოების განთავსების სანაცვლოდ, თანხას ითხოვს. სწორედ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ვაპირებთ კომერციულ საწყისებზე გადასვლას, თუმცა საიტით სარგებლობა მომხმარებლებისთვის კვლავაც უფასო იქნება“ - დიანა ანფიმიადი, პოეტი, lib.ge-ს რედკოლეგიის წევრი.

მეორე ლიტერატურული პორტალი, რომელიც საკმაო პოპულარობით გამოირჩევა, literatura.ge-ა. მისი სპეციფიკა lib.ge-სგან განსხვავებულია. ამ პორტალის მთავარი მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი ავტორების წარმოჩენა. ეს ვებ-გვერდი დამწყები ავტორებისთვის თვითრეალიზების საუკეთესო საშუალებაა. literatura.ge-ს ჰყავს რედკოლეგია, რომელიც აქტიურ მკითხველთა  წრისგან შედგება. მათ საიტის ადმინისტრაცია კომპეტენციის მიხედვით ირჩევს. რედკოლეგიის მთავარი ფუნქციაა, შეაფასოს განთავსებული ნაწარმოები, რომელიც თავდაპირველად ქვეყნდება მხოლოდ რედკოლეგიისა და მკითხველთა კლუბის დასანახად. თუკი ნაწარმოები დადებითად შეფასდა, ის ქვეყნდება ისე, რომ მისი წაკითხვა ნებისმიერმა მკითხველმა შეძლოს და, თუ დადგენილი ზღვარი ვერ გადალახა, ის ავტომატურად იშლება პორტალიდან.

საიტზე მოქმედებს შეფასების და კომენტარის დატოვების ფუნქციაც. მკითხველს შეუძლია, წაკითხვისთანავე შეაფასოს და გამოხატოს თავისი აზრი ამა თუ იმ ნაწარმოების შესახებ. ეს, ნამდვილად, ძალიან კარგი საშუალებაა მკითხველისა და ავტორის დასაახლოებლად და მათ შორის უშუალო, „ნაწარმოებსგარე“ კავშირის დასამყარებლად, მოსაზრებების გასაცვლელად და სხვა..

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პროექტი „ვახტანგ |I“, რომელსაც პროგრამა „ირმის ნახტომი“ ახორციელებს. პროექტი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და საბოლოო სახეს ამ წლის დეკემბრის თვეში მიიღებს. მისი მიზანია,  ყველა კლასიკოსი მწერლის ნაწარმოების ციფრულ ფორმატში გადაყვანა და საიტებზე განთავსება. უკვე შექმნილია ათობით ავტორის საიტი, სადაც მათი ბიოგრაფია, კრიტიკა და მხატვრული ლიტერატურაა განთავსებული. (ამ ვებ-გვერდების სრული ჩამონათვალი, შეგიძლიათ, იხილოთ მისამართზე: www.dlf.ge

მნიშვნელოვანია ის, რომ საიტების შექმნაში უშუალო მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები იღებენ.

კიდევ ერთი საინტერესო ლიტერატურული საიტია, „არილი“ - arili2.blogspot.com. ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა, საინტერესო ინტერვიუები, ლიტერატურული კრიტიკა, რეცენზიები, ესეი - ეს ყველაფერი არილის ბლოკზეა „დაარქივებული“ და მკითხველს ასარჩევად ნაწარმოებების საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს.

ესაა ის ძირითადი ლიტერატურული საიტები, რომლებიც რეიტინგის მხრივ ლიდერობენ. ძირითადი ლიტერატურა, რასაც ქართულ ვებ-სივრცეში შეხვდებით, კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებია (ამ ნაწარმოებების უმრავლესობა მრავალ ჩვენგანს, ალბათ, ისედაც აქვს ბეჭდური სახით, თავის პირად ბიბლიოთეკაში). ასევე ნახავთ ცნობილი თუ არცთუ ისე ცნობილი,ახალგაზრდა ავტორების ნაწარმოებებს. მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ონლაინ-ბიბლიოთეკებისთვის, არამედ, ზოგადად ლიტერატურის სფეროსთვის, კვლავაც თარგმანების სიმცირე რჩება. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე იშვიათად კეთდება მაღალი დონის თარგმანები.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ელ-ბიბლიოთეკებს, ბევრი ტექნიკური თუ სხვა სახის ხარვეზი აქვს, მაინც მისასალმებელია მათი არსებობა. თანაც განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის მართლაც კოლოსალური შრომა, რისი გაწევაც ამ საიტების რედკოლეგიებს უწევთ, ყოველგვარი ფულადი ანაზღაურების გარეშე. მათ იმედი აქვთ, რომ ვინმე ჩვენს ქვეყანაშიც მოიცლის ლიტერატურისთვის და ფინანსური მხარდაჭერით ხელს შეუწყობს, კულტურის ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს აღორძინებას და განვითარებას.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია