დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადვოკატი მამუკა ნოზაძე: პროკურატურა ისევ "კერავს" საქმეებს
2015/04/10 15:45:55

ადვოკატი მამუკა ნოზაძე პოლიციელების თავდასხმასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს ციხეში ყოფნის დროს იცავდა. მან  თავის დაცვის ქვეშ მყოფზე საინტერესო ამბები მოყვა .


მამუკა ნოზაძე: _ პოლიციას და ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ისე აცხადებენ შალვა აბულაძეს დამნაშავედ და მკვლელად. ეს არის ნონსენსი. თქვენს გარდა არცერთი ჟურნალისტი არ დაინტერესებულა მოეძებნათ მისი ადვოკატი და ეკითხათ რაიმე მის შესახებ. ამ ადამიანის მიმართ ვრცელდება საშინელი ინფორმაციები და მას მონსტრად ხატავენ, რაც სინამდვილე არ არის. იგი მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული. ეს გახლდათ შერეული ბრალი და თავად დაზარალებულიც, ანალოგიური ბრალით იჯდა ციხეში. საქმის მასალების მიხედვით, მათ ერთმანეთს ესროლეს, თუმცა არც ამისი მტკიცებულებები არსებობს.

 

2012 წელს ამნისტიის შესახებ კანონი მიიღეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ კი, სწორად შეუფარდა მას ამნისტია და გაუნახევრა სასჯელი. აბულაძე იყო ბიზნესმენი. მას ჰქონდა სასტუმროები, აქირავებდა ფართებს და ფინანსურად შეძლებული იყო, ამიტომ ციხეში ყოფნის დროს შექმნა პატიმართა დახმარების ფონდი, საიდანაც მათ ფინანსურად ეხმარებოდა, ანგარიშზე ურიცხავდა ფულს მედიკამენტებისა და სურსათის შესაძენად. გარდა ამისა, თანხებს აძლევდა საკუთარ პედაგოგებს და ბორჯომში ატარებდა ლიტერატურულ კონკურსებს. გამარჯვებულ, წარჩინებულ 10 მოსწავლეს 1 წლის სტიპენდიას აძლევდა და ა. შ. ამას აკეთებდა აბულაძე ციხიდან, საკუთარი ოჯახის დახმარებით.

 

თავადაც წერდა წიგნებს და გამოსცემდა კიდევაც, ამიტომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სარგებლობდა კარგი რეპუტაციით. ასე, რომ სიცრუეა, როცა ამ ადამიანს მონსტრად წარმოსახავენ. ირაკლი სესიაშვილმა მას ბრეივიკი უწოდა და ასეთი რამ როგორ შეიძლება? აბულაძის საქმეში გასარკვევი არის ბევრი რამ და მისთვის უაპელაციოდ, მტკიცებულებების გარეშე, ასეთი რამეების დაბრალება არაფრით არ შეიძლება.

 

_ აბულაძეს ციხეში იცავდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის დანაშაულს არ ჩაიდენდა?


_ მე მას ვიცავდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამნისტიასა და ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მაშინ მის მიმართ კანონი გარცელდა სწორად. სხვათა შორის, ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე კომისიამ დაახლოებით ოთხჯერ უთხრა უარი, რაც სასამართლოში იქნა გასაჩივრებული. ბოლოს კომისია იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომ, დღეს მის ამნისტიაზე პრეტენზია რომ აქვთ, უნდა იცოდნენ კიდევაც, რა და როგორ მოხდა. ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს მსოფლიოში არის აპრობირებული. ციხიდან გათავისუფლების მერე ვიღაცა დანაშაულს თუ ჩაიდენს, ამის გამო არავინ უნდა გავათავისუფლოთ? არიან პატიმრები რომლებსაც ამნისტია არ შეხებიათ, სასჯელი ბოლომდე მოიხადეს, მაგრამ მერე კიდევ ჩაიდინეს დანაშაული და ამნისტია რა შუაშია?

 

პოლიციის კანონის გამკაცრებას რომ ითხოვენ, ეს კანონი ისედაც საკმაოდ მკაცრია და პოლიციას კანონმდებლობის საფუძველზე ყველა უფლება აქვს შესაბამისად იმოქმედოს. სამწუხარო ფაქტია პოლიციელის სიკვდილი და ვიზიარებ ამ მწუხარებას. არანაირი მკვლელობა არ უნდა მოხდეს, რადგან ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა, მაგრამ ჯერ ხომ არ არის გარკვეული არაფერი და მაღალი თანამდებობის პირები კანონის გამკაცრებაზე რატომ საუბრობენ?

 

პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში გაიჟღერა სიტყვა ლიკვიდაციამ. მან თქვა, ის ან ციხეში უნდა იყოს და ან ერთ ადგილზეო. ერთი ადგილი არის სასაფლაო. არცერთ სამართლებრივ ქვეყანაში, ქვეყნის პირველი პირები, მსგავს რამეს არ განაცხადებენ.

 

_ ხალხიც ამბობს, რომ პოლიცია დაუცველია და ის სხვას როგორ დაიცავსო? იქნებ უფრო კარგად განგვიმარტოთ, პილიცია დაცული როგორ არის?


_პოლიციას ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი აქვს და კანონმდებლობითაც ეს არის გამტკიცეული, რომ მან არა მარტო საკუთარი თავი, არამედ საზოგადოებაც უნდა დაიცვას. მეტიც, ხშირია შემთხვევები, როცა პოლიცია კანონით მინიჭებული უფლებით უხეშად სარგებლობს და არაერთი განაჩენი დადგა ამის გამო. ბოლო დროს ცნობილი გახდა ბევრი ისეთი ფაქტი, როცა უმიზეზოდ დააკავეს ადამიანები, ამიტომ პოლიციელებისთვის დამატებითი შეღავათების მოთხოვნა არის აფსურდი. სტატისტიკურად პოლიციელების მიერ მოკლული ადამიანები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მოკლული პოლიციელები და მათ კანონი რომ არ იცავდეს, ასე ვერ იქნებოდა. ხშირია პოლიციელების ყაჩაღობის ფაქტები, რაზედაც განაჩენებია გამოსული და ახლა რაიმე სენსაციურს არ ვლაპარაკობ.

 

_ ეს ყველაფერი თწვენი აზრით რატომ ხდება? საიდან მოდის ეს მოთხოვნა?


_ პოლიციელების უფლებამოსილების კიდევ უფრო გაზრდას, მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების ზრდაც მოყვება. ბორჯომში პოლიციელის მკველობაზე ამ ადამიანს რა ბრალიც აქვს, ამის მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი და საზოგადოებამაც არ იცის ეს როგორ მოხდა. ახლა კი, ბრეივიკად და ტერორისტად გამოჰყავთ და არც ამის მტკიცებულებები აქვთ. ახლა რაც ხდება ამას ჰქვია ჭორაობა. პროკურატურის მიერ გაჟღერებული დანაშაული და დამნაშავე რომ არ არის ხშირად რეალური, ეს 9 წლის ქრონიკამ გვიჩვენა. ამიტომაც გვყავდა ათასობით პატიმარი და ახლაც ყველაფერი იქით მიდის. რასაც ამბობენ ამ ადამიანზე თუ ეს სიმართლეა, რა გამოდის, ამხელა სახელმწიფოს ერთი ადამიანი ერევა?! მას იმის ძალა უნდა ჰქონდეს, რომ დასაკავებელი ადამიანი დროულად დააკავოს და პოპულისტური მეთოდებით არ დევნონ. სწორედ ამის შედეგია ციხეები კვლავ გავსებული რომ არის უდანაშაულო პატიმრებით. ასეთი პიარკომპანიები კი, ემსახურება ერთადერთ რამეს, დაგვანახონ, თითქოს კრიმინალი გაძლიერდა საქართველოში და ამ მიზეზით აქტიური ღონისძიებები მიიღონ.

 

_ ფიქრობთ , ნულოვანი ტოლერანტობა“ ბრუნდება?!


_ დიახ, სააკაშვილის „ნულოვანი ტოლერანტობა“ და ღარიბაშვილის „ლიკვიდაცია“ არის ერთ და იგივე რამ. მით უფრო, რომ პროკურატურა ისევ „კერავს საქმეებს“, სასამართლოს დამოუკიდებლობაც ჯერჯერობით არ ამაღლებულა და იმასაც ვნახავთ, ჯერჯერობით გვენეტაძე რას გააკეთებს. ფაქტობრივად ქვეყანას ისევ პოლიცია და პროკურატურა მართავს და ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოების საწინააღმდეგოდ. ამ სცენარით დაიწყო ნაცმოძრაობამაც ძალადობრივი რეჟიმის დაყარება და როგორც ჩანს, ახლაც იქით მივდივართ.

 

წყარო http://www.postalioni.com/2015/04/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია