დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თანაგრძნობა
თემურ შაშიაშვილი: "მადლობა ძმობისათვის, ამაყი ვარ შენით, გაცილებ სინანულის ცრემლით!"
2015/01/20 16:16:43

13 იავარს, დილის შვიდ საათზე, შენმა ბიჭმა ლაშამ ზლუქუნით რომ მითხრა ტელეფონში - „ავთო აღარ არისო” - მას შემდგომ მტანჯავს სათქმელი. თქმაც ძნელია, მაგრამ უთქმელობამ შეიძლება დამახრჩოს…

 

შენმა სიკვდილმა დამანგრია და ეს ბუნებრივია - ერთი დედის და მამის შვილები ვართ, თანაც კარგი დედის და მამის. ნათელი დაადგეს მათ ხსოვნას! 



მე შენი სიკვდილით გამოწვეულმა სინანულის გრძნობამ დამანგრია!



შენ შესაცოდებელი რა გაქვს, მართლაც ,ავთანდილივით იცხოვრე, ვაჟკაცი იყავი, კაცთმოყვარე, სათნოებით სავსე და ტოვებ სიყვარულით სავსე ოჯახს - შეუდარებელ მეუღლეს, მართალ და ქართული განწყობის შვილებს, ქართულად მომართულ შვილიშვილებს, შვილთაშვილს, შენებრ კეთილ შვილიშვილს - ავთანდილ შაშიაშვილს.



შენ შესაცოდებელი რა გაქვს, შენს მიმართ ზღვა სიყვარულია ხალხში, როგორც ჩვენში იტყვიან, ნაცნობებშიც და უცნობებშიც… ისეთი სიყვარული შენს, ჩვენს მოდგმას რომ გაათბობს ათწლეულებში. შესაცოდებელი კი არა, ბედნიერი ხარ იმით, რომ ამდენი გულწრფელი ცრემლი გაცილებს. მარტო ჩემი 18 წლის გიორგის ცრემლი და გულწრფელი დატირება გეყოფა, მეც რომ გამაოცა და გამაამაყა! 



ჩემო ავთო, შენ საამაყო კაცი იყავი გვარშიც, სანათესაოშიც, სამეზობლოშიც, სამეგობროშიც, სამსახურშიც, ყველგან, სადაც კი დრომ და გარემომ განგაწესა.

შენ სიკვდილამდე არ მომკვდარხარ-შენ ეს შეძელი.ეს მხოლოდ ძლიერთ შეეძლოთ ამ აშლილ-აწეწილ დროში,გაუტანლობით სავსე საქართველოში.

სწორედ ამიტომ არის დიდი გულისწყვეტაც და ჭირისუფლობის სიამაყეც.მე დღეს როგორც შენი ძმა და ჭირისუფალი, შენი ოჯახის წევრებთან, უამრავ ადამიანთან ერთად შენი ჭირისუფლობით ვარ ამაყი!

ჩემი გულისწყვეტა სისხლისმიერია, სინანული გონებისმიერი.



შენ, როგორც უამრავი საქართველოში, სახელისუფლებო სიძულვილით გაბოროტებული ხალხის და დროის მსხვერპლი ხარ.



გტანჯეს ჩემს გამო, უზომოდ გტანჯეს! ტანჯვას კიდევ არა უშავს - გაწამეს! დღესაც ჩამესმის შენი სიტყვები: ნაკლის მეტი რა მაქვს, ის თქვან, ერთი პროცენტი მაინც ხომ უნდა იყოს მართალი იმაში, რასაც წერენო…ყველაფრის მფლობელად გაქციეს  -ავტოქარხნით დაწყებული, ორკაციანი ობიექტით დამთავრებული - სოროსულ-მასონურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათმა მსახურმა გაზეთებმა, ტელევიზიებმა, ჟურნალისტებმა საერთოდ. მე მებრძოდნენ და ამიტომ ყველაფერს შენ და ჩვენ დას გაბრალებდნენ… ყველაფერს კი თვითონ დაეპატრონენ, შეჭამეს და გაძარცვეს ხალხი და ქვეყანა, შენ გაგტანჯეს, სიკვდილი მოგისწრაფეს.



ასეთია მათი ბუნება. არ განიკითხო, ისინი ისედაც დასჯილები არიან.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ჩვენ სახლთან, შენი და დედას თვალწინ მომხდარმა აფეთქებამ, რომელიც: ვარდების”ხელისუფლებამ ასლან აბაშიძეს დააბრალა, დედა ლოგინად ჩააგდო, შენ პრაქტიკულად გაგანახევრა. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული, ქვეყნის დასაშინებლად, ხალხზე და ქვეყანაზე თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად იყო გამიზნული-შენ და დედას კი განუზომელი ტკივილი მოგაყენათ. ისევ ჩემს გამო.



.არც შენ, არც მე თვალით არ გვინახავს ხელისუფლების მიერ დაჭერილი ” ასლანის გამოგზავნილი კაცი”, რომელიც თითქოს დაიჭირეს და გაასამართლეს ისე, რომ დაზარალებულებს არაფერი გვკითხეს. გკლავდა ეს ამბავი, გინდოდა შეხვედრა ამფეთქებელთან სინამდვილე რომ დაგედგინა. ასეთი კაცი დღემდე ვერ მოიძებნა .არც არავის ჩვენს გარდა არ აინტერესებდა სიმართლის დადგენა.



2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საწყისშივე საგადასახადომ 20 000 დოლარის შეტანა მოგთხოვა ბიუჯეტში, თუ რომელიღაც ფონდში. შენს პასუხზე ან რისთვის, ან ამ თანხად სულ მოგცემთ ჩემ საქონლის ფერმას თქო, დაშინება მოჰყვა - მდგომარეობას ნუ ირთულებო…,რამდენიმე დღის ვადაც მოგცეს და თან გაგაფრთხილეს - შენი ძმის საარჩევნო შტაბს არ გაეკაროო….



მახსოვს, შეშლილის სახით მიყვებოდი ამას. იბრძოლე, მაგრამ მათ დანაპირები შენც აგისრულეს, ქალაქსაც, ქვეყანასაც - ზუსტად იმდენი პროცენტით გაიმარჯვეს ყველგან, რამდენიც საგადასახადომ გითხრა…. მაშინ კაკო ბობოხიძემ ქუთაისში (და არა ხონში) ორჯერ მეტი ხმა “მიიღო”, ვიდრე ჩვენ 6 ქუთაისელმა (მე, გუბაზ სანიკიძემ, გიორგი ახვლედიანმა, ნესტან კირთაძემ, ნაკაშიძემ და გუგავამ)…



გულგატეხილმა თქვი, არ ღირს არც ამ ქალაქში და არც ამ ქვეყანაში ცხოვრებაო….ფული წაგართვეს, შვილს სამეწარმეო ხასიათის უმძიმესი პრობლემები შეუქმნეს, პრაქტიკულად გაგანადგურეს. ერთ თვეში ინსულტი მიიღე…ვერ გაუძელი ცხინვალის ომის გამო დასახიჩრებულთა ტანჯვა -წამების ყურებას საავადმყოფოში და მის შემდეგ შენც წარმოუდგენლად იტანჯებოდი…



სინანულით ვარ სავსე-ჩემს გამო ბევრი გტანჯეს და გაწამეს….სინანულით ვარ სავსე,რომ შენს ოჯახთან დაკავშირე ის სამართლიანობა არ დადგა….

მაპატიე ,ჩემო ძმაო,შენდობას გთხოვ….დალოცე ყველა, არავინ განიკითხო,ყველაფერი უფალს მიანდე!



ჩვენი დედიკო და მამიკო მოიკითხე, ჩემს გამო მათაც ბევრი ტკივილი მიაყენეს. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ზეციური საქართველო უფრო ძლიერია, უფრო ქართულია, ვიდრე მიწიერი, რომ ჩვენი ტანჯული ქვეყნის გაბრწყინება სწორედ ზეციური და მიწიერი საქართველოს ერთობას შეძლია. ვიცი,რომ შენ იქ დადგები მაგრად, ჩემი იმედი აქ გქონდეს.ჩვენ ზეცაში ხომ ღვთისშვილი გვყავს,33 დღის ლუკა.



შენ ამ ქვეყნად მართლა ავთანდილი იყავი - სწორუპოვარი ავთანდილისკენ მიდრეკილი, მასთან ახლოს მდგომი და ზეცაშიც ავთანდილი იქნები!



ვილოცებ, რომ უფალმა დაგამკვიდროს ზეციურ სასუფეველში,სადაც მართალნი განისვენებენ.



მადლობა ძმობისათვის, ამაყი ვარ შენით, გაცილებ სინანულის ცრემლით!



შენი ძმა თემური

ქუთაისი, ჩვენი მამა-პაპისეული სახლი

16 იანვარი, 2015 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5635
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია