დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში დამზადებული თურქული ნაწარმი ევროპაში ქართული სახელით გავა
2015/03/04 10:46:16

“დღეს, საქართველოში მოქმედ თურქულ კომპანიებს ევროპის ბაზარზე პროდუქტი თურქეთის გავლით გააქვთ, შეთანხმების შემდეგ კი პირდაპირ საქართველოდან გაიტანენ და ეს გაზრდის ინვესტიციებს"


“დამზადებულია საქართველოში”- ამ ნიშნით, თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქტი საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გავიდეს. ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოს საშუალებას აძლევს თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით დამზადებული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე დაუბეგრავად გაიტანოს, როგორც ქართული ნაწარმი. ეს პირობა ასოცირების შეთანხმებაში “დიაგონალური კუმულაციის” სახელით გვხვდება. ამ პრინციპით სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა მხარეებს შორის არსებობდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მოლაპარაკებები დაწყებულია თურქეთთან, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს.

 

“საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე სანედლეულო ბაზით და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თურქეთი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც სანედლეულო ბაზა, თუმცა მხოლოდ სამრეწველო პროდუქციისთვის. “დიაგონალური კუმულაცია” ვერ დაფარავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის საბაჟო კავშირი არ მოიცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. საუბარია მხოლოდ ინდუსტრიულ პროდუქციაზე. ამ სანედლეულო ბაზის გაფართოება კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”- აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია.

დღეს საქართველოში თურქული ინვესტიციებით გახსნილი 6 ტექსტილის კომპანია მუშაობს. ეს კომპანიები თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით პროდუქტს საქართველოში კერავენ, შემდეგ კი ისევ თურქეთის გავლით ევროკავშირის ბაზარზე გააქვთ. პირდაპირ საქართველოდან გატანის შემთხვევაში პროდუქტი დაიბეგრება, რადგან ჯერ არ მოქმედებს ე.წ. კუმულაცია. EUGeorgia.info საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ იზრდება თურქული კომპანიების მხრიდან ქართული ბაზრით დაინტერესება, თუმცა ყველა შეთანხმებას ელოდება.

“საქართველოდან ევროპაში გასატან პროდუქციაზე კვოტები აღარ არის და ეს ძალიან კარგია. ამასთან, საქონელი გაიგზავნება ეტიკეტით “Made in Georgia”. ჩვენთან არაერთი ზარი შემოვიდა თურქული კომპანიების მხრიდან. დღეს, საქართველოში მოქმედ თურქულ კომპანიებს ევროპის ბაზარზე პროდუქტი თურქეთის გავლით გააქვთ, შეთანხმების შემდეგ კი პირდაპირ საქართველოდან გაიტანენ და ეს გაზრდის ინვესტიციებს”- აცხადებს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის დირექტორი ოსმან მჟავანაძე.

თურქეთი თავადაც სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. მხარეებს შორის საბაჟო კავშირი ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოქმედებს, თუმცა როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თურქი ინვესტორისთვის საქართველო მიმზიდველია მარტივი საგადასახადო სისტემისა და იაფი მუშახელის გამო. ამ არგუმენტებს ეთანხმებიან საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაშიც, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ კომპანიებს სერიოზული პრობლემა ექმნებათ კვალიფიციური მუშახელის სიმცირის გამო.

“აჭარას იმიტომ ირჩევენ, რომ თურქეთთან ახლოსაა. აქ რომ იკერება, 24 საათში სტამბოლშია, თუმცა აჭარაში დამატებითი საწარმოების გახსნის წინააღმდგენი ვართ, აქ ხალხი აღარაა. საქართველოში იაფი მუშახელია, მაგრამ კვალიფიკაციის პრობლემაა. კომპანიებს უწევთ მინიმუმ სამი თვე ასწავლონ მოქალაქეებს. ვგეგმავთ, საქართველოს სხვა რეგიონებზე გავიდეთ, მაგალითად, გურიაში. ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სპეციალური სკოლის გახსნის თაობაზე, სადაც მოქალაქეები ხელობას შეისწავლიან, ეს ეხება არამხოლოდ ტექსტილს, არამედ ტურიზმის სფეროსაც, კვალიფიკაციის პრობლემა ყველა სფეროშია”- აცხადებს ოსმან მჟავანაძე.

 საქართველოში თურქული ინვესტიციებით გახსნილი ტექსტილის კომპანიებიდან ყველაზე მსხვილი “აჭარა ტექსტილი”, “ბათუმი ტექსი” და “ბი-თი-ემ ტექსტილია”, ყველა მათგანი აჭარის რეგიონში მდებარეობს. “აჭარა ტექსტილი” 10 მილიონი დოლარის, “ბათუმი ტექსი”- 3 მილიონ 900 ათას დოლარის, “ბი-თი-ეი ტექსტილი” კი 15 მილიონ დოლარის პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს წელიწადში.

“აჭარა ტექსტილში” ძირითადად “პუმას”, “ადიდასისა” და სხვა ცნობილი ბრენდების ფორმები იკერება საფეხბურთო კლუბებისთვის, როგორიცაა: დორტმუნდი, არსენალი და გალათასარაი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები “ვიქტორია სიკრეტთანაც”. სანამ ეს კომპანიები ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტს ქართული ნაწარმის სახელით დაუბეგრავად პირდაპირ საქართველოდან გაიტანენ, მანამდე ხელისუფლება თურქეთთან სავაჭრო შეთანხმებაში შესტან ცვლილებათა პაკეტს სწავლობს.

“გასული წლის ნოემბერში, თურქეთთან ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი, რომ “დიაგონალური კუმულაციის” ასამოქმედებლად შესაბამისი ცვლილებები შევიდეს საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში. თურქულმა მხარემ პრინციპული თანხმობა მოგვცა, თუმცა დეტალები შესათანხმებელია. მათ გადმოგვცეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი”- ამბობს მარიამ გაბუნია.

რა წერია ამ პაკეტში- ეკონომიკის სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ საქმე ეხება საერთაშორისო შეთანხმებაში ცვლილების შეტანას, რაც გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული.

“დიაგონალური კუმულაცია” საერთაშორისო ვაჭრობაში ცნობილი პრინციპია და ის 2-ზე მეტ ქვეყანას შორის მოქმედებს, რომელთაც ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვთ. წარმოებაში ჩართულია 2-ზე მეტი ქვეყანა, პროდუქტი კი ითვლება იმ ქვეყანაში დამზადებულად, სადაც საბოლოო გადამამუშავებლი სამუშაო ჩატარდა.

2015 წლის აგვისტოს ბოლოს, საქართველოს ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთანაც, რომელიც აერთიანებს: ისლანდიას, შვეიცარიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინს. ამ ქვეყნებს უკვე აქვთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, შესაბამისად, საქართველოსთან მსგავსი შეთანხმების შემდეგ “დიაგონალური კუმულაციით” სარგებლობაც იქნება შესაძლებელი. 

 

რწყარო: http://eugeorgia.info/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია