დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უცხოელი ინვესტორი არჩილ ვეკუას და თხილის კომპანია „ა.ბ.ვ. ჯგუფს“ თანხების დიდი ოდენობით მითვისებაზე ზუგდიდის სასამართლოში ედავება
2015/02/20 15:48:59

საკითხის მნიშვნელობას განსაზღვრავს ის, რომ იგი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და დაცვის საკითხთან, რასაც კარგად ასახავს შვეიცარიის რეზიდენტი თურქეთის მოქალაქისა და შვეიცარიული საწარმოს წინაშე საქართველოში შექმნილი პრობლემები.

 

შვეიცარიის რეზიდენტი ალი რიზა კიზილდაგი, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შვეიცარული კომპანია „ანკა ფუდის“ დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, 2009 წლიდან აწარმოებს საქართველოში  თხილის შესყიდვას, გადამუშავებას და ექსპორტს ევროპის ბაზარზე.

 

ამ მიზნით მან ურთიერთობა დაამყარა შპს „ა.ბ.ვ. ჯგუფთან“, რომელიც რეგისტრირებულია ზუგდიდში და მისი დირექტორი ოფიციალურად არის ბექა ვეკუა, მაგრამ ძირითად საქმიანობას ახორციელებდა მისი ძმა არჩილ ვეკუა.

 

2009-2011 წწ. მანძილზე „ანკა ფუდის“ მიერ „ა.ბ.ვ. ჯგუფის“ ანგარიშზე ჩამორიცხულ თანხებსა და მიწოდებულ პროდუქციას შორის სხვაობამ შეადგინა 410 210 ლარი და 200 200 ევრო, რომელიც არ იქნა გადახდილი „ანკა ფუდისათვის“, მიუხედავად არაერთი მოლაპარაკებისა. აღნიშნულ თანხებში შედის აგრეთვე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის-კრედიტის“ (რომლის დამფუძნებელი ასევე არის ბ-ნი კიზილდაგი) მიერ თხილის მწარმოებელ 67 ფერმერზე გაცემული სესხების უკან დასაბრუნებელი თანხები 79800 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით ჰქონდა აღიარებული შპს „ა.ბ.ვ. ჯგუფს“ ფერმერებიდან მიღებული თხილის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად.

 

აღნიშნულის გამო „ანკა ფუდმა“ 2013 წლის აგვისტოში შეიტანა სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლოებში შპს „ა.ბ.ვ. ჯგუფის“ და  არჩილ ვეკუას წინააღმდეგ.

 

გამოძიება ჩაატარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა და შპს „ანკა-ფუდი“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის-კრედიტი“ ცნობილი არიან დაზარალებულებად, ხოლო არჩილ ვეკუა - ბრალდებულად აღნიშნული თანხების მითვისებაში.

 

ბრალდებულმა არჩილ ვეკუამ, ისარგებლა რა სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოჩენილი ლმობიერებით, კერძოდ, იმ გარემოებით, რომ  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილების მიუხედავად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით არ ყოფილა გამოყენებული პატიმრობა და მას შეეფარდა გირაო, საერთოდ უგულვებელყო დაზარალებულთა ქონებრივი ინტერესები და დღემდე ერთი თეთრი არ აუნაზღაურებია დაზარალებულებისათვის.

 

სისხლის სამართლის საქმის განხილვის გაჭიანურებით  გათამამებულმა ბრალდებულმა არჩილ ვეკუამ, შპს „ა.ბ.ვ. ჯგუფთან“ ერთად, რომლის დირექტორია მისი ძმა ბექა ვეკუა, სხვადასხვა ხელოვნური და გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ახალი სასამართლო დავებიც კი წამოიწყო შპს „ანკაფუდის“ და მისი დირექტორის ალი რიზა კიზილდაგის წინააღმდეგ, რათა შეძლოს სამოქალაქო საქმეებზე მისი სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.

სავარაუდოდ, არჩილ ვეკუს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უახლოეს მომავალში დასრულდება, რის გამოც ის და მისი ადვოკატები იყენებენ ნებისმიერ საშუალებას, რათა გაყალბებული ფაქტების პიარით შექმნან არასწორი საზოგადოებრივი აზრი და ამით მოახდინონ ბ-ნი კიზილდაგის რეპუტაციის შებღალვა და ზეწოლა სასამართლოზე.

 

რაც შეეხება სამოქალაქო დავას შპს „ა.ბ.ვ. ჯგუფსა“ (საქართველო) და შპს „ანკა ფუდს“ (შვეიცარია) შორის,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შპს „ა.ბ.ვ. ჯგუფს“ შპს „ანკა ფუდის“  სასარგებლოდ დაეკისროს ზემოთაღნიშნული თნხების გადახდა.

 

აღნიშნული საქმე გადატანილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე მოკლე ვადაში უნდა დასრულდეს.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ ბ-ნი ალი რიზა კიზილდაგი არის ავტორი  უნიკალური საერთაშორისო პროექტისა, რომელიც გულისხმობს ქართველი ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თხილის ევროპის ბაზარზე გატანის უწყვეტი ჯაჭვის შექმნას.

 

პროექტში ჩაბმულია რამოდენიმე საერთაშორისო კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია. პროექტი უკვე მესამე წელია, წარმატებით ხორციელდება საქართველოში და მასში უკვე ჩაბმულია 500-ზე მეტი თხილის მწარმოებელი ფერმერი. პროექტის ფარგლებში ხდება ფერმერების დახმარება სასუქებით, სხვადასხვა სამუშაო იარაღებით, ტრენინგებით და სტაჟირებებით თურქეთში, რომელიც ამ დარგის ლიდერია მსოფლიოში. აგრეთვე მიკროსაფინანსო საფინანსო ორგანიზაცია „სვის-კრედიტი“ აფინანსებს ფერმერებს დაბალპროცენტიანი კრედიტებით 10-თვიანი საშეღავათო პერიოდით. ფერმერებს გარანტირებული აქვთ თავიანთი პროდუქციის გადამუშავება ყოველგვარი ფასის გარეშე, ევროპული ბაზარი და მსოფლიო ფასზე დამატებული პრემიალური დანამატი პროდუქციის ყოველ 1 კგ.-ზე.


    

 

ქარხნის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობისა და            

დიპლომატიური    კორპუსის წარმომადგენლები სმონაწილეობით.

2014  წლის 17 ოქტომბერი.

 


პროექტის ფარგლებში შვეიცარული ინვესტიციით ზუგდიდში აშენდა ახალი, თანამედროვე თხილის ქარხანა, რომელსაც ანალოგი არა აქვს საქართველოში და მისი გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით მოხდა 2014  წლის 17 ოქტომბერს. ქარხანაში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი.  დაგეგმილია მსგავსი მეორე ქარხნის მშენებლობაც, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორები, რომლებმაც განახორციელეს ამ ქარხნის დაფინანსება და სერიოზული სამომავლო გეგმები აქვთ ამ მიმართულებით, შეშფოთებული არიან საქართველოში ჩადებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით მსგავსი ფაქტების არსებობით. 

 

ამდენად, თავისი მასშტაბების, ჩართული სუბიეტების და მნიშვნელობის მიხედვით აღნიშნული საქმე ძალიან რეზონანსულია. ამ დავის ობიექტური გადაწყვეტა დიდად შეუწყობს ხელს კონკრეტულად შვეიცარული ინვესტიციების დაცვას, რის შესახებაც საქართველოს მთავრობამ სპეციალური შეთანხმება გააფორმა შვეიცარიის მთავრობასთან შვეიცარიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს და წაახალისებს  უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გაფართოებას საქართველოში, რაც მიმდინარე პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების და ლარის კურსის სტაბილიზაციის ერთადერთი საშუალებაა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია