დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში ბინები აღარ იყიდება
2015/03/13 21:42:16

ლარის დევალვაციამ უძრავი ქონების ბაზარი შოკში ჩააგდო

 

 

სავალუტო კრიზისმა უძრავი ქონების ბაზარს სერიოზული დარტყმა მიაყენა. დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე ბინების რეალიზაცია კატასტროფულადაა შემცირებული. დოლარის კურსთან ერთად, პრობლემა ბინის მყიდველებს იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის სირთულემაც შეუქმნა. ათიდან შვიდ კლიენტს სესხი არ უმტკიცდება.

 

საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა მეტ-ნაკლებად ყველა სფეროს წინსვლა შეაფერხა, რაც ყველაზე მტკივნეულად უძრავი ქონების ბაზარმა იგრძნო. გარდა იმისა, რომ ბანკებმა კრედიტის გაცემის პირობები გაართულეს, ბინის შეძენის მსურველები დოლარში სესხის აღებას შეგნებულად ერიდებიან და კურსის დაბალანსებას უცდიან.

 

ქართველი მაკლერების შეფასებით, სავალუტო კურსმა უძრავი ქონების ბაზარს ერბაშად "დაარტყა", რადგან სესხის აღებას და რისკს ყველა ერიდება.

 

უძრავი ქონების სააგენტო "კიბეს" ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ შემცირებულია არა მარტო მშენებარე და ახალაშენებული ფართების რეალიზაცია, არამედ დასრულებულ და გარემონტებული ბინებზეც აღარ არის მოთხოვნა.

 

"ლარის კურსის დევალვაციამ და მისმა არასტაბილურობამ უძრავი ქონების ბაზარზე უცუდესი გავლენა მოახდინა. როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, რეალური მყიდველი დავკარგეთ. ვისაც ბინის ყიდვა უნდა, მათ უმეტესობას შემოსავალი ლარში აქვს და დოლარში ნებისმიერ ძვირადღირებულ შენაძენზე უარის თქმა უწევს, მით უმეტეს, როცა საქმე ბინის ყიდვას ეხება.

წესით ამას ბინების გაიაფება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გაიაფდა მხოლოდ პრობლემური ბინები. მას კი, ვისაც არ ეჩქარება, უძრავ ქონებაზე ფასს არ დასწევს.

უკვე გაურკვევლობაა ბინის გაქირავებაზეც. ამ მიმართულებით ფასმა აშკარად იკლო. მოსახლეობას დოლარში დაქირავება უჭირს, ყიდვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ყველა შემკვეთი ითხოვს, რომ დავეხმაროთ ბინის გაყიდვასა და გაქირავებაში, მაგრამ თითქმის არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, რომ პირიქით ითხოვდნენ", - ამბობს ნელი გოგუაძე.

მისი ვარაუდით, სანამ კურსი არ დასტაბილურდება, ბაზრის გააქტიურება ძალიან გაძნელდება.

"სავალუტო კრიზისამდე ახალაშენებულ ბინებზე იყო მოთხოვნა, მაგრამ სამშენებლო კომპანიები ყველაფერს დოლარში აფორმებენ. დღეს ქართულ ბაზარზე არასტაბილური სიტუაციაა და დოლარში დაფიქსირებული თანხის გადახდა მომხმარებელს აღარ შეუძლია.

პრობლემა აქვთ ბინის მფლობელებსაც, რომლებიც ასევე მოლოდინის რეჟიმში არიან. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა, რადგან გარშემო ფასი თითქმის ყველაფერზე მატულობს და სამომხმარებლო კალათაც ძვირდება. ამიტომ ბინის ყიდვასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ნაკლებად ფიქრობენ. უკიდურესი აუცილებლობა თუ არ მოითხოვს, ხალხი გაყიდვისგანაც თავს იკავებს", - დასძენს გოგუაძე.

ბაზრის პრობლემებზე საუბრობს დეველოპერი გელა კვერნაძე, რომლის ინფორმაციითაც, ბინების გაყიდვა თითქმის შეჩერებულია. მისი თქმით, პრობლემა აქვთ იმ კლიენტებსაც, რომლებსაც თანხის ნაწილი გადახდილი აქვთ და ფინანსური ვალდებულების ბოლომდე შესრულება უჭირთ.

"უხეშად ნათქვამია, მაგრამ ვმუშაობთ ძალდატანებით, იქნებ რაღაც გამოსწორდეს. ბინებს უფრო საბანკო განვადებით ყიდულობდნენ, ახლა ესეც გაძნელდა. სესხს ათიდან შვიდ კლიენტს თუ დაუმტკიცებენ, თუმცა ბოლო დროს უკვე ამდენიც აღარ არის. კვირა ისე გავიდა, რომ ათი ცნობისმოყვარეც არ შემოსულა, არათუ რეალური მყიდველი.

როგორც კი ლარსი კურსი 2-ს გადაცდა, გაყიდვამ ერთბაშად იკლო. ელოდებიან ლარი როდის გამყარდება, მაგრამ საამისო პირობას ქვეყნის ეკონომიკაში ვერ ვხედავ. რა შეიძლება მოხდეს მომავალში, წარმოდგენაც არ გვაქვს", - ამბობს კვერნაძე.

ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობენ მაკლერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ზედიზედ რამდენიმე თვეა, ბინებს ვერ ყიდიან. სააგენტო "ჯეოფლათის" წარმომადგენელი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მეტ-ნაკლებად იაფფასიან ბინებზეა შენარჩუნებული და უფრო მეტად გარეუბნებში.

"გასაყიდი ბინა ბევრია, მაგრამ აღარ გვყავს რეალური მყიდველი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ზოგჯერ მთელი თვე ისე გავა, 2 ბინის გაყიდვასაც ძლივს ვახერხებთ, ზოგიერთი სახლი კი თვეობით არის გაყიდვაში. ასეთი მდგომარეობა ბაზრისთვის ძალიან ცუდია.

ვისაც ეჩქარება, ფასს აკლებს, მაგრამ ბინის მფლობელების უმეტესობა ასეთ დათმობაზე არ მოდის. შეიძლება ითქვას, დოლარის კურსს უძრავი ქონების ღირებულებაზე გავლენა დიდად არ მოუხდენია. თუ "ხრუშჩოვკებისა" და მოსკოვური პროექტის ბინების ფასმა მცირედით იკლო, სამაგიეროდ, კვლავინდებურად ძვირია "ჩეხური", "ყავლაშვილი", "თუხარელი"... ასეთები მყარ შენობად მიიჩნევა და ახალი ბინების შემდეგ ყველაზე ძვირად იყიდება", - ამბობს გიო გამყრელიძე, სააგენტო "ჯეოფლათის" წარმომადგენელი.

"დოლარის კურსმა ვითარება თავდაყირა დააყენა. იაფი ბინა მეტ-ნაკლებად იყიდება, მაგრამ საერთო სურათს ოდნავადაც ვერ ცვლის. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს და თავის ბინას საჩქაროდ, დაბალ ფასში ყიდის. მთლიანობაში ცუდი ტენდენციაა: ახალაშენებულ და დამთავრებულ ბინებზე მოთხოვნა მცირდება და ნაკლები ინტერესია საოფისე ფართებსა და მიწის ნაკვეთებზეც. ბოლო დრომდე ამ მხრივ გაცილებით უკეთესი სიტუაცია იყო, მაგრამ სავალუტო პანიკამ მდგომარეობა შეცვალა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთმა დილერმა ნინო დარბაისელმა.

 

წყარო: http://newposts.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2240
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია