დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინვესტორების გზამკვლევი 2 თვეში დასრულდება
2015/02/27 13:47:21

საქართველოში მოდის მსოფლიოში არსებული  სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაახლოებით  90%.  ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. ბევრ ქვეყანას ამის საშუალება არ აქვს და ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო გზამკვლევზე მუშაობს, რომელიც დაინტერესებულ ფერმერებსა და ინვესტორებს საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული ნიადაგის ანალიზისა  და  იქ მოყვანილი თუ მოსაყვანი კულტურების  შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. რა ეტაპზეა ამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესი და რა ინფორმაცია მოიყრის თავს მასში? - ამ საკითხზე www.eugeorgia.nfo-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გოჩა ცოფურაშვილი ესაუბრა.

- დავიწყეთ ყაზბეგით და ამ დროისთვის თითოეულ რაიონზე გვაქვს სრული ინფორმაცია: რუკა, ნიადაგის კვლევის შედეგები, რელიეფი, რა კულტურები მოდის, ან რომელი კულტურები შეიძლება რომ იწარმოებოდეს, დემოგრაფიული მდგომარეობა, ინფრასტრუქტურის სრული აღწერა: სად გადის გზა, სადამდეა დენი და გაზი მიყვანილი, არსებობს თუ არა სარწყავი სისტემა. ასევე გვაქვს ანალიტიკური ნაწილი: ბაზრების კვლევა და ინფორმაცია ახალი შესაძლებლობების შესახებ.  ამ ინფორმაციაზე დარგობრივი კომისიები მუშაობენ. ამჟამად სამინისტროში 17 ასეთი კომისიაა. მათ შორის: მეცხოველეობის, მეთევზეობის, მეკარტოფილეობის...

ასეთი  დოკუმენტი აქამდე არ გაკეთებულა. ძალიან დიდი მასალაა. მარტო კარტოფილზე გვაქვს 147-გვერდიანი ნაშრომი. განხილულია,  სად შეიძლება მოვიყვანოთ ბიომიმართულების კარტოფილი და რომელ ზონაში რომელი სათესლე მასალის გამოყენებაა უკეთესი. დაკონკრეტებული გვაქვს ის რაიონები, სადაც  კარტოფილის მოყვანისთვის კარგი პირობებია. მაგალითად, ამ მხრივ ახალქალაქს ალტერნატივა არ აქვს -  იქ აუცილებლად უნდა მოიყვანონ კარტოფილი. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ იქ მოხდეს თესლბრუნვა: ნაკვეთზე, სადაც ერთ წელს კარტოფილი მოჰყავთ, მეორე წელს აუცილებლად ხორბალი, ან ქერი უნდა დაითესოს. როცა ნიადაგი ისვენებს, ამით ორივე კულტურა იგებს. შესაძლოა, გლეხისთვის  კარტოფილის მოყვანა უფრო მომგებიანი იყოს,  ვიდრე ქერის, მაგრამ მას უნდა ავუხსნათ, რომ ნიადაგი აუცილებლად უნდა დაასვენოს.  როცა ერთსა და იმავე ნაკვეთზე 7 წელი ზედიზედ კარტოფილს თესავ, იქ გარკვეული დაავადებები ჩნდება. ასეთი ნიუანსები ძალიან ბევრია.  მაგალითად, ბოლნისში საადრეო კარტოფილი მოდის და ის დროულად უნდა ამოვიღოთ, რადგან მაღალ ტემპერატურაზე იქ თავს იჩენს სხვადასხვა დაავადებები. ამიტომ, ამოღებასაც სწორი ორგანიზება სჭირდება და არავითარ შემთხვევაში იქ არ უნდა დაითესოს საგვიანო, ან საშუალო-საადრეო ( 2,5- თვიანი) თესლი.

ეს პროგრამა და კვლევები მზადდება იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ყველა წინაპირობა, რათა ადგილობრივ ფერმერს თუ უცხოელ ინვესტორს ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია საქართველოს აგრარულ სექტორში არსებული რეალური მდგომარეობისა და შესაძლებლობის შესახებ.

- სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს გზამკვლევი ამავე დროს იქნება ერთგვარ სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ რომელ რეგიონში რა კულტურები მოდის და ამ კულტურებიდან რომელს  უწევს რეკომენდაციას სამინისტრო. რა არის იმ კულტურების შერჩევის კრიტერიუმი, რომელსაც რეკომენდაციას გაუწევთ? რომელი კულტურებს გაუწევთ რეკომენდაციას მაგალითად, კახეთში?

- სამინისტროს საბოლოო მიზანი სწორედ ის არის, რომ ადამიანებს ვუთხრათ, ამა თუ იმ კონკრეტულ რაიონში ბაზრის კვლევიდან და მისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რისი წარმოება მიგვაჩნია მიზანშეწონილად. დასკვნა უნდა გაკეთდეს ისეთი მარკეტინგული კვლევის საფუძველზე, რომლიდანაც გვეცოდინება, რომელი პროდუქტი და რა რაოდენობით უნდა მოვიყვანოთ. ასეთ კვლევაზე ამჟამად ვმუშაობთ. ახლა ჯერ პროცესი ძალიან სტიქიურია,  ევროკავშირის ქვეყნები ასე სპონტანურად არ მუშაობენ. მათ იციან, როდის რა უნდა მოიყვანონ, რა რაოდენობით და რომელ ბაზარზე გაიტანონ. ეს ამ დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს გააზრებული. ადამიანს არ უნდა მოვაყვანინოთ ისეთი პროდუქტი,  რომლის რეალიზაციაც  შემდეგ გაუჭირდება.

კახეთში მევენახეობის გარდა კარგად მუშაობს ხილიც, მაგალითად, ატამი. არის ერთი სოფელი, რომელიც მთლიანად ატმის, უფრო სწორად კი ვაშლატამას მოყვანაზეა კონცენტრირებული. ასეთი სოფელია ჩუმლაყი. ყველა ის კომპანია, რომელიც საქართველოდან ატმის ექსპორტით არის დაკავებული, ჩუმლაყში ჩადიოდა და შესაბამისად, იქ 1 კგ ხილიც არ დარჩა გასაყიდი. საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ იქით, რომ ვიცოდეთ, რომ რომელიღაც კონკრეტულ სოფელში კარგად მოდის ამა თუ იმ  ჯიშის ვაშლი, რომელიც მოთხოვნადია და ეს სოფელიც ამ ვაშლის მოყვანაზე იმუშავებს. მაგრამ ამავე დროს დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ ამ სოფლიდან პროდუქციის დიდი რაოდენობის მიღება იქნება შესაძლებელი და ის აუცილებლად გავა სადმე.

საქართველოში მოდის მსოფლიოში არსებული  სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაახლოებით  90%.  ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. ბევრ ქვეყანას ამის საშუალება არ აქვს და ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ.

- როდის იქნება ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი დაინტერესებული მოქალაქეებისთვის?

- უკვე არსებული მასალის სრულყოფას და დახვეწას დაახლოებით კიდევ 1,5-2 თვე დასჭირდება.  ძალიან დიდი მასალა გროვდება. არ გვინდა, რაიმე გამოგვეპაროს. გვინდა, რომ სიღრმეებით იყოს დატვირთული და ამიტომ არ ვჩქარობთ. 

ეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ინტერაქტიური რუკის სახით დაიდება.  შესაძლებელია, ეს მასალა ბროშურის სახითაც გამოიცეს და ინგლისურ ენაზეც ითარგმნოს.

 

წყარო: http://eugeorgia.info/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2312
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია