დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სამჯერადმა კვებამ პრობლემები შექმნა?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/07 11:46:48

მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში განხორციელებული ცვლილებები განსჯის საგანი გახდა. ქუთაისის ბაღებში ორი ცვლის და სამჯერადი კვების დამატებამ თანამშროლმეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.


როგორც ქუთაისის ერთ–ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელი PSNEWS.GE–სთან საუბარში აღნიშნავს, ბაღებში კვებისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისი არაა და ბავშვები სათანადოდ ვერ იკვებებიან.


„მოხდა კვების დამატება, მაგრამ საკვები საკმარისი არაა და ბავშვები ნახევრად მშივრები რჩებიან. თანამშრომლებიც დამატებული სამუშაოს გამო, უკმაყოფილოები არიან, მაგრამ საჯაროდ თქმას ყველა ვერიდებით, რადგან სამსახურის დაკარგვის შიშია. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ყველაფერს ასაიდუმლოებენ, გაერთიანებაში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციებს ჟურნალისტების ყურამდე არ უნდა მიეღწია.“


ინფორმაციის გადასამოწმებლად ქუთაისის #34 საბავშვო ბაღში მივედით, კვების გრაფიკს და საკვების მომზადების პროცესს ადგილზე გავეცანით. ბაღების გაერთიანებიდან რაიმე სახის აკრძალვა და კვების მხრივ არსებულ პრობლემები არ დაადასტურეს ბაღის თანამშრომლებმა.


ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებენ ბაღების გაერთიანებაშიც. როგორც დირექტორის მოადგილე მეთოდოლოგიის დარგში მაკა დოღონაძე აღნიშნავს, ბაღებში ინფორმაციის დამალვა არ ხდება, რის დასტურადაც ღია კარის პრინციპი მოჰყავს.


„ეს არაა სწორი ინფორმაცია, ჩვენ ღია კარის პრინციპით ვმოქმედებთ. ყოველდღიურად ხდება მშობელთა მორიგეობა, რომლებიც ყველაფერს თვალს ადევნებენ და რაიმე დარღვევა, რომ იყოს არ გაჩუმდებოდნენ. კვების დამატება მშობლებისთვისაც მისაღებია.


ზუსტად გაწერილი კვების რეჟიმი გვაქვს. კვირაში ორჯერ არის ხორციანი კერძი, ასევე – თვეზი, ყველიანი მაკარონი და ლობიო. ამასთან ერთად, –  ფაფები, ჩაი, კარაქიანი პური და ვაშლი. ბიუჯეტიც გაიზარდა და რვა მილიონზე მეტია. ადრე თვეში ერთი ბავშვის შენახვა 20 ლარი გვიჯდებოდა, ახლა კი 24 ლარია. ერთადერთი პრობლემა რაც არის ბავშვების სიმრავლის გამო, არსებული სტანდარტის დარღვევა გვიხდება და ზოგ ჯგუფში 35 ბავშვზე მეტის  შეყვანა გვიწევს“–აღნიშნავს მაკა დოღონაძე.

 

მიმდინარე წელს ბაღებში 295 აღმზრდელის დამატება მოხდა, რომლებიც ბავშვებთან დღის მეორე ნახევარში მუშაობენ. აღმზრდელებს ხელფასი  სამუშაო საათების მიხედვით უნაზღაურდებათ.


2015 წელს სახელფასო ფონდისთვის 5 350 000 ლარია გამოყოფილი. რაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით მილიონ ლარზე მეტია.


საერთო ჯამში წელს ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ქუთაისის ბიუჯეტიდან 8 200 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული თანხიდან 1 783 000 ლარი იხარჯება კვებაზე.

 

  


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია