ქუთაისის მერიას 2014 წლის ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარი დარჩა გაუხარჯავი. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ საკრბულოს სხდომაზე საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა გია უკლებამ განაცხადა და აღნიშნა, რომ შოთა მურღულია არის უუნარო და უპასუხისმგებლო მერი, რადგან მან მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება ვერ შეძლო.
„2014 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარი დაუჩა აუთვისებელი, თანხა მუხლიდან მუხლში არამიზნობრივად გადაჰქონდათ. 200 000 ლარი ხიდების უხარისხო რეაბილიტაციას მოახმარეს. ის 15 მილიონი კი რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით მიიღო ქუთაისმა ისევ არამიზნობრივად დაიხარჯება, როგორც 2014 წელს“–განაცხადა გია უკლებამ.
„არ მესმის მათი, რადგან ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუტურული პროექტების განვითარებას არ დაუჭირეს მხარი. არ მეგონა ესეთი დაბალი პოლიტიკური შესაძლებლობა თუ ჰქონდათ. მათი პრინციპია გლანძღონ. შეგიძლიათ ნებისმიერი წლის ბიუჯეტის შესრულება ნახოთ და იპოვით, რომ რამდენიმე მილიონი ყოველთვის რჩება აუთვისებელი, რადგან ეს მუსა პროცესია. ჩვენ ყველა პროექტს ვანხორციელებთ, მაგრამ ქამრის შემოჭერით და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით მივიღეთ დამატებითი თანხები,რომლის ათვისებაც ვერ მოესწრო, სამაგიეროდ წელს შევძლებთ დამატებითი პროექტის შესრულებას“–განაცხადა მურღულიამ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ შენიშვნები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსთვის“ გამოყოფილი 830 000 ლარზეც ჰქონდა, გია უკლებას განცხადებით, მურღულიას ინფორმაცია თითქოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისცა მერიას ეს თანხა ტყუილია, რადგან ეს არის „ვისოლი“–სთვის დაწესებული ჯარიმა.
იმ ფაქტს, რომ 830 000 ლარი კლუბის დატოვების გამო „ვისოლი“–სთვის დაწესებული ჯარიმაა, ადასტურებს შოთა მურღულია და აღნიშნავს, რომ „ვისოლი“ შეჩერებული ხელშეკრულების გამო დაჯარიმდა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი ეს თანხა ქუთაისის მერიას გადაცსა.