დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმპერია დაინგრევა და ჩვენ ვიქნებით იმპერიის ნგრევის მოწმე
2015/03/15 09:53:31

ინტერვიუ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძესთან

 

- ბატონო ლაშა, ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად შეაფასა. თქვენი აზრით, რა არის კრემლის მიზანი დღეს?


- კრემლის გამოცხადებული მიზანი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რუსული გავლენის აღდგენაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს მაინცდამაინც ერთიანი სახელწიფოს შექმნა სურს, მაგრამ უნდა, რომ ჰყავდეს მონა სახელმწიფოები ამ ტერიტორიაზე. ამისი ნათელი მაგალითი საქართველოს მთელი დამოუკიდებლობის პერიოდის ისტორიაა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და კიდევ ის, რასაც ვხედავთ დღეს უკრაინაში. სცენარი, რომელიც საქართველოში განახორციელეს, რასაკვირველია, ძალიან ხშირად მეორდება. ასევე, კრემლის მიზანია ე.წ. ევრაზიული კავშირის შექმნა, სადაც ყაზახეთი, შუა აზიის რესპუბლიკები, სომხეთი და ბელორუსია შედის. ყოველ შემთხვევაში სასურველია, რომ ეს ქვეყნები და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებიც შედიოდნენ. ერთადერთი, რასაც, როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად შეეგუა რუსეთი თავის დროზე, ეს არის ბალტიის ქვეყნების დაკარგვა, მაგრამ ის, რაც დღეს რუსეთში ხდება, ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს და პათოლოგიებსაც მოიცავს. სრულიად პათოლოგიურია ის პროპაგანდა, რაც რუსეთში მიმდინარეობს და მგონია, თავად პუტინსაც რომ მოუნდეს, შეაჩეროს ეს შოვინისტური, სხვა ერებისადმი მტრული რასისტული დამოკიდებულება, მასაც კი გაუჭირდება. პანდორას ყუთია გახსნილი და ვფიქრობ, რომ ბალტიის ქვეყნების დაკარგვას რუსეთი თითქოს შეეგუა, ისინი გავიდნენ გავლენის სფეროდან, მაგრამ ესეც დღეს ცხადი არ მეჩვენება. რუსეთი ემზადება ომისთვის, მზად არის ომისთვის და ეს ომი ემუქრება არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს, არამედ მთელ მსოფლიოს. ამას, სამწუხაროდ, ბოლომდე რეალისტურად დასავლეთშიც ვერ ხედავენ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რადგან დასავლეთი ფიქრობს, რომ ამ ვითარებიდან გამოძვრება, შესაძლოა, ლუკმასავით გადაუგდებს საქართველოს, ან უკრაინას. მაგრამ ძალიან შემცდარი არიან, რადგან რუსეთი ამით უკვე შესაძლებელია, აღარ დაკმაყოფილდეს და ბევრად მეტი მოითხოვოს. ჩვენ ვიმყოფებით მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე (მიუხედავად იმისა, რომ ომის ფორმა შეიძლება, ძველს აღარ ჰგავდეს), ეს საშიშროება ძალიან სერიოზულად უნდა გავაცნობიეროთ.

 

- თქვენ ბალტიის ქვეყნებზე ილაპარაკეთ და საინტერესოა, რომ თავად ბჟეზინსკიმაც არ გამორიცხა, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს შეიძლება, თავს დაესხას. თქვენი აზრით, რამდენად შორს შეიძლება, პუტინი წავიდეს?


- როდესაც ვამბობ, რომ პუტინმა პანდორას ყუთი გახსნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან შორის შეუძლია, წავიდეს. ამაზე მარჩიელობა ზედმეტი იქნება. მე გასულ წელს რამდენჯერმე წავიკითხე მოხსენება პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით, 2014 წელს ასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო. შევადარე დღევანდელ სიტუაციას და გარკვეულწილად, ერთმანეთს ჰგავს ის შეგრძნებები, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე იყო. მაშინაც არ ეგონათ, რომ ასეთი საშინელი ომი შეიძლებოდა, მომხდარიყო. უნდა ითქვას, რომ მაშინ დღევანდელისგან განსხვავებით მზადყოფნა ომისთვის უფრო სერიოზული იყო და ხალხი მიესალმებოდა ამ ომს. დღეს ომი არავის სურს, მაგრამ ცვლილებების სურვილი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ, პირველ რიგში, დასავლეთის ქვეყნებშიც არის. ეს ძალიან საშიშია. ვინ არის ის, ვისაც შეუძლია, რომ ეს ცვლილებები მოიტანოს? ეს არის თუნდაც ბევრისთვის მიუღებელი პუტინი. გერმანულში ახალი სიტყვა არის - რუსლანდ- ან პუტინფერშტეერ, რაც ნიშნავს - ისინი, ვინც გაგებით ეკიდებიან რუსეთსა ან პუტინს. სურვილი მსოფლიოში, რომ რაღაც შეიცვალოს, დიდია. ამ მხრივ არსებული წესრიგის დამანგრეველი არის პუტინი. ამიტომ პუტინი მისაღებია ბევრი ადამიანისთვის, როგორც დამანგრეველი არსებული წესრიგისა. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი ცდილობს, ევროპის კავშირს წყალი შეუყენოს, ეს ძალიან კარგად ჩანს საბერძნეთისა და კვიპროსის მაგალითზე. ეს ჩანს სხვაგანაც და მაშინ, როდესაც პუტინი აფინანსებს რადიკალურ ძალებს ევროპაში, რომლებიც ებრძვიან ევროპის კავშირს. ეს არის, მაგალითად, მარი ლეპენი და მისი პარტია საფრანგეთში. პუტინი ეწევა ძალიან დიდ პროპაგანდას და ამაში იხარჯება ძალიან დიდი თანხები ევროპის ქვეყნებში. კიდევ სხვა არის, როდესაც “კაგებეშნიკური“ ხაზით მიმდინარეობს მუშაობა, როდესაც ხდება ადამიანების მოქრთამვა, გადაბირება, შანტაჟი და ასე შემდეგ, ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. ამის შესახებ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ასე ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ წამყვან დასავლურ ჟურნალებსა და გაზეთებში ძალიან ხშირია, როდესაც გაგებით ეკიდებიან რუსეთს. რთული საფიქრებელია, რომ ასეთი სტატიების უკან დგას თავისუფალი ნება, უფრო ხშირად ეს არის რუსული გავლენის შედეგი, ფულით, შანტაჟითა და სხვა ძველი საბჭოური მეთოდებით. ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოში ძალიან ნათლად და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. ჩვენი ქვეყნის მასშტაბისთვის წარმოუდგენლად დიდი ფული მოდის, რომ მედიაში მიმდინარეობდეს პროპაგანდა, იქმნება სხვადასხვა ინსტიტუტი, როგორიც ევრაზიული ინსტიტუტია თუ კიდევ სხვა, იქმნება პატარა ჯგუფები, მაგალითად სადღობელაშვილის მსგავსი ადამიანების ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ძალადობას მიმართავენ. ეს არის მეთოდი, რომელიც რუსეთს მრავალგზის აქვს გამოყენებული და ბოლო პერიოდში ძალიან ნათლად და მკაფიოდ ვხედავთ, როგორ გამოიყენეს ყოველივე ეს უკრაინაში. ასე რომ, ამაში ახალი არაფერია, დოყლაპიებივით არ უნდა ვუყუროთ იმას, რაც საქართველოში ხდება, რადგან ეს არის ძალიან დიდი საშიშროება ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთის მიზანია, რომ საქართველო, ერთ მშვენიერ დღეს, დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე. რატომ არ შეიძლება არსებობდეს დასავლეთის ალტერნატივა იგივე რუსეთის სახით? იმიტომ არ შეიძლება, რომ რუსეთი არის მტრული სახელმწიფო, რომელმაც ეს ძალიან კარგად აჩვენა ამ წლების განმავლობაში და გარდა ამისა, სრულიად პრაგმატულად რომ შევხედოთ, შეგვიძლია, დავინახოთ, რომ რუსეთი არის კულტურულად, ეკონომიკურად სრულიად ჩამორჩენილი ქვეყანა, რომელსაც არანაირი მოგება არ შეუძლია მოუტანოს საქართველოს. ეს იქნება ეროვნული კატასტროფა საქართველოსთვის. საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 70 წლის განმავლობაში ვიყავით რუსეთის ყმები და შეიძლება მომავალი ოკუპაცია, თუნდაც ჯარის გარეშე - საბოლოო ოკუპაცია აღმოჩნდეს.


- რუსეთი საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს პროპაგანდაზე. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში, რომ კრემლის პროპაგანდა უშედეგო აღმოჩნდეს?


- თავისუფლების ქარტია იძლევა გარკვეულ საშუალებებს კანონმდებლობის თვალსაზრისით, უნდა მოხდეს “კაგებეს“ ყოფილ თანამშრომლთა ლუსტრაცია. წლებია, ვლაპარაკობთ ამ თემაზე და ფაქტობრივად ეს კანონი არ ამოქმედდა. შეიქმნა კომისია, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს.


მეორე, არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც ყოველგვარ თანამშრომლობას კრძალავს ოკუპანტთან, ოკუპანტად კი დასახელებულია რუსეთის ფედერაცია. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ინვესტიციები მოდის რუსეთიდან ეკონომიკის სფეროში.


ასევე, წესით შესაძლებელია, აიკრძალოს რუსული ტელევიზიების სრულიად უპრაგონოდ ჩვენება. სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა იქნებოდა, თუ ჩვენ ვიღაცას სახლში შევუცვივდებოდით და თეფშის საშუალებით ყურების შესაძლებლობას არ მივცემდით, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. ძალიან კარგად შეგვიძლია, რომ კაბელიდან ამოვიღოთ რუსული არხები. კაბელში ოფიციალურად განთავსებული არხების ნახევარზე მეტი არის რუსული, რომლებიც ეწევიან საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდას, ეს მტრული არხებია, ამიტომაც აუცილებლად უნდა აიკრძალოს.


უნდა მიეხედოს, რასაკვირველია, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას იღებენ ჩვენი მტრული სახელმწიფოსგან. ამისთვის საქართველოში არსებობს კომპეტენტური ორგანოები, რომლებმაც უნდა ნახონ, სად და ვის ჯიბეში მიდის ფული მოსკოვიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ, არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგუმლა ბოლო წლების განმავლობაში.


- თქვენი აზრით, რატომ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები?


- ვფიქრობ, ეს არის მიშვებულობა, სახელმწიფოს მესვეურები, როგორც ჩანს, ამაზე თვალს ხუჭავენ, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამ სტრუქტურებში უამრავი უაღრესად პატიოსანი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კარგად იციან, რა საშიშროებები ელის საქართველოს თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით თვალის დახუჭვის პოლიტიკას აქვს ადგილი. ძალიან განიცდიან ეს ადამიანები ამას, დარწმუნებული ვარ. როდესაც მათი ხელმძღვანელობა ამაზე არანაირად არ რეაგირებს, მათ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელიც, რასაკვირველია, საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა იყოს და ხალხმა უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც საზოგადოებამ მისცა, იმოქმედონ. ამ მხრივ, მოქმედების არანაირი ელემენტი არ შეინიშნება, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მოქალაქისთვის, ასეა.


- მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში არიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს ემხრობიან. რატომ უჩნდება ადამიანს დღეს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?

 

- ზოგს უჩნდება იმის გამო, რომ პირდაპირ განიცდის გავლენას, ეს იქნება ფინანსური კუთხით თუ შანატაჟის გზით. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უშუალოდ პროპაგანდას აწარმოებენ აქ. ამ პროცესის საწინააღმდეგო პროპაგანდა კი საქართველოში არ მიმდინარეობს. ეს პრობლემა არის არა მხოლოდ აქ, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც, სადაც ჩვენგან განსხვავებით ნოსტალგია ვერ ექნებათ. რაზე უნდა ჰქონდეთ მათ ნოსტალგია? თუმცა, ეს გავლენები იქაც შეინიშნება. საქართველოში გარკვეული ტიპის ე.წ. ბიზნესმენებისთვის ბევრად უფრო მარტივია ისეთი ბიზნესის წარმოება, რომელიც ქრთამზეა დამყარებული და რომელსაც მარტივად მიეჩვივნენ, რადგან წლების განმავლობაში ასე იყვნენ მორგებული საბჭოთა სისტემას. ასევე, მათთვის გასაგებ ენაზე, ამ შემთხვევაში ლინგვისტიკურ ენას ვგულისხმობ, ლაპარაკობს მეორე მხარეც. მათ უჭირთ უცხოეთში მუშაობა, ამ შემთხვევაში არ ვიტყოდი მხოლოდ დასავლეთს, ასევე, აღმოსავლეთსაც, სადაც იციან, როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი. ეს შეიძლება, იყოს ირანი, თურქეთი, აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები, არაბული სახელმწიფოები. მათთან უჭირთ ურთიერთობა, ხოლო უმარტივდებათ თანამშრომლობა მსგავსი აზროვნების მქონე ადამიანებთან რუსეთში.


იქმნება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ვაჭრობა საქართველოს მოგებას მოუტანს. უფრო მეტიც, დიდი სიხარულია იმის გამო, რომ მწვანილს გავიტანთ რუსეთში. სინამდვილეში, ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთს ყოველგვარი კანონებისა და ეთიკის ელემენტარული ნორმების უგულებელყოფით შეუძლია, ნებისმიერ წამს, წუთს გააჩეროს ეს. რუსეთში არ არსებობს პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ეკონომიკა. გარდა ამისა, არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ გადმოღებული გარკვეული სქემები, ძირითადად, დასავლეთის მემარცხენეებისა და რადიკალური ჯგუფებისგან, რაც გამოიხატება ანტიამერიკანიზმში, ნატოს და ევროპის კავშირის სატანიზაციაში. აქვთ გარკვეული სქემები ყოველგვარი საკუთარი გამოცდილების გარეშე და ანტიამერიკანიზმის გამო ხდებიან პრორუსები. ანუ, რუსეთს ხედავენ ისინი შეერთებული შტატებისა და ზოგადად, დასავლური სტრუქტურების ალტერნატივად.


- რა კეთდება დღეს საქართველოში იმისთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რას სთავაზობს რუსეთი და რას სთავაზობს დასავლეთი?


- წლების განმავლობაში ამაზე ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, არაფერი კეთდება. საქართველოში არის სხვადასხვა დაწესებულება ევროპის კავშირისა, ნატოსი და რასაკვირველია ჩვენი უწყებებიც, რომლებიც ვერ ახერხებენ კარგად აუხსნან მოსახლეობას, მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულებამ რა შეუძლია, მოუტანოს თითოეულ მოქალაქეს. ეს თითოეული მოქალაქისთვის კი არა, ფართო საზოგადოების განათლებული ნაწილისთვისაც გაუგებარია. ჩვენ შეგვიძლია, მოვიყვანოთ ჩვენი მეზობელი თურქეთის მაგალითი, რომლის ეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა დიდწილად არის დამყარებული ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროპასთან, რომელიც მან წლების წინ გააფორმა. ეს იქნებოდა ძალიან კარგი მაგალითი, მაგრამ სამწუხაროდ, ამას არავინ აკეთებს ადვილად გასაგები სქემების, ინფროგრაფიკების საშუალებით. ასევე, ძალიან ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინდეს. თუ სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობისთვის უზარმაზარი პერსპექტივები იხსნება სწორედ ასოცირების ხელშეკრულებით, მაგრამ იმისთვის, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტი გავიტანოთ ევროპის ბაზარზე, საჭიროა, ის გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ვინმემ აუხსნა გლეხებს, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, რომ გადიოდეს ევროპულ ბაზარზე? არავინ აუხსნა, ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ ამას სახელმწიფომ ვერ გაართვა თავი და არ გაართვა თავი. თითოეული გლეხისთვის იქნება მომგებიანი, თუ ჩვენი პროდუქტი მოვა შესაბამისობაში ცივილიზებული მსოფლიოს გარკვეულ მოთხოვნებთან, მაშინ გლეხიც ამოისუნთქავს. ამას, რასაკვირველია, ძალიან სერიოზული ორგანიზება სჭირდება. კოოპერატივები უნდა არსებობდეს, ამას სახელმწიფომ ნაწილობრივ ხელი უნდა შეუწყოს. ბევრი ლიბერტარიანელი, ალბათ, შემეწინააღმდეგება, იტყვის, რომ ბაზარი თვითრეგულირებადია და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, ბაზარი არ არის თვითრეგულირებადი. საჭიროა, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქციები შეასრულოს, მიმართულება მისცეს ეკონომიკას. როდესაც ხედავს, რომ სხვადასხვა დარგში პრობლემები არსებობს, იქ უნდა მივიდეს და ჩაერიოს, რადგან სწორ გზაზე თუ დააყენა, შემდეგ თავისით განვითარდება. ამიტომ აქ სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია არა მხოლოდ დოტაციებით, არამედ ახსნა-განმარტებითი მუშაობით, თუ რა მიმართულებით შეიძლება, განვითარდეს.


სხვა ბევრ დარგში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასოცირების ხელშეკრულების ხორცშესხმა. ზოგჯერ ასოცირების ხელშეკრულებას აბრალებენ იმას, რაც არაა მისი მოთხოვნა. მაგალითად, ახალი სავიზო რეგულაციები. თითქოს, ევროპის კავშირის რაიმე მოთხოვნა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ვიზები შევუზღუდოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს. ეს არის ძალიან ცუდი პოლიტიკა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ეს ცუდი პოლიტიკა ვიზებთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებზეც ცუდად მოქმედებს. ერთ-ერთი დიდი საშიშროება ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ იყო ის, რომ ჩვენ თვითონ საქართველოში ამ ხელშეკრულებას შინაარსს გამოვაცლიდით. სამწუხაროდ, ტენდენცია, როგორც ჩანს, აქეთ უფრო არის, ვიდრე იმ შანსების გამოყენებისკენ, რასაც ეს ხელშეკრულება გვაძლევს.


ნატოც არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოებას აეხსნას, რა მნიშვნელობა აქვს ნატოს საქართველოსთვის და რა დადებითის მოტანა შეუძლია.


- ბოლო დროს აქტუალურია ლავროვის განცხადება, რომლის თანახმადაც, თუ “ნატო პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ალიანსში ჩასათრევად“, რუსეთი ამას შესაბამისი ნაბიჯებით უპასუხებს. თქვენი აზრით, რა სცენარი შეიძლება არსებობდეს კრემლში საქართველოსთვის?


- სცენარი რომ დევს, ცხადია. შესაძლებელია, სცენარებიც. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სცენარი არსებობდა სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილის, ყირიმის ოკუპაციის შესახებ. ასე რომ, საქართველოსთან დაკავშირებითაც არსებობს სხვადასხვა სცენარი, აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყოთ ამაში, მაგრამ ამ ეტაპზე ე.წ. რბილ ძალას იყენებს რუსეთი. ეს არის პროპაგანდა, სხვადასხვა პრორუსული ორგანიზაციის დაფინანსება, მაგრამ თუ დასჭირდა, უკან არ დაიხევს და სამხედრო ძალის გამოყენებაზეც არ იტყვის უარს. ჩვენ ვდგავართ ძალიან რთული ამოცანების წინაშე და ვიტყოდი, რომ ასეთი რთული წელი, როგორიც იქნება 2015, საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ჩვენც უნდა შევქმნათ სცენარები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები, პირველ რიგში, რუსეთთან. ამ მხრივაც ვერ ვატყობ, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს.


- რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს გეგმა და რა არის ამ კავშირის იდეა?


- ევრაზიული კავშირი არის სრულიად უაზრო გაერთიანება რუსული იმპერიალიზმის გარშემო. სხვა არანაირი იდეა ამის უკან არ არსებობს. ეს არის ძველი რუსული იდეა. ჯერ კიდევ რუსული იმპერიისთვის იყო დამახასიათებელი ის, რომ, მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა ლაპარაკი, რომ რუსეთი არც ევროპაა და არც აზია. შემდგომ კომუნისტური რუსეთის დროს კრიტიკულად განწყობილმა რუსმა ემიგრანტებმა, მათ შორის ძალიან ცნობილმა ენათმეცნიერებმა, მაგალითად, ტრუბეცკოიმ და კიდევ სხვებმა 20-იან წლებში ჩამოაყალიბეს ევრაზიული მოძრაობა. საინტერესოა, რომ ისინი იყვნენ ემიგრაციაში და ანტიკომუნისტურად განწყობილი ხალხი. თუმცა, რუსი, პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი კომუნისტურ რეჟიმთან იქნება ასოცირებული თუ მის წინააღმდეგ, ის მაინც იმპერიალისტური იდეის მატარებელია. არაფერი სხვა გარდა იმპერიალისტური იდეისა ამის უკან არ დგას, რომ მოსკოვი არის იმპერიის ცენტრი, რომელიც რუსული მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის თანახმად, არის განუმეორებელი სიწმინდე. თუ გავითვალისწინებთ კომუნისტურ იდეოლოგიას, ეს არის კომუნიზმის ბურჯი და აქედან უნდა გავრცელდეს კომუნიზმი. ამ ეტაპზე, რადგან ეს იდეოლოგიური საფუძვლები გამოეცალა დღევანდელ რუსეთს, მართლმადიდებლობითა და რუსული მესიანისტური იდეით შეპყრობილებს სურთ, რომ ევრაზიულ კავშირს მესიანური იდეა მიაწერონ, როგორც ამას ცდილობს დუგინი და მსგავსნი მისნი. ამის უკან არანაირი რეალური ეკონომიკური და პოლიტიკური გათვლები არ არსებობს. ბელორუსიის დიქტატურაც კი უკვე ძალიან მტრულად არის განწყობილი ამ იდეისადმი. რასაკვირველია, ყაზახებს ეშინიათ, მაგრამ მათაც არ უხარიათ. სომხეთი, ისევე როგორც საქართველო, რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი სტრატეგიულად, როგორც კავკასიის მაკონტროლებელი ტერიტორია და სომხეთიც მანამ, სანამ პრორუსულია, საქართველოს ჩანაცვლების მცდელობას წარმოადგენს იმისთვის, რომ საქართველოზე ზეგავლენა იქონიოს როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან. ასევე, აზერბაიჯანზეც რომ არსებობდეს მუდმივი შანტაჟის საშუალება. ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი იძლევა როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის შანტაჟის შესაძლებლობას. აქაც კარგად ჩანს, როგორ შორს გათვლილი გეგმები ჰქონდა რუსეთს, როდესაც ხელი შეუწყო ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებას. უკეთეს შემთხვევაში რუსეთი მე-19 საუკუნის იმპერიალისტურ აზროვნებაში ჩარჩენილი ქვეყანაა, რომელიც ტერიტორიების გაზრდის, გავლენის მოპოვებაზე ფიქრობს ისე, როგორც მე-19 საუკუნის იმპერიალიზმის დროს იყო მიღებული.


- რუსეთის ქმედებები უკრაინაში ბევრს საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრას ახსენებს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია, რომ რუსეთი ომმა და სანქციებმა დაშლამდე მიიყვანოს?


- ის, რასაც რუსეთი აკეთებს, იმდენად ირაციონალურია, იმდენად მტრულია ლოგიკისა, რომ საბოლოო ჯამში ეს არის თვითდესტრუქცულიც. რუსეთის იმპერიის მესვეურები ამას, ალბათ, ვერ ხვდებიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს რუსეთს დაანგრევს. რუსეთის დანგრევა კი, რა თქმა უნდა, საშიშროებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, ასე შეიძლება, მოხდეს. როგორც, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დანგრევა დასავლეთში სულაც არ უნდოდათ და მე კარგად მახსოვს, როდესაც ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა დისკუსიაში მივიღე მონაწილეობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, იქ იყვნენ ძალიან ცნობილი და გავლენიანი დასავლელი პოლიტოლოგები, ისტორიკოსები და სხვა სფეროს წარმომადგენლები, დაცინვით ლაპარაკობდნენ 1990-1991 წლებში, ამბობდნენ, როგორ შეიძლება, საბჭოთა კავშირი დაიშალოს, ამას დასავლეთი არ დაუშვებს. მე წამიკითხავს მოხსენება შვეიცარიის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, რომელიც ძალიან გავლენიან საბჭოთა კვლევების ცენტრად ითვლებოდა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაზე მუშაობდა, როდესაც ვთქვი, რომ საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, დამცინეს. ეს იყო არა 80-იან წლებში, არამედ 1991 წელს, როდესაც საქართველო და სხვა რესპუბლიკებიც უკვე აშკარად იყვნენ დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი, ბრმა უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ არ დაენახა, საბჭოთა კავშირი უკვე ინგრეოდა, დანგრეული იყო ფაქტობრივად. მაშინ კი დამცინეს. გვინდა თუ არა, ასე იქნება, მაგრამ რუსეთის დანგრევაც იქნება ძალიან საშიში, რადგან სხვადასხვა ბანდიტური დაჯგუფების ხელში მოხვდება ატომური იარაღი, ამის სცენარები, სხვათა შორის, ჰოლივუდმა 1990-იან წლებში უკვე გვაჩვენა. იმპერია დაინგრევა და ჩვენ ვიქნებით იმპერიის ნგრევის მოწმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვიყოთ, ჯერ კიდევ მამაჩემი ამბობდა საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს, ჩვენ არ უნდა მოვყვეთ იმპერიის ნგრევის ქვეშ და არ უნდა დაგვეცეს თავში ეს ნანგრევები. სამწუხაროდ, მაშინ ეს შეგონება ვერ გავითვალისწინეთ. მე ვფიქრობ, რომ დღესაც ამისთვის მზად არ ვართ. ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამჟამად მიმდინარეობს იმპერიის ბოლო დიდი გაბრძოლება, ეს გაბრძოლება კი ძალიან საშიშია ყველა მისი მეზობლისა და არა მხოლოდ მეზობლისთვის, თუმცა, პირველ რიგში, საშიშია ჩვენთვის და ჩვენი მეგობარი უკრაინისთვის.

 

ავტორი: ხატია შამანაური

წყარო: http://socialnetwork.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია