დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზაფხული, 8 მარტი და ქალთა უფლებები...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/03/08 13:21:49
მიუხედავად იმსა, რომ 8 მარტის აღნიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ჩვენ ყველა ქალბატონს ვულოცავთ ამ დღეს და ვუსურვებთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვისათვის ბრძოლა არც ოჯახში და არც სახელმწიფოში არ დასჭირვებოდეს. მითუმეტეს, რომ ჩვენ ხომ სწორედ ის ქვეყანა ვართ, სადაც ჯერ კიდევ მე–12 საუკუნეში ბრძანა დიდმა რუსთველმა: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა – ხვადია!"

8 მარტის, როგორც დღესასწაულის წარმოშობის ისტორიას ხშირად ამერიკელ მუშა ქალებს მიაწერენ. ამბობენ, რომ 1857 წლის 8 მარტს, ნიუ იორკში, ქსოვილის ფაბრიკაში მომუშავე ქალები 12-საათიანი სამუშაო დღის, მცირე ხელფასისა და მზარდი სამუშაო დატვირთვის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრანტები პოლიციამ სასტიკად დაარბია, ბევრი მათგანი დააკავა, ზოგიერთი შეტაკებისას გარდაიცვალა. ორმოცდაათი წლის შემდეგ კი, წლისთავის აღსანიშნავად 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
თუმცა, რათგერსის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და გენდერული საკითხების მკვლევარი, თემა კაპლანი ფრანგ კოლეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს უბრალოდ ლეგენდაა, რომელიც 1955 წლამდე არავის სმენოდა. ამ დემონსტრაციის შესახებ იმდროინდელი ამერიკული პრესაც არაფერს გვეუბნება, მაშინ, როცა სხვა დემონსტრაციები აქტიურად შუქდებოდა. პროფესორის ვარაუდით, ევროპელი სოციალისტები საბჭოთა კავშირთან ასოცირებამ დაღალა და მითიც ამის საფუძველზე შეიქმნა.
 
 
სინამდვილეში ამერიკაში, ქალის (მხოლობითში) საერთაშორისო დღე პირველად 1909 წლის თებერვალში აღნიშნეს. 1908 წელს  აშშის სოციალისტურმა პარტიამ შექმნა ქალთა ეროვნული კომიტეტი და დემონსტრაციების ჩატარება დაავალა. სოციალისტური პარტიის ნიუ იორკის შტაბმა გადაწყვიტა ბრძანების შესრულებას შედგომოდა და 1908 წლის 8 მარტს მასობრივი გამოსვლა მოაწყო მუშა ქალთა უფლებების დაცვისთვის. ამერიკელმა სოციალისტებმა დაადგინეს, რომ ყოველი წლის თებერვლის ბოლო კვირა დღე, ქალთა ეროვნულ დღესასწაულად უნდა გამოცხადებულიყო. 1909 წლის 23 თებერვალს ნიუ იორკელი სოციალისტი ქალები ისევ შეიკრიბნენ ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. ზოგადად, პროპაგანდისტულ საქმიანობაში, საერთო სოციალისტური კალენდარი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და მემარცხენე ძალის კონსოლიდაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა. 
 
ევროპაში ქალთა დღის დამკვიდრება კლარა ცეტკინის პოლიტიკურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ცეტკინი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მოგვიანებით კი კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. 1890 წლიდან 1915 წლამდე ის გერმანული სოციალისტური გაზეთის – თანასწორობის – რედაქტორი იყო. ცეტკინი გამოცემის საშუალებით პროლეტარიატის ინტერესებს აქტიურად ლობირებდა. გაზეთს ლაიტმოტივად გასდევდა ჩაგრული პროლეტარიატის და კიდევ უფრო ჩაგრული ქალთა „კლასის” ტანჯვის ხატი. კლარას ინიციატივით, ევროპაში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1911 წელს დაიწყეს. 1910 წლის აგვისტოში მეორე ინტერნაციონალის დაწყებამდე კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა კრება გაიმართა.
ლუის ზიტცმა და კლარა ცეტკინმა ქალის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა შემოიტანეს, თუმცა რიცხვი არ დაუთქვამთ. 1911 წლის 18 მარტს პარიზის კომუნის 40 წლისთავს სოციალისტებმა ქალის საერთაშორისო დღის აღნიშვნაც დაამთხვიეს. სოციალისტები პარიზის კომუნას პროლეტარიატის პირველ დიქტატურად თვლიდნენ. იმავე დღეს ქალის საერთაშორისო დღე ავსტრია-უნგრეთის სოციალისტურმა ნაწილმაც აღნიშნა. ვენის ქუჩებში 300-მდე ქალი გამოვიდა.  
 
ყველაზე დრამატულად ქალის დღე 1917 წლის თებერვალს, პეტროგრადში აღინიშნა. ეკონომიკური კრიზისის გასაპროტესტებლად ქალებმა 23 თებერვალი (გრეგორიანული კალენდრით, დასავლეთში – 8 მარტი) აირჩიეს. 25 თებერვალს მეფემ გენერალ ხაბალოვს დემონსტრანტების დაშლა, საჭიროების შემთხვევაში კი სროლა უბრძანა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ, ყველას კარგად ახსოვს: მეფე წავიდა, დროებითი მთავრობა მოვიდა, ისიც დაამხეს და ბოლშევიკებმა ქვეყანა ხელთ იგდეს. 8 მარტი (ახალი სტილით) რევოლუციის წინმსწრები ბოლშევიკური ღონისძიება გახლდათ. მადლიერმა ლენინმა კლარა ცეტკინს ნატვრა აუსრულა და 1922 წელს ქალთა საერთაშორისო დღე საბჭოთა დღესასწაულად აქცია.
სადაც კომუნისტები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, იქ 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად მკვიდრდებოდა. 1965 წელს კი ეს თარიღი მთელ საბჭოთა კავშირში უქმე დღედ გამოცხადდა. კომუნისტური დღესასწაულის საერთაშორისო არენაზე გამოჩენას, ნიუ იორკელი ქალების შესახებ მითმა შეუწყო ხელი. 1977 წელს, გაერომ წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, მდედრობითი სქესისთვის დღესასწაული მათი ისტორიული და კულტურული ტრადიციის მიხედვით მიეძღვნათ.
გაეროს რეპუტაციაზე დიდი ხანია აღარავინ დავობს. გასულ კვირას კი პრეზიდენტმა ობამამ ამერიკაში მარტი ქალთა თვედ გამოაცხადა, ხოლო მოქალაქეებს  მოუწოდა ქალთა საერთაშორისო დღესასწაულის 100 წლისთავი 8 მარტს აღენიშნათ. რადგან პრეზიდენტმა ათვლის წერტილად 1911 წელი ცნო, ამით ოფიციალურად მოკვდა 1857 წლის მითი. თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ მის ხელისუფლებაზე ბევრს მხოლოდ ის ათქმევინა, რომ კრიპტოსოციალიზმის ნიღაბი სულ უფრო გამჭვირვალე ხდება.

როგორც ისტორიის გადაფურცვლა ცხადყოფს, ქალთა საერთაშორისო დღე, ძირითადად, დაჩაგრული ქალების ბრძოლის შედეგად მიღწეული კომპრომისია, თუმცა, ბევრ რამეში არცთუ სასახელო იმიჯის მქონე ჩვენს ქვეყანას ქალებთან პოლიტიკურ დამოკიდებულებაში ნამდვილად შეუძლია იამაყოს. მაშინ, როცა ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ქალები საარჩევნო უფლების მოპოვებისთვის დაუღალავად იბრძოდნენ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თანასწორობის უმთავრესი პირობა დააკმაყოფილა და ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა.

 

მსოფლიო სტატისტიკა მოწმობს, რომ ევროპაში პირველად ქალებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო სუბიექტის სახით მონაწილეობის უფლება დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში მიეცათ. დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის საარჩევნო დებულების პირველივე მუხლში ჩაწერა, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობდნენ „განურჩევლად სქესისა“, 1921 წლის კონსტიტუციამ კი ეს უფლება თავის 46-ე მუხლში საბოლოოდ დააკანონა.

 

სხვათა შორის, ბრიტანეთი ხმის მიცემის უფლებას კაცებს 18 წლის ასაკიდან აძლევდა, ქალებისთვის კი ბევრად უფრო ზედა ზღვარი იყო დადგენილი. ეს ბრიტანული გაუგებრობა მხოლოდ 1928 წელს გამოსწორდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საარჩევნო ხმის უფლება ამერიკელმა ქალებმა 1920 წელს მიიღეს, ფრანგებმა - 1944 წელს, იტალიელებმა და იაპონლებმა - 1945 წელს, შვეიცარიელებმა კი მხოლოდ და მხოლოდ - 1971 წელს. ამ ქვეყნების სიაში ბოლო კუვეიტია, სადაც საარჩევნო ხმის უფლება ქალებს მხოლოდ 2005 წელს დაუკანონეს, ხოლო აფრიკისა და ისლამური სამყაროს ზოგიერთ ქვეყნებში (მაგალითად, საუდის არაბეთში) გარკვეული შეზღუდვები დღემდე მოქმედებს. ასე რომ, ქალებო, სანამ ჩაგვრაზე და „წელიწადში ერთადერთი“ დღის იგნორირებაზე დაიწუწუნებთ, არც ამ სტატისტიკის გადახედვა დაგავიწყდეთ...

 

ისეც ნუ მივიღებთ, რომ 8 მარტი მთელ მსოფლიოში იგნორირებული დღესასწაულია. ასე სულაც არ არის, მაგრამ კომუნისტური შეფერილობა ამ დღემ დღემდე ვერ მოიშორა და ამიტომაც, მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მით უმეტეს, პოსტსაბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილში, სადაც ყოველივე კომუნისტურის, სოციალისტურისა და მარქსისტულის მიმართ აგრესიულობამდე მისული გულგრილობა შეინიშნება.

 

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დღეს ყველაზე პრივილეგირებულებად ჩინელი და მადაგასკარელი ქალები ითვლებიან: ამ ქვეყნებში 8 მარტი ოფიციალურად, გამოსასვლელი დღეა, ოღონდ, ერთი კორექტივით: მხოლოდ ქალებისთვის. კაცები ამ დღეს ჩვეულებრივად მუშაობენ, თუმცა, ისიც საკითხავია, უღირთ თუ არა ქალებს 8 მარტი კაცების გარეშე დასვენებად...

 

საქართველოში კი 8 მარტის აღსანიშნავად წელს ქალთა კვირეული მიმდინარეობს, რომლის მთავარი სლოგანია: "მეტი ქალი პოლიტიკაში"! ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ქალები ჩვენთან საკუთარი უფლებებისთვის ისევ იბრძვიან და ამ დღესასწაულის არსებობაც აზრდაკარგული სულაც არ არის!

 
მასალა მომზადებულია ინტერნეტრესურსებზე დაყრდნობით.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3785
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია