დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა“ _ ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე
2015/03/12 19:33:01


გთავაზობთ ფრაგმენტებს ვლადიმირ პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა პუტინას მოგონებიდან ო. ბლოცკის წიგნის, ”ვლადიმირ პუტინი: გზა ხელისუფლებისკენ” (მოსკოვი, 2002 წ.), მიხედვით.
.

კარგად მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის მშობლებთან… მან იმდროისთვის ყველაზე მოდური სტერეოსისტემა ”როსია” შეიძინა და ამის აღსანიშნავად მე და თავისი მეგობრები შინ მიგვიპატიჟა… 
.

სამზარეულოში შევედი. იქ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის დედა, მარია ივანოვნა დამხვდა. საუბარი დავიწყეთ. ამასობაში სამზარეულოში ალექსეი (ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის მეგობარი, რომელმაც ისინი ერთმანეთს გააცნო) შემოვიდა და მარია ივანოვნას ჰკითხა, – ლუდა თუ მოგწონთო. კი, როგორ არა, არაუშავს, მაგრამ ვალოდიას უკვე ჰყავდა ერთი ლუდა, კარგი გოგო იყოო და… აღარ გაათავა იმ ლუდას ქება-დიდება. ცრემლები მომაწვა, კინაღამ ტირილი დავიწყე…
.

ჩვენს ურთიერთობას მართალია არ ახლდა რომანტიკული აღტაცებანი, მაგრამ, სამაგიეროდ, სტაბილური ნამდვილად იყო. ეგაა – უცნაური კანონზომიერება სდევდა თან: ორი თვე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე, არ ვიცი, რა დაგვემართა – ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვსაყვედურობდით… ჩვენი ურთიერთობა წუთიერი გატაცება არ ყოფილა. პირველად, ჩემს სიცოცხლეში მამაკაცს ნელ-ნელა მივეჩვიე და შემიყვარდა.
.

…არ მახსოვს, პაემანზე დამეგვიანებინოს, ის კი დათქმულ დროზე არასოდეს მოსულა, საათნახევარიც კი მიცდია. ხომ ვიცოდი მისი ეს ჩვევა, მაგრამ დაგვიანება მაინც არ შემეძლო – იქნებ დღეს დროზე მოვიდეს-მეთქი… ერთხელ მეტროში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. ვდგავარ. ველოდები… გაიარა თხუთმეტმა წუთმა, მიილია ნახევარი საათი, ერთიც… სული ყელში კი მებჯინება, მაგრამ თავს ვიგულიანებ, – არა უშავს, სადაცაა, გამოჩნდება-მეთქი. საათნახევრის შემდეგ კი თვალები ცრემლით მევსება… როგორც იქნა, გამოჩნდა. იმის თავიც აღარ მქონდა, მეკითხა, რატომ აკეთებ ამას-მეთქი. თვითონ კი ამ საქციელს სამსახურს აბრალებდა, სადაც ის ყოველთვის პუნქტუალური იყო. პირად ცხოვრებაში კი გალაღდებოდა ხოლმე. აბა, რა ექნა?.. ვერ დაუკარგავ – როგორიც იყო, ისეთად წარმოადგენდა თავს, თავის მოსაწონებლად არასოდეს არაფერს აკეთებდა ხოლმე. რას ვიზამდი, როგორიც იყო, ისეთად უნდა მიმეღო…
.

…ასე მგონია, ლენინგრადმა გარკვეული დაღი დაასვა ვლადიმირს. ჩემი ქმარი თავის თავში ჩაკეტილი ადამიანია, ასეთები იყვნენ მისი მშობლებიც.
ერთ წვეულებაზე, ეტყობა, ზედმეტად თავისუფლად ვიქცეოდი: ვცეკვავდი, ვმხიარულობდი, ვიცინოდი. ვლადიმირს ეს არ მოეწონა და ცივად მითხრა, – ჩვენი შემდგომი ურთიერთობა შეუძლებელიაო. შეპასუხება ვერ გავბედე, მით უმეტეს, რომ სიტყვის მნიშვნელობა ნამდვილად მესმის და მაშინვე მივხვდი, უნდა გავცლოდი.
.

თითქოს საწყენი არაფერი იყო, რადგან პატიოსნად მომექცა, სათქმელიც პირში მითხრა… იქაურობა დავტოვე… არ დავმალავ – ძალიან გამიჭირდა! ორი კვირის შემდეგ ჩემი ბინის კარზე მიმაგრებული პატარა ფურცელი დამხვდა: ”მეგობარო, ეს მე ვარ”… და ტელეფონის ნომერი… მერე, შეხვედრისას მითხრა, – აქეთ ვიყავი და რატომ არ უნდა შემომევლოო… მე კი ვტიროდი, სიყვარულს ვეფიცებოდი, – უშენოდ ვერ ვიცოცხლებ-მეთქი. გავაცილე… მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კვლავ გაურკვეველი დარჩა…
.

…ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა. ვგრძნობ, ყოველწამს თვალს მადევნებს – რას გადავწყვეტ და როგორ, გავუძლებ თუ არა ამა თუ იმ გამოცდას.
.

1981 წელს ვლადიმირმა სამთო თხილამურებზე დადგომა შემომთავაზა. არა, შემომთავაზა კი არა, მაიძულა. არც უკითხავს, მიმდოდა ეს, თუ

არა. აშკარა იყო, რომ თხილამურებით სრიალი უნდა დაგვეწყო.
სათხილამურო კოსტიუმები არ იშოვებოდა, მის გარეშე კი საშინელი სანახავები ვიყავით. კოგოლავოში დავდიოდით – ჯერ ტრამვაით უნდა გვევლო, მერე მეტროთი, მერე ელექტრომატარებლით. გზას ორ საათს ვანდომებდით. არც ინსტრუქტორი გვყავდა, თვითონ ვსწავლობდით. ის დადგა თხილამურებზე და წავიდა, ღმერთს მიენდო.
.


…ვლადიმირს ყოველთვის ჰყავდა მანქანა, როცა გავიცანი – ”ზაპოროჟეცს” ატარებდა. მანქანას ჩამხშობი არ ჰქონდა და უმისოდ ღამის ორ საათზე დავსეირნობდით პიტერში. ეტყობა, ვალოდიას ღამის ქალაქის ჩვენება და თავის მოწონება უნდოდა – დახე, ”პირადი” მანქანა მყავსო. იმ დროისთვის პრესტიჟული გახლდათ მანქანის ყოლა. ერთხელ ოთხიოდე დღით ჩავედი მასთან პიტერში. ეტყობა, ძალიან უნდოდა, მანქანით გვესეირნა. სასტუმროში გამომკეტა და მთელი დღე იმ ავადსახსენებელი ჩამხშობის ძებნაში დააღამა. მეწყინა. რად მინდოდა ჩამხშობი – მე მასთან ყოფნა მსურდა, ”ზაპოროჟეცთან” კი არა…
.

1981 წლის ზაფხულში შავ ზღვაზე გავემგზავრეთ, სუდაკში. ვლადიმირმა წყალქვეშა თოფი, ლასტები, ნიღაბი და ლეიბი წამოიღო. ზღვა სახლიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე იყო. მახსოვს, იქ პატარა ნახევარკუნძული იყო. ნაპირიდან მასზე გადასვლა ჭირდა, თანაც თოფით. ცურვით იქ მიღწევა უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. იმ დროისთვის მე მხოლოდ წყალზე ტივტივი შემეძლო, ცურვა მოგვიანებით ვისწავლე. გავრისკე და რეზინის ლეიბით, თითქმის სიცოცხლის ფასად, იმ კუნძულს მივაღწიე. ვალოდია ჩემს გვერდით მოცურავდა.
.

გაგანია შუადღე იყო, მზე საშინლად აცხუნებდა, თავსაც ვერაფერს შეაფარებდი, გარშემო სულ ქვები იყო. ისე დავიწვი, რომ მხრებზე ბებერები დამაჯდა. ვლადიმირი კი საათზე მეტ ხანს წყალქვეშ იჯდა თოფით. სანამ არ გალურჯდა, არ ამოვიდა. მოზრდილი თევზი დაეჭირა და გამარჯვებული სახით ამოყვინთა (მერე ამ თევზით უხა მოვამზადე). აღარ მახსოვს, როგორ მოხდა, მაგრამ უკან მარტომ გავცურე. ვლადიმირი ნაპირს გაუყვა. მე შემეშინდა, რადგან იქ კლდეებს შორის ვიწრო გასასვლელი იყო. ეტყობა, ვუთხარი, ცურვით წამოვალ-მეთქი. თოფი მომაწოდა – გადაცურავო? წყალში თოფი მემსუბუქა და – კი-მეთქი. მაგრამ როცა რის ვაი-ვაგლახით შევცურე ზღვაში და თოფი ცალი ხელით მაღლა ავწიე, ისეთი მძიმე გამოდგა, რომ თავს ვერ დავდებდი, ნაპირამდე მივაღწევდი თუ არა. აღარც კი ვიცი, როგორ გავედი გაღმა. ამგვარად, ყოველთვის ისეთი სიტუაცია იქნებოდა, რომ მოდუნების საშუალება არ მეძლეოდა. სულ რაღაცასთან ბრძოლა მიწევდა: თხილამურებთან, მთებთან, წყალთან…
.

გაცნობიდან სამი წლის თავზე დავქორწინდით, 1983 წლის 28 ივლისს. სხვათა შორის, ქორწინების წლისთავი არასოდეს აღგვინიშნავს…
მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებაზე სიტყვა არასოდეს გადამიკრავს, ორივეს კარგად გვესმოდა, რომ ადრე თუ გვიან უნდა გადაგვეწყვიტა – ან შეერთება ან დაშორება. ვალოდია ვერ აიტანდა, ქალი მიძალებოდა ან მიენიშნებინა – ბოლოს და ბოლოს, როდის მითხოვო. მსგავსი რამ შემთხვევით თუ წამომცდებოდა, ირონიულად იტყოდა, ეს კაცმა უნდა გადაწყვიტოსო…
.


როცა სიყვარული ამიხსნა და ხელი მთხოვა, თან გამაფრთხილა, – კარგად მოიფიქრე, ხომ იცი, რა მძიმე ხასიათი მაქვსო. რასაკვირველია, დავთანხმდი…
სამი თვის შემდეგ დავქორწინდით. აღარც მახსოვს, ქორწილში ვაკოცეთ თუ არა ერთმანეთს… მერე სამოგზაუროდ წავედით. მანქანა ხან სად გვიფუჭდებოდა, ხან სად. იალტას მივაღწიეთ და იქიდან სასწრაფოდ მოსკოვში გავქანდით – ვლადიმირს რაღაც საქმე გამოუჩნდა.
.

ვლადიმირი თავის სამუშაოზე არასოდეს მიყვებოდა. თუ ვკითხავდი, დღეს რა აკეთებდი-მეთქი, ხუმრობით მიპასუხებდა, – სადილობამდე ვიჭერდით, ნასადილევს ვუშვებდითო. მეტი არაფერი…
სხვათა შორის, თავად არასოდეს უთქვამს, რომ კა-გე-ბეს ოფიცერი იყო. როცა ერთმანეთი გავიცანით, მითხრა, – სისხლის სამართლის სამძებროში ვმუშაობო. წელიწად-ნახევარი ასეც მეგონა… მეგობარი მყავდა, ვლადიმირის მეგობრის ცოლი, სწორედ მისგან გავიგე, რომ ვალოდია კა-გე-ბეში მუშაობდა… ვფიქრობ, მან ეს ვალოდიას დავალებით გააკეთა. ხომ უნდა გამოსულიყო სიტუაციიდან ვალოდია, ჰოდა, ეს ხერხი იხმარა.
ვერ მოგატყუებთ, ამ ამბავმა გამახარა-მეთქი, უფრო უსიამოვნო შეგრძნება მქონდა… მივხვდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯერ სრულად არ მენდობოდნენ. მერე ვლადიმირს ვკითხე, – მართალია-მეთქი? – კიო, მიპასუხა.
.

მერე მოხდა რაღაც, რაც დღემდე მახსოვს.
.

მოვილაპარაკეთ, რომ საღამოს შვიდ საათზე დავურეკავდი. შინ ტელეფონი არ გვქონდა, ქუჩის ძველი ავტომატიდან დავურეკე. არ მიპასუხა. დაბნელდა, კვლავ დასარეკად გავედი. უშედეგოდ. უკან რომ ვბრუნდებოდი, ვიღაც ამედევნა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. შემეშინდა და ნაბიჯს ავუჩქარე. მივიხედე. ახალგაზრდა კაცი მომყვება, გავიქეცი – ისიც გამომედევნა ძახილით, – ქალიშვილო, ნუ გეშინიათ, მხოლოდ თქვენთან საუბარი მინდაო. ისე გულწრფელად ამბობდა, რომ შევჩერდი. მომიახლოვდა, – იქნებ ეს ბედისწერაა, ძალიან მინდა თქვენი გაცნობა. ტელეფონის ნომერი მაინც მომეცით, დაგირეკავთ ხოლმეო. რასაკვირველია, ცივი უარი ვტკიცე და შინისკენ გავემართე. მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს ჩემი გამოცდა იყო. მერე, როცა გავიგე, რომ ვლადიმირი კა-გე-ბეში მუშაობდა, ეს შემთხვევა გამახსენდა. ამის შესახებ ბევრჯერ ჩამოვუგდე კითხვა, მაგრამ პასუხს თავს არიდებდა. აქამდე არ ვიცი, ეს შემოწმება იყო, თუ იმ ბიჭს მართლა უნდოდა ჩემი გაცნობა. ისე, უზნეობად არ მიმაჩნია ამ სიტუაციაში ადამიანის შემოწმება – ხომ უნდა გაიგონ, რა სული გიდგას, იქნებ გათხოვების შემდეგ პირველ შემხვედრს გაეკიდო… თუმცა მაშინ ასეთი რამეები არ მანაღვლებდა. მამოწმონ, რამდენიც უნდათ!..
.

…არასოდეს მიწუწუნია ვლადიმირის სამსახურის გამო. სამუშაო სამუშაოა. მაგრამ მწყინდა და მაბრაზებდა, თანაც გაუგებარი იყო ჩემთვის ის, რომ ვლადიმირს შეეძლო ეთქვა, ვთქვათ, ცხრა საათზე მოვალო და არ მოსულიყო. ეს კიდევ არაფერი. არასოდეს მირეკავდა, რომ გავეფრთხილებინე – მაგვიანდებაო. არადა, ხომ შეიძლებოდა, მეც საღამოსთვის რაღაც გეგმები მქონოდა? ძალიან მძიმეა სულ მოლოდინში ყოფნა. ახლაც ველოდები, ვღელავ, ვბრაზობ… ამდენი ხანია, ვერ შევეჩვიე ამას…
.

ფაქტობრივად, მე ყოველთვის ვასრულებდი ვლადიმირის მოთხოვნებს. სწორედ მან მირჩია, უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ესპანურ განყოფილებაზე ჩამებარებინა… მერე მითხრა, – იქნებ მბეჭდავის კურსებიც დაგემთავრებინაო. კი, ბატონო-მეთქი. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა დავორსულდი… მახსოვს, მაშა რომ დაიბადა, მეორე თუ მესამე დღეს დავურეკე – ბავშვს რა დავარქვათ-მეთქი. მე ნატაშა მინდოდა, მაგრამ ვალოდიამ – მას მაშა ერქმევაო. ცრემლები წამსკდა… მერე მივხვდი, არჩევანი არ მქონდა და თავი დავიწყნარე – ჩემს საყვარელ დეიდასაც ხომ მაშა ჰქვია-მეთქი…
.

…დრეზდენში რომ ჩავედი, შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი… ექიმთანაც არ ვიყავი ჯერ ნამყოფი – დრო არ მქონდა. მახსოვს, რომ მივედით, ძალიან გამიჯავრდა. თურმე დაბალი ჰემოგლობინი მქონია. აბა, მაღალი საიდან მექნებოდა? კატიაზე ორსულს ყოველდღე ცალ ხელში მაშა მეჭირა, მეორეში – პროდუქტებიანი ჩანთა და ფეხით ავდიოდი მეექვსე სართულზე. ერთხელ, მეორე სართულზე მეზობელი ცოლ-ქმარი შემომხვდა. ქმარი განცვიფრებით მომაჩერდა, – ლუდა, როგორ შეიძლება ასეო, – მითხრა. ჩამომართვა ბავშვიც, ჩანთაც და ზღურბლამდე მიმაცილა. მერე ჩემს ქმარს უსაყვედურა, – ვალოდია, ცოლს უნდა დაეხმარო ხოლმეო. მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ვლადიმირს ასეთი პრინციპი ჰქონდა – ქალმა შინ ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთოსო, ამიტომაც არასოდეს მონაწილეობდა საოჯახო საქმეებში.
.

მართალი გითხრათ, არც მაშინ და არც ახლა საჭმლის კეთება დიდად არ მიზიდავდა, მაგრამ როგორც ყველა ქალს, მეც მინდოდა, ჩემი გაკეთებული ქმარს ერთხელ მაინც შეექო. ვალოდია პრეტენზიული იყო. თუ კერძი არ მოეწონებოდა, პირს არ დააკარებდა, შექებაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ზოგიერთი მამაკაცი გემრიელად მიირთმევს, თან ქებასაც არ იშურებს – უჰ, რა გამრიელია, რა შესანიშნავიაო. ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ ქმარზე, ჭამაც ჰყვარებოდა და ქებაც არ დაემადლებინა. ყოველთვის მშურდა იმ ქალებისა, რომელთაც სწორედ ასეთი ქმრები ჰყავდა, მაგრამ ჩვენს ოჯახში ასეთი რამ არ ხდებოდა.
.

ვთქვათ, ვალოდია სადილად მოვიდა შინ. სუფრას ვშლი. ის მიირთმევს, მე გულის ფანცქალით ველოდები, რას იტყვის. ვერ გაიგებ, მოეწონა, თუ არა. ”ხორცი როგორია?” – ვეღარ ვითმენ. ”მშრალი!” – მშრალადვე მპასუხობს. თითქოს გულზე დანა დამისვესო. არა და რა გულდაგულ ავარჩიე ჯერ ხორცი, მერე მის მომზადებაში სული და გული ჩავდე. ის კი… თუ კერძი ძალიან კარგი იყო, სამადლოდ გადმომიგდებდა: – არა უშავს…
ნათქვამია, ქალს ნუ შეაქებ, თავს რომ არ გაუვიდესო. ასე რომ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი მუდამ მწვრთნიდა, ასე ვთქვათ, ცერებზე ვყავდი…
.

Livejournal.com

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია