დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლარი წლის ანტირეკორდს მიუახლოვდა
2015/04/03 12:07:29
გუშინ სებ-მა ბაზარზე წარმოუდგენლად დიდი თანხა - 1 მილიარდი ლარი გამოიტანა

ლარი კვლავ ქვესკნელისკენ მიექანება, ერთი დოლარი უკვე 2,25 ლარი ღირს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაპირება, რომ ეროვნული ვალუტა აღარ გაუფასურდებოდა, მხოლოდ ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. არ გამართლდა არც ეკონომიკის მინისტრის პროგნოზი, კვირიკაშვილის დაპირებული სავალუტო სტაბილიზაცია, რომელიც აპრილში უნდა დაწყებულიყო, არ ჩანს. დასუსტებულ ეროვნულ ვალუტას დევალვაციის მიმართულებით ბიძგს სებ-ის მიერ მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდაც აძლევს. მარტო გუშინ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების აუქციონზე ისტორიულად მაქსიმალური თანხა - 1 მლრდ-მდე ლარი გამოიტანა.

ეროვნული ვალუტა ბოლო სამი თვის განმავლობაში თითქმის 19,2%-ით გაუფასურდა. თუ იანვრის დასაწყისში ერთი ამერიკული დოლარი 1,8821 ლარი ღირდა, დღეს მისი ღირებულება უკვე 2,2451 ლარს შეადგენს. სულ მალე, გამორიცხული არ არის, ლარმა 26 თებერვლის მაქსიმუმს მიაღწიოს, როდესაც ერთი დოლარი 2,2635 ლარი ღირდა.

არადა 1 კვირის წინ 25 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ცალსახად ირწმუნებოდა, რომ ლარის გაუასურება და კურსის გაუარესება აღარ მოხდებოდა.

"არ ვფიქრობთ, რომ კურსი კიდევ უფრო უნდა გაუფასურდეს. ამის ნიშნები დღეს არ არის, მაგრამ ახლა საჭიროა ქმედება, რომლის მეშვეობით განეიტრალდება და შემსუბუქება ის ტვირთი, რომელიც მოსახლეობის ნაწილმა მიიღო", - აცხადებდა მაშინ ქადაგიძე.

ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებდა ქვეყნის მთავარი ეკონომისტი. გიორგი კვირიკაშვილი ირწმუნებოდა, რომ სავალუტო სტაბილიზაცია აპრილიდან დაიწყება, ხოლო ზაფხულში გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნებოდა. ამის მიზეზი კი ქვეყანაში უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით შემოდინება გახდებოდა.

"ლარის გამყარება შესაძლებელია. უკვე ზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით უცხოური ვალუტის უფრო მეტ შემოდინებას, ამიტომ ლარის გამყარება მართლაც შესაძლებელია. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისათვის გაამყარებს ლარს თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

საბოლოოდ, არც ეროვნული ბანკის და არც ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი არ გამართლდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ლარი კვლავ თავქვე მიექანება.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციას ხელს ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდაც უწყობს. მარტო გუშინ სებ-მა რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი - 965 მლნ ლარი გასცა, აქედან 265 მლნ ლარი მუდმივმოქმედი სესხია. როგორც წესი, ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებს ყოველ ხუთშაბათს გასცემს, მუდმივმოქმედ სესხებს "საჭიროებისამებრ". წინა ხუთშაბათს ეროვნულმა ბანკმა 700 მლნ ლარის რეფინანსირების სესხის გარდა, 70 მლნ ლარის მუდმივმოქმედი სესხი გასცა.

იმ შემთხვევაში თუ სებ-მა რეფინანსირების სესხების გაცემა გააგრძელა და სავალუტო ბაზარზეც დოლარი-ლარის ბალანსი უფრო მეტად დაირღვა, ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურება გარდაუვალი იქნება. სავალუტო-საბანკო საკითხების სპეციალისტის ვახტანგ ხომიზურაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სებ-მა ბაზრიდან ლარის მასა ამოიღოს, პირიქით, უფრო ზრდის, რაც პოლიტიკური საბოტაჟის ეჭვის აჩენს.

"საერთოდ, როგორც კი სავალუტო ბაზარზე ბალანსი ირღვევა, ანუ ლარი იმატებს მიმოქცევაში, ის კურსზე მყისიერ ასახვას ჰპოვებს. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები კი არ უნდა გასცეს, არამედ, პირიქით, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მიმოქცევიდან უნდა ამოიღოს ლარი. ამას კი სებ-ი რატომღაც არ აკეთებს.

ამბობენ, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთო. მე ამ კოორდინაციას ნამდვილად ვერ ვხედავ. რეალურად ეს თანხა, რომელიც რეფინანსირების სესხებით გაიცემა, სავალუტო ბაზარზე მიდის. ამ ბაზარზე კი იმდენად დიდია ინფლაციური მოლოდინი, რომ დოლარს რეზერვად აგროვებენ. ეს ჩვეულებრივი ინფლაციური შიშია, რომელიც ძალიან ცუდი სინდრომია საერთოდ ეკონომიკისთვის. თუ ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების მიმდინარე ნაშთს კიდევ გაზრდის, მომენტალურად ეს აისახება კურსზე. სებ-ი სხვა მიმართულებით უნდა მუშაობდეს, მაგრამ ამას რატომღაც არ აკეთებს.

რეფინანსირების სესხი რომ ეკონომიკაში ბრუნდებოდეს, შეიძლება გასაგები იყოს ამ რაოდენობით თანხის გაცემა, მაგრამ ეს ფული ეკონომიკაში არ მიდის, იგი მომენტალურად ხვდება სავალუტო ბაზარზე. რატომ აკეთებს ამას სებ-ი, გაუგებარია. აქ შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყო, მათ შორის, როგორც პოლიტიკური, ასევე არაპოლიტიკური. გამორიცხული არაა, რომ ეს სახელმწიფო საბოტაჟიც იყოს", - განუცხადა "რეზონანსს" ხომიზურაშვილმა.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ლარის კურსის ვარდნას წმინდა ფუნდამენტალურ პრობლემას და ექსპორტ-იმპორტის უარყოფით სალდოს უკავშირებს. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა და ქვეყანაში ვალუტა არ შემოვიდა, ეროვნული ვალუტა ისევ დაეცემა.

"ლარი ეცემა იმიტომ, რომ ექსპორტი ვერ გაიზარდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ისევ მაღალია და უარესდება საგადამხდელო ბალანსიც. შეიძლება ვთქვათ, რომ ლარის ვარდნა წმინდა ფუნდამენტალური პრობლემიდან მომდინარეობს.

რაც შეეხება მთავრობის პროგნოზს. თუ მათი გეგმა გამართლდა და აპრილში შემოვიდა ინვესტიციები, მაშინ ლარის ვარდნა შეჩერდება და შემდგომ უკვე გამყარების პროცესიც დაიწყება. სხვა შემთხვევაში, ჯერჯერობით უარყოფითი ტენდენციაა და თუ ეს გაგრძელდა, მაშინ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება", - აღნიშნა გოჩა თუთბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პირველი აპრილიდან 2015 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურების მასშტაბის მიხედვით, საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს.

პირველ პოზიციაზეა უკრაინა, რომლის ეროვნული ვალუტა, გრივნა 82,9%-ით გაუფასურდა, მას მოსდევს რუსული რუბლი - 61,9%-იანი გაუფასურებით, მესამეა ბელარუსული რუბლი (54,4%), შემდეგ მოლდავური ლეი (35,4%), აზერბაიჯანული მანათი (34,6%). მეექვსე, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოა (27,2%), რომელსაც თურქმენული მანათი (22,8%), ყირგიზული სომი (17,2%), სომხური დრამი (14%), უზბეკური სუმი (10%) და ყაზახური ტენგე (1,8%) მოსდევენ.

 

წყარო: http://www.resonancedaily.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია